მიშა მაჭავარიანი ეშაფოტზე ადის

        «საგადასახადო სამინისტროსთან» დაკავშირებულმა სკანდალმა კულმინაციას მიაღწია. «მმართველმა პარტიამ», როგორც იქნა, მოილაპარაკა უწყების ხელმძღვანელის კანდიდატურაზე პრეზიდენტთან.
        მსურველი არც ისე ბევრი იყო - ეშაფოტზე ასვლა არვის სურდა.
        საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, მინისტრის პოსტს მიშა მაჭავარიანი დაიკავებს. სმკ-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მას ედვარდ სურმანიძე შეცვლის. ამასთან, არ არის აუცილებელი, ედვარდ სურმანიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგეს.
        ამრიგად, მმართველმა პარტიამ მაინც თავისი გაიტანა და უშუალოდ დაუკავშირა თავისი რენომე საბიუჯეტო შემოსავლების პრობლემას.
        ვიდრე ამ პოსტს მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, მით უმეტეს, «ჟვანიას გუნდის» წევრი დაიკავებდა, «მოქალაქეებს» კიდევ შეეძლოთ ერთგვარად გამიჯვნოდნენ პროცესებს.
        ამიერიდან კი, გვერდზე გადგომას და აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი ფიგურის უსინდისობისადმი აპელირებას ვეღარ შეძლებენ, რაკი პასუხისმგებლობა მთლიანად თვითონ იკისრეს.
        იმავდროულად, პასუხისმგებლობა უეჭველად შეუსუსტდებათ საბაჟო და საგადასახადო სამსახურთა ხელმძღვანელებს. ისინი აუცილებლად შეეცდებიან მიხეილ მაჭავარიანი ერთგვარ მეხამრიდად გამოიყენონ.
        აქვე უნდა ითქვას რომ «მოქალაქეთა» მხრიდან გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა არა ამ ორი უწყების საკუთარი პოლიტიკური «კრიშის» ქვეშ გაერთიანება, არამედ ის, რომ შეენარჩუნებინათ «პროფესიონალი» (არა პოლიტიკური) ხელმძღვანელები ორივე უწყებაში მიხეილ ჩიკვილაძისა და თამაზ მაღლაკელიძის სახით და გაეზარდათ კიდეც მათი რანგი - გაეთანაბრებინათ ისინი სამინისტროებთან.
        სულ ერთია, ვინც არ უნდა მოვიდეს ამ პოსტზე, მას მოუწევს გადაწყვიტოს უმთავრესი პრობლემა, რაც ხელს უშლის გადასახადების აკრეფას.
        რატომღაც ითვლება, თითქოს მთავარი პრობლემა არის კორუფცია საგადასახადოს სისტემაში, რაც მეტად გამარტივებული წარმოდგენაა.
        რა თქმა უნდა, «საგადასახადოში» ფული კეთდება, მაგრამ ეს არ არის უმთავრესი პრობლემა. მივაქციოთ ყურადღება, რომ «საგადასახადომ» წელს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა შეასრულა.
        «ფინინსპექტორი» კი ხშირად ქრთამს იღებს არა მხოლოდ და არა იმდენად უშუალოდ გადასახადის დამრღვევთან ორმხრივი ფინანსური გარიგებით, არამედ ისეთი ქმედებით, რაც ნახევრად კანონიერია, მაგრამ ნახევრადუკანონოა – ანუ შეუძლია გააკეთოს, მაგრამ შეუძლია არც გააკეთოს.
        მაგალითად, მას შეუძლია მეწარმეს მოსთხოვოს გადასახადის გადახდა ნებისმიერ დღეს (ვთქვათ) ნოემბრის განმავლობაში. თუ მეწარმე «პატივს არ სცემს», მოსთხოვს 1 ნოემბერს, სათანადო «ანაზღაურების» შემთხვევაში - 30 ნოემბერს. ამ პერიოდის განმავლობაში კი, მეწარმეს აქვს საშუალება «ფული ატრიალოს» და ა.შ.
        «მოქალაქეთა» ლიდერებს რატომღაც არ სურთ გაიგონ: გადასახადების აკრეფის სფეროში მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ კანონიერი და გამართლებული ქმედება ხშირად იწვევს სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ გართულებებს, რის შედეგადაც ისევ ბიუჯეტი ზარალდება: მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი, როგორც კი დაიკავებს თანამდებობას, უმალვე ენერგიულად შეუდგება საქმეს – მოითხოვს ყველაზე მსხვილი არგადამხდელების სიას და გაკვირვებით აიჩეჩავს მხრებს.
        მერედა, რა პრობლემაა – «დავუყადაღოთ ანგარიშები. კანონი ჩვენს მხარეს იქნება, რაკი დავალიანება აქვთ – მორჩა და გათავდა».
        ამგვარი ბრძანების მიღებისთანავე მაღლაკელიძესა და ჩიკვილაძეს ოდნავ შესამჩნევად მაინც ჩაეღიმებათ («ჰოი, გულუბრყვილო ახალგაზრდობავ»), თუმცა მინისტრის ბრძანებას უმალვე შეასრულებენ (რა ენაღვლებათ, - პასუხისმგებლობა ხომ მათ აღარ ეკისრებათ) და იმავე დღეს დააყადაღებენ ურჩ საწარმოთა ანგარიშებს.
        მერედა რა მოჰყვება ამას შედეგად? – შედეგად მოჰყვება ის, რომ საწარმო გაჩერდება, ათასობით ადამიანი დარჩება უმუშევარი, ანუ ათი ათასობით – ულუკმაპუროდ. ისინი უეჭველად მიცვივდებიან პრეზიდენტის რეზიდენციასთან და საპროტესტო აქციებს მოაწყობენ. თვით მეწარმეს ბევრი არაფერი მოაკლდება – მას კარგა ხანია «აქტივები» შვეიცარიის ბანკებში აქვს გადამალული. სამაგიეროდ, გაჩერდება საწარმოები, ანუ ბიუჯეტი ვეღარ მიიღებს იმასაც კი, რასაც «მაინც» იღებდა.
        შედეგად, პრეზიდენტი უეჭველად უსაყვედურებს ახალ მინისტრს (ისევე, როგორც ერთ-ერთ მის წინამორბედს უსაყვედურა): «ყადაღის დადებაზე ადვილი რა არის?» რამდენს გადაიხდიდა («მაინც»), ეს საწარმო – რომ ემუშავა?»
        ანუ «გადასახადების მინისტრის» პოსტის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა იპოვოს «ოქროს შუალედი» - ერთი მხრივ, გადასახადები უნდა აკრიფოს, ხოლო მეორე მხრივ, წარმოება არ უნდა გააჩეროს, რათა არ გამოიწვიოს სოციალური აფეთქება.
        ეს არის სწორედ სირთულე, თორემ ყადაღის დიდებასა და ანგარიშების გაყინვას ჩიკვილაძეც მოახერხებდა – ამაზე ადვილი რა არის?
        ზოგადად კი, ამგვარი დილემის წარმოშობა მხოლოდ ისეთ უკულტურო საზოგადოებაშია შესაძლებელი, როგორიც საქართველოა.
        ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში «საგადასახადო» იმოქმედებდა, დიახაც, სწორხაზოვნად – გაყინავდა «არგადამხდელის» ანგარიშებს, გააჩერებდა საწარმოს, ხოლო «საპროტესტოდ» ქუჩაში გამოსულ მუშა-მოსამსახურეებს, თუ გზას გადაკეტავდნენ, პოლიცია დაამტვრევდა თავ-ყბას.
        საქართველოში ეს შეუძლებელია. მიაქციეთ ყურადღება, რომ საწარმოს თანამშრომელთა რისხვა მიმართული იქნება სწორედ მთავრობის და არა თვით არგადამხდელი მეწარმის წინააღმდეგ, რომელიც მოგების (ხაზს ვუსვამ: მოგების) დიდ ნაწილს იტოვებს, ვინაიდან მასთან (მეწარმესთან) «არ გაუვათ».
        «მთავრობა» კი ადვილად დასაშინებელი და დასაჩაგრია. არის თითქოს კიდევ ერთი გამოსავალი - «გაკოტრების» კანონის ამოქმედება და საწარმოს აუქციონზე გაყიდვა (ვალების დასაფარავად), მაგრამ ამას, ჯერ ერთი, ახალი სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვება (ქონებას ასე ადვილად ვინ დათმობს), ამასთანავე, საეჭვოა, ძლივს აწყობილი საწარმოს «თავიდან აწყობის» მსურველი მყიდველი გამოჩნდეს.

მერიდიანი, 22 დეკემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე