კრემლმა კოსოვოში ჩვეული ხრიკი გამოიყენა

        იუგოსლავიის ფაქტობრივი განადგურების შემდეგ, დასავლეთი შეუდგა კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას, რომლის მიზანია მილიონამდე ალბანელის დაბრუნება მშობლიურ სახლებში და მილოშევიჩის მიერ წარმოებული გენოციდის შეწყვეტა.
        მაგრამ ის იყო, ბრიტანელი მედესანტეები მაკედონიიდან კოსოვოში შესასვლელად ემზადებოდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ (რასაკვირველია, იმავე მილოშევიჩთან შეთანხმებით) მოულოდნელი მანევრი განახორციელა - ბოსნიაში ჯერ კიდევ 1996 წელს შეყვანილი «სამშვიდობო კონტიგენტიდან» 500 რუსი მედესანტე ღამით კოსოვოსკენ დაიძრა და დილით ავტონომიის საზღვრებს მიადგა.
        ამერიკელებმა და ნატოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, რასაკვირველია, სთხოვეს რუსეთის ხელისუფლებას, საერთო შეთანხმების მიღწევამდე არ შეეყვანა ჯარი კოსოვოში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტროუბ ტელბოტი სპეციალურად ჩაფრინდა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა მას მტკიცე პირობა მისცა, რომ შეთანხმების გარეშე რუსული კონტინგენტი კოსოვოში არ შევიდოდა.
        გულდამშვიდებული ტელბოტი ბრიუსელში გაფრინდა (აბა როგორ წარმოიდგენდა, თუ ივანოვი მიცემულ სიტყვას დაარღვევდა, დიპლომატმა შეიძლება ათასგზის, ათასგვარად მოიტყუოს, მაგრამ უკვე მიცემული სიტყვისა და შეთანხმების დარღვევა დიპლომატიაში დაუშვებელია), მაგრამ გზაშივე დაეწია ცნობა, რომ რუსული კონტინგენტი პრიშტინაში შევიდა, სადაც მას დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ ადგილობრივი სერბი ნაცისტები, რომლებმაც მანამდე (თვეების განმავლობაში) გულმოდგინედ «გაწმინდეს» კოსოვოს დედაქალაქი ალბანელებისაგან.
         ბრიტანელმა მედესანტეებმა აღარ განახორციელეს პრიშტინას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროპორტის აღების ოპერაცია, თუმცა გეგმაც მზად ჰქონდათ და უკვე თვითმფრინავებშიც ისხდნენ.
        სწორედ აქ დაუშვა ნატომ უმთავრესი შეცდომა – აბა რუსეთის ხელისუფალთა ნდობა როგორ შეიძლება? რუსმა მედესანტეებმა ტრიუმფით განვლეს ქალაქი და პრიშტინას აეროპორტი დაიკავეს.
        მათი მიზანი ადვილად ასახსნელია: ფსკოვში, რიაზანში, ნოვგოროდში, სხვა ქალაქებში, სადაც დისლოცირებულია რუსეთის საჰაერო-სადესანტო დივიზიები (ერთადერთი ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი რუსულ არმიაში), უკვე მზადდებოდა მრავალათასიანი კორპუსი, რომელიც სწორედ პრიშტინას აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ ნატო, როგორც იქნა გონს მოეგო და შესაბამისი ზომები მიიღო: უნგრეთმა და უკრაინამ (!) აუკრძალეს რუსეთს თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება სადესანტო თვითმფრინავებისათვის.
        მართალია, 500-კაციანმა რაზმმა დაიკავა პრიშტინას აეროპორტი და კვლავ «იმაგრებს პოზიციებს», მაგრამ ეს არის და ეს – რუსეთს აღარ შეუძლია საჯარისო ქვედანაყოფების გადასროლა კოსოვოში, ვინაიდან იუგოსლავია გარშემორტყმულია ნატოს წევრი სახელმწიფოებით.
        უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში კი კოსოვოში შევა (ალბათ, ძალიან დიდი ხნით, 20 წლით მაინც) ნატოს 50-ათასიანი (!) სამხედრო კონტინგენტი, - კოსოვო გაიყოფა ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ (იოსებ ბროზ ტიტო, ალბათ, საფლავში გადაბრუნდებოდა) სექტორებად.
        «რუსული სექტორი» გათვალისწინებული არ არის - თუმცა, შესაძლოა, რუსეთს რაღაც ძვალი მაინც მიუგდონ, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს ნიშნავს - მთავარი უკვე მოხდა: დასავლეთმა გაანადგურა მილოშევიჩის ნაცისტური იუგოსლავია, რომელიც რუსეთის უკანასკნელი დასაყრდენი იყო აღმოსავლეთ ევროპაში.
        სხვა ყველაფერი უკვე მეორეხარისხოვანია: რუსებმა ეროვნულ დღესასწაულზე «გული მოიფხანეს» პრიშტინას ქუჩებში ყვავილებით მოფენილი ტანკების ხილვით, მაგრამ გეოსტრატეგიულად ვერაფერი მიიღეს.
        ჩვენთვის კი ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივია ის ტექნოლოგია, რომელსაც ამჯერად რუსეთის ხელისუფლება იყენებს და ჩვენს წინააღმდეგაც არაერთხელ გამოუყენებია.
        დააკვირდით: სახტად დარჩენილ, მოსკოვში «ჰაერიდან შებრუნებულ» ტელბოტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგივე ურცხვი არგუმენტი შეაგება: «რა ვქნათ, გენერლებმა თვითონ გადადგეს ეს ნაბიჯი». ზუსტად ასეთივე ხრიკი არაერთგზის გამოუყენებიათ აფხაზეთის ომის დროს.
        გახსოვთ ალბათ: რა ქნას საწყალმა ელცინმა, - ვერ აკონტროლებს გუდაუთის სადესანტო პოლკს, ისევე, როგორც ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთში გენერალ ლებედსო.
        არადა, ეს იმთავითვე აბსურდი იყო: გუდაუთის პოლკის მეთაური, ვალერი კუროპატკინი სულ მალე (ომის დამთავრებისთანავე) ელცინმა გენერალურ შტაბში დააწინაურა, ალექსანდრე ლებედს კი გენერალ-ლეიტენანტის წოდება უბოძა.
        ახლაც იგივე ტრაგიკომედია მეორდება: ბორის ელცინი თითქოს «არაფერ შუაშია» (ისევე, როგორც იგორ ივანოვი), მაგრამ გენერალ-ლეიტენანტი ზავარზინი, რომელიც სადესანტო ოპერაციას ხელმძღვანელობდა და თითქოს უმაღლესი მთავარსარდლის ნებართვის გარეშე ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ბორის ელცინმა დააჯილდოვა და გენერალ-პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭა.
        რაც მთავარია, დასავლეთი იღებს «თამაშის ამ წესს», ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ეშინია ბირთვული რაკეტებით შეიარაღებული რუსული დათვის.

მერიდიანი, 14 ივნისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე