საქართველომ უსაფრთხოებისათვის კიდევ ერთი ალიანსი მოძებნა

        დღეს იალტაში იმართება ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნების ლიდერთა სამიტი. ოფიციალური სახელწოდებაა «21-ე საუკუნის ევროპა - საზღვრების გარეშე». სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დილით გაემგზავრა უკრაინაში.
        იალტის სამიტი საბოლოოდ აფორმებს ბალტია-შავი ზღვის ალიანსის იდეას, რომელიც გეოპოლიტიკური კონცეფციის სახით დიდი ხანია არსებობს და ევროპისაგან რუსეთის იზოლირებას ისახავს მიზნად.
        სხვათა შორის, როდესაც შარშან, პარიზში, ხელი ეწერებოდა «საგანგებო აქტს» რუსეთისა და ნატოს ურთიერთობების შესახებ, ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქალაქში (ზუსტად იმავე დღეს, იმავე დროს) შეიკრიბნენ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები. ამით მათ პროტესტი გამოთქვეს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა და ხალხთა «ზურგს უკან» გეოპოლიტიკურ გარიგებათა პრაქტიკის წინააღმდეგ, რაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს აგონებდათ.
        როგორც გახსოვთ, რუსეთი თავს უფლებას აძლევდა, აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა და სახელმწიფოთა ნაცვლად განესაზღვრა მათი ბედი და ის, ჰქონდათ თუ არა მათ ნატოში გაწევრიანების უფლება – მაშინ, როდესაც ეს თვით ამ ხალხების გადასაწყვეტია და რუსეთს ამას არავინ ეკითხება.
        საბედნიეროდ, დასავლეთმა ამ საკითხში პრინციპულობა გამოიჩინა (როგორც იქნა) და ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი მაინც მიიღეს ნატოში. მაგრამ დასავლეთმა უეჭველად გაითვალისწინა ბალტია-შავი ზღვის ქვეყნების ზემოთსენებული შეხვედრა და სწორად აღიქვა იგი, როგორც მკაცრი გაფრთხილება: «არ გაბედოთ რუსეთთან გარიგება, არ გაბედოთ ჩვენი ბედის გადაწყვეტა ჩვენსავე ზურგს უკან».
        იალტის დღევანდელი შეხვედრა დაახლოებით იმავე მიზანს ისახავს, ვინაიდან იწყება ნატოს «გაფართოების» მეორე ეტაპი. ამ კონტექსტში მივაქციოთ ყურადღება, რომ სამიტში (როგორც შავიზღვისპირა ქვეყანა) მონაწილეობს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც.
        ბალტიის შარშანდელ სამიტზე საქართველო არ მიიწვიეს; ამჯერად კი აუცილებლად ჩათვალეს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა, რაც უეჭველად იმითაა განპირობებული, რომ ედუარდ შევარდნაძემ კიდევ უფრო გაააქტიურა საგარეო პოლიტიკა დასავლური მიმართულებით – რუსმა მესაზღვრეებმა დატოვეს საქართველოს საზღვრები და სულ უფრო აქტიურად განიხილება რუსული ბაზების ლიკვიდაციის საკითხი.
        ბუნებრივია, სანამ საქართველო თვითონ არ გააკონტროლებდა საკუთარ საზღვრებს და არ დასვამდა რუსული ბაზების გაყვანის საკითხს, ჩვენს ქვეყანას სერიოზულად არავინ აღიქვამდა.
        მაგრამ, რაკი ამჯერად სრულუფლებიან წევრად შევდივართ ახალ, ბალტია-შავი ზღვის ალიანსში, მაშასადამე, თანდათანობით გვაღიარებენ სახელმწიფოდ ის ქვეყნები, რომლებმაც ანალოგიური პრობლემები კარგა ხნის წინ გადაწყვიტეს.
        ბალტია-შავი ზღვის ალიანსი შეიძლება კიდევ უფრო ქმედითი აღმოჩნდეს, ვიდრე «სუუამი», ვინაიდან უფრო აქტიური კონტაქტი აქვს ნატოსთან; მასში შედის პოლონეთი (ნატოს წევრი სახელმწიფო!). ამ ალიანსის ფარგლებში საქართველო უეჭველად შეძლებს თავისი ინტერესების დაცვას. ხოლო თვით სამიტის ჩატარება იალტაში არის პირველი «ადრეული» გამოძახილი იმ გეოპოლიტიკური კონფიგურაციისა, რომელიც პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოურ სივრცეზე შეიქმნება 2000 წლის ივნისში, - რუსეთის სათავეში ნეოიმპერიალისტური დაჯგუფების მოსვლის შემდეგ.
        ამისთვის ბალტია-შავი ზღვის სახელმწიფოები დღეიდანვე ემზადებიან. რა თქმა უნდა, ემზადება შევარდნაძეც, ვინაიდან მას ამ დაჯგუფებასთან მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც მოუწევს ურთიერთობა.
        ეს ურთიერთობა კი უპრობლემო არც საქართველოსთვის იქნება, არც უკრაინისა და არც აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებისათვის.

7 დღე, 10 სექტემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე