გაიქეცი მაიკლ, გაიქეცი!
       

        ქართველებს ალბათ მაინც იუმორის გრძნობა გვშველის; მიუხედავად ამისა, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ინფარქტების ოდენობით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში და რომ არა ზემოთხსენებული «მეექვსე გრძნობა», კარგა ხანია ამოვწყდებოდით, როგორც ერი; აბა, რა «გულსისხლძარღვთა სისტემა» გაუძლებს იმის შეგნებას, რომ გაუთავებელი «ენერგოკრიზისი» საქართველოში სწორედ გახრწნილი და თხემით ტერფამდე კორუმპირებული ბიუროკრატიის ბრალია. ახლაც არ არის ეს ნათელი?
        კი მაგრამ როდესაც აქვე, თბილისთან, გვაქვს მშვენიერი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საწყობები მაზუთითაა სავსე, ხოლო საწვავს მაინც მეზობელი აზერბაიჯანიდან ყიდულობენ, - აქ რამე კიდევ გასაკვირია? ხოლო საზოგადოება, რომელმაც ეს იცის და მიუხედავად ამისა, ქუჩაში არ გამოდის «არმატურებითა» და «ჯაყვა-დანებით» ხელში - საერთოდ რაიმეს ღირსია ამქვეყნად?
        არაო, აზერბაიჯანი «პრედაპლატას» არ მოითხოვს, სესხის სახით გვაძლევს საწვავს და შემდეგ თურქეთში გაყიდვით ვუნაზღაურებთო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხომ ორჯერ ძვირი გამოდის? ნუთუ ასეთი ძნელი საშოვნელია არც თუ დიდი ოდენობის, თუნდაც კომერციული კრედიტი, რომელიც უეჭველად ანაზღაურდება იმავე მეთოდებით, - თურქებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ელექტროენერგია «რომელი» მაზუთით იქნება წარმოებული?
        მაგრამ, აწი აღარ იშოვიან ამ კრედიტს, აღარც მოინდომებენ, ვინაიდან ახლა რომ იშოვონ (მას შემდეგ, რაც ატყდა მასმედიაში) უკვე «მეტისმეტად» თვალნათელი იქნება როგორ ხვრეპდნენ ჩვენს სისხლს წლების განმავლობაში.
        და ამ ხალხს ჰყოფნის უზნეობა-უსინდისობა, წინააღმდეგობა გაუწიოს გენერაციის ობიექტთა პრივატიზებას. ეს კიდევ არაფერი, - ჰყოფნით სითავხედე «თელასის» ამერიკელ მფლობელებს აუკრძალონ თუნდაც ელექტროენერგიის იმპორტი და უფასოდ (!) მიწოდება მომხმარებლისთვის აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე. მაშასადამე, არც თვითონ აწვდიან ელექტროენერგიას და არც იმპორტის უფლებას აძლევენ, აქაოდა, ჩვენი გენერაციის ობიექტებიდან აღარ იყიდიანო. ვის რა ოხრად უნდა ასეთი გენერაცია? გენერაცია კი არა, დეგენერაციის გზაზე დაგვაყენეს, - მერვე წელია ვერა და ვერ მოწესრიგდა ელექტროენერგიის აღრიცხვა, რაც მთელი ამ უბედურების თავი და თავია. ვერ მოწესრიგდა და «ამათ» ხელში ვერც ვერასდროს მოწესრიგდება! «თბილსრესში» ავარიები რატომ ხდებაო. ყოველდღე მოხდება! არ გაუშვებენ არც ერთ ბლოკს, ყველას დაწვავენ და გაანადგურებენ, მოთხრიან, ამოძირკვავენ, ცეცხლს წაუკიდებენ, აფეთქებენ, არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი!
        ყველაზე მეტად (ზოგჯერ საკუთარ თავზე მეტადაც კი) ის უბედური მაიკლ სქოული მეცოდება, იგი იმდენად გულწრფელი და გულუბრყვილო აღმოჩნდა, პრესკონფერენციაც კი ჩაატარა, რათა უშუალოდ საზოგადოებისთვის მიემართა - ეგება მიხვდეს ეს საზოგადოება, რომ ძარცვავენ, ატყავებენ, რომ ყაჩაღები ასხედან თავზე, მაგრამ შენც არ მომიკვდე - ვის რას გაუბედავ!
        სქოულისათვის ეს პრესკონფერენცია ალბათ «ჭეშმარიტების მომენტი» გახდება.
        წადი, დალოცვილო, გაიქეცი, - გადაიხვეწე, დროზე გაასწარი აქედან - სად ჩამოხვედი, სად დააბინდე ამ მსოფლიო კრიზისის ჟამს 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ვის ენდე, რამ გაგაგიჟა?! მსგავსი მდგომარეობა დედამიწის ზურგზე არსად მინახავსო» - ამოიკვნესა პრესკონფერენციაზე. ვერც ნახავ, რადგან დედამიწის ზურგზე ჩვენისთანა ხალხი არსად ცხოვრობს. აბა, სხვა ვინ მოითმენდა, რომ წურბელამ სისხლი წოვოს და არც რაიმე იღონოს მათ გასასრესად?
        ჯერ დაწყებული არ ჰქონდა «აეს-თელასს» საქმე და ტრაგიკომიკურ ვითარებაში ჩააგდეს: დეკემბრის თვის «დამატებითი ღირებულების» გადახდა მოითხოვეს მაშინ, როდესაც თელასის მფლობელი 4 იანვარს გახდა, ხოლო ტენდერის პირობებით გათვალისწინებული თანხა 29 დეკემბერს ჩარიცხა ანგარიშზე.
        მიუხედავად ამისა, მაინც არ გაგიჟებულა, თუ «სიგიჟედ» არ ჩავუთვლით იმას, რომ ამ ქვეყნიდან არ გაიქცა და ჩვენს საგიჟეთში დარჩა გიჟებთან ერთად.
        წადი-მეთქი, გაიქეცი შე უბედურო! თავს უშველე, აქ სად ჩამოხვედი, ვისთან დაიჭირე საქმე, როგორ შეიძლება პირველყოფილ პითეკანტროფებს «გენერაცია-დისტრიბუციაზე» ელაპარაკო? რად უნდათ ველურებს ელექტროენერგია - ცეცხლს დაანთებენ, გათბებიან და უმი ხორციც ეყოფათ გასაძღომად.
        «მსგავსი ვითარება არსად მინახავსო» - აბსოლუტურად მართალია! გაეროს წევრი თუ არაწევრი არც ერთი ქვეყნის დედაქალაქში სომალიდან - ნიკარაგუამდე და სომხეთიდან - ტაჯიკეთამდე არ არის და არც შეიძლება იყოს თბილისისმაგვარი ვითარება ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით.
        იმიტომ კი არა, რომ ენერგორესურსებით ჩვენზე მდიდრები არიან, არამედ სულ სხვა მიზეზით: არ არიან ჩვენსავით იდიოტები და ასე ადვილად არც ერთ წურბელას არ მისცემენ საშუალებას, მათი სისხლი დაუსჯელად ხვრიპოს წლების განმავლობაში.

7 დღე, 22 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე