ვაშინგტონი ახალი ყარა-ყორუმი არ არის
       

        ედუარდ შევარდნაძის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც შემდგომ სტრასბურგში ცნობილ ისტორიულ ცერემონიალზე დასწრება მოჰყვა, საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
        გასაკვირი არც არის, ვინაიდან ეს ვიზიტი გარეშე დამკვირვებელთა და მონაწილეთა უმრავლესობამ სავსებით სამართლიანად აღიქვა, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის საბოლოო დაფიქსირება, - დასავლური ვექტორის ჩამოყალიბება და ერთგვარი სამომავლო განაცხადი.
        ფაქტობრივად, 22 აპრილს, როდესაც საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა პირველი შეხვედრები გამართა ჰიუსტონში - მან მორიგი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო. როგორც ცნობილია, არჩევნები მომავალი წლის 9 აპრილს (!) უნდა გაიმართოს. ის არჩევნები მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან 2000 წლისათვის პროცესები საქართველოში ისეთ ინერციას შეიძენს, შემდგომში მათი «გარდატეხა» შეუძლებელი გახდება.
        მეორეს მხრივ, თავისთავად ამერიკაში ვიზიტი წმინდა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო; რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოს 50 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც მე-20 საუკუნის უკანასკნელ მაშტაბურ მოვლენად იქცა.
        ჰიუსტონი, სადაც ვიზიტი დაიწყო, მსოფლიო ნავთობმრეწველობის ცენტრია. თავისთავად ტეხასის შტატში «შავი ოქროს» მოპოვება მინიმალურია, მაგრამ ჰიუსტონში კონცენტრირებულია «სანავთობო კაპიტალი» და, მასთან ერთად, რა თქმა უნდა, უდიდეს კორპორაციათა შტაბ-ბინები - შევრონის გარდა, რომლის ცენტრი სან-ფრანცისკოა.
        ჰიუსტონიდან იმართება ყველა პროცესი ნავთობის სფეროში - მსოფლიოს ყველა რეგიონში, დაწყებული ახალი აღმოსავლეთიდან, დამთავრებული ამჟამად უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცით და თვით რუსეთითაც კი.
        თავისთავად ერთობ სიმბოლურია, რომ ედუარდ შევარდნაძეს ჰიუსტონში ენრონის პრემია მიენიჭა. «ენრონი» ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზრის თითქმის 15 პროცენტს აკონტროლებს; მაშასადამე, მისი კაპიტალი, ასეულობით მილიარდი დოლარია.
        ნიშანდობლივი კი სწორედ ის არის, რომ ენრონის პრემია შევარდნაძეს გადაეცა რაისის უნივერსიტეტის ჯეიმს ბეიკერის ინსტიტუტში. ამით ხაზი გაესვა ამერიკის ფინანსური ელიტისა და ისტებლიშმენტის ერთობას.
        ედუარდ შევარდნაძის დამსახურება «პერესტროიკის» პერიოდში თანამედროვე ტეხასელ ნავთობმაგნატებს ერთობ პრაგმატულად ესმით. რასაკვირველია, შევარდნაძე თვით ჯეიმს ბეიკერისა და ისტებლიშმენტისათვის რჩება «შევი»-დ, რომელთანაც დასავლეთი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ცივი ომის დასრულების პერიოდში, მაგრამ «ენრონის» მესვეურებს ეს უკვე თითქმის აღარ ახსოვთ, - მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ ედუარდ შევარდნაძე ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს, რომელსაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საკვანძო მდებარეობა აქვს ახალ სატრანსპორტო მაგისტრალზე ცენტრალური აზიიდან - ევროპისაკენ.
        ენრონის პრემია გამოხატავს არა მხოლოდ წარსულ დამსახურებას, არამედ სამომავლო პერსპექტივას ევრაზიული დერეფნის აღორძინების თვალსაზრისით.
        ნავთობმაგნატებისათვის ეს არის სავსებით კონკრეტული პროექტი, რომელმაც მათ მილიარდობით დოლარის მოგება უნდა მოუტანოს. თუმცა, ისე ნუ წარმოიდგენთ, თითქოს ამერიკული ისტებლიშმენტის ნოსტალგიურ განწყობას არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს საქართველოსთვის - ამერიკა იმდენად დიდი და ძლიერი ქვეყანაა, რომ ელიტის მნიშვნელოვანი სეგმენტის კეთილგანწყობას უეჭველად პოლიტიკური წონა და დატვირთვაც ენიჭება.
        ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა (ამერიკაში მყოფ პრეზიდენტებს სიკვდილამდეც და სიკვდილის შემდეგაც მხოლოდ «პრეზიდენტად» მოიხსენიებენ - ამ ქვეყანაში «ექს-პრეზიდენტი» არ არსებობს) სასტუმროში მოინახულა შევარდნაძე მეუღლესთან, - ბარბარასთან ერთად. ეს თითქმის უპრეცედენტო მოვლენაა, - ბუში ამჟამად ჰიუსტონის გარეუბანში, მილიარდერთა უბანში, საკუთარ ვილაში ცხოვრობს და იშვიათად სტოვებს მას.
        იმავე რაისის უნივერსიტეტში გამართული ნოსტალგიური საღამო მხოლოდ ჯეიმს ბეიკერისათვის იყო სასიამოვნო მოგონება - ედუარდ შევარდნაძე კი სავსებით კონკრეტულ მიზანს ისახავდა, - დაედასტურებინა, რომ იგი აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და პოლიტიკური კარიერის ეს მონაკვეთი მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ანუ ჯეიმს ბეიკერის ინსტიტუტში ერთმანეთს აშკარად შეხვდნენ მოქმედი პოლიტიკოსი და ყოფილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც დიდ პოლიტიკაში უკვე ვეღარასოდეს დაბრუნდება.
        ოფიციალურად ჰიუსტონში ედუარდ შევარდნაძე კომპანია «ფრონტერა-რისორსიმ» მიიწვია. ეს კომპანია ორი წელიწადია ნავთობსაძიებო სამუშაოებს აწარმოებს საქართველოში - კერძოდ კახეთში, სადაც კომპანიის ექსპერტთა მტკიცებით, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ტონა ნავთობის მარაგია.
        ჯერ-ჯერობით, ამ მარაგიდან არც ერთი ლიტრი არ არის მოპოვებული; მიუხედავად ამისა, კომპანიის პრეზიდენტი სტივენ ნიკანდროსი იმდენადაა დარწმუნებული ნავთობის არსებობაში, რომ უკვე მილიონობით დოლარი დახარჯა ნავთობსაძიებო სამუშაოებში.
        კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჰიუსტონში ვიზიტის შედეგად განხორციელდება, ფოთის პორტში ჰიუსტონის კომისიონერთა მიერ სერიოზული თანხების ინვესტირება იქნება.
        ყველაზე მეტად საინტერესო კი ის არის, რომ ჰიუსტონის პორტში შეხვედრისას ედუარდ შევარდნაძე კვლავ დაუბრუნდა პრივატიზების «ამერიკულ მოდელს», რომელიც თითქოსდა უარყოფილი იქნა ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად საქართველოში. უპირატესობა «გერმანულ მოდელს» მიენიჭა, - მაგრამ ჰიუსტონის პორტის მაგალითი სწორედ ამერიკული მოდელის ეფექტურობას ადასტურებს.
        მასშტაბებიც მეტყველებს ამ ეფექტურობაზე - ჰიუსტონის პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში 160 მილიონი ტონაა (ფოთის პორტისა - 5 მილიონი); მხოლოდ ჰიუსტონის პორტის ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტს 20-ჯერ აღემატება.
        კომენტარები, რა თქმა უნდა, ზედმეტია. თითქოსდა, რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ ფოთის პორტისადმი ჰიუსტონელ კომისიონერებს, მაგრამ აქაც ასრულებს გარკვეულ როლს ევრაზიული დერეფნის პროექტი, რომელიც მრავალი ეკონომიკური პროექტის «გასაღები» ხდება.
        კონკრეტული მოლაპარაკება გაიმართა აგრეთვე სახელგანთქმული დოქტორ დე ბეიკეს კარდიოლოგიურ კლინიკაში, სადაც 1992 წლის გენიალური ქირურგის ძეგლი დგას - მიუხედავად იმისა, რომ თავად დე ბეიკე კვლავაც ყოჩაღადაა და თავს მშვენივრად გრძნობს.
        1996 წელს დოქტორმა დე ბეიკემ ელცინის მკურნალობას უხელმძღვანელა, მაგრამ მასთან შეხვედრისას ედუარდ შევარდნაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ დე ბეიკეს დახმარება უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში არ დასჭირდება.
        არ არის გამორიცხული, სწორედ დე ბეიკესთან შეხვედრისას გაიმართა კონფიდენციალური მოლაპარაკება ჰეიდარ ალიევისათვის გულის შუნტირების ოპერაციის თაობაზე, რაც განხორციელდა კიდეც რამდენიმე დღის შემდეგ, ოღონდ არა ჰიუსტონში, არამედ დე ბეიკეს ერთ-ერთ შვილობილ კლინიკაში.
        დე ბეიკემ დიდსულოვნად განაცხადა, რომ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს საქართველოში კარდიოლოგიური ცენტრის ასაშენებლად.
        ეს არც ისე დიდი თანხაა დე ბეიკესათვის - დაახლოებით მისი ათი თვის შემოსავალი. მეორე მხრივ, თუ ასეთი კლინიკა საქართველოში აშენდა, იგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს კავკასიას მოემსახურება.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        მიუხედავად ვაშინგტონის თითქოსდა ინდიფერენტულობისა, ეს ქალაქი აპრილის მიწურულს ნატოს სამიტით ცხოვრობდა: ამერიკელები იმასაც კი მოესწრნენ, რომ ვაშინგტონის რამდენიმე ცენტრალური პროსპექტი სამი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო, - უმთავრესად უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე; იმავდროულად, სწორედ ნატოს სამიტის დროს განსაკუთრებული გააფთრებით იმართებოდა თეთრ სახლთან ახლოს მდებარე «ლაფაეტ-პარკში» ამერიკელი სერბების დემონსტრაციები იუგოსლავიის დაბომბვის საწინააღმდეგოდ. ერთ-ერთ პლაკატზე ჩვენთვის მტკივნეულად ნაცნობი ლოზუნგი იყო: «კოსოვო - სერბეთია». ძალაუნებურად გაგახსენდება ლოზუნგი «აფხაზეთი - საქართველოა», რომელიც რუსმა ჟურნალისტებმა თავის დროზე საცინლად ააგდეს. მაგალითად, ერთი მათგანი ქილიკობდა: «თუ აფხაზეთი საქართველოა, მაშინ რა განსხვავებაა ლტოლვილებისათვის აფხაზეთში იცხოვრებენ თუ საქართველოში - იცხოვრონ საქართველოში და ჩათვალონ, რომ ცხოვრობენ აფხაზეთში».
        იგივე რუსი ჟურნალისტები ამჟამად სრულებითაც არ ქილიკობენ სერბთა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. პირიქით ყოველმხრივ თანაუგრძნობენ და ეხმარებიან ერს, რომელიც «თავის ქვეყნის მთლიანობისათვის იბრძვის». მით უმეტეს, რომ სერბთა განცხადებით, კოსოვო მათთვის უფრო მეტია, ვიდრე ტერიტორია - «კოსოვო, - სერბეთის სული და გულია» გაჰყვიროდა მეგაფონში შუა ხნის სერბი. მეორეს მხრივ, ჩვენ რომ სერბთა ეშმაკობის მეათედი გვქონოდა, აფხაზეთს ასე იოლად არ დავთმობდით. მაგალითად, ამერიკელი სერბები ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, რომელთაც სწორედ ამერიკაში ექნებოდათ უეჭველად «გასავალი» - ისინი მოუწოდებდნენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, ანუ, ფაქტობრივად ამერიკის მთელ სრულწლოვან მოსახლეობას იუგოსლავიის წინააღმდეგ ომისათვის გამოყოფილი თანხები გამოეყენებინათ ამერიკის შიდა საჭიროებისათვის. ვთქვათ, დამნაშავეობის აღმოსაფხვრელად.
        ამერიკელთათვის ეს «რჩევა» მეტად საყურადღებო იყო, ვინაიდან ამერიკული საზოგადოება სამიტის გახსნამდე სამი დღით ადრე შეძრა კოლორადოს ტრაგედიამ, სადაც ორმა ახალგაზრდა მანიაკმა ათეულობით თანატოლი გამოასალმა სიცოცხლეს.
        კოლორადოს ტრაგედია, ომი იუგოსლავიაში და იაპონური «ტელეკომის» გაერთიანების პერსპექტივა ამერიკულ ტრანსნაციონალურ გიგანტთან - აი, ის თემები, რომელიც იმჟამად აღელვებდა ამერიკულ საზოგადოებას; თანაც კოლორადოს მოვლენა და მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ომი შორეულ იუგოსლავიაში.
        ნატოს სამიტი დაიწყო 19 «ნამდვილ წევრის» შეკრებით - მელონ აუდიტორიუმში. სამიტზე ყველაზე მოულოდნელი იყო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც მრავალმნიშვნელოვნად ისაუბრა ვიღაც «ამერიკელ ფაშისტებზე», რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თუ იუგოსლავიაში საომარი მოქმედებები უახლოეს მომავალში არ დასრულდება, მართლმადიდებელი საბერძნეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ერთმორწმუნე იუგოსლავიის წინააღმდეგ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
        სამაგიეროდ, იმავე საზეიმო სხდომაზე ყველაზე მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი იყო პოლონეთის პრეზიდენტი, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა კიდეც უნგრეთი იმის გამო, რომ მას სურს მოიპოვოს ნატოს «ფარი», მაგრამ თავად არ იკისროს პასუხისმგებლობა.
        აქ იგულისხმება ბუდაპეშტის უარი, დაუთმოს ტერიტორია ნატოს სახმელეთო ჯარებს - სერბეთში შეჭრისათვის.
        თუმცა, უნგრელთა შიში გასაგებია, ვინაიდან, მათ მოსაზღვრე სერბეთში ნახევარი მილიონი უნგრელი ცხოვრობს. აქედან სამასი ათასი - უშუალოდ უნგრეთთან მიმდებარე პროვინცია « ვოევოდინაში».
        ნატოს სამიტმა მიიღო «ვაშინგტონის დეკლარაცია», «განცხადება კოსოვოს თაობაზე», «კომუნიკე ნატო - უკრაინის ერთობლივი კომისიის სხდომის შესახებ» (ეს სხდომა ვაშინგტონში გაიმართა, რითაც ხაზი გაესვა, რომ უკრაინის აქტიური მონაწილეობა სამიტში რუსეთის ბოიკოტის კომპენსაციაა), აგრეთვე ნატოს «სტრატეგიული კონცეფცია» - უაღრესად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც მეტყველებს, რომ მეოცე საუკუნის დასრულებასთან ერთად არა მხოლოდ ქრონოლოგიურად, არამედ პოლიტიკურადაც დასრულდა და ისტორიას ჩაბარდა ძველი ეპოქა - ყველა მისი ატრიბუტით და საერთაშორისო სტრუქტურით; მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციით.
        ვაშინგტონში უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ამ ორგანიზაციამ თავისი დრო მოჭამა. ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე ეგრეთ წოდებულმა «ერთა ლიგამ». გაერო ამჟამად უკვე არაცივილიზებულობის, ანტიჰუმანიზმის და სხვადასხვა გეოპოლიტიკური პროვოკაციის იარაღად იქცა. საკმარისია გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები იუგოსლავიასთან დაკავშირებით: მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის გარდა თანახმა იყო და კატეგორიულად მოითხოვდა ძალის გამოყენებას მილოშევიჩის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, მით უფრო ერთსულოვანი იყო ამ თვალსაზრისით ევროპა, რომლის ცენტრში მდებარეობს იუგოსლავია, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგობისა და მის მიერ «ვეტოს» გამოყენების შედეგად, გაერომ ვერ შეძლო შესაბამისი რეზოლუციის მიღება - განა აბსურდი არ არის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მომხრე იყოს ამა თუ იმ საერთაშორისო აქციის განხორციელებისა, მაგრამ ამ აქციის ლეგიტიმაცია მაინც ვერ მოხერხდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგობის გამო?!
        ნატოს კონცეფციაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი იტოვებს უფლებას, განახორციელოს სამხედრო აქცია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, აგრეთვე ცივილიზაციის მიერ გამომუშავებული ნორმების დასაცავად მთელს ევროატლანტიკურ სივრცეზე ატლანტის ოკეანიდან - ცენტრალურ აზიამდე გაეროს თანხმობის გარეშეც; ფორმალურად იუგოსლავიის დაბომბვა უკანონოა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, მილოშევიჩის მიერ კაცობრიობისა და ადამიანურობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს, - საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია სავსებით ადეკვატურია.
        სამიტის დამთავრებისთანავე რაფინირებული ინტელექტუალური ცინიზმით ცნობილ «ნეზავისიმაია გაზეტა»-ში ვინმე ალან კასაევის შხამითა და ღვარძლით აღსავსე პასკვილი დაიბეჭდა. «ალანი» საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის პრეზიდენტებს საყვედურობდა, რომ თურმე, ნუ იტყვით, ისინი ვაშინგტონში გაემგზავრნენ როგორც «ოქროს ურდოს» დედაქალაქში, ანუ (პასკვილის ავტორს ამის თქმა სურდა) - ისინი ახალ «სუზერენს», მონღოლურად ახალ «ყეენს» ეწვივნენ, მსოფლიო იმპერიალიზმის ცენტრში»
        ალან კასაევის მაგვარ ინტელექტუალებს რომ ჰკითხოს კაცმა «მესამე რომი» მოსკოვი კი არა, ვაშინგტონი გამოდის.
        ისინი ქმნიან სტერეოტიპს: ნატოს მართავს ამერიკა, რომელიც ახალი მსოფლიო იმპერიაა. ყველა სხვა ქვეყანა (რა თქმა უნდა, რუსეთის გარდა) ამერიკის სატელიტია.
        ეს სტერეოტიპი თავიდან ბოლომდე ყალბია. რასაკვირველია, ნატო დემოკრატიული სახელმწიფოების კავშირია, რომელშიც ნებისმიერი გადაწყვეტილება კოლექტიურად მიიღება და არა ერთი რომელიმე ქვეყნის დიქტატით.
        უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთი მარტივი მაგალითით დავკმაყოფილდებით იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად ყალბია მტკიცება ამერიკული ნეოიმპერიალიზმის შესახებ: როდესაც «მელონ აუდიტორიუმში» ევროატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტთა სხდომა დამთავრდა, საოცარი სურათის მომსწრენი გავხდით - 41 პრეზიდენტი ვიწრო დერეფანში თავიანთი ქვეყნების დროშებთან დაამწკრივეს, რათა შემდგომ «მარშით» გაეყვანათ აუდიტორიუმის წინ პოდიუმზე, სადაც ერთობლივი ფოტოგრაფირება იყო დაგეგმილი. ცოტა არ იყოს, კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებდა ათეულობით ძლევამოსილი პოლიტიკოსი (მათ შორის, გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, ყაზახეთის პრეზიდენტი, უზბეკეთის პრეზიდენტი) ბატებივით ჩამწკრივებულნი რომ მიაბიჯებდნენ ვიწრო დერეფანში პოდიუმისკენ. გარეშე დამკვირვებელს შეიძლებოდა ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ წინასწარგანზრახულად დაამცირა სტუმრები, რათა ხაზი გაესვა ამერიკის განსაკუთრებულობისა და უპირატესობისათვის, მაგრამ ეს შთაბეჭდილება უმალვე გაქარვდა, როდესაც დავინახეთ ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც საერთო მწკრივში, აგრეთვე ბატივით, სულელური ღიმილით მიაბიჯებდა (მე-20 თუ 25-ე) - იმავე პოდიუმისაკენ.
        კლინტონს შეიძლებოდა კიდეც ჰქონოდა სურვილი თვითონ ამ სულელური მდგომარეობიდან დაეძვრინა თავი (ასეთი სამიტების შემდეგ ერთობლივი სურათის გადაღება ხუმრობა საქმე არ გეგონოთ) მაგრამ ამის საშუალებას კოლეგები არ მისცემდნენ; ამიტომ, ამერიკის ძლევამოსილების და უძლეველობის მიუხედავად, პრეზიდენტი კლინტონი ნატოს სრულუფლებიან და თანასწორუფლებიან წევრ ლუქსემბურგის ჰერცოგთან ერთად(!) მიაბიჯებდა საერთო მწკრივში.
        უმალვე გამახსენდა დსთ-ს ბოლო სამიტზე მოსკოვში მომხდარი ტრაგიკომიკური სცენა, როდესაც პრეზიდენტმა ელცინმა საკუთარ კაბინეტში სურათის გადაღებამდე «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა» პრეზიდენტები ისე გაამწკრივა «სტროიში», როგორც მკაცრმა სერჟანტმა და ნახევარსაათიანი «ვზბუჩკა» მოუწყო.
        რა თქმა უნდა, ეს თითქოს წვრილმანია, მაგრამ ასეთი წვრილმანებიდანაც ჩანს, სინამდვილეში ვინ ინარჩუნებს იმპერიალისტურ მენტალიტეტს, შოვინისტურ სულისკვეთებას და ვინ არის ჭეშმარიტად თავისუფლებისა და დემოკრატიის გარანტი ჩვენს პლანეტაზე. მათ შორის საქართველოსთვისაც, თუ ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს.
       

დილის გაზეთი, 3 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე