«მესამე გზა» პარლამენტში მიგვიყვანს?
       

        31 ოქტომბრის არჩევნებამდე ოი კვირით ადრე ორი (ორად-ორი) ფავორიტის ვინაობა საყოველთაოდ ცნობილია: ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი» მეორე მხრივ - საარჩევნო ბლოკი «საქართველოს აღორძინება».
        დამოუკიდებელი მასმედია, ყოველგვარი წინასწარი ავი განზრახვის გარეშე, რეიტინგებსა და დისკუსიებში სხვებსაც მოიხსენიებს, მაგრამ როგორც «სხვა პარტიებს», ანუ ერთად აქუჩებს «მემარცხენეებსაც», «მემარჯვენეებსაც», «მრეწველებსაც», «ეროვნულ-დემოკრატებსაც», «კომუნისტებსაც» და ა.შ.
        ამგვარი ვითარება კი, ალბათ, იმას გამოიწვევს, რომ 31 ოქტომბერს უკვე არა მხოლოდ რაიონებში, სადაც ჯერ კიდევ პოლარიზებულად (შავი თეთრი) და პერსონიფიცირებულად (შევარდნაძე-აბაშიძე) აზროვნებენ, არამედ თბილისშიც კი (დედაქალაქში თითქოს უფრო განვითარდა პოლიტიკური გემოვნება) ელექტორატი არჩევანს სწორედ «მოქალაქეებსა» და «აღორძინებას» შორის გააკეთებს.
        არადა, არჩევნებში მათ გარდა მონაწილეობს კიდევ რამდენიმე პარტია, რომელთა ლიდერებს ნამდვილად აქვთ პრეტენზია (არცთუ უსაფუძვლოდ), დამკვიდრდეს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. მათ შორისაა «სახალხო», «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» და თითო-ოროლა სხვა ორგანიზაცია. მაგრამ რაკი მათ დაუშვეს ასეთი ალტერნატივის წარმოშობა («მოქალაქეები» - «აღორძინება»), უკვე თითქმის აღარ დარჩათ შანსი, გადალახონ 7-პროცენტიანი ბარიერი.
        «მესამე გზის» კონცეფცია ამ შემთხვევაში, ვეღარ იმუშავებს მათ სასარგებლოდ, ვინაიდან, «მოქალაქეთა კავშირმა» მოახერხა ამ დაპირისპირების გადატანა ჩვეულებრივი პოლიტიკური სიბრტყიდან - კონსტიტუციის დაცვის სიბრტყეში: როდესაც არ სრულდება პრეზიდენ:ტის აბსოლუტურად კანონიერი ბრძანებულებები (შეწყალების თაობაზე), როცა ირღვევა საბაჟო სფეროში «ცენტრის» უეჭველი პრეროგატივა, არ ირიცხება ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლები თბილისში - ეს უკვე აღარ არის «ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირება», ხოლო ის ძალები, ვინც ასეთი დაპირისპირებისას ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და იმის შიშით, ვაითუ, «მოქკავშირის აგენტობა დაგვწამონო» - ორივეს ერთნაირად უპირისპირდება, - უეჭველად წააგებენ.
        მოგებული დარჩება როგორც «მოქალაქეთა კავშირი», ასევე «აღორძინება», - ეს უკანასკნელი, სწორედ «მესამე გზის» ნეიტრალიტეტის წყალობით შეძლებს საკუთარი თავის დაფიქსირებას «მთავარ პოლიტიკურ ალტერნატივად». აქედან გამომდინარე, «მესამე რიგის» პარტიათა მხრიდან გაცილებით პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკა იქნებოდა არა ორივესგან თანაბრად, გამიჯვნა (ორივე ერთნაირია), არამედ თეზისი: «მოქალაქეთა კავშირი» თვითონ ელოლიავებოდა აშკარად ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რათა მის ფონზე კონსტრუქციულად წარმოჩენილიყო.
        «მოქალაქეთა კავშირი» (როგორც არ უნდა იყოს შინაარსობრივად) მაინც «კონსტიტუციურ ველზე» თამაშობს, ხოლო მისი მთავარი მოწინააღმდეგე, კარგა ხანია, გავიდა ამ ველიდან და მის მიღმა აწყობს «კომბინაციებს», თანაც «მიღმა» მდებარე გარეშე ძალებსაც უკვე სავსებით აშკარად ეყრდნობა (გენერალი ლებედი და ა.შ.) ამიტომაც (ვთქვათ) ედპ-ს მხრიდან უფრო ჭკვიანური იქნებოდა, მკვეთრად დაპირისპირებოდნენ «კონსტიტუციურ ველში» მმართველ პარტიას, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ «მთავარი ალტერნატივა» სინამდვილეში კონსტიტუციური ალტერნატივა არ არის, იგივე ითქმის «სახალხოზე», რომელიც ბოლო მომენტში მაინც გაემიჯნა «აღორძინებას» (თუმცა უკვე გვიან იყო - მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა), ხოლო მამუკა გიორგაძემ «ფრთხილად შეაპარა» მიხელ სააკაშვილთან დისკუსიისას: «ორივენი ერთნაირები ხართ» ამას დაემატა ინტერესთა შეჯახება «მაჟორიტარებთან დაკავშირებით», ოღონდ ეს უკვე მხოლოდ გარეგანი გამოვლინება იყო შინაგანი წინააღმდეგობისა.
        რა მივიღეთ შედეგად პოლიტიკურ ლანდშაფტზე?
        მივიღეთ ის მდგომარეობა, რომ რაკი «მესამე ძალა» (ყველა ერთად), როგორც მინიმუმ «ორივეს ემიჯნება და ორივეს ერთნაირად უპირისპირდება» - იგი ამით ობიექტურად (განურჩევლად სურვილისა) ორივე დაპირისპირებულ ძალას აძლიერებს საკუთარი პოტენციალის ხარჯზე. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პროტესტული ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც მიუხედავად უკმაყოფილებისა, მაინც კონსტრუქციულადაა განწყობილი და მზად იყო, მხარი დაეჭირა «დემოკრატიული ოპოზიციისათვის - «აღორძინების» შიშით (იგი აშკარად ანტიკონსტიტუციურ ძალად მიაჩნია) - სწორედ «მოქალაქეთა კავშირს» დაუჭერს მხარს, ხოლო პროტესტული ელექტორატის მეორე, დესტრუქციული ნაწილი - «ბათუმურ ბლოკს».
        ამიტომ, თუ მოქალაქეთა კავშირი დამარცხდება, ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს მის ნაცვლად «მესამე ძალა» მოვა ხელისუფლებაში - არამედ იმას, რომ ხელისუფლებაში მოვა «აღორძინება».
        «მესამე ძალის» (ედპ, სახალხო და ა.შ.) უდიდესი შეცდომა გახლდათ შიში: ვაითუ, მოქალაქეთა კავშირთან «მეორე მხრიდან» დაპირისპირების შემთხვევაში «რატომ არ იცავთ კონსტიტუციას აჭარაში?» ისინი «აღორძინებას შეეკრანო». სინამდვილეში, კომპრომისი ამ ორ ძალას შორის მას შემდეგ, რაც 1992-1993 წლების «მღვრიე წყალი დაილექა» და ქვეყანა ასე თუ ისე «დალაგდა» - უკვე შეუძლებელია, ვინაიდან მათ საქართველოს კონსტიტუციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მიმართ (რაც სხვა არაფერია, თუ არა ცენტრალური ხელისუფლების კონსტიტუციურ მოთხოვნათა უსიტყვო შესრულება) განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და ამ წინააღმდეგობასთან შერიგება აბსოლუტურად შეუძლებელია.

მერიდიანი, 11 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე