კორუმპირებული პოლიტიკოსი, რომელსაც შს მინისტრი არ ასახელებს და რომელიც ყველამ კარგად იცის, ვინ არის
       

        გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე (ვიწრო წრეში) ხელისუფლებამ 2000 წლის ბიუჯეტი განიხილა. პროექტი ფორმალურად უკვე შეტანილია პარლამენტში 1999 წლის ბიუჯეტის «სეკვესტრის» კანონპროექტთან ერთად. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი ამ პროექტს განიხილავს საგანგებო სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მოიწვევს.
        თვით ბიუჯეტის განხილვა მძვინვარედ წარიმართა. თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრების სიმწირის გამო სიტყვიერი «შელაპარაკება მოუვიდა» მთავრობის რომელიღაც წევრთან, რის შემდეგაც გენერალმა თევზაძემ დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი;
        რაკი ეს დემარში პრეზიდენტის თანდასწრებით განხორციელდა (მიუხედავად იმისა, რომ უფრო ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიდრე პრეზიდენტის) იგი შეიძლება სერიოზულ ექსცესად ჩაითვალოს, მაგრამ შევარდნაძის «ძალაუფლების ტექნოლოგიიდან» გამომდინარე, პრეზიდენტი თევზაძეს არ გაუნაწყენდება.
        იმავდროულად, ეს ინციდენტი ნათელყოფს, რამდენად მწვავედ მიმდინარეობს 2000 წლის ბიუჯეტის განხილვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ იტოვებს საქართველოსთან დამაკავშირებელ მყიფე ძაფს, რომლის გაწყვეტა რეფორმათა სრულ შეჩერებასა და ბლოკირებას ნიშნავს.
        იმავე სხდომაზე კახა თარგამაძემ გააკეთა ქარაგმული, თუმცა საკმაოდ «გამჭვირვალე» განცხადება ხაშურის მინის ტარის ქარხანაში შექმნილ მდგომარეობაზე;
        შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით (ვახდენ ციტირებას საინფორმაციო სააგენტოთა მონაცემებზე დაყრდნობით) «ერთმა წარსულში ცნობილმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა დეპუტატმა, ხაშურის მინის ტარის ქარხნის ლობირებით სახელმწიფო რამდენიმე მილიონი დოლარით აზარალა და საფრთხე შეუქმნა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს».
        საქმე ეხება გერმანულ ფირმას, რომელსაც ხაშურში უნდა შემოეტანა 4-5 მილიონი დოლარის ღირებულების საწარმოო ტექნიკა, თუმცა (გერმანული მხარის მტკიცებით) მას ქართველმა პარტნიორებმა უმტყუნეს. ამის გამო, გერმანულმა ფირმამ კინაღამ ჩაშალა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი გერმანიაში და ყოველნაირად ცდილობდა «დაეყადაღებინა» საქართველოს საელჩოს ანგარიშები, რომელზეც გერმანიამ იმ დღეებში რამდენიმე მილიონი მარკა გადარიცხა ბერლინში საელჩოს შესაძენად (თბილისში შეძენილი საელჩოს სანაცვლოდ);
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომელ «ყოფილ დეპუტატს» და «ყოფილ პოლიტიკოსს» გულისხმობდა კახა თარგამაძე (ხაშურის მინისტრის ქარხანასთან კავშირში ირინა სარიშვილი სახელდება ხოლმე), თუმცა მის მიერ ნაგულისხმევი დეპუტატი, როგორც უკანასკნელი მოვლენებიდან ჩანს, ფარ-ხმალის დაყრას ნამდვილად არ აპირებს და იმდენად აქტიურობს, მასთან შედარებით ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი უფრო ჰგავს «პოლიტიკურ გვამს» - დეპუტატობის მიუხედავად.
        ამ ორომტრიალის ერთგვარი გაგრძელება იქნება მიმდინარე კვირას დაგეგმილი «საგანგებო სხდომა», რომელზეც არა მხოლოდ «ფინანსური დისპოზიცია», არამედ საპარლამენტო ძალთა განლაგება გაირკვევა საბოლოოდ.

7 დღე, 13 დეკემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე