არძინბა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

        აფხაზეთის ეგრეთ წოდებული «საარჩევნო კომისიის» თავმჯდომარემ, ვინმე ცუგბამ დაადასტურა, რომ 3 ოქტომბერს აფხაზეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.
        ერთადერთი კანდიდატია ვლადისლავ არძინბა.
        თავისთავად საინტერესო და ნიშანდობლივი ფაქტია, რომ არძინბას არჩევნებზე მოწინააღმდეგე არ ეყოლება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს აფხაზ სეპარატისტთა შორის არ მოიძებნებიან ამბიციური პოლიტიკოსები, ვისაც საკუთარი თავი არძინბაზე «ღირსეულად» მიაჩნია. საკმარისია დავასახელოთ კონსტანტინე ოზგანი და სერგეი შამბა. კონსტანტინე ოზგანი არძინბაზე გაცილებით პოპულარული «მოღვაწეა». გუდაუთაში – იგი ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ რაიონს, ჯერ როგორც რაიკომის მდივანი, შემდგომ – რაისაბჭოს თავმჯდომარე.
        ოზგანის მომხრეები დღემდე მიიჩნევენ, რომ არძინბა ქართველების (ზ. გამსახურდიას) ხელდასხმულია. მათი ნება რომ ყოფილიყო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ უეჭველად ოზგანს აირჩევდნენ. მაგრამ მკითხველს ეხსომება, რომ 1990 წელს აფხაზეთში სხვა ვითარება იყო, ხოლო «ზვიადისტებს» ვლადისლავ არძინბა «კომპრომისული და შედარებით ლოიალური» ფიგურა ეგონათ.
        ასევე მრავალრიცხოვანი მომხრე ჰყავს სერგეი შამბას. ასე რომ, ჭეშმარიტად «თავისუფალი» არჩევნების შემთხვევაში ვლადისლავ არძინბას კონკურენტები უეჭველად გამოუჩნდებოდა, თუმცა, გამარჯვებას, ალბათ, ის მაინც მოიპოვებდა, ვინაიდან დღეს აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (მათ შორის, რუსები და სომხები) მას უფრო მეტად უჭერენ მხარს, ვიდრე ოზგანს ან შამბას; მაგრამ ეს არ ნიშნავს (ვიმეორებ), რომ ამ უკანასკნელთ მომხრეები არ ჰყავთ.
        როგორც ჩანს, მათ სწორედ იმიტომ არ წამოაყენეს თავიანთი კანდიდატურები, რომ თვალნათელი არ ყოფილიყო (საქართველოსთვის) ამჟამინდელ აფხაზეთში არსებული განხეთქილება.
        მნიშვნელობა არა აქვს, რომელ მხარეს იქნებოდა უმრავლესობა – განხეთქილება განხეთქილებაა. ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ არძინბას თუნდაც სიმბოლური მოწინააღმდეგე მაინც არ ეყოლება, ვთქვათ, რომელიმე სოფლის მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა პიროვნების სახით, ვისაც რეალური შანსი არ ექნებოდა, მაგრამ არჩევნების ალტერნატიულობის ილუზიას მაინც შექმნიდა.
        «მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი» აფხაზ სეპარატისტებს, რა თქმა უნდა, იოტისოდენად არ აღელვებთ, მაგრამ ეს მომენტი საქართველომ მაინც აქტიურად უნდა გამოიყენოს, - არჩევნების უალტერნატივობა, აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ აფხაზ სეპარატისტთა «კონსტიტუციის» შესაბამისად, პრეზიდენტი შეიძლება მხოლოდ აფსუა იყოს, - უეჭველად ავნებს არძინბასა და მისი ჯგუფის «იმიჯს», რასაც მცირე მნიშვნელობა როდი აქვს.
        თქვენ წარმოიდგინეთ, ეს უფრო მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე არჩევნების ჩატარება ქართული მოსახლეობისაგან «გაწმენდილ» ტერიტორიაზე. რას ვიზამთ – ასეთია რეალობა.
        1993-1994 წლებში, საქართველოს შესაბამის სტრუქტურათა უნიათობის გამო, ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა მსოფლიო არძინბას დანაშაულში, ანუ (რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, - ფაქტია) ვერ დავამტკიცეთ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი, რაც, თითქოსდა, «ორჯერ ორი» იყო. ახლა კი გვიან არის.
        ზემოთქმულთან დაკავშირებით, აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნები ჩეჩნეთში. მასში მონაწილეობდა არა მხოლოდ ამჟამინდელი პრეზიდენტი (ასლან მასხადოვი), არამედ ჩეჩენთა თითქმის ყველა ლიდერი. ჩეჩნებს ამის არ შეეშინდათ. აქედან კი ბუნებრივად და ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა: ჩეჩნური საზოგადოება გაცილებით უფრო მეტად კონსოლიდირებულია, ვიდრე დღევანდელი «აფსუანური საზოგადოება».
        მიუხედავად ამისა, არძინბას ჯგუფი კვლავინდებურად სატანისებრი ეშმაკობით მოქმედებს და არც ერთი შეცდომა არ მოსდის. დააკვირდით.: «საპრეზიდენტო არჩევნებს» დაამთხვიეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა: რეფერენდუმი აფხაზეთის დამოუკიდებლობის თაობაზე, თანაც, იმავე სატანისებრი (სეპარატისტული) გაიძვერობით, რეფერენდუმზე ორი კითხვა გამოაქვთ: ერთი «დამოუკიდებლობის» შესახებ, მეორე კი სასამართლო სისტემის თაობაზე.
        საქმე ის არის, რომ ნებისმიერი არჩევნები მსოფლიო საზოგადოებისათვის ყოველთვის ლეგიტიმურია, - თუნდაც იგი ეთნიკურად გაწმენდილ ტერიტორიაზე იმართებოდეს.
        «უკანონო არჩევნები» თანამედროვე ლიბერალთათვის ისევე ჟღერს, როგორც «ხის რკინა», - საუბარი შეიძლება მხოლოდ ლეგიტიმურობის ხარისხზე, მაგრამ არა არჩევნების საერთოდ უკანონობაზე. უკიდურეს შემთხვევაში, არჩევნების შედეგი იმ მოსახლეობის აზრს მაინც ხომ გამოხატავს, რომელმაც მასში მონაწილეობა მიიღო.
        არძინბამ სწორედ სატანისებრი ეშმაკობით გათვალა, რომ ეს ლოგიკა რეფერენდუმის შედეგზეც გადავა, - ამიტომ დაამთხვია არჩევნები რეფერენდუმს.

        ასეთ პირობებში რა შეიძლება იღონოს საქართველომ? რა თქმა უნდა, ბევრს ვერაფერს ვიღონებთ, - ვერც სამშვიდობო ძალების გაყვანას მოვითხოვთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ომის განახლება გარდაუვალი იქნება; პასუხისმგებლობა კი (ამისათვის) საქართველოს დაეკისრება.
        თანაც, რაც უფრო მეტ ისტერიკას ატეხს ქართული მასმედია და ოფიციოზი აფხაზეთში არჩევნებისა და რეფერენდუმის თაობაზე, მით უკეთესი სეპარატისტებისთვის!
        ამით საქართველო თავად დააფიქსირებს მთელი მსოფლიოს თვალწინ აფხაზეთის დე-ფაქტოდ დამოუკიდებლობას. დაუწერელი საერთაშორისო კანონის შესაბამისად, ესა თუ ის ტერიტორია «შენია» მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად აკონტროლებ. თუ ვერ აკონტროლებ, მაშასადამე, «დე ფაქტოდ» შენი არ არის. «დე ფაქტო» რეალობა კი ყოველთვის ისწრაფვის, გადაიქცეს «დე იურედ».
        ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება, თუ რეფერენდუმის შედეგზე დაყრდნობით, სამხრეთ ამერიკის რომელიმე ქვეყანა აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას; არძინბას ღონისძიებისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა რაც შეიძლება ნაკლები ყურადღების მიქცევა, რათა უნებლიეთ ჩვენ თვითონ არ გავუწიოთ რეკლამა ამ ღონისძიებას, მაგრამ საეჭვოა, ესეც მოხერხდეს, ვინაიდან ქართული მასმედიის წარმომადგენელთაგან ასეთი პოზიცია დიდ თავშეკავებასა და სახელმწიფოებრივ შეგნებას მოითხოვს.
        ინფორმაციის გავრცელებას დღეს, რა თქმა უნდა, ვერავის აუკრძალავ, ანუ ვერავის აუკრძალავ (უნებლიედ) არძინბას საქმის კეთებას. რაც შეეხება იმ აზრს, თითქოს «სეპარატისტებს რუსეთის ტელევიზია მაინც მიეშველება» - დღეს არც 1995 წელია და არც – 1992. რუსეთს ამჟამად საკუთარი ხელისუფლების მარაზმი უფრო აინტერესებს, ვიდრე აფხაზეთი. ყოველ შემთხვევაში, მასმედია სწორედ ამ პრიორიტეტით მოქმედებს. ისე კი, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. ამჟამინდელი პროცესები 1993 წლის 27 სექტემბრიდან სავსებით ლოგიკურად გამომდინარეობს. ის მოვლენაც, თავის მხრივ, 1988M89 წლებში იღებს სათავეს.

იგორ ივანოვის ვიზიტი - კრემლის მორიგი თამაში

        რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში რაიმე დოკუმენტის ხელმოწერით არ დასრულებულა. ამჯერად ეს «პროტოკოლური ნიუანსი» ზუსტად ასახავს მოვლენის არსს, ისევე, როგორც თვით ვიზიტის ფორმა – ასეთი ვოიაჟებით (ერთდროულად სამივე ქვეყანაში) რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გეოპოლიტიკური პრიორიტეტის დადასტურებას ცდილობს. თუმცა, რასაკვირველია, სამივე ქვეყნისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს.
        მისი ერთადერთი მოკავშირე (სტრატეგიული მოკავშირე) სამხრეთ კავკასიაში სომხეთია. საქართველოსა და აზერბაიჯანს კი რუსეთი სხვაგვარად აღიქვამს, რაც, სხვათა შორის, უფრო ობიექტური რეალობაა, ვიდრე სუბიექტური - ანუ სუბიექტური მომენტებიდან გამომდინარე.
        რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან ბევრმა პროცესმა უკვე შეუქცევადი ხასიათი შეიძინა, ანუ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ვერასგზით ვეღარ შეიცვლება. როგორი პოლიტიკაც უნდა გაატაროს ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ, დაუჯერებელია, მაგალითად, რუსეთმა შეძლოს აფხაზეთის საქართველოსთვის «დაბრუნება» სამხედრო ბაზების სანაცვლოდ.
        ხაზს ვუსვამ «შეძლოს», ანუ რომც მოინდომოს, მაინც ვერ შეძლებს და არ მოინდომებს.
        «აფხაზეთის დაბრუნებად» წლევანდელი მოვლენა შეიძლებოდა მხოლოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგი ყოფილიყო და არა ერთჯერადი აქტი, რაც არ გამორიცხავდა პროცესის ბოლოს ძალისმიერ მეთოდს, მაგრამ მხოლოდ როგორც «პროცესის დაგვირგვინებას».
        რუსეთს საამისოდ 6 წელი ჰქონდა და არაფერი გაუკეთებია. მისი პოლიტიკა (ამჟამად) მდგომარეობს არა საქართველოს «მოსულიერებაში» აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტით (რომც სურდეს, საამისო ბერკეტებიც არ აქვს - ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით), არამედ ჩვენს დაშინებაში «უარესი პრობლემების» შექმნით ზოგიერთ სხვა რეგიონში.
        მაგალითად, კრემლში ნამდვილად იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავს, მოთხოვოს რუსეთს ბაზების გაყვანა, ვინაიდან მოერიდება თითქმის გარდაუვალ დესტაბილიზაციას, ვთქვათ, ახალქალაქში.
        საბედნიეროდ, ამჟამად გვაქვს მძლავრი კოზირი, როგორიცაა ევროპაში «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» თაობაზე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველომ შეიძლება არ მოითხოვოს ბაზების გაყვანა, მაგრამ თბილისი მოსკოვს სამხედრო ტექნიკის «საკუთარ» კვოტებს არ დაუთმობს და ამ ბაზების ყოფნა საქართველოში უკანონობად იქცევა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპული თანამეგობრობის თვალსაზრისითაც.
        ევროპა კი ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების დარღვევის პრეცედენტს არ დაუშვებს და «საქართველოს საქმეებში» ამჯერად უეჭველად ჩაერევა.
        სხვა პოლიტიკური კონფიგურაცია რუსეთთან დამოკიდებულებაში უკვე არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

გოგი თოფაძის ფენომენი ქართულ პოლიტოკრატიას ანგრევს

        უნდა ვთხოვო მკითხველს, პოლიტოკრატია – პლუტოკრატიაში არ აერიოს. ეს იმთავითვე ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. ქართულ პოლიტიკურ ელიტას წლობით ჩამოყალიბებული ზნე-ჩვეულებანი აქვს, რომელთა «მოშლა» თითქოს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ წარმატებულმა ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ ამ რეალობაში სერიოზული კორექტივი შეიტანა.
        ჯერ ერთი, თოფაძემ, ფაქტობრივად, დაშალა «რესპუბლიკური» პარტია და გადმოიბირა ხმალაძის დაჯგუფება, რომელიც აქამდე «მემარჯვენედ» იყო ცნობილი.
        ამას არ დასჯერდა და ახლა ქმნის ალიანსს მოძრაობასთან «ქართული სახელმწიფოსთვის», მაგრამ თოფაძე (უნდა ვაღიაროთ) გაცილებით უფრო პრინციპული გამოდგა პარტნიორების შერჩევისას, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი «პროფესიონალი პოლიტიკოსი», ვისაც ეგონა (დღემდე ჰგონია), რომ პარტია ქმნის პოლიტიკურ პოზიციას და არა პირიქით, პოზიცია – პარტიას;
        გოგი თოფაძემ კატეგორიული უარი განაცხადა «მოძრაობასთან» გაერთიანებაზე, თუ ამ მოძრაობიდან თემურ ბასილია არ გავიდოდა. ბუნებრივია, ამის მიზეზი არ ყოფილა რაიმე ახირება, ან (მით უმეტეს) მოქალაქეთა კავშირის ბრალდებები «საერთაშორისო დახმარების წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყენების თაობაზე».
        პირველად ქართულ სინამდვილეში, მიზეზი გახდა პოლიტიკური შეუთავსებლობა: გოგი თოფაძეს მიაჩნია, რომ თემურ ბასილია იყო გამტარებელი იმ ეკონომიკური კურსისა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოახვია თავს საქართველოს. ეს კურსი კი მას «მეწარმოებისათვის» დამღუპველად მიაჩნია. გოგი თოფაძე (მიუხედავად «მეწარმეობისა») ტიპური მემარცხენეა. აქედან გამომდინარე, მისი ალიანსი ტიპურ მემარჯვენე პოლიტიკოსთან, ლიბერალთან და სავალუტო ფონდის ნდობით აღჭურვილ პირთან საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა.
        ეს ელემენტარული (ჩვეულებრივი) ლოგიკიდან გამომდინარე, თორემ საქართველოში დღემდე ყველაფერი შესაძლებელი იყო; გაცილებით უფრო გასაგებია გოგი თოფაძის «მონოლოგი» ლეიბორისტებთან, რომლებმაც საბოლოოდ უარი თქვეს «ალიანსზე»; შალვა ნათელაშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ განმეორდება შარშანდელი სენსაცია.
        თუმცა, ისევ და ისევ, - საქართველო საოცრებათა ქვეყანაა. კიდევ ერთი საოცრება იქნება, თუ ნათელაშვილის პარტია (როგორც სოციოლოგები ამტკიცებენ) ნამდვილად შეძლებს ხმათა 10 პროცენტის მოგროვებას;
        ნებისმიერ შემთხვევაში, გოგი თოფაძის უარი თემურ ბასილიასთან გაერთიანებაზე არის პრინციპული (ნამდვილი) პოლიტიკის ძალზე იშვიათი პრეცედენტი საქართველოში.
        მაგრამ სულ სხვა საქმეა, რამდენად შეესაბამება ქვეყნის განვითარების ინტერესებს მრეწველთა მოძრაობის იდეოლოგია.

დილის გაზეთი, 6 სექტემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე