ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა საარჩევნო მარათონში ებმება

        საქართველოში ქრისტიანულ-დემოკრატიულმა იდეამ პოლიტიკური განვითარების ეტაპები განვლო; 1988 წლიდან ამ იდეას (როგორც ქართველებს გვჩვევია) ერთდროულად რამდენიმე ფიგურა თუ პოლიტიკური ძალა ეცილებოდა ერთმანეთს. შედეგად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 5 პარტიად დაქუცმაცდა.
        ვერ გამოიკვეთა ერთი რომელიმე ფიგურა, ვისთანაც იქნებოდა ასოცირებული ქართული ქრისტიან-დემოკრატია. ირაკლი შენგელაიამ სტაბილური პარტიის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.
        ბოლოს იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა კიდეც პოლიტიკა; წვრილ-წვრილი» ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები» ხეირიანად ვერ შეამჩნია საზოგადოებამ. ამ მოძრაობის «უკანასკნელი იმედი» გია ჭანტურია იყო, რომელსაც არცთუ უსაფუძვლოდ გაუჩნდა სურვილი მოძრაობის, ასე ვთქვათ, «შემომტკიცებისა».
        ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის «თვითდემოკრატიული» ფსიქოლოგია სწორედ ქრისტიანობისა და დემოკრატიის სინთეზს გულისხმობდა. 1993 წლიდან ჭანტურია აქტიურად ერთვება ევროპულ ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობაში და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური გაერთიანების თავკაციც ხდება.
        თუ ჭანტურიას პიროვნულ და პოლიტიკურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, იგი საბოლოო მიზანს ნამდვილად მიაღწევდა, მაგრამ დეკემბრის ტერორისტულმა აქტმა ეს პროცესი შეწყვიტა.
        არადა, საქართველოსათვის ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეოლოგია იმდენად ბუნებრივი ჩანს, რომ იგი დიდხანს «უპატრონოდ» ვერ დარჩებოდა. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია ნამდვილად შეეცდებოდა ეს მსოფლმხედველობრივი სისტემა საკუთარ პარტიულ იდეოლოგიად ექცია და ამით დამკვიდრებულიყო ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
        «მოძრაობა ქართული სახელმწიფოსათვის» ლიდერები სწორედ «ქრისტიანულ-დემოკრატიული» ნიშის დაკავებას ცდილობენ. ამას ისინი ნამდვილად მოახერხებენ, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ნიშა და რამდენად შეძლებენ მომავალ არჩევნებში წარმატების მიღწევას.
        ბათიაშვილი-ბასილია-ჩიხრაძის პარტია ჩვეულებრივი «ინტელიგენტური» პარტიაა, რომლის მსგავსი ძალიან ბევრი იქმნება თბილისში, მაგრამ რეალური გავლენის მოსახდენად, მით უმეტეს, არჩევნებში გასამარჯვებლად, ეს არ კმარა – აუცილებელია თვალსაჩინო გავლენა და (რაც მთავარია) მასშტაბურობა.
        ცალ-ცალკე სამივე პიროვნება თავის წრეში შეიძლება პოპულარულიც იყოს. მაგალითად, თემურ ბასილიამ შეინარჩუნოს პოპულარობა ლიბერალური ეკონომიკის მომხრეთა შორის, ფიქრია ჩიხრაძემ – ახალგაზრდობაში, ირაკლი ბათიაშვილმა – ეროვნული მოძრაობის გარკვეულ ფრთაში, მაგრამ ეს ყოველივე საკმარისი არ არის და იმ დისპოზიციით, რაც დღეს არსებობს, უეჭველად შეიძლება იმის თქმა, რომ «მოძრაობა ქართული სახელმწიფოსთვის» 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. ვერ გადალახავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანდება «დასთან» ან რომელიმე სხვა ანალოგიურ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.
        ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ერთი უბედურება სჭირს – ყოველი არჩევნების წინ ისე ემზადება ამ აქციისათვის, თითქოს არჩევნები მხოლოდ ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე ტარდებოდეს. თუ («პროპორციული წესით») ამ რაიონებში ჩატარებული არჩევნების შედეგებს განვიხილავთ, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ სპექტრი მართლაც, მრავალფეროვანია, - ამომრჩეველი პოლიტიკური «გემოვნების» ნაკლებობას არ განიცდის. აქედან გამომდინარე, საარჩევნო ბარიერს (მხოლოდ აქ რომ ტარდებოდეს პროპორციული წესით არჩევნები) 10 პარტია მაინც გადალახავს.
        მაგრამ რეალურად არჩევნები ტარდება მთლიანად საქართველოში! ვერც იმას ვიტყვით, თითქოს ქვეყნის მაშტაბით ამომრჩეველი მხოლოდ «წითელ» ფერს ამჩნევს ან მხოლოდ «შავს და თეთრს», მაგრამ ფაქტია, რომ მისი «გემოვნება» გაცილებით ნაკლებ მრავალფეროვანია.

        ამიტომ პარტიამ ამომრჩეველი, უპირველესად, თავის ძალაში უნდა დაარწმუნოს. სწორედ ამით აიხსნებოდა ბოლო დრომდე ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ტაქტიკა, როდესაც იგი ცდილობდა ზედიზედ «დაემხო» ძლიერი სახელისუფლებო ფიგურები.
        მისი პარტიის პოპულარობაც დღენიადაგ იზრდებოდა, მაგრამ რაკი კახა თარგამაძის «დამხობა» ვერ შეძლო, ადგილობრივ არჩევნებშიც ნაკლებ წარმატებას მიაღწია. აქედან გამომდინარე, «ქრისტიან-დემოკრატებისათვის» არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა უდიდესი შეცდომა იქნებოდა და ვერც ვერაფერს მიაღწევდნენ.
        «მემარჯვენეებს» არ სურთ შექმნან ფართო საარჩევნო კოალიცია, რომელსაც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა ექნება. ასეთ შემთხვევაში კი დამარცხდებიან და ქრისტიანულ-დემოკრატიულ იდეოლოგიასაც კარგა ხნით ჩადებენ «აუმოქმედებელ იდეათა» უჯრაში.

მერიდიანი, 28 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე