ვის წაართმევს ხმებს გოგი თოფაძე?

        უკვე სავსებით ცხადია, რომ ყოფილ «დასელებთან» და ყოფილ «რესპუბლიკელებთან» გაერთიანებით «მრეწველთა პარტიის» ლიდერი გოგი თოფაძე საკუთარი მოძრაობისათვის ერთგვარი «პოლიტიკური ანტურაჟის» შეძენას ცდილობს.
        რასაკვირველია, თოფაძე ქართული პოლიტიკური ელიტის წევრად (მიუხედავად მისი მილიონებისა) არ აღიქმებოდა. ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და ვახტანგ ძაბირაძე კი, ჩვენში ჩამოყალიბებული უცნაური კანონზომიერებით, უფრო მეტად არიან ანგაჟირებულნი პოლიტიკურ მოღვაწეებად (ჯიბეგამოფხეკილობის მიუხედავად), ვიდრე მილიონერი გოგი თოფაძე, თუმცა თავისი ფუნქცია (რისთვისაც მოიხმო ისინი თოფაძემ) მათ უკვე შეასრულეს და თოფაძის პარტიას «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს» მართლაც შესძინეს ერთგვარი პოლიტიკური ელფერი.
        მაგრამ თუ ისინი მიიჩნევენ, რომ თოფაძე დაუშვებს საარჩევნო პერიოდში «პოლიტიკურ პარტნიორთა» განსაკუთრებულ აქტივობას, - ძალიან ცდებიან. ამ გარემოებას თავად იწვნევენ უახლოეს მომავალში.
        ალიანსის «არათანასწორუფლებიანობა» იმთავითვე თვალნათელია, თუნდაც იმ მომენტების გათვალისწინებით, რომ «დასელები» სიმბოლურად არიან წარმოდგენილნი თოფაძის პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებში (სინამდვილეში, ეს «პარტია», რასაკვირველია, მისი ბიზნესის გაგრძელებაა და თოფაძის კაპიტალის პოლიტიკურ უზრუნველყოფას ისახავს მიზნად); არ შეცვლილა პარტიის სახელწოდება და, რაც მთავარია, «აშკარად მემარჯვენე ორიენტაციის» პარტია შეერწყა (შთაინთქა) ასევე აშკარად მემარცხენე ორიენტაციის (თოფაძის) პარტიას. ამგვარი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს - მართლაც საოცრებათა ქვეყანა ვართ: ორიენტაცია და მრწამსი  ცალკეულმა პიროვნებამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მთელმა პარტიამ?..
        ასე თუ ისე, ალიანსი შედგა, თოფაძის პარტიამ აუცილებელი პოლიტიკური ანტურაჟი შეიძინა და ხმალაძე-შავიშვილი-ძაბირაძის სახით მოიპოვა ტრიადა, რომელიც იცნობს ქართული პოლიტიკის ტექნოლოგიას და საპარლამენტო ბატალიებში (აგრეთვე, საარჩევნო პროცესისას მიმდინარე გააფთრებულ დისკუსიებში) მონაწილეობის გარკვეული გამოცდილებაც აქვს.
        ამჟამად უკვე მთავარი საკითხია, რა ზეგავლენას მოახდენს «თოფაძის პარტიის» შექმნა მომავალი არჩევნების შედეგზე და როგორ გადანაწილდება «პროტესტული ელექტორატის» ხმები.
        ის, რომ თოფაძის პარტიას სწორედ ამ კატეგორიის ელექტორატი დაუჭერს მხარს – იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს. ასევე უეჭველია, რომ «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს» მიიზიდავს ელექტორატის იმ ნაწილს, რომელიც უკმაყოფილოა ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით და ამ თვალსაზრისით კურსის რადიკალურ შეცვლას მოითხოვს.
        «მემარცხენე ორიენტაციის» პარტიებს შორის ამ მოთხოვნის ადეკვატურნი იყვნენ «კომუნისტები», «ლეიბორისტები» და «სოციალისტები». მიუხედავად მსგავსებისა, სამივე პარტიის ელექტორატი გარკვეულწილად მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან.
        «კომუნისტებისა» და «ლეიბორისტების» ამომრჩეველი ერთ კატეგორიად შეიძლება დაჯგუფდეს, თუმცა, «მასწავლებლებისა» და «ექიმების» მოზიდვა უფრო შალვა ნათელაშვილის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ეს «მემარცხენე» ელექტორატი «პროლეტარიზებული» და «ბოლშევიზებულია». მას ნამდვილად ახასიათებს ალერგია და სიძულვილი «კაპიტალის», როგორც ასეთის, და სიმდიდრის მიმართ.
        შალვა ნათელაშვილმა შემთხვევით როდი განაცხადა, რომ «არც ერთ ფულის ქისასთან არ აპირებს შეკვრას». იგი უეჭველად გოგი თოფაძესაც გულისხმობდა. ლეიბორისტთა მხრიდან ეს სავსებით გასაგები და გამართლებული პოზიციაა, ვინაიდან ნათელაშვილის პოლიტიკური იმიჯი «სიღარიბესა და უბრალოებაზე» იგება. გარკვეულწილად განსხვავებული მენტალიტეტი აქვს ვახტანგ რჩეულიშვილის ამომრჩეველს.
        იგი თანახმაა შეეგუოს კაპიტალს, შეეგუოს «ელიტის ფუფუნებას», ოღონდ ამ ელიტამ და კაპიტალმა მას სამუშაო მისცეს, ხელფასი გადაუხადოს, ანუ მისი კუთვნილი «პატარა წილით» დააკმაყოფილოს.
        ბუნებრივია, რჩეულიშვილს მხარს უჭერდნენ საკუთრივ მრეწველები, ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებული არიან «სახელმწიფო პროტექციონიზმის» პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფო მოხელეები, ვისაც ძველი ადმინისტრაციული სისტემა ენატრება და ასე შემდეგ.
        სწორედ ელექტორატის ამ ნაწილს მიიზიდავს გოგი თოფაძის «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს», ანუ მისი პარტია უფრო ვახტანგ რჩეულიშვილის «სოციალისტური პარტიის» კონკურენტია, ვიდრე «ლეიბორისტების», ან «კომუნისტებისა».
        რჩეულიშვილი ამას კარგა ხანია მიხვდა, მაგრამ თოფაძეზე «ღიად» შეტევას მაინც ვერ ბედავს, იმიტომ კი არა, რომ მისი ეშინიათ («ტუი» მშიშარა კაცი არ არის), მაგრამ ხვდება, რომ ამით ისევ და ისევ მმართველ პარტიას გააძლიერებს.
        რასაკვირველია, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ესოდენ «მსგავსი» პარტიები (პროგრამითაც და სოციალური დასაყრდენითაც) უეჭველად გაერთიანდებოდნენ: სულ ცოტა, საარჩევნო ბლოკს შექმნიდნენ, ყველაზე ბევრი – ერთ პარტიად ჩამოყალიბდებოდნენ. მაგრამ საქართველო ხომ ნორმალური ქვეყანა არ არის! ჩვენში პოლიტიკის კანონებს ლიდერთა ამბიცია აღემატება ყოველთვის.
        ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, 5-პროცენტიანი (მით უმეტეს 7 პროცენტიანი) ბარიერი ვერც «სოციალისტებმა «გადალახონ და ვერც «მრეწველებმა».
        როგორც ჩანს, «უკანასკნელ მომენტში» გაერთიანებაც გამორიცხულია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ხმალაძე-შავიშვილი-ძაბირაძის ტრიო (ისევე, როგორც ვახტანგ რჩეულიშვილი) მთლად კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდება.
        გოგი თოფაძე რომ (თუნდაც თეორიულად) «სოციალისტებთან გაერთიანების შანსს» ხედავდეს, იგი «დასელებთან» ალიანსს ნამდვილად არ დათანხმდებოდა.

გენერალურმა შტაბმა აფხაზეთის დაბრუნების სამხედრო გეგმა შეიმუშავა

    მოსკოვურ გაზეთ «იზვესტიას» ცნობით, საქართველოს შეიარაღებულ ძალთა გენერალურ შტაბში შემუშავებულია აფხაზეთში იურისდიქციის აღდგენის სამხედრო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ძალის გამოყენებას და არმიის შეყვანას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
        «იზვესტიას» ცნობით, გეგმა შეიმუშავა ქართველ ოფიცერთა ჯგუფმა გენერალ ჯონი ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით. იგი ითვალისწინებს ფართომაშტაბიანი ელვისებური ოპერაციის განხორციელებას აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ.
        გეგმის თანახმად, შეტევა აფხაზეთის სიღრმეში უნდა დაიწყოს არა ზუგდიდი-გალი-ოჩამჩირეს მიმართულებით, არამედ საჰაერო და საზღვაო დესანტის მეშვეობით ერთდროულად რამდენიმე წერტილში.
        მაგალითად, თუ ქართული დესანტი გადმოსხდება და დაიკავებს ანუარხუს სიმაღლეს, კოდორის შესართავს და ასე შემდეგ - «შუბლში შეტევა» გალის საფორტიფიკაციო ნაგებობებზე შესაძლებელი გახდება.
        გეგმით, აგრეთვე, გათვალისწინებულია სეპარატისტთა ძალების დაქსაქსვა და აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება – ტყვარჩელის ჩათვლით, რომლის «ზურგში» დატოვება წინა სამხედრო კამპანიის უმთავრესი შეცდომა იყო.
        რა თქმა უნდა, თავისთავად ამ გეგმის შემუშავებაში გასაკვირი არაფერია – გენერალური შტაბი სწორედ იმისათვის არსებობს, რომ სხვადასხვა სამხედრო განზრახულობა დაამუშაოს და ყველანაირი გეგმა «მზად ჰქონდეს» - პოლიტიკური ვითარების შესაძლო ცვლილების შესაბამისად.
        სხვა საქმეა რეალობა და გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს გარშემო. სურვილი – ერთია, რეალობა - სხვა. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, ანუ (თუ ამ ფორმულას გავშიფრავთ) პოლიტიკა არის იმ შესაძლებლობის რეალურად განხორციელებისა და გამოყენების ხელოვნება, რომელიც სინამდვილეში არსებობს.
        აფხაზეთის პრობლემის ძალით გადაწყვეტას არ მიესალმება და ხელს არ შეუწყობს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ დასავლეთიც. დასავლეთის აქტივობა ამ თვალსაზრისით პოლიტიკური დემარშებით შემოიფარგლება და არა საქართველოს დაბომბვით (სერბეთის მსგავსად), მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არც ესაა ცოტა – თუ გავითვალისწინებთ დასავლური ფინანსური დახმარების მნიშვნელობას საქართველოში ეკონომიკის ფუნქციონირებისა და, ზოგადად, სახელმწიფოებრივი სტაბილურობისათვის.
        გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რა პოზიციას დაიკავებს თურქეთი, ჩრდილოეთ კავკასია, რუსეთის ხელისუფლება, გენერალიტეტი და ასე შემდეგ.
        ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უეჭველად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ უკეთეს შემთხვევაში (!) სამშვიდობო ძალთა გაყვანისა და საომარი ოპერაციის «ელვისებურად განხორციელების» შემდეგ, საქართველო ჩაეფლობა ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ ომში, რომელიც თანდათანობით დაანგრევს ეკონომიკური თუ ყველა სხვა სახის რეფორმის შედეგს და კვლავ დააბრუნებს ქვეყანას 1993 წლის ჯოჯოხეთში ყველა თვალსაზრისით - შეიარაღებულ ფორმირებათა თარეშისა და კრიმინალური ანარქიის ჩათვლით.
        უარეს შემთხვევაში კი, საომარი მოქმედებები უმალვე «გადმოინაცვლებს» სამეგრელოს ტერიტორიაზე.

        მაგრამ ზემოთქმული იმას არ ნიშნავს, თითქოს შექმნილი ვითარება გვაიძულებს «გულხელდაკრეფილნი» ვისხდეთ;
        ქართველების წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარებით აფსუა სეპარატისტთა გამარჯვებამ თანდათან გამოაღვიძა ჩერქეზულ-ადიღეური ნაციონალიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს პრობლემა იმდენად გამწვავდა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი სტეპაშინიც კი იძულებული გახდა, ცნობილი განცხადება გაეკეთებინა ჩერქეზთა ლიდერის - აკბაშევის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ღიად აცხადებს ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული აფხაზურ-ადიღეური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას და ამ მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებასაც შესაძლებლად მიიჩნევს.
        კიდევ უფრო რადიკალურ პოზიციაზე დგას აბაზინი კილბა, რომელიც შამილ ბასაევის დიდი მეგობარია და მასთან ერთად ხელმძღვანელობდა, ეგრეთ წოდებულ «მთიელ ხალხთა» კონფედერაციის რაზმებს აფხაზეთში.
        «ყარაჩაელებთან» დაპირისპირება, რა თქმა უნდა, მხოლოდ საბაბია ადიღურ-ჩერქეზული ნაციონალიზმისათვის.
        ეს ყოველივე მოსკოვს აშკარად აღიზიანებს, მაგრამ, ვინაიდან იგი არ აპირებს ომის დაწყებას ამჯერად ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილში, - უეჭველად შეეცდება გამოიყენოს ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ბერკეტი.
        დავაკვირდეთ, როგორ შეიცვალა რუსული მასმედიის ტონი აფსუა სეპარატისტთა მიმართ; გავიხსენოთ, აგრეთვე, უკანასკნელი ინციდენტი, როდესაც თურქეთიდან აფხაზეთში მოჰაჯირთა ჩამოსახლებისთანავე გალის რაიონში მოკლეს ორი ძალზე პოპულარული და «დამსახურებული» სეპარატისტი – თითქოს ქართველმა პარტიზანებმა და აფხაზეთის ლეგიტიმურმა სტრუქტურებმა «სანქცია» მიიღეს, რათა არძინბასათვის მოსკოვს ჭკუა ესწავლებინა.
        თბილისისა და მოსკოვის ამგვარი ურთიერთქმედება სეპარატისტთა წინააღმდეგ სავსებით შესაძლებელია და მიზანშეწონილიც; ურთიერთქმედების ინსტრუმენტი უნდა გახდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ხელისუფლება, რომელიც სეპარატისტებს არასდროს შეურიგდება.
        მიზანშეწონილი იქნებოდა, აგრეთვე, ზოგიერთ ტაქტიკურ საკითხში მოსკოვთან დათმობები (მაგალითად, რუსი «მშვიდობისმყოფელების» მანდატის გაგრძელება და ასე შემდეგ), რათა მოსკოვს თავის მხრივ «პოლიტიკური ვაჭრობა» გაადვილებოდა.
        რა თქმა უნდა, ეს ყოველივე აფხაზეთს დაუყოვნებლივ არ დაგვიბრუნებს, მაგრამ სეპარატისტებს უეჭველად გაურთულებს ცხოვრებას როგორც აფხაზეთში, ასევე ჩრდილო კავკასიაში;
        თუ არძინბამ, კილბამ, აკბაშევმა, ბასაევმა და სხვებმა 1992 წელს აქტიურად გამოიყენეს რუსეთთან «ინტერესთა თანხვედრის» ფაქტორი საქართველოს საწინააღმდეგოდ და ამის სრულებითაც არ რცხვენოდათ (არც ამჟამად რცხვენიათ) საქართველო რატომ არ შეიძლება მათ «მათებურად» მოექცეს?

პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს

            რამდენიმე დღის წინ ედუარდ შევარდნაძემ უცხოელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე მომავალი წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას.
        შევარდნაძეს, როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ალბათობა უეჭველად მიაჩნია. სამაგიეროდ, საპარლამენტო არჩევნების შედეგს დანამდვილებით ვერავინ იწინასწარმეტყველებს.
        დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ორივე სახელისუფლებო პარტია («აღორძინება» და «მოქკავშირი») უეჭველად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ რა დოზითა და ფუნქციით «შევა» მომავალ საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი ოპოზიციური «კოალიცია»?
        წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც უმრავლესობას პარლამენტში ამჟამინდელი ოპოზიცია (აღორძინება – მრეწველები - ლეიბორისტები) მოიპოვებს. ვითარების მოდელირება ამ შემთხვევაში არც ისე რთულია.
        ჯერ ერთი, საქართველოს «ოპოზიციური» პარლამენტი უეჭველად მემარცხენე იქნება თავისი მიმართულებით. «მემარჯვენე ოპოზიციური» პარლამენტი წარმოუდგენელია, ვინაიდან, რომც არსებობდეს ესოდენ ძლიერი «მემარჯვენე-ოპოზიციური» კოალიცია, რომელიც ამჟამინდელზე უფრო მეტად «მემარჯვენე» პოლიტიკის გატარებას შესთავაზებდა ქვეყანას, - იგი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს იმ ელემენტარული მიზეზით, რომ დღევანდელზე რადიკალური «მემარცხენე», პოლიტიკის გატარება, ვთქვათ, ეკონომიკის სფეროში ნამდვილად წარმოუდგენელია.
        რაც შეეხება კორუფციას, «მემარჯვენე ოპოზიცია» მოსახლეობას ვერასგზით დაარწმუნებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში «მოქალაქე კორუფცირებულებს» - «ოპოზიციონერი კორუფცირებულები» არ შეცვლიან.
        ამაში თავის ამომრჩეველს ვერც «მემარცხენე ოპოზიცია» დაარწმუნებს; სამაგიეროდ, ხელისუფლებაში (პარლამენტში) უმრავლესობის მოპოვებისას მას ნამდვილად შეეძლება, შეცვალოს ამჟამინდელი სახელმწიფოებრივი კურსი ეკონომიკის სფეროში. მაგრამ რა პროცესები მოჰყვება ამას სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით?
        აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოური სივრცეზე არცერთ ქვეყანაში (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) არ დაუფუძნებიათ იმდენად «ხისტი» სახელისუფლებო სისტემა, როგორიც საქართველოში დააფუძნა 1995 წლის კონსტიტუციამ;
        ამაშიც გამომჟღავნდა ქართული მეტიჩრობა და კუდაბზიკობა.
        იმთავითვე ცხადი იყო, რომ «ამერიკული მოდელი» საქართველოში (ძალიან სუსტი სახელმწიფოებრივი ტრადიცისა და კულტურის ქვეყანაში) დამანგრეველი პრობლემების გარეშე იმუშავებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მხარდამჭერი იქნებოდა.
        იმ შემთხვევაში კი, თუ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ოპოზიციური იქნება, - საქართველოში ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემები წარმოიშობა. ეს არის ობიექტური ფაქტი და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მხარე (აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება) იქნება დამნაშავე ამგვარ პრობლემათა წარმოშობაში.
        მნიშვნელობა არა აქვს ქვეყნისთვის, თორემ თვით მხარეებისთვის შესაძლოა, კიდეც იყოს მნიშვნელოვანი.
        გარდა ამისა, «ბრალეულობის» საკითხი ყოველთვის საკამათოა და არაერთმნიშვნელოვანი. ისიც ფაქტია, რომ ყველა ქვეყანა (თვით ამერიკის შეერთებული შტატების გარდა), რომელმაც ხელისუფლებათა გაყოფის «ამერიკული მოდელი» აირჩია, - რამდენიმე წელიწადში სამოქალაქო ომამდე მივიდა.
        აქ გამონაკლისი უბრალოდ არ არსებობს: საკმარისია, დავაკვირდეთ, რა ხდებოდა და ხდება ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
        ღმერთმა ქნას, მხოლოდ საქართველო აღმოჩნდეს გამონაკლისი, თუმცა სასწაულები არ ხდება.
        გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლიბერალური რეფორმა საქართველოში ჯერ არ ქცეულა შეუქცევადად; უფრო ზუსტად, მან ჯერ ვერ მოასწრო ისეთი სოციალური მიმართებებისა და სისტემის ჩამოყალიბება, რომელთა შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა; აქედან გამომდინარე, 1999 წლის არჩევნები საქართველოსთვის მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

დილის გაზეთი, 5 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე