მოძრაობა თუ ბორიაყი?
       

        საქართველოში კიდევ ერთი მოძრაობა იწყება. ბროუნის მოძრაობისგან განსხვავებით, ქართული «მოძრაობის» თვისება შინაგანი წესრიგი არ არის. საქართველოში ქაოსიდან - წესრიგი არ წარმოიშობა. ქართულმა პოლიტოკრატიამ (პოლიტიკურმა ელიტამ თუ კლასმა) ერთობ დამახინჯებულად აღიქვა ილია ჭავჭავაძის გენიალური, მაღალმხატვრული, პოეტური და იმავდროულად ღრმააზროვანი მიგნება «მოძრაობისა და მოძრაობის» შესახებ; დამახინჯებულად აღიქვა, ვინაიდან თვითონ იყო (და არის) დიდწილად მახინჯი და პრიმიტიული.
        სამწუხაროდ, საქართველოში გრძელდება პოლიტიკური «მოძრაობა», რომელსაც «გამეფების მწყურვალი ნაბიჭვრების» შინაარსი უფრო აქვს - ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკის კანონებს ზემოხსენებული პოლიტოკრატია არასდროს იცავდა - არც ოდესმე სურდა და არც ამჟამად სურს წარმოადგინოს სოციალური ფენების ინტერესები და არა მხოლოდ საკუთარი პიროვნული ან თუნდაც პარტიული ამბიცია.
        აბა სად გაგონილა, მეწარმეები ქმნიდნენ პოლიტიკურ პარტიებს და დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში? ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები რაღა საჭიროა? ასე სულ მალე მივალთ (დავბრუნდებით) საბჭოურ სისტემამდე, რომელშიც «უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო» აერთიანებდა განსაზღვრული ოდენობის «მუშათა კლასს», «მშრომელ ინტელიგენციასა» და «კოლმეურნე გლეხობას». გარდა ამისა, იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო გარკვეული პროცენტი ქალების, ახალგაზრდობის, მასწავლებლების, ექიმების, საწარმოთა დირექტორების (მეწარმეები, თანამედროვე გაგებით, მაშინ არ არსებობდნენ) და ასე შემდეგ;
        საოცარია, მაგრამ პარტიათა გამრავლების მიუხედავად (1989 წლის 100 პარტია გვყავდა, ამჟამად 200 გვყავს; ერთი ცნობილი ქართველი ფსიქიატრისა არ იყოს - 1913 წელს 2 საგიჟეთი გვქონდა, ახლა 27 გვაქვს) პოლიტიკური კულტურისა და ნორმალური «თამაშის წესების» ჩამოყალიბებას არა და არ დაადგა საშველი.
        კიდევ უფრო უცნაური კი ის არის, რომ, თუ ბაზისისა და «ზედნაშენის» თაობაზე მარქსის ცნობილ დებულებას გავიზიარებთ, შესაბამისი სოციალური ბაზა, ანუ დიფერენცირებული და თავისებურად სტრუქტურიზებული სოციუმი საქართველოში უკვე არსებობს: სრულდება პრივატიზება, წარმოიშვა «წვრილ» და «მსხვილ» (ასე ვთქვათ) მესაკუთრეთა ფენა, თქვენ წარმოიდგინეთ, კლასიკური პროლეტარიატიც კი გვყავს, რომელსაც, ამავე მარქსისა არ იყოს, «დასაკარგი არაფერი» აქვს, ხუნდების გარდა - ამ სოციალური ფენის კვლავწარმოებაც ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან საქართველო არათუ პოსტინდუსტრიული საზოგადოება არ არის, არამედ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის «კაპიტალის პირველადი ველური დაგროვების» სტადიაშია.
        ზემოთქმულის მიუხედავად «ზედნაშენი» (ანუ ქართული პოლიტოკრატია) ჯერჯერობით მაინც ახერხებს «ბაზისის» დათრგუნვას და მართვას - საკუთარი ინტერესების შესაბამისად. პასუხისმგებლობა კი ამ მარაზმატული ვითარებისათვის უნდა დაეკისროს სწორედ ბაზისს (ანუ მთელ საზოგადოებას), რომელიც «პოლიტოკრატთა» სუზერენობას უდრტვინველად იტანს და ითმენს.
        საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენში დემოკრატიული არჩევნები სავსებით შეიძლება გადაიზარდოს თავპირისმტვრევასა და «პერესტრელკებში». ნაცვლად «ჩვეულებრივი» საარჩევნო დისკუსიებისა. ამის წარმოდგენაც კი შეგზარავს კაცს, - რა ფორმასა და ხასიათს იღებს ჩვენში «კომპრომატების გამოქვეყნებისა» და ურთიერთთავსლაფდასხმის დასავლეთში აპრობირებული პრაქტიკა - სათანადო ნიშნები უკვე ჩანს.
        ქართული საარჩევნო ტექნოლოგიის კიდევ ერთი ეროვნული თავისებურებაა «მონათესავე» პარტიების ურთიერთდაპირისპირება. ელემენტარული ლოგიკით, ნორმალურ ქვეყანაში შეუძლებელია «მემარცხენეები» უპირისპირდებოდნენ «მემარცხენეებს», «მემარჯვენეები» კი - «მემარჯვენეებს».
        ჩვეულებრივი საარჩევნო ტექნოლოგიის ანაბანა გულისხმობს «მემარცხენე» და «მემარჯვენე» ბლოკებისა თუ პარტიების ურთიერთდაპირისპირებას.
        დავაკვირდეთ, რა ხდება ამ თვალსაზრისით ჩვენში - «მემარცხენე» რჩეულიშვილი და «მემარცხენე» ნათელაშვილი ერთმანეთს გაცილებით მეტი გააფთრებითა და გაკაპასებით ებრძვიან, ვიდრე «იდეურ მოწინააღმდეგე» «მემარჯვენეებს».
        არადა, მათი საარჩევნო პროგრამები შინაარსობრივად თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველა სხვა ქვეყანაში ორი ასეთი პარტია ერთმანეთს კი არ დაუწყებდა «ჭამას», არამედ გაერთიანდებოდა, ერთ პარტიას ან უკიდურეს შემთხვევაში, ერთიან საარჩევნო ბლოკს (მაინც) შექმნიდა, რათა საერთო ძალისხმევით მემარჯვენე კონკურენტები ჩაეძირა.
        ჩვენებური «სოციალისტები» და «ლეიბორისტები» კი ერთმანეთს «ძირავენ»!

        თუმცა ჩვენ ხომ ქართველები ვართ! მთელ პოლიტიკურ ტექნოლოგიას  აიწონის მარტო ერთი ქართული... «უჩემოდ ვით იმღერეთა?» ამით ვამდიდრებთ მსოფლიო საკაცობრიო პოლიტიკურ საგანძურსა და სიბრძნეს - რა თქმა უნდა, ასეთ ფენომენს პლანეტარული გამოცდილება არ იცნობს, მსგავსი რამ თვით გენიალურ მაკიაველისაც არ მოუვიდოდა თავში, რათა «ხელმწიფისათვის» ერჩია, როგორ მოქცეულიყო - ქვეყანაში ასეთი პოლიტოკრატიის არსებობის შემთხვევაში.
        არცთუ უკეთესი მდგომარეობაა «მარჯვენა ფლანგზე», რომლის სუბიექტებიც (ყველანი ერთად) ჯიუტად ვერ აცნობიერებენ (არ სურთ გააცნობიერონ), რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის იოტისოდენა შანსი დღევანდელ რეალობათა გათვალისწინებით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუჩნდებათ, თუ, კვლავ და კვლავ, ყველანი გაერთიანდებიან და ერთობლივი ძალისხმევით შეჰღაღადებენ გაღატაკებულ მოსახლეობას, - ირწმუნოს «ლიბერალური იდეის» ერთადერთობა და სიწრფელე.
        ქართული პოლიტიკა რომ კვლავინდებურად «ორინიაკის» (ანუ ქვის ხანის) ეპოქაშია, იქდანაც ჩანს, რომ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ცენტრი.
        ჩვენში კვლავინდებურად «ცენტრის» პრეტენზია აქვს «მოქალაქეთა კავშირს», არადა, «პოლიტიკურ ცენტრს» სინამდვილეში «მემარჯვენე-ცენტრისტული» და «მემარცხენე-ცენტრისტული» პარტიების ერთობლიობა უნდა ქმნიდეს. ასეა ყველგან: აფრიკის «დემოკრატიებიდან» - ბრიტანეთის კუნძულებამდე.
        მაგრამ საქართველოში ასე არ არის. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს იმდენად «მოქკავშირის» დანაშაული არაა, რამდენადაც მისი «მემარცხენე» და «მემარჯვენე» კონკურენტების «დამსახურებაა». ასეთი «პოლიტიკური კულტურის» პირობებში კი ნურავის გაუკვირდება, თუ მომავალი არჩევნებში კვლავ «მოქკავშირი» მიიღებს ხმების უმრავლესობას არა მხოლოდ პროვინციებში, არამედ თბილისშიც, ანუ არა მარტო «გუბერნატორ-გამგებელთა» დახმარებით, არამედ ელექტორატის საკმაოდ დიდი ნაწილის თავისუფალი არჩევანითაც, ვინაიდან შეგნებულ ელექტორატს, ოპოზიციამ, შეიძლება ითქვას, თავგზა აუბნია და ვერ დაარწმუნა, რომ შეიძლება იქცეს რეალურ ალტერნატივად.
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ კითხვა - «ის თუ არა, მაშინ ვინ? - რომელიც ესოდენ აღიზიანებს ჩვენს «პოლიტოკრატიას», სინამდვილეში არც ისე უაზროა, როგორც მათ მიაჩნიათ.
        სხვა საუბრის თემაა ალიანსები. ამ თვალსაზრისით ქართული პოლიტიკურ სცენაზე მართლაც ვერ გაიგებ ვისი ინტერესები ვის ბლოკშია; ამიტომაც არის საარჩევნო კამპანია საქართველოში არა პოლიტიკური მოძრაობა, არამედ ბორიაყი - შესანიშნავი ქართული სიტყვა, რომელსაც ზუსტი შესატყვისი ალბათ არც ერთ ენაში არა აქვს.

დრონი, 10 ივნისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე