იგორ ივანოვის სილუეტი რუსეთ-საქართველოს «ცივი ომის» ფონზე;
        ანუ როცა გეოპოლიტიკური ინტერესების «ჩაწყობა» შეუძლებელია

        ხვალ თბილისს ეწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მართავს ტურნეს. როგორც ჩანს, რუსულმა დიპლომატიამაც აითვისა ეს მეთოდი, რასაც საბჭოთა ეპოქის ანტიდასავლური პროპაგანდა «ჩელნოჩნაია დიპლომატიას» უწოდებდა.
        ივანოვის შეხვედრებმა თბილისში, ერევანსა და ბაქოში არავინ შეიყვანოს შეცდომაში. ჩვენს რეგიონში რუსეთის პრიორიტეტი უკვე გარკვეულია: ესაა სომხეთი; საქართველოსა და აზერბაიჯანში ივანოვი მხოლოდ დაპირისპირებულ პოზიციათა დასაზუსტებლად ჩამოდის. თუმცა, თავისთავად ესეც მნიშვნელოვანი მოვლენაა: უკანასკნელად, თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1996 წელს იმყოფებოდა. მაშინ რუსული დიპლომატიის მესაჭე ევგენი პრიმაკოვი გახლდათ.
        თბილისში გაზრდილი ეს არამზადა სულ რამდენიმე საათით ჩამოვიდა და ისე იქცეოდა, თითქოს ქართველები რაიმე თვალსაზრისით ვალდებულნი იყვნენ მისთვის ხელები ეკოცნათ.
        იგორ ივანოვზეც ამბობენ, «ახმეტის რაიონში გაიზარდაო», მაგრამ ასეც რომ იყოს – ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვეშვათ სუბიექტური ფაქტორების იმედად ყოფნას დიდ პოლიტიკაში.
        აქ იგივე ფსიქოლოგიური ფენომენი მოქმედებს, რაც საბჭოთა ეპოქაში, როდესაც ქართველი საქმოსნები მოსკოვში საქმეებს «აჩალიჩებდნენ». მაგრამ ის სხვა დრო იყო და «ჩალიჩიც» სხვა კატეგორიას ეხებოდა. გეოპოლიტიკური ინტერესების სადმე «ჩაწყობა» კი შეუძლებელია - მით უმეტეს, თუ ეს იმ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, სადაც «ჩაწყობას» აპირებ.
        რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოს მიმართ უკვე განსაზღვრულია – მის ინტერესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძლიერი (ანუ სტაბილური, ერთიანი და აყვავებული) საქართველოს არსებობა, ვინაიდან, განურჩევლად იმისა, როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს ჩვენი ქვეყანა, ამგვარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს თვით არსებობის ფაქტი რუსეთს მძიმე პრობლემებს შეუქმნის ჩრდილოეთ კავკასიაში, რაკი ჩრდილოკავკასიელი ხალხები შეიგნებენ, რომ მათი რეგიონი აღარ არის ანკლავი რუსეთის შემადგენლობაში, ანუ არ არის ყოველმხრივ გარშემორტყმული რუსეთის სახელმწიფოებრივი სივრცით.
        რასაკვირველია, ვითარება შეიძლება შეიცვალოს (მაგრამ ესეც საკითხავია), თუ საქართველო აღარ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და დროულად მივმართავთ უმორჩილესი თხოვნით რუსეთის ფედერალური საკრებულოს ზედა პალატას (ფედერაციის საბჭოს) რუსეთის ფედერაციაში 90-ე სუბიექტად მიღების შესახებ. სხვა შემთხვევაში, რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, ვინც არ უნდა მოვიდეს ამ სახელმწიფოს სათავეში.

        რაც შეეხება ევგენი პრიმაკოვსა და იგორ ივანოვის «წარმომავლობას» და მათ კავშირებს საქართველოსთან – იგორ ივანოვი ედუარდ შევარდნაძეს ისევე არ დაუფასებს სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს «აღზევებას» (რომ არა შევარდნაძე, ივანოვი მესამეხარისხოვანი დიპლომატიურ ჩინოვნიკად დარჩებოდა სადმე კოსტარიკაში), როგორც ევგენი პრიმაკოვმა არ დაუფასა დახმარება; თბილისელი «ჟენკა» პრიმაკოვიც ჩალპებოდა (მაქსიმუმ) ინსტიტუტის დირექტორობაში, შევარდნაძეს რომ არ შეეყვანა მიხეილ გორბაჩოვის გუნდში, ხოლო როგორ გადაუხადა ამაგი, საყოველთაოდ ცნობილია; რად ღირს თუნდაც პრიმაკოვის ცნობილი ხუმრობა «ჯავშნოსანი მერსედესის» შესახებ, რამაც რუსული საზოგადოების ტკბილი აღფრთოვანება გამოიწვია. ანუ რუსებმა გული მოიფხანეს.
        ილია ჭავჭავაძე კი წერდა: ფხანა მხოლოდ ქეციან გულს სჭირდებაო. გარდა ამისა, თვით რუსებმა იციან უმადური კაცის შედარება ერთ, არცთუ კეთილშობილ პირუტყვთან.
        დაუჯერებელია, იგორ ივანოვის ვიზიტმა საქართველოში თვისებრივად შეცვალოს რაიმე ორმხრივი ურთიერთობაში. საქართველოს პოლიტიკური დოქტრინა 1994 წლიდან მდგომარეობდა აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში რუსეთის დახმარებით – რუსეთისადმი დათმობების ხარჯზე; მაგრამ ეს უკვე არარეალურია – რუსეთი არათუ არ მოინდომებს ამას, არამედ რომც მოინდომოს, ძალაც აღარ შესწევს.
        ეს ქვეყანა თანდათან იძირება სრულ მარაზმში. ნიუ-იორკის ბანკის მეშვეობით «გადაქაჩული» ასი მილიარდი დოლარის (!) სკანდალმა დასავლეთიც კი დაარწმუნა, რომ ამ რეჟიმს აღარაფერი ეშველება და განუწყვეტელი ფინანსური დახმარება უძირო ორმოში იყრება. საეჭვოა რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად – უბრალოდ, მმართველი ოლიგარქია შეცვლის მარიონეტებს.
        აქედან გამომდინარე, იგორ ივანოვის ვიზიტი სიმბოლური ხასიათისაა. უახლოესი 1 წლის განმავლობაში რუსეთი მზად არ იქნება მკვეთრი მოძრაობებისათვის მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, ანუ გაგრძელდება უკვე ჩამოყალიბებული კურსი. ეს კურსი კი კვლავინდებურად გულისხმობს სეპარატიზმის მხარდაჭერას – საქართველოზე ზეწოლის ბერკეტის მოსაპოვებლად.
        მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, შევარდნაძე-ივანოვის შეხვედრისას განიხილონ ტაქტიკური საკითხები; ვთქვათ, რუსეთის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელის განცხადება მდინარე ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ.
        მაგრამ ამ მუქარას საქართველომ ასეთივე არგუმენტი უნდა შეაგებოს («საპასუხოდ ჩვენც გავხსნითო საზღვარს ჩეჩნეთთან»), თორემ მხოლოდ ხვეწნა-მუდარით (ამას ნუ იზამთო) არაფერი გამოვა.
        ივანოვს, ალბათ, დააინტერესებს ბაზების საკითხიც - მიწისძვრის მიუხედავად სტამბულში მაინც ჩატარდება ეუთოს მორიგი სამიტი უმაღლეს დონეზე, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდება ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების პრობლემა.
        სწორედ ამიტომ, მართალია, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ სომხეთია (მან უკვე გადასცა კვოტები რუსებს), მაგრამ ივანოვს უპირველესად საქართველოს პასუხი დააინტერესებს «კვოტების» თაობაზე;
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, კრემლს ჩვენთან კიდევ აქვს რაღაც-რაღაცეები გასარკვევი მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანთან თითქმის უკვე ყველაფერი გაარკვია.

მერიდიანი, 3 სექტემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე