საქართველოს კონსტიტუციის გამუდმებული ჭრა-კერვა კარგს არ გვიქადის
       

        ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად წამოიჭრებოდა დღის წესრიგში კონსტიტუციურ ცვლილებათა საკითხი.
        როგორც ჩანს, ამჟამინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი უკვე შეთანხმდა, რომ ცვლილებები გარდაუვალია და აუცილებლად უნდა გატარდეს.
        დაგეგმილ რეორგანიზაციასთან შედარებით, სარიშვილის «7 პროცენტიანი შესწორება» ნამდვილად უმნიშვნელოა. პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ საქმე შეეხება «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურას» - იმავე თემაზე გრძელდება დიალოგი მოქალაქეთა კავშირსა და კომპრომისების ხასიათზე მოსულ ე.წ. «აღორძინებას» შორის.
        კონსენსუსი, ალბათ, მიიღწევა და კონსტიტუციის ჭრა-კერვა გაგრძელდება. იგივე საკითხი შეიძლება მოქალაქეთა კავშირისა და «აღორძინების» გარიგების მიზეზი და საგანიც გახდეს.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას ეხება.
        პროცესი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით დაიწყება. შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს, პირველ ეტაპზე, სახელმწიფო მინისტრის ფუნქციათა გაძლიერებას, მეორე ეტაპზე კი - «ფრანგული მოდელის» დაფუძნებას ყველა ატრიბუტით, ანუ საქართველო კვლავ ბრუნდება იმ შავ ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობდა აბსოლუტურად იდიოტური დისკუსია: «ფრანგული მოდელი სჯობს თუ გერმანული?»
        პოლიტოკრატიის უდიდესი ნაწილი მაშინ «გერმანულ მოდელს» უჭერდა მხარს. კონსტიტუციის მიღება მოხერხდა მხოლოდ კომპრომისის შედეგად, რის საფუძველზეც დაფუძნდა «ამერიკული მოდელი». თუმცა «გერმანული მოდელის» მომხრეთა უდიდესი ნაწილი დღეს უკვე «ფრანგულ მოდელის» იშტაზე მოვიდა. მიზეზი ისევ და ისევ პრიმიტიულად ეგოისტურია: «ფრანგული მოდელის» შემთხვევაში შეიქმნება მინისტრთა კაბინეტი, რომლის «კოალიციურობაზე», ანუ პორტფელებისათვის ვაჭრობაზე საუბარი უკვე შესაძლებელი გახდება.
        აი, ამიტომ და არა რაიმე «სახელმწიფოებრივი კონცეფციის» გააზრების შედეგად აყაყანდნენ კვლავ «ფრანგულ მოდელზე».
        სინამდვილეში კი, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ პირობებში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, «ფრანგული მოდელი» იქნება საქართველოში, «გერმანული» თუ «ამერიკული».
        მნიშვნელობა არა აქვს ქვეყნისათვის, თორემ ხელისუფალთათვის ან «მშიერი ოპოზიციისათვის» - გემრიელი სუფრის სუნი რომ იკრა - შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს მნიშვნელობა.
        «მოდელები» ვერ გადაწყვეტენ თანამედროვე საქართველოს უმთავრეს პრობლემებს: კორუფციასა და სახელმწიფოებრივ სისტემათა სისუსტეს. ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა რომ ძირიდანვე სუსტი და მომპალია - ამას «მოდელების» შეცვლით არაფერი ეშველება.
        იმავდროულად, ყველა ახალი არჩევნებისა თუ პოლიტიკური გარიგების შემდეგ კონსტიტუციის ცვლა თვისებრივად დამანგრეველი და დამღუპველია ქვეყნისათვის; მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, - მისი შინაგანი, ტრადიციული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისუსტის გათვალისწინებით.
        უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასიკეთო მოვლენა 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღება იყო. იმიტომ კი არა, რომ «ამერიკული მოდელი», რომელიმე სხვა «მოდელი», რაიმე კიდევ სხვა მოდელს თავისთავად სჯობს, არამედ სულ სხვა მიზეზით: ქვეყანამ, როგორც იქნა, მიიღო თამაშის წესები», - იგი აღიარა საზოგადოებამ, ანუ მეტ-ნაკლებად შედგა დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება.
        ამ თვალსაზრისით, კონსტიტუცია სტაბილურობის გარანტად იქცა, დაიწყო სტაბილურობის უძვირფასეს ტრადიციათა ჩამოყალიბება. ვგულისხმობ სტაბილურ შიდა მიმართებებს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ სისტემებში.
        არადა, ეს სისტემები თანდათან ყალიბდებოდა იმ ქვეყანაში, რომელიც (ვიმეორებ) ტრადიციული სახელმწიფოებრივი სისუსტის გამო, ყოველთვის «წკიპზე დგას» მორიგი სამოქალაქო ომიდან; საქართველოს ისტორია, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომების ისტორიაა.
        ქვეყანა თანდათანობით ეჩვეოდა ამ სისტემებს, მაგრამ ეს წყეული, მაჯლაჯუნა პოლიტოკრატია რას დააცდის?! - მიესია საქართველოს სტაბილურობის საფუძველს (ქვეყნის კონსტიტუციას) და ჩლუნგი სიჯიუტით უპირებს დანგრევას თავისი ქვენა ანგარების გამო (რაკი მინისტრის პორტფელები მოუნდა, «ამერიკული მოდელი» კი ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა).
        ნურვინ მოტყუვდება დემაგოგიით, თითქოსდა საქმე ეხება მხოლოდ «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის ცვლილებებს». სინამდვილეში, პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღება და მინისტრთა კაბინეტის დაფუძნება იმდენად თვისებრივი კონსტიტუციური ცვლილებაა, რომ ფაქტობრივად, საქმე გვექნება ახალ კონსტიტუციასთან, ვინაიდან აუცილებელი გახდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციის თითქმის ყველა თავში და ფუძემდებლურ დებულებაში - აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა, მისი მიმართება საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, პარლამენტთან და პრეზიდენტთან - კონსტიტუციის ღერძია.
        ამ ღერძის გარეშე მთელი შენობა დაინგრევა და ახლიდან გახდება ასაშენებელი. კი მაგრამ, რისთვის, რატომ, - ნუთუ უზნეო პოლიტიკანთა ამბიციის დასაკმაყოფილებლად?

მერიდიანი, 24 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე