გენერალმა ლებედმა «ბათუმური კოალიცია» გაანათლა
       

        კვირას ბათუმში ჩაფრინდა გენერალი ლებედი, რომელსაც აეროპორტში დახვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ამალითურთ.
        ეს ვიზიტი საერთოდ არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან. ტყუილად ცდილობს ახლა ზოგიერთი, საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოს «კრასნოიარსკის გუბერნატორი ეწვია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს», ანუ «რა მოხდა მერე - რეგიონები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ამაში განსაკუთრებული არაფერია».
        ეს აშკარა დემაგოგიაა! ჯერ ერთი, გენერალი ლებედი არ არის «უბრალოდ გუბერნატორი» - იგი საერთო რუსული მაშტაბის პოლიტიკური მოღვაწეა და განასახიერებს რუსეთის სავსებით კონკრეტულ, ველიკოდერჟავულ, იმპერიულ ძალებს.
        გენერალი ლებედი დამოუკიდებელი საქართველოს მეგობარი რომ ვერასგზით და ვერასდროს იქნება, ცხადია. მეტიც: იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად (მათ შორის სამხედრო წრეებთან ერთად), რომლებსაც იგი განასახიერებს და რომელთა ფავორიტიც თავადაა, ალექსანდრე ლებედმა მნიშვნელოვანი «წვლილი» შეიტანა საქართველოს ტრაგედიაში. წაიკითხეთ მისი მოგონებების წიგნი, რომელშიც ერთ-ერთი თავი «Тбилисская Смута» - 9 აპრილის მოვლენებს ეძღვნება. წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით, საქართველოსა და ქართველებისადმი როგორი ზიზღი და სიძულვილი გამოსჭვივის თითოეულ ფრაზაში.
        აღარაფერს ვამბობ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტისადმი (იმ დროს საბჭოთა კავშირის «ქართველი» საგარეო საქმეთა მინისტრისადმი) დამოკიდებულებაზე - ეს ცალკე თემაა. თუმცა, გავიხსენოთ, რომ 1989 წლის აპრილში არც გერმანია იყო გაერთიანებული და საბჭოთა ჯარებიც ჯერ კიდევ იდგნენ აღმოსავლეთ ევროპაში. ავღანეთიდან «ცხვირპირდამტვრეული» ჯარების გამოყვანას კი თვით გენერალი ლებედი ეთანხმებოდა - ისევე, როგორც სტრატეგიული შეიარაღების შემცირებას. მაშ რატომ სძულდა გენერალ ლებედს იმთავითვე ედუარდ შევარდნაძე? გნებავთ, იცოდეთ სიმართლე? - იმიტომ სძულდა, რომ რუსმა საზოგადოებამ იმთავითვე შეურაცხყოფად აღიქვა «სპეკულანტი გრუზინების» წარმომადგენლის დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრად. შევარდნაძე იქნებოდა თუ სხვა, მნიშვნელობა არა აქვს.
        აფხაზეთის ომის დროს სწორედ გენერალ ლებედის უშუალო მონაწილეობით, მის მიერ ფაქტობრივად ოკუპირებული «დნესტრისპირეთის რესპუბლიკის» ბანკებში ირიცხებოდა აფხაზი სეპარატისტებისათვის განკუთვნილი დიდძალი თანხა; იქ ფორმდებოდა იარაღის «შესყიდვის» ყალბი ოქმები; დნესტრისპირეთში დისლოცირებული არმიიდან და იქვე მომზადებული «მოხალისეების რაზმებიდან» აფხაზეთში, გუდაუთის აეროდრომზე იგზავნებოდნენ სამხედრო სპეციალისტთა ჯგუფები - «ქართული იმპერიალიზმის» წინააღმდეგ მებრძოლი მოხალისეები; გენერალ ლებედის მიერ გამოგზავნილმა სპეციალური დანიშნულების მედესანტეთა რაზმმა დიდწილად გადაწყვიტა კიდეც აფხაზეთის ომის ბედი, ვინაიდან საკვანძო მოვლენის - ტამიშის დესანტის დროს მისმა ჩარევამ გადაარჩინა ალყაშემორტყმული აფხაზური დესანტი, ოსტატურად მიიზიდა ქართული შეიარაღებული ფორმირებები და ამით ხელ-ფეხი გაუხსნა აფხაზურ-რუსულ ფორმირებებს შრომა-კამანის მიმართულებით მოულოდნელი და სოხუმისთვის (საქართველოსათვის) საბედისწერო შეტევისთვის.
        დღეს ამ პირსისხლიან დერჟიმორდას (რომელმაც, სხვათა შორის, გენერალი როდიონოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნა ერთადერთი ნიშნით - 9 აპრილის «დამსახურების» გამო), ბათუმში სუფრებს უშლიან. თუმცა აქ გასაკვირი არაფერია - ლებედი ის კაცია, რომელიც თავისი «დერჟავის» პატრიოტია და, რასაკვირველია, ყველაფერს გააკეთებს მისი გაძლიერებისათვის, - რუსეთის გავლენის გაზრდისათვის ნებისმიერ ქვეყანაში, თუ იმ ქვეყნის რომელიმე რეგიონში.
        გენერალ ლებედთან თანამშრომლობა, მისდამი სიმპათიის დადასტურება არის დადასტურება სიმპათიისა და ერთგულებისა იმ შავბნელი ძალებისადმი, რომლებმაც «სისხლის წვიმები» აწვიმეს საქართველოს და ბოლოს დაანაწევრეს კიდეც ჩვენი ქვეყანა.
        გენერალ ლებედის სტუმრობა აჭარაში ნამდვილად არ იქნებოდა უცნაური და განსაკუთრებული მოვლენა, ასე დემონსტრაციულად რომ არ დამთხვეოდა ე.წ. «ბათუმური კოალიციის» ჩამოყალიბებას. ამ კოალიციის ზოგიერთმა წევრმა, სულ ახლახან «ეროვნული მოძრაობის» ბაირახტრობაზე რომ დებდა თავს, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაკარგა ელემენტარული, ადამიანური სირცხვილის გრძნობა! ნეტავ რა ხასიათით და განწყობით ხვდება გენერალ ლებედს? მაგალითად, კაკო ასათიანი, რომელიც, ზვიად გამსახურდიას შეხვედრისას მხარზე ჰკოცნიდა როგორც «ქართველი ერის ეროვნულ- - განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლს»? ან ვახტანგ ბოჭორიშვილი, ვინც იმავე ზვიად გამსახურდიას იდეების ერთგულებას თავგამოდებით ამტკიცებდა. ან «ეროვნული იდეებისათვის თავდადებით მებრძოლი» სხვა მოღვაწენი?
        თქვე დალოცვილებო, გენერალ ლებედთან თანამშრომლობა თუ გინდოდათ, 1988 წლის «პირველი ეროვნული აქციების» დროს ვერ შეცვალეთ პლაკატები? ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათის ნაცვლად დაგეკავებინათ იმავე გენერალ ლებედის სურათი, რომელიც იმ დროსაც საკმაოდ ცნობილი მოღვაწე იყო და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა «გარკვეულ წრეებში», როგორც ავღანელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის სისხლში ჩამხშობი და ყანდაგარის გმირი.
        სავალალოა, მაგრამ ფაქტია: მომდევნო თაობას ზოგიერთი «ეროვნული» პარტიისა და (ღმერთმა ნუ ქნას), თვით «ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის» ხსენებაზეც გულისზიდვა დაეწყება და შეიძლება თავიც ვერ შეიკავოს.

დრონი, 20 ივლისი, 1999 წ.

მთელ გვერდზე