საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანა უახლოესი მომავლის საქმეა
       

        როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან ამ ქვეყნის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე.
        4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვარდიკო ნადიბაიძემ და პავლე გრაჩოვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთის ბაზების თაობაზე, რომლის ძალითაც, ჩვენს ქვეყანაში 25 წლის განმავლობაში უნდა არსებულიყო ოთხი სამხედრო ბაზა თბილისში (ვაზიანში), ბათუმში, ახალქალაქსა და გუდაუთაში.
        25 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ვადის გაგრძელება კიდევ 5 წლით, შემდგომ კიდევ 5 წლით და ა.შ. - დაუსრულებლად.
        ერთი სიტყვით, ეს ხელშეკრულება «აკანონებდა» რუსეთის სამხედრო «ყოფნას» საქართველოში განუსაზღვრელი ვადით. სანაცვლოდ ხელისუფლება აყენებდა უმთავრეს პირობას: რუსეთი უნდა დახმარებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და აღეჭურვა ქართული არმია უახლესი იარაღით.
        ვერც ერთი ეს პირობა რუსეთმა არ შეასრულა; თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, ქვეყნის პრეზიდენტს, როდესაც იგი დოკუმენტს ხელს აწერდა, ჰქონოდა ილუზია, თითქოს რუსეთი საქართველოს «აფხაზეთს დაუბრუნებდა» ან «არმიის მშენებლობაში» დაეხმარებოდა, ვინაიდან რუსეთის ეროვნულ - სახელმწიფოებრივ ინტერესებს ობიექტურად ეწინააღმდეგება სამხრეთ კავკასიაში სტაბილური, ერთიანი და სახელმწიფოებრივად ძლიერი საქართველოს არსებობა.
        მიუხედავად ამისა, ტაქტიკური თვალსაზრისით, დოკუმენტის გაფორმება მაინც მიზანშეწონილი ნაბიჯი იყო, რათა ქართული საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც კიდევ აქვს ილუზია «რუსეთის მეშვეობით საქართველოს პრობლემათა გადაწყვეტისა», საბოლოოდ დარწმუნებულიყო: რუსეთის მეშვეობით, რუსეთისადმი დათმობებით ჩვენი ქვეყანა ვერც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემას ვერ გადაწყვეტს - ჯერ ერთი იმიტომ, რომ რუსეთი არ მოინდომებს; გარდა ამისა, რუსეთში იმდენად რთული და გაურკვეველი ვითარებაა, მას მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება აღარც კი ძალუძს - თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
        მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, ანუ არ გააფორმებდა ხელშეკრულებას რუსეთთან ბაზების თაობაზე, მაშინ პოლიტიკურ წრეებში და განსაკუთრებით, ელიტარული ინტელიგენციის იმ დაჯგუფებაში, რომელიც ტრადიციულად პრორუსულადაა განწყობილი, უეჭველად ჩამოყალიბდებოდა სტერეოტიპები: «აი, შევარდნაძეს რუსეთისთვის ბაზები რომ დაეთმო - რუსეთი უეჭველად დაგვიბრუნებდა აფხაზეთს» და ასე შემდეგ.
        რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპი თავიდან ბოლომდე ყალბია, მაგრამ, სამწუხაროდ, დრომ დაამტკიცა, რომ იგი მეტად ქმედითია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში მაინც.
        ამრიგად, ხელშეკრულება გაფორმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, «აფხაზეთის დაბრუნების» თვალსაზრისით მან შედეგი არ გამოიღო.
        სამაგიეროდ, «ბაზების თაობაზე» დოკუმენტის ხელმოწერამ ზემოხსენებული მცდარი სტერეოტიპი დაამსხვრია. დოკუმენტს იურიდიული ძალა არ შეუძენია, ვინაიდან იგი არ იყო რატიფიცირებული პარლამენტში.
        სამაგიეროდ, რუსეთის ბაზები პარალელურად იმყოფებოდნენ საქართველოში და თავის «ფუნქციასაც» ასრულებდნენ. მაგრამ ამჟამად მდგომარეობა კარდინალურად იცვლება - თავდაცვის სამინისტროდან სარწმუნო წყაროთა ცნობით, უახლოეს მომავალში ოფიციალურად განახლდება მოლაპარაკება თბილისსა და მოსკოვს შორის ბაზების შემდგომი ბედის თაობაზე.
        საქართველო მოითხოვს ოთხივე ბაზის ლიკვიდაციას, ოღონდ ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ: დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში და არა ერთბაშად.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება ერიდება სკანდალსა და აურზაურს, ამიტომ პრობლემის «უხმაუროდ» გადაწყვეტას ამჯობინებს. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი (თითქოსდა საიდან - სად) ჩეხეთის 150 მოძველებული ტანკის (ტ-54 და ტ-55-ის) შეძენა.
        საქმე ისაა, რომ «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე» პარიზის ხელშეკრულება ევროპის ყველა რეგიონში ზღუდავს ჩვეულებრივი შეიარაღების ოდენობას.
        საქართველოში რუსეთის ბაზების არსებობა (საქართველოს თანხმობის შემთხვევაშიც კი) პარიზის ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, რუსეთის ბაზების ყოფნა საქართველოში უკვე წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან. ანუ საქართველომ რომც არ მოითხოვოს რუსეთის ჯარის გაყვანა, - ამას უკვე საერთაშორისო სამართალი მოითხოვს.
        ერთადერთი გამოსავალი (რუსეთისათვის) ის იქნებოდა, რომ საქართველომ მას გადასცეს ჩვეულებრივი შეიარაღების საკუთარი კვოტები, მაგრამ ეს არარეალურია შექმნილ ვითარებაში, ამიტომ რუსეთი უბრალოდ იძულებულია, გამართოს მოლაპარაკება საქართველოსთან ჯარების გაყვანისა და სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე.
        ერთადერთი, რაც მას ჯერ კიდევ ძალუძს, არის პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურება და ხელისუფლებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნა.
        მაგალითად, რუსეთი უეჭველად მოითხოვს თავდაპირველად ახალქალაქის ბაზის ლიკვიდაციას, რათა შექმნას პრობლემები ერთი მხრივ, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჯავახეთის რეგიონს, მეორე მხრივ კი, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებში.
        საქართველოს ხელისუფლება კი მოითხოვს თავდაპირველად თბილისის (ვაზიანისა) და გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაციას.
        ასეა თუ ისე, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოში რუსეთის «სამხედრო ყოფნის» დღეები (თუნდაც წლები) უკვე დათვლილია.
        უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებისაგან გათავისუფლებული ქვეყანა კი გაცილებით უფრო მიმზიდველი პარტნიორი გახდება სხვა ქვეყნებისა თუ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისათვის.
       

სომხეთი ბაქო-სუფსის ნავთობსადენს აფეთქებით ემუქრება?
       

    რამდენიმე დღის წინათ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ სომხეთმა ჩინეთში რუსეთის დახმარებით შეიძინა უახლესი სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი «ტაიფუნი», რომლის შორსმსროლელობა 80 კმ-ს აჭარბებს. «ტაიფუნის» რამდენიმე დანადგარს (სომხებმა კი 10 ცალი შეიძინეს) სავსებით ძალუძს 20 კვადრატული კილომეტრის ფართობზე ქვა-ქვაზე არ დატოვოს.
        აზერბაიჯანელი მოხელის თქმით, სომხებმა ეს იარაღი ბაქო-სუფსის ნავთობსადენს დაუმიზნეს. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, საქართველო «განზე» არ უნდა დარჩეს».
        აზერბაიჯანში ჩინეთის საელჩომ ეს ინფორმაცია დაადასტურა. ოღონდ თავი «გენიალურად» იმართლა: იარაღის მიწოდება სახელმწიფოს არ განუხორციელებია - სომხეთმა (რუსეთის შუამავლობით) «ტაიფუნი» ერთ -ერთი კომერციული კომპანიისაგან შეიძინა, რომელიც სახელმწიფოს სტრუქტურებთან არის დაკავშირებული».
        თითქოს ამით რაიმე იცვლებოდეს და თითქოს ჩინეთში სერიოზული ზღვარი არსებობდეს «სახელმწიფო სტრუქტურებსა» და «კომერციულ ორგანიზაციებს» შორის.
        რასაკვირველია, იარაღის მიყიდვა სომხეთისათვის განხორციელდა რუსეთსა და ჩინეთს შორის ბოლოდროინდელი სტრატეგიული «დაახლოების» ფარგლებში.
        თვით სომხეთიც ამ ინფორმაციას არ უარყოფს, ოღონდ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ჩვეულებისამებრ ეშმაკობენ: იარაღი კი ვიყიდეთ, მაგრამ იგი საქართველოზე არ არის დამიზნებულიო. სომხეთიდან საქართველოსაკენ მხოლოდ სიყვარული და მეგობრობაა მიმართული, ხოლო აზერბაიჯანელ მოხელეთა განცხადება მათივე ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფიაო».
        დააკვირდით: სომხეთი არ უარყოფს «ტაიფუნის» შეძენის ფაქტს და არც იმას უარყოფს, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი დამიზნებულია ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე, მაგრამ არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
        თუმცა, საქართველოსთვის ამით ბევრი არაფერი იცვლება - ფაქტია, რომ სომხეთი ემუქრება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს (აქ მხოლოდ ბაქო-სუფსას როდი ვგულისხმობთ) და უმალვე, როგორც კი ერევანში დარწმუნდებიან, რომ ნავთობის გაყიდვით აზერბაიჯანი აძლიერებს არმიას, ანუ შესაძლებელია განახორციელოს დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნების აქცია (სომხური საზოგადოება ისედაც მუდმივი შიშის პირობებში ცხოვრობს), უეჭველად შეეცდება «დაასწროს» მეზობელს და გაანადგუროს მისი სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი. მათ შორის, რასაკვირველია, საკომუნიკაციო ხაზებიც.
        ამგვარი ალბათობა საკმაოდ მაღალია. მაგრამ მას უნდა შევურიგდეთ, როგორც რეალობას. სომხები იმდენს იზამენ, საქართველოსაც სამუდამოდ გადაიმტერებენ და სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. ყოველ შემთხვევაში, სომხებს ნუ დაავიწყდებათ, რომ «ტაიფუნიც» და ნებისმიერი სხვა ტვირთიც რუსეთიდან სომხეთში მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შეიძლება მოხვდეს.
       

ამერიკელმა ენერგეტიკოსებმა სიტყვა პირნათლად შეასრულეს
       

    «თელასის» პრივატიზების თაობაზე გამართული გააფთრებული დისკუსიის შემდეგ, ახლა რატომღაც ვერავინ ამჩნევს (უპირველესად, «ვერ ამჩნევენ» თვით დისკუსიის ორგანიზატორები და მონაწილენი), რომ თბილისში ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების პრობლემა, ფაქტობრივად, გადაწყდა, - ამერიკულმა ენერგოკომპანიამ, მოსწრებული ქართული თქმისა არ იყოს, «თავი მოაბა» ელექტრომომარაგების 24-საათიან გრაფიკს. თანაც ეს გაკეთდა იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობა კვლავინდებურად არ იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს - ან იხდის მხოლოდ მიზერულ თანხას. ისიც მცირე ნაწილს.
        «აეს»-მა ვერ მოასწრო და ასეთ მოკლე დროში ვერც მოასწრებდა აღრიცხვის მოწესრიგებას. სპეციალური მრიცხველების დამონტაჟებას და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგია ამჟამად თბილისში უკვე პრობლემა აღარ არის. «აეს»-ი ნაწილობრივ საზღვარგარეთ ყიდულობს ელექტრობას, ნაწილობრივ შიდა რესურსებს იყენებს რაციონალურად და გონივრულად.
        ახლა უკვე ნათელია, რომ კორუფცირებულ ხროვას, რომელიც გააფთრებით იბრძოდა «თელასის» პრივატიზების წინააღმდეგ და ფსევდოპატრიოტული დემაგოგიის კორიანტელს აყენებდა, - სინამდვილეში არაფერი ამოძრავებდა პირადი ნომენკლატურული და ქონებრივი ინტერესების გარდა.
        ეს ეპიზოდი შეიძლება ჩაითვალოს კლასიკურ მაგალითად იმისა, თუ როგორ ეწინააღმდეგება კორუფცირებული ბიუროკრატია სასიკეთო ცვლილებებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე.
        ეგრეთ წოდებული «სახელმწიფო ქონება» სინამდვილეში ამ ბიუროკრატის საკუთრება იყო, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, თავად იყენებდა და განაგებდა საკუთარი შეხედულებისამებრ.
        სწორედ ამიტომ ებრძვის ეს ბიუროკრატია ესოდენი გააფთრებით პრივატიზების პროცესს საქართველოში მაშინ, როდესაც სინამდვილეში ძალიან ბევრი დარგის გადარჩენისა და აღორძინების ერთადერთი საშუალება გერგილიანი, გონიერი მეპატრონის მოძიება, ანუ სწორედ პრივატიზებაა.
        ქართულ ბიუროკრატიას ყველაზე მეტად ის აცოფებს, რომ მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებისათვის აუცილებელი თანხა თვითონ არა აქვს (ფული კი აქვს, მაგრამ ამდენი - არა, და არც ემეტება), ამიტომ თავად ვერ ახერხებს ამ ობიექტთა პრივატიზებას.
        აქედან გამომდინარე, სახელმწიფო-ბიუროკრატიული ქონება, საბედნიეროდ, ვერ იქცა კერძო - ბიუროკრატიულ ქონებად. ამ შემთხვევაში ვითარება თვისობრივად არც შეიცვლებოდა - ქართული ბიუროკრატია, ელემენტარული უნიჭობისა და უნიათობის გამო, მაინც ვერ მოუვლიდა «თელასს» - თუნდაც იგი მისი «კერძო საკუთრება» გამხდარიყო; ამერიკულმა კომპანიამ კი ეს შეძლო. აქედან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი უაზრო დისკუსიას «პრივატიზების მიზანშეწონილობის» შესახებ.
        თუ «მიზანი» მოსახლეობის დაკმაყოფილებაა და არა ბიუროკრატიის სიმაძღრე, მაშინ პრივატიზება სწორედაც «შეწონილი», ანუ სავსებით გამართლებულია; უახლოეს მომავალში ასეთივე გერგილიანი მეპატრონეები ეღირსება «თბილსრესსა» და ჰიდროელექტროსადგურებს, რათა ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს.
       

სერგეი სტეპაშინი აფხაზეთში ქართველთა გენოციდის ერთ-ერთი ორგანიზატორია
       

    რუსეთში მორიგი ორომტრიალისა და პრემიერ-მინისტრობიდან პრიმაკოვის გაძევების შემდეგ, ახალ პრემიერ სერგეი სტეპაშინთან დაკავშირებით საქართველოში კვლავ დიდი სჯა-ბაასია: რამდენად დაეხმარება ქვეყანას სტეპაშინი ურთულესი პრობლემების გადაჭრაში (იგულისხმება ჩვენი ქვეყანა და არა რუსეთი), რამდენად კეთილგანწყობილია იგი ქართველებისადმი (თითქოს რომელიმე რუსი პოლიტიკოსის კეთილგანწყობა ცვლიდეს რაიმეს) და ასე შემდეგ.
        კონკრეტულად სერგეი სტეპაშინის შესახებ რას არ გაიგონებ: ორჯერ იყო საქართველოში, კახა თარგამაძესთან მეგობრობს, ერთობლივი კოლეგიის სხდომა ჩაატარა და ასე შემდეგ.
        არადა, ნუთუ ასეთი მოკლე მეხსიერება გაქვს? სერგეი სტეპაშინი ბორის ელცინის «ძველი ფავორიტია». იგი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურს (ანუ სწორედ იმ სპეცსამსახურს, რომელიც დსთ-ს ტერიტორიასა და ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებს» აკონტროლებდა) სათავეში ედგა 1993 წელს, ანუ აფხაზეთში ომის გადამწყვეტ პერიოდში.
        სწორედ რუსული სამსახური აგზავნიდა აფხაზეთში დაქირავებულ სამხედრო სპეციალისტებს, - არტილერისტებს, ტანკისტებს, მფრინავებს და ასე შემდეგ.
        სწორედ ეს სპეცსამსახური ამარაგებდა სეპარატისტებს საჭირო ინფორმაციით, რამაც დიდწილად განაპირობა მათი წარმატება. შემდგომში სტეპაშინმა იგივე აპრობირებული ხერხის გამოყენება სცადა ჩეჩნეთშიც, მაგრამ იქ არ გაუვიდა.
        მის მიერ შეგზავნილი სამხედრო სპეციალისტები, რომლებსაც ჩეჩნეთის ეგრეთ წოდებული «ოპოზიციის» მხარეს უნდა ეომათ, ჩეჩნებმა დახოცეს ან დააპატიმრეს და რუსული კონტრდაზვერვის პროვოკაცია მსოფლიოს ამცნეს, ანუ შეძლეს ის, რაც ვერ შევძელით ქართველებმა.
        სწორედ ამიტომ ემადლიერებოდა თავის დროზე სერგეი სტეპაშინს საქართველოს დიდი მეგობარი და «გულშემატკივარი» კონსტანტინე ზატულინი, რომელმაც, ბუდიონოვსკის ცნობილი მოვლენების შემდეგ დაიცვა სტეპაშინი და სახელმწიფო სათათბიროში თავის კოლეგებს აფხაზეთის ომის დროს «დამსახურება» შეახსენა.
        მართლაც, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე «უზადოდ» იმუშავა და დიდწილად განაპირობა აფხაზეთის ტრაგედია. ბორის ელცინის «საიდუმლო დავალებით» სწორედ ის ახორციელებდა რუსეთის ყველა სამსახურის პარალელური მუშაობის კოორდინირებას აფხაზეთში - საქართველოს საწინააღმდეგოდ.
        აქედან გამომდინარე, იმის იმედად ყოფნა, რომ სტეპაშინი, გაპრემიერების შემდეგ, ჩვენი ქვეყნისათვის რაიმე სასიკეთოს გააკეთებს, - რბილად თუ ვიტყვით, გულუბრყვილობაა. ან კი რატომ უნდა გააკეთოს? სერგეი სტეპაშინი ჭეშმარიტი რუსია, თავისი ქვეყნის პატრიოტი რუსი, პატრიოტია და მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
        რუსეთის ინტერესებს კი ნამდვილად არ შეესაბამება სტაბილური ქართული სახელმწიფოს არსებობა.
        აქედან გამომდინარე, ვინც უნდა მოვიდეს რუსეთის მთავრობის თუ თვით რუსული სახელმწიფოს სათავეში - რეალურად არაფერი შეიცვლება.
        მეთოდები იგივე რჩება, - რისი დასტურიცაა თუნდაც კოსოვოში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ალბანელებმა სერბეთის შეიარაღებულ ძალთა ოფიცერი მოკლეს და იგი, სინამდვილეში, რუსეთის ეგრეთ წოდებული «საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს» თანამშრომელი აღმოჩნდა.
        როგორც ჩანს, ეს სამინისტროც, სინამდვილეში, რუსეთის სპეცსამსახურთა ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც ასეთი გაიძვერული მეთოდებით აგზავნის აგენტებსა და «ბოევიკებს» ცხელ წერტილებში.
        ზუსტად ასევე მოქმედებდა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი შოიგუ, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ისევ და ისევ სერგეი სტეპაშინის «საერთო კოორდინაციის» პირობებში.
        ან თუნდაც უკანასკნელი ფაქტი: თბილისში დაპატიმრებულია სამხედრო (და უშიშროების) ყოფილი თუ მოქმედ მაღალჩინოსანთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის კიდევ ერთი სპეცსამსახურის (გრუ-ს) თანამშრომლებთან ერთად ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებასა და პრეზიდენტის მკვლელობას.
        ერთი სიტყვით, ეს მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომელიც არ შეიცვლება თუ საქართველოს უარს არ იტყვის დამოუკიდებლობაზე. ამ თვალსაზრისით, სერგეი სტეპაშინისაგან «მტრის ხატის ძერწვა» ისეთივე უაზრობა იქნებოდა, როგორც «მეგობრის ხატისა».

დილის გაზეთი, 24 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე