ლარი წლის რეკორდებს ამყარებს
       

        ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უკანასკნელი ვაჭრობით დადასტურდა, რომ ეროვნული ვალუტა საფუძვლიანად მტკიცეა. მისი კურსი უკვე გასული წლის შემოდგომის მაშტაბებს შეესაბამება.
        ლარის გამყარებას დამკვირვებლები ხსნიან თვით ფულადი ერთეულის დეფიციტით, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია ხელფასებისა და პენსიების გაუცემლობით. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ეს არ უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი.
        სინამდვილეში, მოსახლეობა როგორც იქნა მიხვდა, რომ დოლარის ყიდვა მცირევადიანი დაგროვებისათვის (ვთქვათ, 20 დოლარი - 2 კვირით) უკვე წამგებიანია, ვინაიდან აღარ არსებობს არანაირი გარანტია, რომ როდესაც დოლარი დასჭირდება (ვთქვათ, ბაზარში სურსათის შესაძენად) დოლარის გაყიდვა იმაზე იაფად არ მოუწევს, ვიდრე იყიდა;
        სანამ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებდა, ასეთი გარანტია მოსახლეობას ჰქონდა, ამიტომ ლარი იოტისოდენადაც ვერ ასრულებდა დაგროვების ფუნქციას.

        ბუნებრივია, «მსხვილი დაგროვება» ამჟამადაც დოლარებში ხდება და, საერთოდ, ლარი «მსხვილი დაგროვების» ფუნქციას, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ შეიძენს, მაგრამ «წვრილი დაგროვება» (მასობრივი ხასიათის გამო) არანაკლებ (შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ) ზეგავლენას ახდენს საფინანსო ბაზარზე.
        საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დროულად მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და «თავისუფალ ფრენაში» გაუშვა ლარი, ანუ შეწყვიტა ინტერვენციები, რასაც უმალვე მოჰყვა სპეკულანტური პირამიდის დანგრევა და ლარის ქცევა ნაწილობრივი დაგროვების საშუალებად.
        ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაინც რჩება ფულადი მასის რაოდენობა ბრუნვაში.
        თუ მასა იზრდება, ეცემა ეროვნული ვალუტის კურსი, მაგრამ ინტერვენციათა შეწყვეტისა და ლარის თავისუფალი («მფრინავი») კურსის პირობებში, არ არსებობს გარდაუვალი საშიშროება ლარის ზუსტად იმდენივე პუნქტით დაცემისა, რამდენადაც გაიზრდება ნაღდი ფულის ოდენობა ბაზარზე.
        რა თქმა უნდა, ხელფასების, პენსიების, სხვა სახის ფულადი დახმარებების მასობრივი გაცემა უეჭველად გამოიწვევს ლარის კურსის შემცირებას, მაგრამ დაცემის ამპლიტუდა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას კურსის «გათავისუფლების» თაობაზე.
        ამ შემთხვევაში, კურსი სექტემბრის ბოლოსათვის 3,5 მაჩვენებელს მიაღწევდა. ამჟამად კი მაქსიმუმ შეიძლება 2,3-მდე დაეშვას.
        უაღრესად საყურადღებოა ის მომენტიც, რომ ლარის მერყეობა თითქმის ვერ ახდენს ზეგავლენას საქონლისა და მომსახურების ფასებზე. ეს ყველაზე უტყუარი ინდიკატორია იმისა, რომ ფინანსურ ბაზარზე «დიდი წონასწორობა» შენარჩუნებულია.

მერიდიანი, 30 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე