ოპოზიცია ვერც ამ არჩევნებისთვის გაერთიანდება; ქართული პოლიტოკრატიის მორიგი ბლეფი
         

          საქართველოში არა და არ ცხრება ვნებები ახალი ოპოზიციური კოალიციის შექმნის თაობაზე, რომელიც ვითომდა შეძლებს სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს მომავალი საპარლამენტო (მით უმეტეს, საპრეზიდენტო) არჩევნების შედეგებზე. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ერთიანდებიან «აღორძინება», «სოციალისტური პარტია», «ტრადიციონალისტთა კავშირი» და ბლოკი «XXI საუკუნე».
          ჩამოყალიბდება თუ არა კოალიცია ერთიან საარჩევნო სიად (პარტიათა პოლიტიკური კოალიცია და ერთიანი საარჩევნო სია სინამდვილეში სხვადასხვა რამ არის) - უახლოესი მომავალი, არჩევნებამდე დარჩენილი სამი თვე გვიჩვენებს;
          თუმცა თეორიულად, განსაკუთრებით ქართული ელექტორატის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამგვარ გაერთიანებას არანაირი პერსპექტივა არა აქვს, ვინაიდან იგი იმთავითვე წარმოშობს უძლეველ კონფლიქტს თვით «პრორუსულ ამომრჩეველში», რომელიც ოპოზიციის ძალმოსილებისა და ცხოველმყოფელობის უმთავრესი წყაროა.
          სულ სხვაა, საქმე რომ ეხებოდეს, ვთქვათ «სოციალისტებისა» და «ლეიბორისტების «ან «სახალხოელებისა» და «ტრადიციონალისტების» გაერთიანებას; ცალ-ცალკე მათი ელექტორატი დაახლოებით მსგავსია და მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი იმ შემთხვევაშიც არ იყო გამორიცხული («სახალხოელთა» ელექტორატი ტრადიციულად ზიზღითაა განწყობილი კაკო ასათიანის მიმართ, ხოლო «ტრადიციონალისტების» ზვიადისტი ამომრჩეველი მამუკა გიორგაძესა და გიორგი კობახიძეს ხმას არ მისცემდა), ოპოზიციონერებს ცალ-ცალკე (განსაკუთრებით «მემარცხენე» რჩეულიშვილ-ნათელიშვილის ბლოკს ნამდვილად ექნებოდათ შანსი გადაელახათ 5-პროცენტიანი (მაგრამ არა 7-პროცენტიანი) ბარიერი, ოღონდ მოვლენები ამჯერად სულ სხვაგვარად ვითარდება: «ტრადიციონალისტებმა» და «სახალხოელებმა» ოპოზიციური ბლოკის შექმნა ვერ შეძლეს, ვინაიდან საარჩევნო კვოტებზე ვერ მოილაპარაკეს.
          «მემარჯვენე-მემარცხენეთა» აბსურდულ კოალიციაში მონაწილეობაზე კი თვით «სახალხო პარტიამ» თქვა უარი, ვინაიდან მოსალოდნელი საფრთხე იგრძნო;
          მართლაც, განა ტრაგიკომიკური არ იქნება გიორგაძე - კობახიძის ალიანსი ვახტანგ ბოჭორიშვილთან? ამ უკანასკნელს პოლიტიკური გონიერება (ასე ვთქვათ) არ ეყოფა მიხვდეს, რომ «სახალხოსთან» ან «სოციალისტებთან» ალიანსით ამომრჩეველს საბოლოოდ დაკარგავს; არსებობენ სხვა, «ზვიადისტური» პარტიები, რომლებიც გადაინაწილებენ ხმებს;
          მაგრამ ის, რასაც ვერ ხვდება ვახტანგ რჩეულიშვილი, სავსებით ცხადია «სახალხოს» ლიდერებისათვის. სხვათა შორის, ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ «სახალხო» ამ კოალიციასთან დაკავშირებით ძალზე ეშმაკურად თამაშობს – ჯერ-ჯერობით მას არანაირი პასუხისმგებლობა არ უკისრია და დეკლარაციებზე შორს არ წასულა.

          ასეთი თამაში «სახალხოს» არაფერს ავალდებულებს - უკანასკნელი სენსაციური განცხადებები თვალნათლივ მეტყველებს, რომ «სახალხოს» (მიუხედავად შანსის სიმცირისა) მაინც დამოუკიდებლად ურჩევნია საპარლამენტო მარათონში მონაწილეობა, ვინაიდან დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკურ რენომეს, ასე თუ ისე, შეინარჩუნებს, ხოლო აბსურდული კოალიცია (ტრაგიკომიკური კოალიცია) «სახალხოსათვის» დამღუპველი იქნებოდა.
          მამუკა გიორგაძე და გიორგი კობახიძე მზად იყვნენ, შეექმნათ კოალიცია, ოღონდ რჩეულიშვილისა და ბოჭორიშვილის გარეშე, რაც არარეალური აღმოჩნდა.
          ქართველი ამომრჩევლის მენტალიტეტის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურას იგი აუცილებლად აფასებს მისი წარსული პოზიციისა და ქმედების შესაბამისად.
          გამორიცხულია, ამ თვალსაზრისით, რაიმე შეიცვალოს - არ არსებობს «ზიარჭურჭლის სინდრომი», ანუ ამომრჩეველთა გადადინება-გადმოდინებით, ჯამი საბოლოოდ იგივე არ იქნება.
          პოლიტიკოსთა ამჟამინდელი პოზიციის მომხრენი არათუ «გაწონასწორდებიან» წარსული მომხრეების მიერ, არამედ მათთან შედარებით უმცირესობაშიც აღმოჩნდებიან.

მერიდიანი, 7 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე