ელიავა ახალი პროვოკაციისათვის ემზადება
       

        აკაკი ელიავას ტრაიბალისტური ხროვა, რომელიც ამჟამად სამეგრელოს ტყეებსა და ხეობაში ემალება მართლმსაჯულებას, საქართველოს უმწეო ხელისუფლებას ახალ-ახალ ულტიმატუმს უყენებს. ქვეყნის ხელისუფალთ კი «მოსახლეობის აღშფოთების» შიშით არ შესწევთ უნარი მიმართონ სავსებით კანონიერ მეთოდებს და გამოიყენონ ძალა ამ ბანდის განსაიარაღებლად ან (წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში) გასანადგურებლად.
        სინამდვილეში, სამეგრელოს მოსახლეობა ელიავას მხარს არ უჭერს და სწორედ ეს აცოფებთ ტრაიბალისტებს და მათ მხარდამჭერებს.
        არ დაიჯეროთ ზღაპარი, თითქოს კაკო ელიავა «სამოქალაქო ომის ლოგიკით» მოქმედებს. 1993 წლის შემდეგ იგი რამდენჯერმე «შეურიგდა» ხელისუფლებას (ახლა გაახსენდა, რომ ეს ხელისუფლება «უკანონოა» და «პუტჩისტური»?) და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კვირაიას დახმარებით გვარიან სამხედრო თანამდებობასაც გამოჰკრა ხელი
        კვირაიას, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ ელიავა ხელისუფლების სამსახურში ჩადგებოდა, მაგრამ «მგლის თავზე სახარების» კითხვის უაზრობა კიდევ ერთხელ დადასტურდა;
        ელიავამ კიდევ ერთხელ განაახლა სამოქალაქო ომი საქართველოში, მაგრამ რაკი დამარცხდა, ახლა ისევ ეძებს ხელისუფლებასთან მისასვლელ გზებს. სწორედ ამ სურვილითაა გამოწვეული მისი თხოვნა ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის თაობაზე;
        რასაკვირველია, ამგვარი მოლაპარაკებებით იგი საკუთარი მნიშვნელობისა და ერთგვარი «ლეგიტიმურობის» დადასტურებას ცდილობს, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ საეჭვოა ტყეში გავარდნილ ყაჩაღთან მოლაპარაკებები აწარმოოს; მით უმეტეს, რომ ელიავა აშკარად რუსეთის სპეცსამსახურებიდან იმართება.
        გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარესთან მისი შეხვედრა სრულიად უნაყოფო იქნება, - ელიავა მხოლოდ საკუთარ გავლენასა და მნიშვნელობას «დააფიქსირებს», რაც ხელისუფლებამ არაფრის დიდებით არ უნდა დაუშვას.
        ამჟამად ელიავა სამეგრელოს მოსახლეობის მხარდაჭერით არ სარგებლობს; წინააღმდეგ შემთხვევაში, აქამდე განახორციელებდა ახალ პროვოკაციებს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩასაშლელად.
        ყველაზე მეტად კი ელიავას ის აწუხებს, რომ 19 ოქტომბრის პუტჩის მონაწილენი დაპატიმრებულნი არიან და სასამართლოს ელიან. მათი უმრავლესობა სრულებით ახალგაზრდაა (თუმცა, შესანიშნავად იცოდნენ, რაზე მიდიოდნენ), ბუნებრივია, მათი მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ყველაფერში ელიავას ადანაშაულებენ - სწორედ ამიტომ მოითხოვს კაკო ელიავა დაპატიმრებულთა გათავისუფლებას და ხელისუფლებას ახალ-ახალ ულტიმატუმებს უყენებს.
        ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრაც მხოლოდ ახალი ულტიმატუმისათვის ესაჭიროება, ვინაიდან უშიშროების მინისტრის მოადგილესთან გამართული მოლაპარაკებებით მედიის ყურადღებას ვეღარ იპყრობს.
        არადა, უშიშროების სამინისტროდან გამოჟონილი ინფორმაციით, ხელისუფლება თანახმაა «ბავშვები» (თუმცა, იარაღიან ჯარისკაცს, რომელსაც ფიცი აქვს დადებული - «ბავშვი» აღარ ეთქმის) გაათავისუფლოს იმ პირობით, თუ თვით ელიავა ჩაბარდება ხელისუფლებას და ერთწლიან (!) სასჯელს მოიხდის.
        ერთწლიანი პატიმრობა სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობისათვის საკმაოდ რბილი განაჩენია, თუმცა ელიავა ამას არ თანხმდება. ის რომ ვაჟკაცი იყოს, ამ პირობას უეჭველად დათანხმდებოდა (რაკი პირობა გახმაურდა, ხელისუფლება ვერ გაბედავს მის დარღვევას), მაგრამ ელიავას არ სურს თუნდაც ერთი წლით ციხეში ჩაჯდომა.
        მისი მომხრეების თქმით, ელიავას თურმე ეშინია, რომ სასამართლო ერთწლიან სასჯელს ვერ დაადებს, რაკი სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც გასამართლებას უპირებენ, მინიმუმ ათ წელს ითვალისწინებს, მაგრამ პრეზიდენტს ხომ ნებისმიერი პატიმრის შეწყალების უფლება აქვს? - არათუ ერთი წლის შემდეგ, არამედ განაჩენის გამოტანისთანავე.
        თვით სასამართლო პროცესი (სურვილის შემთხვევაშიც კი) 1 წელზე დიდხანს ვერ გაჭინაურდება. ამრიგად, კაკო ელიავას, რომელიც 19 ოქტომბრის პუტჩის მთავარი იდეოლოგი და ორგანიზატორია, უბრალოდ არ სურს თუნდაც ერთი წლით ციხეში ჩაჯდეს - მის მიერ «დაღუპული ბავშვების» გათავისუფლების სანაცვლოდ.
        ტყუილია, თითქოს მას ხელისუფლების არ სჯერა ანუ არ სჯერა, რომ ხელისუფლება სიტყვას შეასრულებს და 19 ოქტომბრის პროვოკაციის რიგით მონაწილეებს გაათავისუფლებს.
        ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს არა იმიტომ, რომ ასეთი ზნეკეთილია, - უბრალოდ, თუ სიტყვას დაარღვევს, შემდეგ ნებისმიერ სხვა საკითხზე მასთან ურთიერთობას აღარავინ ისურვებს.
        აქედან გამომდინარე, რაკი «ჩაბარება» არ უნდა და დაპატიმრებულ ჯარისკაცთა მშობლების შიშით (შვილები «დაგვიღუპაო») რაღაც უნდა მოიმოქმედოს, არ არის გამორიცხული დასავლეთ საქართველოში ელიავამ ახალი პროვოკაცია განახორციელოს - იმ მიზნით, რათა «დააფიქსიროს», როგორ «ზრუნავს» დაპატიმრებულებზე და რაღაცის გაკეთებას ცდილობს.
        სამწუხაროდ, საქართველოში ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით (მოახლოებული არჩევნები, საერთო დაძაბულობა, ნავთობსადენის თემის სულ უფრო აქტუალურობა), თუნდაც ერთი გასროლა საკმარისია მსოფლიო რეზონანსის გამოსაწვევად.
        მცირე ექსცესსაც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები «გრანდიოზულ» მასშტაბებს შესძენენ და მთელს მსოფლიოში გაახმაურებენ, რათა დაამტკიცონ საქართველოს არასტაბილურობა.
        ეს, რასაკვირველია, იცის (უთხრეს) ელიავამ, ამიტომ 19 ოქტომბრის მაშტაბის არა, მაგრამ უახლოეს მომავალში უეჭველად განახორციელებს «სადემონსტრაციო პროვოკაციას» ანუ «სადმე ერთს გაისვრის» და მერე ისევ დაიმალება.

მერიდიანი, 19 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე