ზურაბ ჟვანიამ «ცკ»-ს ნომენკლატურას თითი დაუქნია

        ზუგდიდში ყოფნისას, «მოქალაქეთა» ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ უინსტონ ჩერჩილის დარი «ფულტონის» სიტყვა წარმოთქვა. ამ სიტყვით იწყება, როგორც ჩანს, «მოქალაქეთა კავშირის» წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ცენტრალური ფიგურები იქნებიან აგრეთვე ვაჟა ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილი და «მოქალაქეთა» ახალგაზრდა აქტივისტები.
        თუმცა, ამ შემთხვევაში, საინტერესოა არა პერსონალური შემადგენლობა, ან თუნდაც ძირითად ფიგურათა განლაგება საარჩევნო სიაში («საჭადრაკო დაფაზე»), არამედ თვით კამპანიის ტონალობა და შინაარსობრივი სიმძაფრე.
        ჟვანიას «ზუგდიდური სპიჩი» ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგეთა პოლიტიკურმა შეცდომებმა საშუალება მისცა «მოქალაქეების» ახალგაზრდულ გუნდს, ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, საბოლოოდ გადაებირებინათ ედუარდ შევარდნაძე.
        არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ზურაბ ჟვანიამ გააკეთა განცხადება შევარდნაძის თავისივე სახელობის ფონდიდან წასვლის შესახებ. ამით «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერმა თითი დაუქნია ძველ ნომენკლატურას: თავი დაანებეთ ორ სკამზე ჯდომას – ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი წინააღმდეგია - იმ აზრით, რომ ვინც მხარს არ უჭერს რადიკალურ, ყოველმხრივ რეფორმას საქართველოში (პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგი მომდევნო ოთხწლეულში გადამწყვეტ ფაზაში შევა) - ამით ეწინააღმდეგება რეფორმას და სურს ქვეყანა დატოვოს ძველი სისტემის წუმპეში, საიდანაც ძლივს-ძლივობით ვიწყებთ ამოსვლას.
        თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენლებს (ფოფხაძის ჩათვლით) ნამდვილად ახასიათებთ «ორ სკამზე ჯდომა» - ჟვანიას გაფრთხილება უდავოდ დროულია.
        «მოქალაქეები» ამ ნომენკლატურას მაინც უტოვებენ შანსს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი რეფორმებს აქტიურად და ნიჭიერად დაუჭერს მხარს – როგორც ვაჟა ლორთქიფანიძე ან ვანო ზოდელავა.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, შევარდნაძე-ჟვანიას ტანდემი «ნომენკლატურის» წევრებს «თავის სკამზე» სანახევროდ ჯდომის საშუალებას აღარ მისცემს და აიძულებს, მთლიანად მეორე (ბათუმურ) «სკამზე» გადაინაცვლონ – სწორედ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე ოზურგეთის შემთხვევაში.
        ამ თვალსაზრისით, ზუგდიდის საარჩევნო სიტყვა უდავოდ ჟვანიას მზარდი გავლენის გამოვლინებაა. აქედანვე გამომდინარეობს ამ საპროგრამო სიტყვის საერთო, საკმაოდ დამაჯერებელი და აგრესიული ტონალობა. ცხადია, რომ «ალიანსი» შეცდომას - შეცდომაზე უშვებს, თანაც, თავად ვერ ამჩნევს ამას. შედეგი არჩევნებისას გამომჟღავნდება.
        ზუგდიდში «მოქალაქეებმა» საკმაოდ მძლავრი სტარტი აიღეს, მაშინ, როდესაც მათი მთავარი მოწინააღმდეგენი უკვე ქანცგაწყვეტილნი და გამოფიტულნი არიან ნაადრევი «სპურტის» შედეგად.

მერიდიანი, 30 აგვისტო, 1999 წ.

მთელ გვერდზე