ევროსაბჭო საქართველოს მუდმივ დელეგაციას ელის

    რაოდენ რომანტიკულიც არ უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით (აბსოლუტური უმრავლესობა «აღფრთოვანებით» შეხვდა ამ ფაქტს), რეალობას ვერსად გავექცევით: თუ არ გვინდა თავსლაფი დავისხათ, საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოში მუდმივად უნდა იმუშაოს, რაც გულისხმობს სტრასბურგში მუდმივი მისიის არსებობას და ყოველდღიურ მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.
    1999 წლის «უსასტიკესი ბიუჯეტი» ამდენს, ალბათ, ვერ აიტანს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრანგეთი საშინლად ძვირი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, ამის გაკეთება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის საბჭოსკენ სწრაფვა ყოველგვარ აზრს კარგავს
    კონკრეტული ფინანსური (თითქოსდა წვრილმანი) პრობლემა ააშკარავებს, რომ რომანტიკული წარმოდგენა და რეალობა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.
    მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოში გაწევრიანება ნამდვილად დიდი პოლიტიკური მოვლენაა. საქართველო აღიარეს ევროპულ ქვეყნად, მიუხედავად იმ უმძიმესი პრობლემებისა, რომელიც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ინსტიტუციური თვალსაზრისით.
    თუ გულწრფელნი ვიქნებით, დღეს საქართველო «ევროპული ყაიდის სახელმწიფო» არ არის. აქ იგულისხმება არა მხოლოდ სამართლებრივი შეგნების დონე, სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა დემოკრატიულობა და იმავდროულად სიმტკიცე, არამედ სახელმწიფო სუვერენიტეტის შეუვალობა.
    საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდება ქვეყნის ტერიტორიის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილზე (აფხაზეთსა და შიდა ქართლში). ეს ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი ხინჯია. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას (დე იურედ და დე ფაქტოდ) სხვა სახელმწიფოები არ აღიარებენ, თუ იურისდიქცია ქვეყნის მთელს ტერიტორიას არ მოიცავს.
    მაგალითად, 1991 წელს ლიტვის დე იურედ აღიარებაზე დასავლეთის ქვეყნებმა თავი შეიკავეს იმ საბაბით, რომ რუსეთის ჯართა მოქმედების გამო ამ სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა მთელ ტერიტორიაზე. ჩვენს შემთხვევაში, საქმე უარესადაა - არა მხოლოდ რუსეთის ჯარი, არამედ სეპარატისტული ბანდებიც სახელმწიფო ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.
    რა თქმა უნდა, მოლდოვამ შექმნა გარკვეული პრეცედენტი (მიუხედავად დნესტრისპირეთისა), მაგრამ მოლდოვას უკან რუმინეთი დგას. ევროსაბჭოს წევრობის სხვა კანდიდატებსაც არანაკლები პროტეჟეები ჰყავდათ. სომხეთს - უძლიერესი დიასპორა, აზერბაიჯანს - თურქეთი. მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის წევრობა არც განიხილება, საქართველო კი ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა.
    ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ «უპატრონო» საქართველოს ევროსაბჭოში არავინ მიიღებდა, რომ არა «დადებითი» იმიჯი, რაც ნამდვილად შეიქმნა დასავლეთში უკანასკნელი წლების განმავლობაში. ეს «იმიჯი» არის შედეგი სხვადასხვა პროპაგანდისტული აქციისა და ალბათ, გარკვეულწილად, რეფორმათა სხვადასხვა მიმართულებით გატარებისაც.
    უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება «სასამართლო რეფორმა», რომელმაც დასავლეთში უკეთესი რეზონანსი ჰპოვა, ვიდრე საქართველოში.
    საკმაოდ ჭკვიანურად იმუშავა აგრეთვე «ჟვანიას გუნდმა» ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან. უპირველესად, პირადად ლენი ფიშერთან.
    ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებს საქართველოს მიღება დიდად არ ეპიტნავებოდათ, ვინაიდან წინასწარ გრძნობდნენ ქვეყნის ხელისუფლების ძირითად მოტივაციას - გამოეყენებინა ევროსაბჭოს ტრიბუნა სახელმწიფოებრივი ინტერესების ევროპულ დონეზე ლობირებისათვის.
    დამატებითი ვალდებულებები მართლაც არავის სურს იტვირთოს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს ერთსულოვან ვერდიქტზე იმანაც მოახდინა ზეგავლენა, რომ ქართულ პრესაში გამოჩნდა მწვავე სტატიები პირადად ფიშერისა და ევროსაბჭოს სხვა ხელმძღვანელების პოზიციის მიმართ.
    ევროსაბჭო ღირსებაშეულახავი ორგანიზაციაა, თავის ავტორიტეტს იგი თვალისჩინივით უფრთხილდება, ამიტომაც, რაკი შენიშნა, - საქართველო ჯიუტად არ შეურიგდებოდა აშკარად უსამართლო გადაწყვეტილებას და პროტესტსაც განაცხადებდა, ამჯობინა სწორედ სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო.
    საქართველოს გაწევრიანებაზე უარის თქმა არანაირად არ იქნებოდა სამართლიანი არა იმიტომ, რომ საქართველო სრულყოფილი სახელმწიფოა, არამედ იმ პრეცედენტების გათვალისწინებით, რაც ევროსაბჭომ თავად შექმნა - რუსეთს, მოლდოვას და უკრაინას არანაკლები პრობლემები აქვთ; რუსეთი საერთოდ ჩეჩნეთის ომის დროს მიიღეს ევროპის საბჭოში.
    «დემოკრატიულობის» თვალსაზრისით, საქართველო ამჟამად ე.წ. საშუალო დონეს განეკუთვნება რუსეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან და სომხეთთან ერთად. მიუხედავად ამისა, სწორედ დემოკრატიულობის კუთხით საქართველო, როგორც ჩანს, უფრო განვითარებულ ქვეყნად აღიარეს. სხვაგვარი ახსნა ამ უცნარობას (ჩვენი ქვეყნის მიღებასა და სომხეთ-აზერბაიჯანისათვის უარის თქმას) უბრალოდ, არა აქვს.
    საქართველო ვერც რაიმენაირად «ჩააწყობდა» ევროპის საბჭოში ამ საქმეს და ვერც პოსტსაბჭოური ქართული ბიუროკრატია მოისყიდიდა მოსკოვივით სტრასბურგს.
    მაშასადამე, ევროპის საბჭოში გაწევრიანება ნამდვილად ჯანსაღი პოზიციის გამოვლინებაა. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება გარკვეულ რისკზეც წავიდა. საკითხის გატანა ევროპის საბჭოში და უარყოფითი ვერდიქტი მისთვის კატასტროფული პოლიტიკური შედეგი იქნებოდა. მართალია, ძირითადად მსჯელობა იურიდიულ კომიტეტში გაიმართა, მაგრამ უარყოფითი გადაწყვეტილება უმალვე გახდებოდა ცნობილი საქართველოს ფართო საზოგადოებისათვის.
    მაგრამ საქართველოს გაწევრიანება უპრობლემო ნამდვილად არ ყოფილა. ძალზე სერიოზული პრეტენზიები გამოითქვა პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით. ევროპელები თვლიან, რომ ქვეყნის ცივილიზებულობა საპატიმროდან იწყება. თურქეთი რომ თურქეთია (ყველას გვაქვს ნანახი საზარელი ფილმი «აღმოსავლეთის ექსპრესი») იქაც კი ეს პრობლემა ისეთ დონეზე გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მოქალაქე 12 პატიმრიდან ყველა უარს აცხადებს სამშობლოში «გადმოსვლაზე», ვინაიდან გაცილებით (შეუდარებლად) უკეთეს პირობებშია, ვიდრე «ქართულ ციხეში» იქნება.
    არანაირი გარანტია სახსრების გაზრდისა პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ევროსაბჭოს არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ეს სერიოზული ნაკლი მაინც არასაკმარისად ჩათვალეს უარის სათქმელად.
    კიდევ უფრო დიდი შეღავათი გაგვიწიეს თურქ-მესხებთან დაკავშირებით. საბჭოს მომხსენებელმა სამართლებრივ საკითხებზე ვერ მიიღო (ვერც მიიღებდა) გარანტია ამ ხალხის უახლოეს მომავალში დაბრუნებაზე არათუ სამცხე-ჯავახეთში, არამედ საქართველოს თუნდაც სხვა რაიონებში. ამ პრობლემებზე აფხაზი და ოსი სეპარატისტები, აგრეთვე, მათი მხარდამჭერნი დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ ამაოდ.
    სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას: თურქ დეპუტატს «თურქ-მესხებზე» აშკარად პროვოკაციული გამოსვლა ჰქონდა; ალბათ, მოვიდა დრო, ადეკვატური ზომების მიღება ვისწავლოთ: მაგალითად, გამოვიდეს რომელიმე ქართველი დეპუტატი (უმჯობესია, ოპოზიციონერი) და გულდათუთქულმა ისაუბროს თურქეთში ქურთი ხალხის უბედურებაზე. ასეთი «საპასუხო ზომების» გარეშე საქართველო ევროსაბჭოშიც დაიჩაგრება.

მერიდიანი, 1 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე