მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია – საარჩევნო საფრთხობელა

        არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ისტერია ქვეყანაში კულმინაციას აღწევს. ამჯერად, ისტერიის მსხვერპლი «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია» ხდება; მეწარმეთა პოლიტიზებული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ «მსო»-ში საქართველოს გაწევრიანებით, ქვეყანა საბოლოოდ დაიქცევა და დაიღუპება.
        რაც ყველაზე გასაკვირია, ამას ამბობენ, ე.წ. «მემარჯვენე პარტიებთან» შეკედლებული მეწარმეებიც – ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში «მემარჯვენეობა» და «მემარცხენეობა» უცნაურადაა აზელილი და არეული.
        ნორმალურ ქვეყანაში წარმოუდგენელია «მემარჯვენე» პარტია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგი იყოს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია საქართველოს მსგავს ქვეყანაზე, რომელიც წარმოების განვითარებას საჭიროებს; ოღონდ წარმოების განვითარების ინტენსიური და არა ექსტენსიური გზით, ანუ ჯანსაღი კომუნიკაციის პირობებში წარმოების მოდერნიზაციით და არა ხელოვნური ბარიერების შექმნით უცხოური პროდუქციისათვის ან (მით უმეტეს) ე.წ. შეღავათიანი კრედიტებით.
        საბჭოთა კავშირი 70 წლის განმავლობაში ცდილობდა ასეთი გზით წარმოების მოდერნიზაცია-განვითარებას, რათა «დასწეოდა და გადაესწრო ამერიკისათვის», მაგრამ რა შედეგი მიიღო – შესანიშნავად უწყიან იმავე «წითელმა დირექტორებმა».
        ერთადერთი «ნამდვილი გამოსავალია» წარმოების განვითარება ინტენსიური მეთოდით, - უმოწყალო კონკურენციის პირობებში, როდესაც იმარჯვებს ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი, ხოლო პროდუქციის ხარისხს, მის საჭიროებას განსაზღვრავს მიწოდება – მოთხოვნა.
        ყოველ შემთხვევაში, ასეთი უნდა იყოს «მემარჯვენეთა» პოზიცია. სხვა საქმეა, თუ «მემარცხენეები» მოითხოვენ «ბაზრის ჩაკეტვას» და გაილაშქრებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ.
        არაფერს, სიკეთის გარდა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საქართველოს არ მოუტანს. თუ საუბარია იმაზე, რომ «ქართული ბაზარი დაემხობა» - ჯერ ერთი, ეს ბაზარი ისედაც გახსნილია სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბაზრის მოთხოვნით. გარდა ამისა, მსო-ს წესდება ითვალისწინებს 5-წლიან გარდამავალ პერიოდს, ანუ ჩვენს შემთხვევაში, 2004 წლამდე, რომლის განმავლობაში 134 ქვეყნის ბაზარი გაიხსნება ქართული პროდუქციისათვის, ხოლო საქართველოს ბაზარზე, ფაქტობრივად, არაფერი შეიცვლება. უფრო მეტიც, - მსო-ში შესვლა გვაძლევს საშუალებას, რათა «ვეჭიდაოთ» საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს ზოგიერთ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების არათუ შესამცირებლად, არამედ გასაზრდელად – თუ ეს მაინცდამაინც აუცილებელია.
        5 წლის განმავლობაში კი, ნებისმიერი წარმოების მოდერნიზებაა შესაძლებელი – თუ, რასაკვირველია, «მემარჯვენეებთან» შეკედლებული «მემარცხენე» მეწარმე მხართეძოზე არ წამოგორდება და «ხელს გაანძრევს».

მერიდიანი, 25 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე