ნატოს ბარიერებსა და რუსულ ისტერიკას შორის საქართველოს უშიშროების ახალი სისტემა სჭირდება
       

        მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდა, საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანაც, არა იმდენად საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების გამო (თუნდაც ჩვენს რეგიონში), არამედ ობიექტურად მიმდინარე პროცესთა შედეგად.
        რუსეთი უეჭველად იქცა «რაკეტებიან ზემო ვოლტად», როგორც მას ჯერ კიდევ 10 წლის წინ მარგარეტ ტეტჩერმა უწინასწარმეტყველა; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ნატოში შედიან და მათ სწრაფვას ვერაფერი შეაჩერებს. იცვლება მდგომარეობა კავკასიის რეგიონშიც
        ასეთ ვითარებაში საქართველოს უეჭველად სჭირდება უსაფრთხოების ახალი სისტემა, ვინაიდან ამ სისტემის გარეშე ქვეყანას დამოუკიდებლობისა და მთლიანობის შენარჩუნება ნამდვილად გაუჭირდება. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ტაშკენტის ხელშეკრულებით გაფორმდა, სრულიად ფუჭი და უმაქნისი აღმოჩნდა - ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს თვისებრივად განსხვავებული მისწრაფებები და გეოპოლიტიკური ორიენტირები აქვთ.
        ამჟამად «კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში» მონაწილეობენ მხოლოდ ის სახელმწიფოები (სომხეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი), რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთთან და «მის იქით გზა არა აქვთ». რაც შეეხება უზბეკეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და მოლდოვას, - ამ სახელმწიფოთა ინტერესები კარგა ხანია დაშორდა რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. უკრაინა და თურქმენეთი თავიდანვე არ მონაწილეობდნენ ხელშეკრულებაში. «შუალედური პოზიცია» უკავიათ ყაზახეთსა და ყირგიზეთს.
        საქართველო მეტისმეტად «დიდხანს» დარჩა ამ სისტემაში - იმის გათვალისწინებით, რეალურად რა პოლიტიკას აწარმოებდა რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში. თუ ჩვენი სტრატეგიული მიზანია დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინ «თანამეგობრობის» კოლექტიური უშიშროების სისტემაში არაფერი გვესაქმება. აუცილებელია ახალი სისტემის შექმნაზე ფიქრი და სწრაფვა ამ სისტემისაკენ, ანუ რეალური ნაბიჯების გადადგმა.
        საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, ევროპაში კოლექტიური უშიშროების მხოლოდ ერთი სრულყოფილი და ქმედითი სისტემა დარჩა - ნატო. იგი თანდათან ფართოვდება აღმოსავლეთით და ახალ წევრებს იკრებს. ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები არიან. უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანდება აგრეთვე რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვენია. შემდეგ ბალტიის ქვეყნების ჯერიც დადგება. რუსეთი ამ პროცესებს ვერ შეაჩერებს და, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გახდება მას შეურიგდეს, თუმცა ისტერიკები და ფუჭი მუქარა გამორიცხული არ არის.
        რაც შეეხება ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას - აქ უფრო რთულადაა საქმე, ვინაიდან ეს სახელმწიფოები გაცილებით მეტად არიან დამოკიდებულნი რუსეთზე, ვიდრე ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.
        «დამოკიდებულებაში» ვგულისხმობ არა მხოლოდ ეკონომიკათა ძალაუნებურად ინტეგრაციას, არა მარტო სამხედრო დამოკიდებულებას, არამედ დემოგრაფიას, ეროვნულ უმცირესობებს, ეთნიკურ არაკონსოლიდირებულობას, რასაც რუსეთი შესანიშნავად იყენებს საკუთარი ინტერესებისათვის.
        ამრიგად, ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» უმრავლესობა უახლოეს მომავალში ვერც კი იოცნებებს უშიშროების ახალ, ევროპულ სისტემაში შესვლაზე. თვით ნატომ შექმნა ისეთი ბარიერი, რომელიც ძალზე ძნელად გადასალახავი იქნება. მაგალითად, ნატოს წესდება ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში შეიძლება გაწევრიანდნენ მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთაც არა აქვთ პრობლემები ეროვნულ უმცირესობებთან, ხოლო მათ ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს ყველა მეზობელი სახელმწიფო.
        მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს პრობლემები აქვს ეროვნულ უმცირესობასთან დამოკიდებულებაში - ნატოში მისი გაწევრიანების საკითხს ალიანსი არც განიხილავს. აქედან გამომდინარე, საქართველოს შანსები ნულის ტოლია.
        ჩვენი ქვეყანა ვერც მეორე მოთხოვნას აკმაყოფილებს - რუსეთის «გოსდუმა» არ ახდენს ე.წ. «დიდი ხელშეკრულების» რატიფიცირებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით აღიარებულია ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.
       უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში, თუ რუსეთი საერთოდ არ განადგურდა და არ დაიშალა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ვერც ერთი ქვეყანა (ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა გარდა), ნატოს უსაფრთხოების სისტემაში ვერ შევა, ანუ ჩრდილოატლანტიკური ბლოკისაგან ვერ მიიღებს გარანტიებს;
        თუმცა, არც ეს გარანტიებია აბსოლუტური - გავიხსენოთ თუნდაც კვიპროსი, რომელიც ნატოს წევრმა სახელმწიფომ - თურქეთმა დაიპყრო, მიუხედავად მეორე წევრი სახელმწიფოს - საბერძნეთის პროტესტისა.
        მაგრამ ყოველივე ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო გულხელდაკრეფილი ელოდოს, როდის «მომწიფდება» ვითარება ჩრდილოატლანტიკური კავშირისათვის. ნატოსა და რუსეთს ყოველთვის ექნებათ სურვილი, არ აიტკივონ აუტკივარი თავი და მიაღწიონ კომპრომისს სხვათა ხარჯზე. «სხვებში» ვგულისხმობ «მეორეხარისხოვნად» მიჩნეულ ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად ე.წ. თანამეგობრობაში შედიან. საუკეთესო პასუხი ამგვარ დამოკიდებულებას გასცა უკრაინამ როდესაც პარიზში ხელი ეწერებოდა დოკუმენტს ნატოსა და რუსეთს შორის «განსაკუთრებული ურთიერთობის» შესახებ, უკრაინამ მონაწილეობა მიიღო ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნების საპროტესტო სამიტში - ზუსტად იმ დღეს, როცა პარიზში შეიკრიბნენ რუსეთისა და ნატოს წარმომადგენლები.
        აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინა, ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ძალუძს შეასრულოს «ლოკომოტივის» როლი - ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის გამო.
        ნატო იძულებული გახდა (რუსული დიპლომატიის ისტერიკის მიუხედავად) უკრაინასთანაც მოეწერა ხელი შესაბამისი შეთანხმებებისათვის «განსაკუთრებული პარტნიორობის» თაობაზე.
        აქედან გამომდინარე, «სუამ»-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) გაერთიანება არის პირველი სიმპტომი და მცდელობა ისეთი ბლოკის ჩამოყალიბებისა, რომელსაც ყველა (მათ შორის სამხედრო) თვალსაზრისით საკმაო პოტენციალი ექნება.
        ვიმეორებ: «ლოკომოტივის» როლს ამ გაერთიანებაში უკრაინა შეასრულებს. მაგრამ იგი არ იქნება «დომინანტი», როგორც რუსეთი-ტაშკენტის ხელშეკრულებაში. სწორედ ეს არის საქართველოს ერთადერთი ალტერნატივა, იმ პირობებში, როცა ნატო ჯერ არაა მზად, მოგვცეს შესაბამისი გარანტიები.
        აქედან გამომდინარე, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» ქვეყნებთან ურთიერთობა და თვით «დსთ»-ს შემადგენლობაში დარჩენა საქართველოსათვის აუცილებელია. «დსთ» (განსხვავებით ტაშკენტის ხელშეკრულებით შექმნილი უსაფრთხოების სისტემისაგან) არ არის მხოლოდ რუსეთი, - თანამეგობრობის ფარგლებში გვეძლევა საშუალება, ვიმუშაოთ უსაფრთხოების ახალ სისტემაზე, ოღონდ არსებული ბალანსის დაურღვევლად.
        ამრიგად, საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და გაიმარჯვებენ თუ არა ქვეყანაში რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეები.
        რა თქმა უნდა, ყველაფრის განსაზღვრული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო. ეს მსოფლიო პოლიტიკის უცვლელი მნიშვნელია ნებისმიერი «კომბინაციის» შემთხვევაში.
        მიუხედავად ამისა, კოლექტიური უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა ძალზე ხანგრძლივი პროცესი იქნება და დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას საიჭროებს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთს ვერანაირი «კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა» ვერ დაგვიბრუნებს.

მერიდიანი, 19 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე