«მოქალაქეთა კავშირი» საქართველოს ხელმეორედ დაპყრობას ზუგდიდიდან ლაშქრობით აპირებს

        საქართველოში პოლიტიკოსის უიშვიათესი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები რომ თითებზე ჩამოსათვლელი არიან, დავას არ იწვევს; არც ის არის საკამათო, რომ ზურაბ ჟვანია ერთ-ერთი მათგანია;
        პოლიტიკოსს ნიჭიერება, როგორც იტყვიან «კოჭებში ეტყობა», ისევე, როგორც ეტყობა უნიჭობა. საამისოდ ერთი მაგალითიც კმარა: ჟვანიას «პოლიტიკური პაუზა» ზუგდიდის პირველ წინასაარჩევნო სიტყვამდე. ყველა პოლიტიკოსი უპირველესად კარგი მსახიობი უნდა იყოს. მსახიობსა და პოლიტიკოსს ერთნაირი დიდოსტატობით უნდა შეეძლოთ «პაუზის დაჭერა». ზურაბ ჟვანიამ ეს შეძლო და ე.წ. «აღორძინების ალიანსის» მსგავსად, დროზე ადრე არ დახარჯა «მოქალაქეთა» ყველა საარჩევნო რესურსი, «უდროო დროს» არ გამოამჟღავნა ყველა კოზირი და არგუმენტი.
        ჟვანიას წინადადებით, მოქალაქეთა კავშირმა სწორედ მაშინ აიღო სტარტი, როდესაც, თუ სპორტული ენით ვიტყვით, მოწინააღმდეგემ დისტანციის ნახევარი გაირბინა, უკვე დაღლილია, ხოლო «მაყურებელი» (ამომრჩეველი) ელემენტარული ფსიქოლოგიური გათვლით და «გულშემატკივრის» ჟინით, უფრო იმას დაუჭერს მხარს, ვინც მოწინააღმდეგეს «ფორა» მისცა და ახლა ცდილობს ფინიშამდე გაუსწროს.
        ცდილობს და უეჭველად დაჯაბნის კიდეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჟვანიამ (იგი მოქალაქეთა კავშირის ცენტრალური ფიგურა იქნება საპარლამენტო არჩევნებში) ზუსტად დაგეგმა «სტარტის» დრო და ადგილი (სამეგრელო), ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მთელს დისტანციას უკეთ გაირბენს და ფინიშამდეც პირველი მივა.
        ამაზე თვით ზუგდიდში წარმოთქმული სიტყვის შინაარსი და არქიტექტონიკაც მეტყველებს. «მოქალაქეთა კავშირის» საარჩევნო ფავორიტმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განახორციელა «შეტევა» - გაითვალისწინა ყველა თანამდევი (თითქოსდა არაპოლიტიკური) ნიუანსი – დაწყებული მისთვის სამეგრელოს «მშობლიურობიდან» (რეალობის გათვალისწინებით, უახლოესი 200-300 წლის განმავლობაში ამ მომენტის უგულებელყოფას ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს), დამთავრებული დამოუკიდებელი ქართული პრესის ბუნებრივი მიდრეკილებით სენსაციურობისაკენ;
        ჟვანიამ ისიც კი გაითვალისწინა (ძალზე ეშმაკურად და ჭკვიანურად), რომ თუ სწორედ ზუგდიდში გამოაქვეყნებდა სენსაციური ინფორმაციის ნუგზარ ფოფხაძესთან დაკავშირებული «საპრეზიდენტო დემარშის» შესახებ, მისი «სპიჩი» არა მხოლოდ ოფიციოზის, არამედ დამოუკიდებელი პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცეოდა (ასეც მოხდა), ჟურნალისტთა ინტერესმა გააათმაგა «მოქალაქეთა» სტარტის ეფექტიანობა.
        ჟვანიას სიტყვა იმასაც ნიშნავს, რომ მმართველი პარტია არ აპირებს ვინმეს დაუთმოს პირველობა სამეგრელოში – ეს მხარე კვლავინდებურად რჩება «სასინჯ ქვად» ქართულ პოლიტიკაში. თუ მოქალაქეთა კავშირი მოიგებს არჩევნებს სამეგრელოში, მაშასადამე, ის მოიგებს არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბითაც.
        რაც შეეხება გამოსვლის შინაარსს, ჟვანიამ საზოგადოებას ამცნო მოქალაქეების რამდენიმე წინასაარჩევნო წინადადება (დაპირება); მათ შორის აღარ არის, რა თქმა უნდა, დაპირება მილიონი სამუშაო ადგილის თაობაზე – ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იმთავითვე წამგებიანი დაპირება იყო.
        ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ხომ საქმე ისე წარმოუდგენია, როგორც წარსულ ეპოქაში ხდებოდა, როდესაც ხელიც რომ არ გაგვენძრია, «სამუშაო ადგილი» გარანტირებული გვქონდა, ვინაიდან მოქმედებდა სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლი («მუქთახორების წინააღმდეგ») და შესაბამისად «სამსახურს» აუცილებლად გამოგიძებნიდნენ.
        ახლა, ზურაბ ჟვანიას «ძირითადი მოწოდება» (მესიჯი) იყო არა «მილიონი მესაკუთრე», არამედ «სტაბილურობიდან – კეთილდღეობისაკენ» - ეს იქნება «მოქალაქეთა კავშირის» ძირითადი თეზა, რომელიც მას, სულ ცოტა, დამარცხებისგან დაიცავს (თუ აბსოლუტურ გამარჯვებას არ უზრუნველყოფს), ვინაიდან მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ და რეფორმატორულმა გუნდმა ოთხი წლის განმავლობაში ნამდვილად მოახერხეს შეეცვალათ უმთავრესი – ჩამოყალიბდა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური საფუძველი (თუ მარქსისტულ დებულებებს მოვიშველიებთ), ახალი ბაზისი, რომელიც უეჭველად მოახდენს ზეგავლენას «ზედნაშენზე», მათ შორის, არჩევნების შედეგებზეც.

დრონი, 31 აგვისტო, 1999 წელი

მთელ გვერდზე