ნათანიაჰუმ როგორც იქნა დაგვაფასა

        ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკუთარ ქვეყანაში უკვე «გამოწურულ პოლიტიკოსად» ითვლება; ებრაელი მიმომხილველები და პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ იგი პოლიტიკური გვამია და მომავალი არჩევნების შემდეგ თანამდებობას უეჭველად გამოეთხოვება.
        მიუხედავად ამისა, მაინც არ იქნებოდა სწორი იმის მტკიცება, თითქოს ნათანიაჰუ საქართველოში იმისათვის ჩამოვიდა, რათა საარჩევნოდ ქულები დააგროვოს ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელების თვალში. ისრაელის «ქართული» თემი იმდენად არაკონსოლიდირებული და არაპოპულარულია, რომ პოლიტიკური და ელექტორალური თვალსაზრისით, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს.
        ნათანიაჰუს აშკარად არ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, რათა რუსეთი და რუსულენოვანი ებრაელობა არ გაეღიზიანებინა - ამ უკანასკნელს ტრადიციულად სძულს საქართველო სტალინის გამო. უმრავლეს შემთხვევაში სწორედ რუსულენოვანი ებრაელობა აწყობდა და აწყობს ანტიქართულ პროვოკაციებს რუსული მასმედიის ფურცლებზე. არადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ებრაული თემია, რომელსაც ძველი დისიდენტი შარანსკი ხელმძღვანელობს.
        მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც შეძლო «26 საუკუნოვან მეგობრობასთან» დაკავშირებით ისეთი კაკაფონია აეტეხა, ჩამოუსვლელობაც აღარ ეგებოდა – ეს უკვე ძალიან ცუდ რეაქციას გამოიწვევდა.
        ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ აიძულა ნათანიაჰუ ჩამოსულიყო საქართველოში. თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თბილისში ვიზიტის შთაბეჭდილება მაინც გააფერმკრთალა იმით, რომ საქართველოში «გავლით» ჩამოვიდოდა, - მას შემდეგ, რაც ესტუმრა კიევს, მოსკოვს (სადაც უდიდესი მნიშვნელობის მოლაპარაკება გამართა ებრაელ ევგენი პრიმაკოვთან, ვინც რუსებზე ორგზის მეტად რუსად იქცა და ირანს ლამის ატომური ბომბები მიაწოდოს «წინაპართა სამშობლოს» წინააღმდეგ), შემდეგ კი, იერუსალიმში მიმავალი, გზად თბილისში შეჩერდა.
        არავითარი «ოფიციალური ვიზიტი» ეს არ არის და ტყუილად ვცდილობთ დახვედრის ცერემონიითა და სხვა ხერხებით მას ასეთი სტატუსი მივანიჭოთ.
        შეჩერდა კაცი თბილისში, დაისვენებს და გზას განაგრძობს. თავად განსაჯეთ: ჩამოვიდა 8 საათზე (6-ის ნაცვლად), 11 საათამდე (!) შეხვედრები ჰქონდა, ნასაუზმევს კი სამშობლოში გაფრინდა.
        სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ბენიამინ ნათანიაჰუს შარშანწინდელი «შეჩერება» ბაქოში, როდესაც იგი ტოკიოდან სამშობლოში მიფრინავდა.
        ამ დემარშით მან სომხებს აგრძნობინა, რომ თუ არ შეწყვეტდნენ ირანთან თანამშრომლობას, ებრაელობა მთელ მსოფლიოში ამოქმედდებოდა სომხეთის ინტერესის საწინააღმდეგოდ, ანუ (ვიმეორებ) ჰეიდარ ალიევთან შეხვედრა ნამდვილად პოლიტიკური ნაბიჯი იყო მაშინ, როდესაც თბილისში ნათანიაჰუ მხოლოდ და მხოლოდ ვალის მოსახდელად ჩამოვიდა, რაკი მიხვდა, რომ შემოდგომაზე არცთუ ზრდილობიანად მოიქცა.
        ყოველივე ზემოთქმულისათვის ვერც ნათანიაჰუს, ვერც ისრაელის მთავრობას და ვერც (ღმერთმა დაგვიფაროს) მთელს ებრაელობას, რა თქმა უნდა, ვერაფერში დავადანაშაულებთ და კაცმა რომ თქვას, ვერც ვუსაყვედურებთ რაიმეს.
        ებრაელები ჩვენისთანა იდიოტები არ არიან; ებრაელობა უაღრესად ჭკვიანი, ნიჭიერი და ძლიერი ეროვნული ერთობაა, - ისინი მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და არა სასაცილო ემოციებით. ემოციები მხოლოდ საკუთარი სამშობლოს მიმართ აქვთ, რომლისთვისაც ბოლომდე იბრძოლებენ (ყველანი ერთად, - უკანასკნელ ებრაელამდე, უკანასკნელ ჯარისკაცამდე) და თავსაც გაწირავენ. ებრაელი ჯარისკაცი ბრძოლისუნარიანობით არა მხოლოდ დედალმაშო არაბებს, არამედ, სავსებით ნეიტრალური ექსპერტების შეფასებით, ყველას აღემატება. თუმცა, არაბებს რას ვერჩით, როდესაც თავად ვერ გამოვამჟღავნეთ ბრძოლისუნარიანობა.
        ისრაელში ყოფნისას, ყოველი ქართველი ებრაელი, რომელსაც სავსებით გულწრფელად ენატრება და უყვარს საქართველო, ასევე სავსებით გულწრფელად, ყოველგვარი ბოროტი განზრახვისა და ქვეტექსტის გარეშე გეტყვის: ნეტავ ქართველ ჯარისკაცს ებრაელი (ებრაელი და არა ისრაელელი) ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობისა და ძალის მეათედი მაინც ჰქონდესო.
        თუ ისრაელი (როგორც სახელმწიფო) რაიმეთი საინტერესოა საქართველოსათვის, უპირველეს ყოვლისა იმ მაგალითით, თუ რა შეუძლია კონსოლიდირებულ, უმაღლესი სახელმწიფოებრივი კულტურის მატარებელ, თუნდაც მცირერიცხოვან ერს.
        «მრავალრიცხოვნებას რა ჭკუა აქვს», - არაბები 200 მილიონი არიან, მაგრამ პატარა ისრაელს ვერაფერი დააკლეს. ვერც ვერასოდეს დააკლებენ. ქართული მენტალიტეტი ამას ასე ხსნის: «ისრაელს ამერიკა ეხმარება». რა თქმა უნდა, ეხმარება, მაგრამ ეს დახმარება მაინც მესამე და მეოთხეხარისხოვანია ებრაელთა კონსოლიდაციასთან, სახელმწიფოებრივ კულტურასა და ორგანიზებულობასთან შედარებით.
        ერის სახელმწიფოებრივი კულტურა სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზების უნარი. სწორედ ამიტომ, ებრაელები გაცილებით ძლიერნი არიან გარემომცველ არაბულ სამყაროზე. უდიდესი სიბრიყვე იქნებოდა ისინი დაგვედანაშაულებინა, რომ არ სურთ საქართველოსთან «26 საუკუნოვანი მეგობრობის» კონტექსტში ურთიერთობათა მეტისმეტი ინტენსიფიკაცია და ამით ძლიერი მტრების გაღიზიანება.
        თავად რომ ჰქონდეთ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ - სხვა საკითხია. მაშინ კი ბატონო -  «26 საუკუნოვანი მეგობრობა» შეიძლება კიდეც ქცეულიყო ხელსაყრელ საბაბად, მაგრამ რაკი ასეთი მოტივი არ გააჩნიათ, ხოლო რაციონალური მოსაზრებებით ისრაელის მეტისმეტი დაახლოება რუსეთის ყოფილ პროვინციებთან არამიზანშეწონილად მიაჩნიათ, რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, საწადელს მაინც ვერ მივაღწევთ და ებრაელებს ვერ ვაიძულებთ, გააკეთონ ან მოიქცნენ მათი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.
        ჩვენი უბედურება ის არ არის, რომ ქართველებს ასეთივე პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკის წარმოების უნარი არ აღმოგვაჩნდა. ვერა და ვერ ვისწავლეთ ჭკუა (მიუხედავად ბოლო წლების კატაკლიზმებისა) -  ვერა და ვერ მივხვდით, რომ პოლიტიკაში ემოციებით ვერაფერს გახდები.
        გარდა ამისა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ისეთი ცნებები, როგორიცაა «მეგობრობა, პატივისცემა მადლიერება, თანადგომა, ძმობა, სიყვარული» და ა.შ. საერთოდ არაფრის მთქმელია. ამიტომ, თუ გვინდა ემოციები ორმხრივად გამომჟღავნდეს პოლიტიკაში (და არა ცალმხრივად, რაც სასაცილო მდგომარეობაში გვაგდებს), უპირველეს ყოვლისა, «შიგნით» უნდა მოვწესრიგდეთ, ქვეყანა გავაძლიეროთ, ელემენტარული საკითხები მაინც გადავწყვიტოთ და მხოლოდ ამის შემედგ დავიწყოთ საუბარი ნამდვილ სახელმწიფოთაშორის პარტნიორობაზე, რომელიც ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ, ინტერესთა თანხვედრას ეფუძნება.
        ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება ის გარემოება, რომ არანაირი იდეოლოგიური ბარიერი არ არსებობს, რომელიც ხელს შეუშლიდა ისრაელისა და საქართველოს თანამშრომლობას. მაგრამ დღეს ისრაელის სახელმწიფო ბიუჯეტი ასჯერ (!) აღემატება საქართველოს ბიუჯეტს; სავაჭრო ბრუნვა (მიუხედავად ქართველ ებრაელთა გულწრფელი ნოსტალგიისა, ისინი ბიზნესშიც, რაღა თქმა უნდა, პრაგმატიკოსები არიან), მიზერულ თანხას შეადგენს.
        «ნავთობსადენის» მიმართაც ებრაელებს განსაკუთრებული ინტერესი არა აქვთ, ვინაიდან ხმელთაშუაზღვისპირას ცხოვრობენ და თუ ფულს გადაიხდიან, ნავთობი თავზესასხმელად შეიძლება შემოიტანონ ნებისმიერი ქვეყნიდან; თანაც, ამ თვალსაზრისით ყველაზე იაფი (საზღვაო) ტრანსპორტით.
        ამრიგად, ქართველები უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ თუ არ გვექნება ძლიერი, მოწესრიგებული, ეკონომიკურად პერსპექტიული ქვეყანა - არავის ვჭირდებით და არც დავჭირდებით არასდროს - რამდენიც არ უნდა ვიკრუსუნოთ «26 საუკუნოვან მეგობრობაზე».
        თუმცა, პრაგმატულად, რაციონალურად, ყოველგვარი ემოციების გარეშე თუ შევისწავლით ამ საკითხს, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ «ანტისემიტიზმის არარსებობა» საქართველოში სრულებითაც არ არის გამოწვეული ქართველთა განსაკუთრებული ტოლერანტობით ან რჯულთშემწყნარებლობით.
        სინამდვილეში, ანტისემიტიზმი საქართველოში არ აღმოცენებულა, ვინაიდან ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ჭეშმარიტად «სახალხო რელიგია». ასე რომ ყოფილიყო, - ანტისემიტიზმი უეჭველად წარმოიშობოდა, ისევე, როგორც წარმოიშვა ესპანეთში, გერმანიასა თუ რუსეთში.
        ამრიგად, ნათანიაჰუს «გავლითი» ვიზიტი საქართველოში მწარე მაგალითია ჩვენთვის. პრაგმატიზმისა და რაციონალიზაციის გარეშე ვერც სახელმწიფო აიგება და ძლიერი საგარეო პოლიტიკის გატარებაც შეუძლებელია. «ღარიბი ნათესავი» მსოფლიო პოლიტიკაში არავის სჭირდება. თუნდაც მას თავისი ობიექტური ღირსებები ჰქონდეს და თუნდაც არ იცოდნენ ქართველმა ებრაელებმა სიტყვა «პოგრომის» მნიშვნელობა.

მერიდიანი, 24 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე