ქართულ არმიაში ქართული პრობლემებია

        მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ერთ-ერთ ელიტარულ ქვედანაყოფს ამჟამად ამერიკელი «მწვანე ბერეტები» წვრთნიან (რუსი «ცისფერი ბერეტებისაგან» განსხვავებით, მათ სრულიად შეინარჩუნეს თავიანთი რენომე) - მდგომარეობა საქართველოს ჯარში კვლავ არასახარბიელოა.
        ქართულ არმიას მემკვიდრეობით გადმოჰყვა ყველა ის ავადმყოფობა, რაც საბჭოთა არმიისათვის იყო დამახასიათებელი: იგივე «დედოვშჩინა», კუთხურობა, უაზრო «მუშტრა» და ყველაფრის ნაკლებობა. «ყველაფერში» ვგულისხმობ ადამიანის (განურჩევლად ჯარისკაცია იგი თუ სამოქალაქო პირი) ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს.
        რა თქმა უნდა, ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: სახელმწიფოს სიღარიბე და კორუფცია, რომელიც ღრღნის ყველა სოციალურ ინსტიტუტსა და სისტემას საქართველოში.
        არმიაში ეს სენი (ერთმმართველობიდან გამომდინარე) კიდევ უფრო მკაფიოდ ვლინდება და როგორც იტყვიან, «ძვალ-რბილშია» გამჯდარი.
        ბუნებრივია ჯარისკაცი ბევრ რამეს იკლებს სამსახურის დროს, ისევე როგორც ბევრი რამ აკლდება პატიმარს – ნებისმიერი პრივილეგია კი ფული ღირს. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის არმიის ფორმირება და ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოყვანა.
        ამჟამად საქართველოს მრავალათასიანი არმია ჰყავს. სამაგიეროდ, მცირე გამონაკლისის გარდა (ეს ზოგიერთ ქვედანაყოფს ეხება) – უზარმაზარი შეიარაღებული მასა აბსოლუტურად ბრძოლისუუნაროა. არმია წარმოუდგენელია მუდმივი წვრთნისა და საბრძოლო ვარჯიშის გარეშე.
        რომელ წვრთნაზეა საუბარი, როდესაც მეთაურებს ყოველი ტყვია ლამის თვლით აქვთ ჩაბარებული? თუკი რუსეთის არმიაშიც კი (ვთქვათ, ნატოსთან შედარებით) საბრძოლო სწავლების რიცხვმა ასჯერ (!) დაიწია სწორედ საწვავის, მატერიალური ბაზის სიმწირისა და ნაკლებობის გამო, ადვილი წარმოსადგენია, ამ თვალსაზრისით რა მდგომარეობა იქნება ქართულ არმიაში.
        ქართული გენერალიტეტი კი კვლავ ჯიუტად აგრძელებს 40-ათასიანი არმიის დაკომპლექტებას, რაც აგრეთვე გასაგებია, ვინაიდან გენერალი არ შეიძლება ამას არ ცდილობდეს, როგორც საკუთარი მერკანტილური, ასევე იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე.
        ქართველი გენერალი «ამ კუთხით» (არა ნიჭითა და განსწავლულობით) ორგზის გენერალია და ყოველთვის წინააღმდეგი იქნება არმიის შემცირების, მაგრამ ხელისუფლებას თუ საზოგადოებას მეტი ჭკუა (პრინციპულობა) მართებს.
        გამორიცხულია, ის არმია, რომელიც ამჟამად საქართველოს ჰყავს, ბრძოლისუნარიანი იყოს, თუ, რასაკვირველია, «ბრძოლაში» ვგულისხმობთ იმ ამოცანათა გადაწყვეტას, რაც არმიას ეკისრება და არა კრიმინალთა დევნას – მათ წინააღმდეგ «ფართომაშსტაბიანი» ოპერაციების ჩატარებას.
        ეს მდგომარეობა, თუნდაც, გალში შარშანდელმა მოვლენებმა წარმოაჩინა; მართალია იმ მოვლენებში შინაგანი ჯარი მონაწილეობდა და არა თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, მაგრამ ამით ვითარება თუ შეფასება არ იცვლება, - იმის მიხედვით, თუ როგორ იბრძოლა ჯარმა, საკმარისად დიდი სიზუსტით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მთლიანად, საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ბრძოლისუნარიანობაზე.
        მასობრივი სიმხდალე აქ არაფერ შუაშია, - თანამედროვე არმია, მთლიანად მხდალი და დედალმაშო ჯარისკაცებისგანაც რომ შედგებოდეს, შესაბამისი საწვრთნელი ტექნოლოგიების გამოყენებით, სწორი მართვით, კარგი მომარაგებით ბრძოლისუნარიანობა მაინც მიიღწევა.
        ჩვენი უბედურება ის არის, რომ არც ამ ტექნოლოგიებს ფლობს ვინმე და არც სახსრები გააჩნიათ მათ ასათვისებლად, შემდგომ კი განსახორციელებლად.
        რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ პირობებში? უპირველესი არმიის შემცირებაა, ანუ სწორედ ის ნაბიჯი, რისი კატეგორიული წინააღმდეგია თავდაცვის სამინისტრო.
        არადა, არმიის შემცირება ოპტიმალურ ოდენობამდე (ყველა თვალსაზრისით), უაღრესად სასარგებლო ნაბიჯი შეიძლება გამოდგეს.
        ჯერ ერთი, სახელმწიფოს ექნება საშუალება, შედარებით ნაკლები დანახარჯებით უკეთესად აღჭურვოს სასაზღვრო სამსახური, რაც საქართველოს პირობებში გაცილებით მეტად მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, არაბრძოლისუნარიანი, მრავალრიცხოვანი არმია ბევრს არაფერს მოგვცემს;
        თუ საქართველოს რომელიმე ძლიერმა მეზობელმა გადაწყვიტა განახორციელოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მას ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ვერ გავუმკლავდებით მოკავშირეთა პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის გარეშე.
        ამიტომ, ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა თუ სხვა ანალოგიური პროექტები ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გაცილებით უფრო ქმედითი და მნიშვნელოვანია, ვიდრე 40-ათასიანი არაბრძოლისუნარიანი არმიის შენახვა.
        ვიმეორებ: სულ ერთია, ეს არმია (ბრძოლისუნარიანიც რომ იყოს) ვერ გადაწყვეტს ქვეყნის წინაშე არსებულ სტრატეგიული ხასიათის ამოცანებს, ხოლო იმ ამოცანათა გადასაწყვეტად, რომელთა გადაჭრა პრინციპში შესაძლებელია, მცირერიცხოვანი სამხედრო კონტიგენტიც საკმარისია.
        მაგალითად, თუ გადაწყდა აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» პრობლემათა ძალის მეშვოებით გადაჭრა, თუ საერთაშორისო, საგარეო-პოლიტიკური ვითარება შესაბამისად ხელსაყრელი იქნება, რა თქმა უნდა, 5 ან მაქსიმუმ 10-ათასიანი არმიაც (ოღონდ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი) საკმარისია «მცირე ინტენსივობის» სამხედრო პრობლემათა გადასაწყვეტად, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, ხოლო მაშსტაბური აგრესიას დიდი და ძლიერი მეზობლების მხრიდან საქართველო მაინც ვერ გაუძლებს.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნამდვილად მიზანშეწონილი იქნებოდა არმიის შემცირება მაქსიმუმ 10 ათას სამხედრო მოსამსახურემდე (სხვათა შორის, შემცირება თავდაცვის სამინისტროსა და «ცენტრალური აპარატის» საშტატო განრიგიდან უნდა დაიწყოს); სამაგიეროდ, ოფიცერთა და ქვედა რგოლის მეთაურთა ხელფასების მნიშვნელოვანი გაზრდა, ჯარისკაცთა კვების, ცხოვრების პირობათა მკვეთრი გაუმჯობესება, სამხედრო მანევრებისა და წვრთნების ინტენსიფიკაცია, რაც საშუალებასა მოგვცემს, რამდენიმე წლის განმავლობაში, არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ბრძოლისუნარიანი არმია შევქმნათ.
        სამწუხაროდ, ამგვარი გადაწყვეტილების ალბათობა მიზერულია – ხელისუფლება ერიდება არმიის რეფორმირებას, გენერალიტეტი კი ჩვეულებრივი ქართული სენით (ამბიციითაა) დაავადებული.
        ეს ქართულის სენია სწორედ ქართული არმიის უმთავრესი პრობლემა.

მერიდიანი 7 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე