კირიენკოს ნოსტალგია მოეძალა?!

        რუსეთის ექსპრემიერის ვიზიტმა, მისი «არაოფიციალურობიდან» გამომდინარე, უჩვეულო ინტერესი გამოიწვია მასმედიასა და პოლიტიკურ წრეებში.
        შესაძლოა, ამგვარი ყურადღება ნაწილობრივ სერგეი კირიენკოს თბილისში ჩამოსვლის ბალკანეთის მოვლენებთან თანხვედრითა და ექსპრემიერის «სოხუმური წარმოშობით» აიხსნას, მაგრამ ხაზს ვუსვამ, - მხოლოდ ნაწილობრივ;
        კირიენკომ თავის თბილისურ ვოიაჟს გარკვეული ინტრიგა შესძინა ჯერ კიდევ აეროპორტში გაკეთებული განცხადებით იმის თაობაზე, რომ იგი საქართველოს წინაპართა საფლავების მოსანახულებლად ეწვია.
        რა თქმა უნდა, ძალზე გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ეს ირწმუნო; მით უფრო, თბილისიდან იგი სოჭში მიემგზავრება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადის «მშობლიურ სოხუმში», სადაც, როგორც გაირკვა, დაგეგმილია მისი შეხვედრები სეპარატისტთა ლიდერებთან.
        მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ საკმაო დრო გავიდა, კირიენკო მყარად ინარჩუნებს სერიოზული პოლიტიკოსის რენომეს რუსეთის პოლიტიკური ელიტის თვალში და როგორც თბილისში გამართულ შეხვედრებზე გაირკვა, საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ ამბიციებსაც ამჟღავნებს.
        აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იგი თავადვე იყო დაინტერესებული ამ «ჩვეულებრივი» ვიზიტისთვის «არაჩვეულებრივი» მნიშვნელობა შეეძინა.
        კირიენკო, დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით, სოხუმში ჩასვლამდე თბილისში ჩამოფრინდა. არადა, ამჟამინდელი სტატუსი ამას სრულებითაც არ ავალდებულებდა – იგი ხომ მოქმედი ჩინოსანი აღარ არის?
        ზემოთთქმულის მიუხედავად, იგი შეხვდა საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა უმაღლეს პირს და დახურულ კარს მიღმა საკმაოდ ხანგრძლივად ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახელმწიფო მინისტრთან.
        ამ უკანასკნელთან თბილი ურთიერთობები, როგორც თავად კირიენკო აღნიშნავს, ლორთქიფანიძის მოსკოვში მოღვაწეობიდან იღებს სათავეს.
        სერბიის წინააღმდეგ ნატოს აქციის შეფასებისას იგი მთლიანად იზიარებს რუსეთის ხელისუფლების პოზიციას. თავის მხრივ კი შენიშნავს, რომ იუგოსლავიის მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა მსოფლიოში მოქმედი უშიშროების სისტემის არაეფექტურობა, რაკიღა დაუშვა ერთი რომელიმე სამხედრო გაერთიანების მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება;
        თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კირიენკოს არ დაუხატავს აპოკალიფსური სურათი სხვა რუს პოლიტიკოსთა დარად, რომელთა აზრით, მოსკოვმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მოხალისეთა საბრძოლო ტექნიკის მობილიზება-გადასროლა «ერთმორწმუნე სერბების» დასახმარებლად და მათი ვაშინგტონის აგრესიისაგან დასაცავად.
        კირიენკო საკმაოდ შორსმჭვრეტელი და გამჭრიახი პოლიტიკოსია, რომ საკუთარი რეაქცია ამ ფორმით გამოავლინოს. მისი დიდ პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან იგი აქცენტირებას ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე ახდენს და პოლიტიკურ პრობლემატიკას შეძლებისდაგვარად გვერდს უვლის.
        ამგვარი მოზომილი მიდგომა, მართალია გამორიცხავს სკანდალურ პოპულარობას, მაგრამ ასევე გამორიცხავს საბოლოო კრახსაც. მისი უკონფლიქტო და საქმიანი იმიჯი რუსი მოქალაქის წარმოდგენაში ნაკლებად ასოცირდება სხვადასხვა სახის «შოკურ თერაპიასთან» და პოლიტიკურ ექსპერიმენტთან, რომელსაც რუსული ელექტორატი ჭირის დღესავით უფრთხის.
        ამასთან, ახლად ფორმირებული პოლიტიკური ორგანიზაცია «ნოვაია სილას» ლიდერი არც ისე მიამიტი პიროვნებაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, რაკიღა ყველაზე გავლენიანი, «ენერგეტიკული» ოლიგარქიის ნდობით სარგებლობს. იგი თვითონაც კარგა ხანს კურირებდა რუსეთის ენერგეტიკული კომპლექსის ცალკეულ სეგმენტს და თუ გავითვალისწინებთ იქ მიმდინარე კლანთა შორის დაპირისპირებიდან უვნებლად გამოძრომას, ნათელი ხდება, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ გაქნილ და ინტრიგებში გამობრძმედილ პიროვნებასთან.
        ვერ იტყვი იმასაც, რომ იგი აბსოლუტურად «სტერილურია» დერჟავნიკული სულისკვეთებისაგან. ასე მაგალითად, მასმედიასთან შეხვედრის დროს სანავთობო თემატიკაზე საუბრისას საგულისხმო შენიშვნა გააკეთა: ვერანაირად ვერ დავეთანხმები ბაქო-ჯეიჰანის მიმართულებას, რადგან იგი მნიშვნელოვნად ძვირი ჯდებაო. გეგონება, ვიღაც ინგლისელის, ამერიკელის თუ ფრანგის ფული იმდენად ანაღვლებს, რომ მზადაა ფინანსური კრახისგან დასახსნელად ნოვოროსიისკის «ბაჯაღლო» პროექტი უფეშქაშოს. ვერაფერს იტყვი, უზადო დემაგოგიაა, თანაც «ველიკორუსული ჰუმანიზმის» საუკეთესო ტრადიციებში.
        რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტს, კირიენკო ამ კუთხით განსაკუთრებულ რეცეპტებს არ ფლობს, - გარდა ყბადაღებული აქცენტირებისა ეკონომიკურ ასპექტებზე და საკუთარ მოსაზრებას საგულისხმო არგუმენტაციით ამაგრებს: «დავაკვირდით, რა შეთანხმებულად და ნაყოფიერად მუშაობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები იგივე იარაღის კონტრაბანდასა და ნარკობიზნესში, რაკი ეს ყველა მხარისათვის ეკონომიკურად ხელსაყრელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გასაღებს ეკონომიკა წარმოადგენს»
        ერთი რამ ცხადია: სერგეი კირიენკოს საქართველოში ჩამოსვლისას გაცილებით შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებდა, ვიდრე წინაპართა საფლავების მონახულება თუ სკოლის იუბილეზე დასწრებაა. რაში სჭირდებოდა რუსეთის ექსპრემიერს საქართველოს პოლიტიკური ელიტის კეთილგანწყობით აღჭურვა, ალბათ უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მერიდიანი, 26 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე