საქართველომ არძინბას წინააღმდეგ «მრისხანე იარაღი» შეიძინა; სოხუმის დაბომბვა უკვე ფოთის პორტიდანაც შეიძლება
       

        ფოთში ჩატარებული «სამხედრო ჩვენება» ორდინარული მოვლენა იქნებოდა, რომ არა უკრაინული სამხედრო ხომალდი, რომელიც სულ ახლახან შეიძინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
        ეს არის პირველი სარაკეტო ხომალდი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში. მას შეუძლია ერთდროულად ორი ხმელეთის საწინააღმდეგო რაკეტა 120 კილომეტრის(!) მანძილზე ისროლოს და თითქმის აბსოლუტური სიზუსტით გაარტყას მიზანს;
        საამისოდ, ხომალდი აღჭურვილია დამატებითი ე.წ. «დასამიზნებელი» რაკეტებით, რომელთა დანიშნულებაა მიზნის ზუსტი კოორდინატების განსაზღვრა.
        ეს არის მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მრისხანე იარაღი, რომლითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული შესაძლებლობები (ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტის თვალსაზრისით) მნიშვნელოვნად გაიზარდა.
        მაგალითად, სარაკეტო გემს ფოთიდან (ანუ, საკუთარი ბაზიდან) გაუსვლელად შეუძლია დაბომბოს სოხუმი, ხოლო ზღვის აკვატორიიდან (აფხაზ სეპარატისტთა გემებისათვის ან სანაპირო არტილერიისათვის მიუწვდომელი ტერიტორიიდან) - გუდაუთა ან გაგრა; ხომალდის რაკეტებს სავსებით შეუძლიათ მთლიანად გამოიყვანონ მწყობრიდან (ვთქვათ) სოხუმის პორტი და იგი შემდგომი ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგრად აქციონ.
        იმავდროულად, ხომალდს შეიარაღებაზე აქვს საზენიტო ქვემეხები, რომელთაც შეუძლიათ დააფიქსირონ (რადიოსალოკაციო საშუალებებით) საჰაერო მიზანი და ავტომატურად (შემდგომი დამიზნების გარეშე) გაანადგურონ იგი.
        რასაკვირველია, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ისევ და ისევ აფხაზ სეპარატისტთა სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით; როგორც ცნობილია, არძინბას ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 19992 წელს შეიძინა 2 «სუ-27) ტიპის ავიაგამნადგურებელი, რომელთაც შეიარაღებაზე «ჰაერი-დედამიწის» სარაკეტო დანადგარებიც აქვთ.
        სამხედრო მოქმედებათა გაშლის შემთხვევაში, ამჯერად ზღვა უმთავრესი ასპარეზი გახდება; საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის წინააღმდეგ კი სეპარატისტები, უპირველეს ყოვლის ა, სწორედ ავიაციას გამოიყენებენ.
        გარდა ამისა, სარაკეტო ხომალდი უაღრესად «სასარგებლო» იქნება თვით საზღვაო-ბრძოლის დროსაც; ვინაიდან იგი აღჭურვილია ზემძლავრი მსწრაფმსროლელი ქვემეხით, რომელსაც ძალუძს საშუალო წყალწყვის სამხედრო ჯავშნიანი გეგმების ჩაძირვა ან სრეიოზულად დაზიანება.
        თუ გავითვალისწინებთ, რომ სეპარატისტებს ძირითადად სწორედ «გრიფის» ტიპის კატარღები ან ყოფილი სათევზაო სეინერები აქვთ შეიარაღებაში, - ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია კონფლიქტის ზონაში ძალთა განლაგების თვალსაზრისით.
        აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო აპირებს თვის ბოლომდე შეიძინოს მეორე ასეთივე სარაკეტო ხომალდი უკრაინისაგან, რაც საქართველოს საზღვაო ფლოტს მთელი შავი ზღვის მაშსტაბითაც კი გარკვეულწილად ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს, ოღონდ იმ პირობით, თუ ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები მუდმივად ზღვაში (ანუ წინარესაბრძოლო მდგომარეობაში) იქნებიან და რეგულარულ მანევრებს მიმართავენ.
        სხვა შემთხვევაში, თუ ხომალდები პორტში გამოიკეტებიან, მათ ყურადღებას არავინ მიაქცევს - რა თქმა უნდა, არძინბას ხროვის გარდა;
        სხვათა შორის, რაც უფრო გაძლიერდება საქართველოს სამხედრო -საზღვაო ფლოტი და იმავდროულად გაჭიანურდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, მით უფრო გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ არძინბას ბრძანებით, ერთ დღეს მოულოდნელად დაიბომბოს (ჰაერიდან) საქართველოს სამხედრო-საზღვაო ბაზა ფოთში.
        სათანადო გეგმა სეპარატისტებს უეჭველად აქვთ და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან.
        დღემდე გაურკვეველი იყო, თავდაცვის სამინისტრომ შეიძინა თუ საჩუქრად მიიღო უკრაინისგან ეს შესანიშნავი საბრძოლო საშუალება (სარაკეტო ხომალდი); თუმცა, ზოგიერთი ინფორმაციით, უკრაინას ორად ორი ასეთი ხომალდი ჰყავდა და ორივეს ჩვენ გადმოგვცემს.
       უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს არათუ ამ სიმძლავრის, არამდე ასჯერ უფრო ძლიერი ხომალდები აქვს შეიარაღებაში, მაგრამ მაინც, კონკრეტულად ასეთი ტიპის მცირე სარაკეტო ხომალდი აღარ დარჩება.
        ლოგიკურად დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა «საჩუქართან», არამდე შეძენილ იარაღთან.
        გაუგებარი მხოლოდ ის არის, რა საშუალებებით იყიდა საქართველომ ესოდენ ძვირადღირებული სამხედრო გემი - იგი რამდენიმე მილიონი დოლარი ხომ მაინც ეღირებოდა?
        ზოგიერთი ცნობით, აქაც დახმარება გაგვიწია ამერიკის შეერთებული შტატების ამდინისტრაციამ, რომელმაც გადაუხადა გემების საფასური უკრაინას ან რამე ფორმით (საამისოდ ათასგვარი საშუალება აქვს) «ჩაუთვალა» იგი.
        ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ერთი სარაკეტო გემი უკვე დგას ფოთის პორტში: მეორე კი ივლისის ბოლოსათვის გვექნება.
        სამხედრო სფრეოში, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობისთვის ამგვარი ფორმა დამახასიათებელია; მაგალითად, ფოთში სამხედრო ობიექტთა პრეზენტაციისას, პირველად უჩვენეს ახალი ორადგილიანი თვითმფრინავი «მერკური», რომელიც ქუთაისის ქარხანაშია დამზადებული ამერიკელთა ფულით.
        ამერიკამ რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი შეუკვეთა ქარხანას და მათი უმეტესობა ისევ და ისევ საქართველოს სასაზღვრო ჯარებს აჩუქა.
        «მერკური» შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც «მზვერავი თვითმფრინავი».
        გარდა ამისა, მისი მეშვეობით სახმელეთო თუ საზღვაო საზღვრების პატრულირებაც უფრო მოხერხებულია.

7 დღე, 12 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე