კაკო ყაჩაღი და საქართველოს ხელისუფლება

        სამეგრელოში მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე კენჭაძესა და კაკო ელიავას შორის რატომღაც ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს «ელიავა ჩაბარებას აპირებს».
        არადა, სინამდვილეში, თუ მოლაპარაკების მონაწილეთა განცხადებით ვიმსჯელებთ, საქმე სწორედ რომ პირიქითაა: საქართველოს ხელისუფლება აპირებს მორიგ კაპიტულაციას და მგონი თვითონ არის მზად ჩაბარდეს ელიავასა და მისი ტრაიბალისტურ დაჯგუფებას.
        არავითარი «ზვიადისტები» ისინი არ არიან. არანაირი კავშირი «ზვიადიზმსა» (ძველი გაგებით) და კაკო ელიავას ბანდას შორის არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
        ელიავა უკვე ულტიმატუმსაც უყენებს ხელისუფლებას: თუ 17 აპრილამდე არ გაათავისუფლებენ 19 ოქტომბრის პროვოკაციის (სენაკის ამბოხის) მონაწილეებს, მაშინ ელიავას ბანდა დივერსიებს მიმართავს სწორედ იმ დღეს, როდესაც სუფსაში ნავთობის ტერმინალი უნდა გაიხსნას. ღონისძიებას დაესწრებიან ნავთობკომპანიათა ხელმძღვანელები, ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან, აგრეთვე აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები - ჰეიდარ ალიევი და ლეონიდ კუჩმა.
        თუმცა, უკრაინის პრესაში უკვე გამოჩნდა სტატიები, რომელთა ავტორები მოუწოდებენ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტს, არ გაემგზავროს იმ ქვეყანაში, სადაც ტყეში გავარდნილ ნაძირალებს შეუძლიათ ულტიმატუმი წაუყენონ ხელისუფლებას; ამ უკანასკნელს კი სრულებით არა აქვს უნარი მათი მოქმედება აღკვეთოს – იმის შიშით, ვაითუ რეგიონის მოსახლეობა გამინაწყენდესო.
        ასეთი ქვეყანა სახელმწიფო საერთოდ არ არის. იგი არათუ ნავთობსადენის ან რაიმე გეოპოლიტიკური ფუნქციის, არამედ თვით დამოუკიდებლობის ღირსიც არაა! ამგვარი ქვეყანა კოლონია უნდა იყოს რომელიმე დიდი სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელსაც შესწევს უნარი, კრიმინალური ბანდების თარეში აღკვეთოს.
        აშკარა დემაგოგია «ელიავას პრობლემის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გადაწყვეტისაკენ» მოწოდება. რას ჰქვია «მშვიდობიანი მოლაპარაკება»? ვისთან? თუ მოლაპარაკების საგანი შეიარაღებული ხროვის განიარაღებაა - სხვა საკითხია, მაგრამ ყოველივეს ისეთი პირი უჩანს, თითქოს მოლაპარაკება მიმდინარეობს «ორ მაღალ, თანასწორუფლებიან მხარეს შორის», რომელთაგან ერთ-ერთი კაკო ელიავას საზიზღარი ტრაიბალისტური ხროვაა, ხოლო მეორე - საქართველო სახელმწიფო (და არა ხელისუფლება) მთელი მისი კონსტიტუციით, პარლამენტით, პრეზიდენტით, კანონმდებლობით, სასამართლო სისტემით და ა.შ.
        სახელმწიფოს თუ იმის უნარი არ შესწევს, შეიარაღებული ბანდა უვნებელჰყოს, - მაშინ იგი სახელმწიფო კი არა, ბუტაფორიაა; ხოლო თუ იმის ეშინია, რომ ძალისმიერი ქმედება სამეგრელოში სეპარატიზმს გამოიწვევს და მოსახლეობა ელიავას დაუჭერს მხარს, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი საერთოდ არ გააჩნია და გაუგებარია, რისთვის იჯახირა ამ ერმა ამდენი - 1988 წლიდან?.
        შეუძლებელია კაკო ელიავას არ ესმოდეს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია 17 აპრილს, ნებისმიერი საბაბით, მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს. რასაკვირველია, ეს მას შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული; მაშასადამე, შენიღბვა და დემაგოგიაც კი არ მიაჩნია აუცილებლად. აქ უკვე სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, - ეს სამოქალაქო ომის რეციდივიც კი არ არის, არამედ გაცილებით უარესია.
        განსაკუთრებით უზნეოდ იქცევიან ე.წ. თბილისელი «ზვიადისტები». იგულისხმება ყველა მათი ფრთა და განშტოება. ბოლოს და ბოლოს, თუ «ზვიადიზმი» საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობის იდეაა (მეტწილად ასეც არის), მაშინ უბრალოდ ვალდებულნი არიან პოლიტიკურადაც და მორალურადაც, გააკეთონ განცხადება კაკო ელიავას ქმედების დაგმობით. რაკი ამას არ აკეთებენ, მაშასადამე მათი პოზიციაც არაპოლიტიკურია და ბოღმის მეტი აღარაფერი ამოძრავებთ.
        რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის საქართველოს ხელისუფლება, - «ნავთობსადენის» პროექტი ხომ ობიექტურად, ნებისმიერ შემთხვევაში შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს?
        რაც შეეხება კაკო ელიავას ულტიმატუმს («თუ არ გაათავისუფლებთ 19 ოქტომბრის პუტჩის მონაწილეებს, ჩავშლი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედების ცერემონიალს») ხელისუფლების მხრიდან მისი შესრულება მორიგი თავლაფისდასხმა იქნება.
        გარდა ამისა, ეს სამომავლოდ ძალზე საშიშ პრეცედენტს შექმნის.
        არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ კვლავ არ განმეორდება 19 ოქტომბრის მსგავსი პუტჩი; მისი ორგანიზატორები დაუსჯელობის სინდრომით იქნებიან «აღტყინებულნი». ასე სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია – საქართველო გადაიქცევა (უკვე იქცა კიდეც) გაუთავებელი პროვოკაციებისა და პუტჩების ასპარეზად. ამგვარ ქვეყანასთან სერიოზულ ურთიერთობებს არავინ დაამყარებს.
        ამ თვალსაზრისით, კაკო ელიავას მუქარამ (განურჩევლად იმისა, განხორციელდება თუ არა იგი 17 აპრილს) უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრივ პრესტიჟს, ვინაიდან რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად სამეგრელოსაც ვერ აკონტროლებს, სადაც მოქმედებენ და თარეშობენ კრიმინალური ბანდები. ისინი თბილისს ულტიმატუმს უყენებენ და შესაბამის «თანასწორუფლებიან» მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.
        როგორც ჩანს, 17 აპრილს საქართველოს ხელისუფლებას სრული მობილიზება მოუწევს, რათა პროვოკაცია თავიდან აიცილოს. დასავლეთ საქართველოში გადასროლილია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს, აგრეთვე არმიის დამატებითი ნაწილები. ისინი უნდა შეეცადონ დაიცვან ნავთობსადენი და არ დაუშვან ტერორისტთა შეღწევა ფოთი-სუფსას მიდამოებში; მაგრამ ვის შეუძლია დანამდვილებით თქვას, საიდან, როგორ და როდის განახორციელებს დარტყმას ელიავა?
        მისი მიზანი მხოლოდ დესტაბილიზაციის, თუნდაც ერთი ექსცესის დაფიქსირებაა – ესეც საკმარისი იქნება საქართველოს დისკრედიტაციისათვის. სხვა, ელიავასა და მის ბანდას არაფერი აინტერესებს. თუ ხელისუფლება მის ულტიმატუმს ამჯერად შეასრულებს, სულ მალე ახალი ულტიმატუმიც გაჩნდება; ხოლო ყველა საშიშროების დროს, ყველა ამგვარი ღონისძიებისას ძალთა სრული მობილიზება, შეიარაღებული ნაწილების გადასროლა-გადმოსროლა იმდენად ძვირი დაჯდება, - ნავთობსადენსაც აზრი ეკარგება და ტერმინალსაც.
        მაშასადამე, ხელისუფლებას ისღა დარჩენია, მიიღოს ზომები ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრების უსაფრთხოებისათვის; ხოლო შემდეგ, თუ ელიავა მაინც განახორციელებს პროვოკაციას – ყოველნაირი ძალისმიერი ხერხი გამოიყენოს ბანდის უვნებელსაყოფად – თუნდაც ამას მღელვარება მოჰყვეს რეგიონში.
        ელიავას ხროვა ხელისუფლებას არ ემუქრება; იგი ემუქრება საქართველოს განვითარების პერსპექტივას. ელიავა არ არის «კრემლის აგენტი» - ამ შემთხვევაში მისი ქმედება პროგნოზირებადი იქნებოდა; სინამდვილეში ეს ფენომენი გაცილებით უარესია - იგი ქართული სახელმწიფოებრიობის საბოლოო კვდომას მოასწავებს.
       
       

მერიდიანი, 14 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე