მოსამართლეებს უფლებამოსილება შეუწყდათ; რეფორმის შუქ-ჩრდილები
           

            15 მაისს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ მოსამართლეებს, რომელთაც ვერ შეძლეს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ან არ ისურვეს გამოცდებზე გასვლა, - ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება. ამით დასრულდა ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, ომი სასამართლო რეფორმის გატარებისათვის.
            დემაგოგიით ცნობილი და გაწაფული ზოგიერთი მოსამართლე ცდილობს აპელირებას საკონსტიტუციო სასამართლო «ვერდიქტზე», რომელიც ჩვეულებრივი კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარეობდა, მაგრამ პარლამენტმა (უნდა ვაღიაროთ) - არა მხოლოდ უმრავლესობამ, არამედ მემარჯვენე ოპოზიციის ნაწილმა, შექმნილ სიტუაციაში მაინც იპოვა გამოსავალი (იგულისხმება რასაკვირველია, გონიერი გამოსავალი). მოსამართლეებს უფლებამოსილება შეუწყვიტა არა მხოლოდ «საერთო სასამართლოების შესახებ» კანონის შესაბამისად, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის თანახმადაც. უფრო ზუსტად, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი არ დარღვეულა, კანონმდებელმა შეძლო დაეცვა საკუთარი პოზიცია კონსტიტუციის დაურღვევლად; თუმცა, რასაკვირველია, თავისთავად საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია სასურველი და სასიხარულო ფაქტი არ არის - ეს ორგანო ქართული სახელმწიფოებრიობის, კანონისა და სამართლის ერთ-ერთი ბურჯი უნდა ყოფილიყო; მის ავტორიტეტს საზოგადოება თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს, მაგრამ იმაში, რაც მოხდა, თვით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები არიან დამნაშავენი. აშკარად უსამართლო, ტენდენციური და ანტირეფორმისტული გადაწყვეტილებით მათ თავად მოახდინეს საპასუხო რეაქციის პროვოცირება.
            სასამართლო რეფორმა არ იყო მხოლოდ იურიდიული, სამართლებრივი შინაარსისა და დატვირთვის მქონე აქტი - მას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. მოსამართლეთა გამოცდილება იქცა ერთგვარ რუბიკონად, წყალგამყოფად, რომლის გადალახვის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ე.წ. «საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან», ბრეჟნევის კონსტიტუციასთან, იმ მარაზმატულ ეპოქასთან, როდესაც საქართველოში კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა;
            რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს მოსამართლეებისათვის ამის წაკითხვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოსამართლეთა კორპუსის პერსონალური შემადგენლობის შეცვლას. გასათვალისწინებელია საზოგადოების მენტალიტეტი და ფსიქოლოგია: საზოგადოება ბუნებრივად ახდენს ნებისმიერი პროცესის პერსონიფიცირებას. არავინ ირწმუნებდა ახალი სასამართლო სისტემის სამართლიანობას, თუ პერსონალური შემდაგენლობაც არ შეიცვლებოდა.
            შესაძლოა, «ძველ» მოსამართლეებს მიაჩნდეთ, რომ ეს უსამართლობაა, რადგან ისინი თავად არ არიან დისკრედიტებულნი, მაგრამ უნდა აღიარონ, რომ დისკრედიტებული იყო მთელი ის სასამართლო სისტემა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ.
            თუმცა, ყველა მათგანს მიეცა შესაძლებლობა, გაევლო «განსაწმენდელი თერაპია» გამოცდების სახით და კვლავ მოერგო მოსამართლის მანტია, მაგრამ ბევრმა მოქმედმა მოსამართლემ ეს ვერ შეძლო ან ვერ მოახერხა - მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო კრიტერიუმი თანდათანობით გაიოლდა.
            კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს უმტკივნეულო რეფორმა! ნებისმიერი რეფორმა ყოველთვის იწვევს კონკრეტული ადამიანური ბედის მსხვრევას, პიროვნულ ტრაგედიებს, - იმ ადამიანთა სულიერ დისკომფორტს, რომლებიც წარსული სისტემის ნაწილნი იყვნენ და ახალ სისტემას არ ესაჭიროებიან.
            ეს არის გარდაუვალი მსხვერპლი, გარდაუვალი ტრაგედია. იგი უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებას, მოსამართლეს, რომელიც «წყალგამყოფის» მიღმა დარჩა, სხვა კი - «აქეთ» აღმოჩნდა.
            შეიძლებოდა კი პირიქითაც მომხდარიყო, მაგრამ ბუნებამ ასე არ ინება; ერთი ადრე დაიბადა, მეორე - გვიან. ერთმა მოახერხა ფეხი აეწყო კომუნისტური რეჟიმისათვის, მეორემ «ცკ»-სა და რაიკომში «ჩაწყობა» ვერ შეძლო.
            არც ის იქნებოდა სამართლიანი ვამტკიცოთ, თითქოს გამოცდაჩაბარებული მოსამართლეები ქრთამს არ აიღებენ - აიღებენ რომელია! ხელფასის ოდენობა (500 ლარი) საქმეს ვერ შველის: 500 ლარი კარგია, მაგრამ 500 დოლარი კიდევ უკეთესი - 5000 დოლარზე რომ არაფერი ვქთვათ; მაგრამ თუ ახალ, ჯანსაღ საფუძველზე აგებული, ჯანსაღი შინაარსის მქონე, ცივილიზებული, მსოფლიოში აპრობირებული მოდელის მიხედვით კონსტრუირებული სასამართლო სისტემა ისეთივე კორუფცირებული გამოდგა, როგორიც წინა, კომუნისტური სასამართლო სისტემა იყო, მაშინ საზოგადოება იძულებული გახდება ყოველივე საკუთარ გახრწნილობასა და უკულტურობას დააბრალოს.
            ყოველ შემთხვევაში, «სისტემის უვარგისობით», «კომუნისტური სასამართლო სისტემის უვარგისი მემკვიდრეობით» კორუფციის ახსნა შეუძლებელი გახდება.
            არადა, რეალურად, კორუფცია არასდროს აღმოიფხვრება საზოგადოებაში, სადაც კორუფციას სიტყვით კი გმობენ, მაგრამ როგორც კი კონკრეტულად დასჭირდებათ (ანუ საქმე ეხება ახლობელს, თუნდაც შვილს, ძმას, მშობელს), უმალვე ეძებენ გზებს სამართლის (მოსამართლის) მოსაქრთამავად.
            ასეთ საზოგადოებაში მოსამართლე ყოველთვის კორუმპირებული იქნება, მაგრამ თვით სასამართლო სისტემას საზოგადოება ვერაფერს დააბრალებს.

            აქედან გამომდინარე, «ახალ მოსამართლეთა! უმრავლესობა ისეთივე მექრთამე იქნება, როგორც «ძველ» მოსამართლეთა 90 პროცენტი იყო - პატიოსნება პიროვნული თვისებაა: ყველა სისტემაში შეიძლება მოსამართლე უმწიკვლო დარჩეს თუ ბუნებით პატიოსანია, მაგრამ სასამართლო რეფორმის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი აიძულებს საზოგადოებას არა მხოლოდ «ზედნაშენის», არამედ საკუთარი თვისებრივი მანკიც გააცნობიეროს.
            წინათ ყველაფერში «კომუნისტური სისტემა» იყო დამნაშავე, ახალი სისტემის პირობებში კი ყოველივე საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ - სწორედ ეს იქნება სამართლიანი.

მერიდიანი, 17 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე