ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება ფაქტობრივად გადაწყვეტილია
   

    რამდენიმე დღის შემდეგ სტრასბურგში შედგება ევროპის საბჭოს ისტორიული (საქართველოსათვის ისტორიული) სხდომა, რომელზეც უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების საკითხი;
    რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ჯერჯერობით საქმე იმდენად კარგად არის, რომ ეჭვიც კი შეგეპარება - დამკვიდრებული ტრადიციისამებრ უკანასკნელ მომენტში არ მოხდეს რაიმე საშინელება და არ ჩაშალოს საბედისწერო კენჭისყრა ან თვით კენჭისყრის შედეგი არ გამოდგეს უპრეცედენტო. საქართველოს უახლესი ისტორია ხომ ასეთი «უპრეცედენტო» შემთხვევებითაა აღსავსე.
    მართლაც, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ევროსაბჭოს კომიტეტებს «გაეტარებინათ» ამა თუ იმ ქვეყნის კანდიდატურა, ხოლო პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგი უარყოფითი ყოფილიყოს.
    საქართველო უკანასკნელ ჯებირს მიუახლოვდა, - ევროსაბჭოს ყველა კომიტეტმა მოიწონა მისი კანდიდატურა და ჩათვალა, რომ საქართველო პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია ამ ორგანიზაციაში შესასვლელად.
    საყურადღებოა, რომ ჩვენს ქვეყანას იღებენ უფრო ადრე, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს. არა მგონია ამ უკანასკნელთ ეს გარემოება განსაკუთრებით ახარებდეთ და უამრავი საშუალებაც აქვთ, რათა თავიანთი მოკავშირეების მეშვეობით ჩაშალონ საქართველოს მიღება, მაგრამ რაკი კომიტეტში ეს ვერ მოახერხეს, პლენარულ სხდომაზე ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ ან იქნებ, ღმერთმა ქნას და, ერთმანეთის ჯიბრით, ასეთი რამ აღარც გააკეთონ.
    ძალიან სერიოზული პრობლემაა რუსეთის პოზიცია. ამ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აგრძელებს «თამაშს» ყალბი, თეატრალური დაპირისპირებით სხვადასხვა პრობლემათა გადასაწყვეტად; უფრო ზუსტად, დაპირისპირება კი არსებობს ნამდვილად, მაგრამ ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან დამოკიდებულების განსაზღვრისას. არადა, კაცმა რომ თქვას, საქართველო (ყველა სტანდარტით) არანაკლებ იმსახურებს ევროსაბჭოში გაწევრიანებას, ვიდრე რუსეთი.
    უმთავრესი პრობლემა ბოლო დრომდე «კონფლიქტების მოუგვარებლობა» იყო. აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემათა მოუგვარებლობის თაობაზე ევროპის საბჭოში ყველაზე მეტს სწორედ რუსი დეპუტატები წუწუნებდნენ, - თითქოსდა მათი ქვეყანა სწორედ ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს არ გაწევრიანდა ამ ორგანიზაციაში.
    საქართველოს მტრებისა და ავის მოსურნეების კიდევ ერთი ანტიქართული «კოზირი» ე.წ. თურქი-მესხების პრობლემა გახლავთ, მაგრამ კომიტეტებში საკითხის განხილვისას ვერც ამან შეაფერხა საქართველოს მიღება, ვინაიდან ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ყველანაირი პირობა დადო, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში უეჭველად გადაწყვეტს.
    მიუხედავად ამისა, ძალზე საეჭვოა ევროპის საბჭოში კენჭისყრამ უპრობლემოდ ჩაიაროს. «პრეცედენტები» ალბათ მაინც საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნება. არგუმენტაციას მნიშვნელობა არა აქვს. ვიმეორებ, - ამჟამინდელი საქართველო პოსტსაბჭოური სივრცის არც ერთ ქვეყანაზე ნაკლებად არ იმსახურებს ევროპის საბჭოში მიღებას, მაგრამ ჩვენს გამო «აუტკივარი» თავის ატკივება არავის სურს, - რატომ უნდა აიტკივონ თავი, როდესაც შეუძლიათ ელემენტარულად, პულტზე ხელის დაჭერით მოიშორონ პრობლემა?
    ცოტა არ იყოს უცნაურიც კია, რომ კომიტეტებმა დადებითი დასკვნა მოგვცეს მაშინ, როდესაც ამ კომიტეტებში იმავე ქვეყნების წარმომადგენლები არიან, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველო კი «ობოლი ერია» და «პატრონი» არა ჰყავს.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობს გაცხარებული დისკუსია, - კონსულტაციები სხვადასხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებს შორის, თუ როგორი პოზიცია დაიკავონ კენჭისყრის დროს.
    საქართველოს გაწევრიანება ევროპის საბჭოში მართლაც მძლავრი არგუმენტი იქნება ყველა თვალსაზრისით, - იგი ბევრს აუშლის «საღერღელს». განსაკუთრებით მოუსვენრად ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია.
    ნუთუ ვინმეს ჰგონია, ზატულინისა და მიგრანიანის მსგავსი «პოლიტოლოგები» ასე ადვილად შეურიგდებიან საქართველოსათვის ესოდენ მძლავრი ტრიბუნის დათმობას? რა თქმა უნდა, არა! ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას აქვს საშუალება, გამოიყენოს თავისი სტატუსი, რათა აიძულოს (დიახ, აიძულოს) ევროპული სტრუქტურები, დაიცვან საქართველოს ინტერესები, ყოველ შემთხვევაში, აღარ დაიკავონ «გულგრილი» და ნეიტრალური პოზიცია, ვინაიდან ასეთი პოზიცია (რომელიმე წევრი ქვეყნის მიმართ) უეჭველად გამოიწვევს თვით ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციას.
    სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ევროპის საბჭოში გაწევრიანება ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.
    ცალკე საკითხია, საკუთრივ ხელისუფლების ინტერესი. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესებს ევროსაბჭოში შესვლა მთლიანად შეესაბამება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ეს მის არგუმენტაციასაც გააძლიერებს.
    აქ ქვეყნის ინტერესები დაემთხვევა ხელისუფლების ინტერესებს, - ლენი ფიშერსაც სწორედ ამიტომ «დაჰკანკალებდნენ» თავს, თუმცა ეს უკანასკნელი აშკარად ჭოჭმანობდა ზემოხსენებული მიზეზის გამო,
    მაგრამ მხოლოდ მასზეც არ არის ყველაფერი დამოკიდებული. მუშაობა ევროსაბჭოში წლების განმავლობაში გრძელდებოდა, - ამჟამად საკითხი ნამდვილად «მომწიფდა» გადასაწყვეტად, არადა, რისკიც საკმაოდ დიდია, - თუ ევროსაბჭომ, პირველად თავის ისტორიაში, მიუხედავად კომიტეტების დადებითი დასკვნისა, უარი უთხრა საქართველოს გაწევრიანებაზე - ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნის პრესტიჟსა და სხვადასხვა ინტერესებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელისუფლების ავტორიტეტზე.
    მაგრამ, რუსული გამოთქმისა არ იყოს, «ვინც არ რისკავს - შამპანურსაც არ სვამს».

მერიდიანი, 27 იანვარი, 1999 წელი

მთელ გვერდზე