საქართველო მსოფლიო ეკონომიკური თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდა

        გუშინ დაიწყო საქართველოს მსო-ში გაწევრიანების ოფიციალური პროცედურა, რომელიც, შეიძლება ითქვას, შეუქცევადია, ვინაიდან დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე.
        ამრიგად, ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ქვეყანამ სულ რაღაც სამ-ოთხ წელიწადში განვლო ურთულესი გზა, რისთვისაც სხვებს ათწლეულები სჭირდებათ.
        ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამჭრიახობა, რათა ეს არგუმენტი წინასაარჩევნო კამპანიისას გამოიყენოს. არადა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა, პრაქტიკული თვალსაზრისით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპის საბჭოს ან თუნდაც გაეროს წევრობა.
        რაც მთავარია, რამდენიც უნდა ამტკიცოს მსო-ს ხელმძღვანელობამ, რომ ორგანიზაციას მხოლოდ ეკონომიკური შინაარსი აქვს, - ამგვარი მტკიცება რიტორიკად დარჩება, ვინაიდან დღევანდელ მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური პროცესები ზემოქმედებენ პოლიტიკაზე და არა პირიქით.
        ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, «პოლიტიკა ეკონომიკის გაგრძელებაა».
        საქართველო შედის იმ უკვე არცთუ მცირერიცხოვან, მაგრამ მაინც «ელიტარულ» სახელმწიფოთა წრეში, რომლებიც აერთიანებენ ძალისხმევას ეკონომიკურ სისტემათა ურთიერთმხარდასაჭერად, «თამაშის საერთო წესების» ჩამოსაყალიბებლად, ანუ არა მარტო საქართველო ცნობს თამაშის ამ წესებს, არამედ საქართველოც აღიარეს ნორმალური, «შეთავსებადი» ეკონომიკის მქონე ქვეყნად.
        ეს მართლაც ძალზე სერიოზული წარმატებაა – ეკონომიკური კრიზისი და სოციალური გაჭირვება, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იდენტური ცნებები არ არის.
        ბევრისთვის შესაძლოა აღმაშფოთებელი იყოს, მაგრამ სოციალური გაჭირვება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ორივე კომპონენტი ერთად არის რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, უზბეკეთში, სადაც «რეფორმათა სიო არც შერხეულა», - როგორც ვითარება დაახასიათა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.
        საქართველოში კი, სოციალური გაჭირვების მიუხედავად, რეფორმა ასე თუ ისე გატარდა, ნორმალური ეკონომიკური სისტემა ჩამოყალიბდა. რითი შეივსება ეს სივრცე და შეივსება თუ არა საერთოდ რაიმე ღირებულით, უკვე სუბიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და არა ობიექტურზე; ყოველ შემთხვევაში, «ეკონომიკის მოდელი» აქ არაფერ შუაშია.
        «მოდელებზე» საუბარი მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში, რომელიც მსო-ში გაერთიანებულია, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა. არსებობს მხოლოდ ერთი ცივილიზებული მოდელი – მეტნაკლები ვარიაციებით, ხოლო «მემარცხენეთა» და «მემარჯვენეთა» სოციალური (საგადასახადო) პოლიტიკა ეკონომიკურ მოდელს არ ეხება და ვერც შეეხება.
        ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ მსო-ს წევრ ქვეყნებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს ეძლევა 5 წლიანი «ფორა» - როგორ გამოვიყენებთ მას, ისევ და ისევ ხელისუფლების კომპეტენტურობასა და არაკორუმპირებულობაზე იქნება დამოკიდებული.

დრონი, 7 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე