«ყოჩაღ», ერთი მუჭა აფსუებს?! ვინ მოაწყო ქართველთა გენოციდი აფხაზეთში?
       

        გუშინ რუსთაველის თეატრში დიდი ამბით გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია ძალზე გრძელი სახელწოდებით: «ქართველთა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკა აფხაზეთში - აგრესიული სეპარატიზმის მთავარი იარაღი».
        უკვე თვით სახელწოდებიდანაც კი ჩანს, რომ ამ კონფერენციაზე არ ითქმება სრული სიმართლე და საერთოდ, არაფერი მიიღწევა მორიგი საერთოეროვნული თავლაფდასხმის გარდა.
        აბა, სად გაგონილა, 100-ათასიანმა ერმა 5 მილიონიან ქვეყანას ეთნიკური წმენდა და გენოციდი მოუწყოს? ამას თუ ვინმე დაიჯერებს, უმალვე ზიზღითა და გულგრილობით განიმსჭვალება ქართველების მიმართ. აფხაზთა ვაჟკაცობითა და ბრძოლისუნარიანობით კი მხოლოდ აღფრთოვანდება.
        სხვა საქმე იქნებოდა, კონფერენციაზე წარმოდგენილი რომ ყოფილიყო სრული სიმართლე იმის თაობაზე, თუ რა მოხდა აფხაზეთში, - როგორ ახორციელებდა რუსეთი ჯერ ფარულ, შენიღბულ, «მცოცავ», შემდეგ კი აშკარა აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ; როგორ ცდილობდა გამოეყენებინა ეს ბერკეტი, რათა ჩაეხშო ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ; როგორ აძლიერებდა წლებისა და ათწლეულების განმავლობაში სეპარატიზმს აფხაზეთში თავისი სპეცსამსახურებით; შემდგომ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ თვით სეპარატისტები დემოკრატიულ გარდაქმნებს საქართველოში კომუნისტური რიტორიკით; როგორ აფორმებდნენ და ავითარებდნენ კავშირებს რუსეთის იმპერიულ (კომუნისტურ თუ დემოკრატიულ - ორივე ერთია) ძალებთან; როგორ მოახერხეს რუსმა გენერლებმა (მაგალითად, სუფიან ბეპაევმა)! ომის პროვოცირება თავიანთი აგენტურის მეშვეობით; შემდგომ როგორ ბომბავდა სოხუმს რუსული ავიაცია; საიდან იღებდნენ სეპარატისტები აღურაცხელი რაოდენობით იარაღსა და სამხედრო ტექნიკას (მათ შორის ავიაგამანადგურებლებს); როგორ აყალბებდა მოვლენათა განვითარებას რუსეთის საინფორმაციო მანქანა და ა.შ.
        აი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნებოდა აზრი ამ კონფერენციის ჩატარებას. მას უნდა დარქმეოდა: «აგრესიული სეპარატიზმი - რუსული იმპერიალიზმის მთავარი იარაღი საქართველოს წინააღმდეგ».
        გუშინდელ კონფერენციაზე კი ქართველები კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მართლაც სამარცხვინო მდგომარეობაში: ვიტირეთ, ვიოხრეთ, ვიღაცისათვის თავის შეცოდება ვცადეთ, არადა, თუ გენოციდი და ეთნიკური წმენდა ერთი მუჭა «აფსუა ხალხმა» მოგვიწყო და არა რუსეთმა, მაშინ მართლა ახია ჩვენზე!

მერიდიანი, 7 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე