საპარლამენტო არჩევნებზე საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც გადაწყდა

        გუშინ დასრულებული არჩევნები, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სრულიად ფუჭი ვნებათაღელვის საგანი იყო დაახლოებით 2 წლის განმავლობაში – იმ დღიდან, როდესაც 1997 წელს, ქუთაისში ყოფნისას, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: «საქართველოში იწყება საარჩევნო ციებ-ცხელება».
        სინამდვილეში განსაკუთრებით «ასაღელვებელი» აქ არაფერი იყო, ვინაიდან «ნორმალური საარჩევნო ტექნოლოგიით», სახელისუფლებო პარტიას უეჭველად უნდა შეენარჩუნებინა უმრავლესობა პარლამენტში.
        ასეც მოხდა – ნებისმიერი ქვეყნის ელექტორატში არის განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც დამოკიდებულია (არა მხოლოდ და არა იმდენად მატერიალურად, რამდენადაც ფსიქოლოგიურად) მმართველ პარტიაზე. მით უმეტეს საქართველოში, სადაც სახელისუფლებო პარტია გაიგივებულია სახელმწიფოებრიობასთან. ეს უკვე ქმნიდა გარკვეულ «ფორას» სხვა «ნახევრად ფორმალურ» ბერკეტებთან ერთად.
        გარდა ამისა, რატომღაც ყველა ყურადღებას აქცევს 150 წევრიან «პროპორციულ სიას», მაგრამ თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას, რომ მოსახლეობამ აირჩია აგრეთვე 75 მაჟორიტარი დეპუტატი – ამ რიცხვის აბსოლუტური უმრავლესობა «სახელისუფლებო პარტიის» რეზერვია.
        მთლიანობაში, არანაირი შანსი ე.წ. «სახელისუფლებო ოპოზიციას», რომელიც ბათუმიდან აპირებდა «ტრიუმფულ სვლას» – არ ჰქონდა. ოღონდ არა «გაყალბების გამო» (იგი შეუძლებელია 1-2 პროცენტს აღემატებოდეს), არამედ იმავე «ოპოზიციის» არსობრივი შეუთავსებლობის გამო ელექტორატის (არა მხოლოდ «სახელისუფლებო», არამედ ნორმალური, კონსტრუქციული ელექტორატის) განწყობასა და მენტალიტეტთან.
        ჯერჯერობით, დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ზემოთ ხსენებული არაფორმალური ბერკეტებით «ბათუმის სახელისუფლებო პარტიამ» (ისიც ხომ სახელისუფლებო პარტიაა) გაცილებით უკეთ და ქმედითად გამოიყენა «საკუთარი სივრცე» ელექტორატისაგან «მაქსიმუმის გამოსაწურად», ვიდრე «თბილისურმა მმართველმა პარტიამ».
        ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით დემოკრატიის ხარისხი მართლაც გაცილებით მაღალია, ვიდრე მის ერთ-ერთ ავტონომიურ რეგიონში.
        ეს არის ფაქტი, რომელიც უდავოდ საქართველოს მოსახლეობის თანდათან მზარდი პოლიტიკური კულტურის შედეგია. ისევე, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატიის «დონ კიხოტთა», რომლებიც, ფრთოსანი ანგელოსები, რასაკვირველია, არ არიან, მაგრამ მაინც განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. ეს მენტალიტეტი კი, ახალშობილი ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
        არჩევნების შედეგი უეჭველად მეტყველებს, რომ პოლიტიკურ ძალთა განლაგება ქვეყანაში სერიოზულად არ შეიცვლება 4 წლის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც გაირკვა – ამჟამინდელ პრეზიდენტს ალტერნატივა არ ეყოლება, ვინაიდან მან შეინარჩუნა მძლავრი დასაყრდენი პარლამენტში; მაშასადამე, ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი იქნება 2005 წლამდე.

7 დღე, 1 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე