მურმან ომანიძის მესამედ მოსვლა; იშოვის თუ არა სადეპუტატო მანდატს კაცი, რომელსაც ხორბლისა და ლენინის «შოვნა» შეუძლია
       

        მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მურმან ომანიძე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთა სიიდან «ამოაგდო» (განცხადებაში დაშვებული უხეში შეცდომისათვის) - იგი მაინც აგრძელებს საარჩევნო აგიტაციას და იოტისოდენი ეჭვიც არ ეპარება, რომ უზენაესი სასამართლო არასაკმარისად მიიჩნევს ზემოხსენებულ შეცდომას კანდიდატის არჩევნებიდან მოსახსნელად.
        ასეთ შემთხვევაში, მას მომავალი პარლამენტის წევრობა გარანტირებული აქვს, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ აჭარის ელექტორატი «სანიმუშო პასუხისმგებლობით» გამოირჩევა. მაშასადამე, რეალურად მოსალოდნელია, საქართველოს უახლესი ისტორიის ლეგენდარული (ბევრად მეტად, ვიდრე თუნდაც ნუგზარ ფოფხაძე) ფიგურა დიდ ქართულ პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდეს.
        მურმან ომანიძე ჯერ კიდევ 1991 წელს «შეამჩნია» (რა თქმა უნდა, აჭარის ლიდერის მითითებით) ზვიად გამსახურდიამ და თანამდებობიდან გოგი ხოშტარიას გაძევების შემდეგ (რაც უცხოეთში მომხდარ სკანდალს უკავშირდებოდა) - სწორედ იგი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად (ვიცე-პრემიერადაც).
        ომანიძის უმთავრესი ფუნქცია იმ დროს ხორბლის შოვნა იყო, ვინაიდან ეროვნულ ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა ლოზუნგით ძირს რუსეთის დამპალი იმპერია - მერეღა გაახსენდა პურის «მეტ-ნაკლები» აუცილებლობა ფიზიკური არსებობისათვის.
        ომანიძემ ხორბალი (ფქვილიც) ადვილად იშოვა, ვინაიდან წარმოადგენდა საბჭოთა ქართული ისტებლიშმენტის იმ ნაწილს, ვისაც რუსეთში «ორი ბოთლი კონიაკის ფასად თუნდაც ლენინს გამოუსვენებდნენ მავზოლეუმიდან, რაკი შიგნით შესვლა ეზარებოდა»;
        ერთი სიტყვით, ომანიძის ფუნქცია ეს იყო, მაგრამ მისმა აქტიურობამ ის შედეგი გამოიღო, რომ იგი «რუხ კარდინალად» შერაცხეს მაშინ, როდესაც არანაირი «რუხი კარდინალი» არ იყო.
        ომანიძის «დახვრეტის» თაობაზეც კი გავრცელდა ინფორმაცია - დეკემბერ-იანვრის მოვლენათა დროს, მაგრამ ომანიძე, ვისაც ორივე მხარე ემუქრებოდა (იგი სიგუას დაუძინებელ მტრად ითვლებოდა) გადარჩა და მოსკოვში გადასახლდა კარგა ხნით.
        მურმან ომანიძის «მეორედ მოსვლა» მოხდა უკვე «11 ოქტომბრის პარლამენტში» - რუსთავის საარჩევნო ოლქიდან (ნიშანდობლივია, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი და მურმან ომანიძე, რომელთაც იმ არჩევნების განსხვავებული შეფასება, ისევე, როგორც ერთმანეთისადმი სიძულვილი არ დაუმალავთ - დღეს ერთ ალიანსში არიან და «ერთად იბრძვიან საქართველოს გადასარჩენად»).
        თუმცა, მურმან ომანიძის დაბრუნება დიდ ქართულ პოლიტიკაში სრულებითაც არ ნიშნავს მის აუცილებელ და სამუდამო იმუნიზაციას. ჯამლეთ ბაბილაშვილი მას ჯერ კიდევ წინა პარლამენტში დაემუქრა: «მალე გიჩვენებ რანაირი არაკომპეტენტურიც ვარ!»

მერიდიანი, 11 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე