კონსტიტუცია - ძირითადი კანონი თუ პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტი ?
   

    გასული კვირის უმთავრეს სენსაციად იქცა პრეზიდენტის წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მოსალოდნელი რეფორმა ითვალისწინებს მინისტრთა კაბინეტის კლასიკური ფორმით აღდგენას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სათავეში პრემიერ-მინისტრი ჩაუდგება.
    რამდენად რეალიზებადია ეს პროექტი, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, საზოგადოების რეაქცია პრეზიდენტის წინადადებაზე აშკარად არაადეკვატური იყო.
    ნაცვლად იმისა, დაედგინათ მოტივები, რომლითაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა და გაეანალიზებინათ, რა გავლენას მოახდენს მისი განხორციელება პოლიტიკურ ცხოვრებაზე, აგრეთვე რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება მას, მასმედიის უმრავლესობამ აქცენტი პერსონალიებზე გადაიტანა.
    დაიწყო იმაზე მკითხაობა, თუ ვინ დაიკავებს ჯერ კიდევ არშემდგარი პრემიერ-მინისტრის პოსტს.

    ჩვენ საზოგადოების ყურადღება სხვა მიმართულებით გვინდა წარვმართოთ: სახელდობრ, ვიკითხოთ, - რას მოუტანს პრემიერ-მინისტრის პოსტის აღდგენა საქართველოს? არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ცვლილებების შეტანის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები, რომელიც ჯერ კიდევ შარშან გამოთქვა ვახტანგ ხმალაძემ და დაახლოებით ასე ჟღერს: კონსტიტუციაში ცვლილება მეტად რთული და ფაქიზი თემაა საიმისოდ, რომ ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანა ხელის ერთი მოსმით გადაწყვიტო.
    ჯერ გასარკვევია, რამდენად არის საკონსტიტუციო სისტემა დამნაშავე საქართველოს თავსდატეხილ უბედურებებში, განა კონსტიტუცია უშლის ხელს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას? განა კონსტიტუციის ბრალია, რომ ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს? განა კონსტიტუციაა დამნაშავე იმაში, რომ შარშანდელი ბიუჯეტი სამარცხვინოდ ჩაფლავდა, წლევანდელი კი ჯერაც არ მიუღიათ? განა კონსტიტუციის ბრალია, რომ ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოაგვარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები და ოდნავადაც ვერ გააუმჯობესა ათეულ ათასობით ლტოლვილის მდგომარეობა?
    არავინ დავობს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია არასრულყოფილია. სხვაგვარი ვერც იქნებოდა, რადგან იგი იშვა ისეთი კომპრომისების შედეგად, რომელიც იმთავითვე გულისხმობდა მომავალ წინააღმდეგობებს. მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, რომ განუსაზღვრელია ხელისუფლების კონსტიტუციური რწმუნებულებანი. პრობლემა ისაა, რომ ქვეყნის მმართველი ძალა ვერ ახერხებს რაციონალურად და უნარიანად გამოიყენოს ის ფართო უფლებამოსილებები, რომლებიც მას კონსტიტუციის თანახმად აქვს მინიჭებული.
    ამასთან, გაუგებარია, რატომ ვცვლით კონსტიტუციის მაინცდამაინც ერთ მუხლს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება და არაფერს ვამბობთ სხვა მუხლების შესახებ? რატომ არ ხდება ქვეყნის საშინაო-ადმინისტრაციული მოწყობის კონსტიტუციით განსაზღვრა?
    გვეუბნებიან, რომ უნდა მოვიცადოთ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და აფხაზეთი არ დაგვიბრუნდება, მაგრამ ამ ხელისუფლების პოლიტიკის გადამკიდე საეჭვოა, აფხაზეთმა ოდესმე ისურვოს რეინტეგრაცია საქართველოში.
    თუნდაც ასე იყოს, ეს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაა მოსალოდნელი. მანამდე არ უნდა გავარკვიოთ ქვეყნის დანარჩენი ნაწილის ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი? წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, ადენაუერს რომ აეკვიატებინა და ეთქვა, - ვიდრე გერმანიის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და გდრ-ს არ შემოვიერთებთ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრას არ დავეთანხმებიო.
    მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის რეანიმაციის ნაჩქარევი ხასიათი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, თუ ამ ინიციატივას განვიხილავთ სენატის საკითხის «გაყინვის» ფონზე, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს გარკვეული კონსტიტუციური შეთანხმების საგანს.
    სენატზეც იგივეს ამბობენ: გაუმართლებელია საკანონმდებლო სტრუქტურის შეცვლა მანამ, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგებაო, მაგრამ ვერავინ გაგვაგებინა, რატომ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ხოლო საკანონმდებლოში - არა.
    ერთი სიტყვით, თუ დაიწყო კონსტიტუციის კორექტირება, ის ყველა სხვა მუხლზეც უნდა გავრცელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუცია ძირითადი კანონიდან პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტად გადაიქცევა - ამას კი არსად და არასდროს კარგი შედეგი არ მოჰყოლია.

მერიდიანი, 24 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე