7 პროცენტიანმა ბარიერმა, შესაძლოა, საქართველოში «ისტორიის დასასრული» გამოიწვიოს

        იაპონელი ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის, ფუკუიამას ეს ტერმინი («ისტორიის დასასრული») სავსებით შეესაბამება მოსალოდნელ ვითარებას, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება შეიქმნას საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
        ირინა სარიშვილმა და «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ» თავისი გაიტანეს. მათი ინიციატივით წამოწყებული ბრძოლა საარჩევნო კვოტის გასაზრდელად 5-დან 7 პროცენტამდე – ტრიუმფული წარმატებით დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, ვინაიდან იგი მისთვის უაღრესად ხელსაყრელი იყო.
        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ «მოქალაქეთა კავშირი» თავად არავითარ შემთხვევაში არ გახდებოდა ასეთი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი, ვინაიდან ამით «რადიკალურ ოპოზიციას» საშუალებას მისცემდა, მისთვის «ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა» წაეყენებინა ბრალად. მაგრამ, რაკი ინიციატორი ოპოზიციური ძალა იყო, მმართველმა პარტიამ, ბუნებრივია, მხარი დაუჭირა მისთვის ხელსაყრელ წინადადებას;
        ოღონდ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას მოიგებს ან რას ელის საერთოდ ამ ცვლილებიდან «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია?» ელემენტარული რაციონალური გათვლით, «ბარიერის გაზრდასთან» დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ რაღაცნაირად მოხერხდებოდა კონსტიტუციაში მეორე ცვლილების შეტანაც, რომლის მიხედვით სადეპუტატო მანდატები მიეკუთვნებოდა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, მანამ, ვიდრე მათ მიერ მიღებული ხმების ჯამი არ გადააჭარბებდა 50 პროცენტს. ასეთ შემთხვევაში, რეალურად საარჩევნო კვოტა არათუ იზრდებოდა, არამედ პირიქით – მცირდებოდა დაახლოებით, 3-4 პროცენტამდე. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ირინა სარიშვილი, თურმე სავსებით გულწრფელად უჭერდა მხარს ცვლილებებს კონსტიტუციაში. როგორც ჩანს, ეროვნულ-დემოკრატებს ყველაზე მეტად იმ ფსიქოლოგიური ეფექტის იმედი აქვთ, რასაც ნამდვილად იწვევს მოსახლეობაში «7 პროცენტიანი ბარიერის» ინიცირება – რაკი პარტიას «არ ეშინია» მაღალი ბარიერისა (სხვა ოპოზიციური ძალებისაგან განსხვავებით), იგი იმთავითვე იმსახურებს ნდობას და იმაგრებს ავტორიტეტს პროტესტულ ელექტორატში.
        მაგრამ ეს ფსიქოლოგიური ეფექტი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი 7 პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად. ირინა სარიშვილი რატომღაც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მის პარტიას 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა «განაღდებული» აქვს. არადა, ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას (გარდა «ბათუმური კოალიციისა» - ისიც აჭარის 99 პროცენტიანი მხარდაჭერით) არა აქვს განაღდებული არათუ 7, არამედ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.
        ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებს არ სურთ აღიარონ ის რეალობა, რომ პარტიის ფაქტობრივი დაშლის შემდეგ, მისთვის ტრადიციული 7-8 პროცენტიანი ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი (თითქმის ნახევარი) «წაიღო» ედპ-ს ყოფილმა ელიტამ, რომელიც «სახალხო პარტიად» ჩამოყალიბდა.
        ამ რეალობის ნათელი დადასტურება გახდა «ადგილობრივი თვითმმართველობის» არჩევნების შედეგი. შესაძლოა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ» - «სახალხოზე» მეტი ხმა მიიღოს, მაგრამ იქნება კი ხმათა ეს რაოდენობა 7 პროცენტზე მეტი?
        ედპ-მ და სახალხომ შეიძლება ჯამში 7 პროცენტზე მეტი ხმა დააგროვონ, ოღონდ ცალცალკე, თითოეული მათგანი 7 პროცენტს ალბათ მაინც «ჩამორჩება». რასაკვირველია, ეს ყოველივე მხოლოდ ვარაუდია, ოღონდ ვარაუდი, რომელიც საღ აზრსა და ელემენტარულ განსჯას ეფუძნება. ამის თაობაზე კამათს არანაირი აზრი არა აქვს – ყოველივეს მომავალი არჩევნები გვიჩვენებს.

ოს სეპარატისტებთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

        წინანდალში გამართული მორიგი «რაუნდი», როგორც მოსალოდნელი იყო, ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა. ქართულ-ოსურ წინააღმდეგობაში, რომელიც ინტერესთა თვისებრივ (სტრატეგიულ) შეუთავსებლობას ეფუძნება, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, რაიმე «გარღვევის» მიღწევა პრინციპში შეუძლებელია.
        ამიტომ, მხარეებმა ამჯერადაც დააზუსტეს, რომ ეთანხმებიან არსებულ სტატუს-კვოს. ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება დიდწილად განსხვავდება აფხაზეთში არსებული მდგომარეობისაგან.
        უპირველესი და უმთავრესი განსხვავება ის არის, რომ 1992 წლის 24 ივნისის დაგომისის ხელშეკრულებით, კონფლიქტურ რეგიონში ჩამოყალიბდა ერთგვარი კონდომინიუმი, ანუ სიტუაციას ერთდროულად აკონტროლებენ ქართული, რუსული, ჩრდილო-ოსური და «სამხრეთულ ოსური» სამშვიდობო ბატალიონები.
        რასაკვირველია, ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებას ქართული ბატალიონის ყოფნა რეგიონში დიდად არ ეპიტნავებოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ოსმა სეპარატისტებმა (განსხვავებით აფხაზი სეპარატისტებისაგან) ვერ შეძლეს სამხედრო გამარჯვების მოპოვება, ამიტომ, იძულებულნი გახდნენ რეალობას შერიგებოდნენ.
        შედეგად, სამშვიდობო ჯართა შემოყვანის 7 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო აღლუმში, რომელიც ცხინვალში გაიმართა რამდენიმე დღის წინ, ქართული ბატალიონიც იღებდა მონაწილეობას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ქართული სამშვიდობო ბატალიონის მარშირება სოხუმის ქუჩებში? არძინბა ამას არაფრის დიდებით არ დაუშვებს, არც ჩიბიროვი დაუშვებდა – საშუალება რომ ჰქონოდა.
        მიუხედავად ამ განსხვავებისა, საქართველოს იურისდიქცია ცხინვალის რეგიონში მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდება. რაც შეეხება ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებს, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში საერთაშორისო მედიატორი ეუთოა და არა გაერო. რეალურად კი, მოლაპარაკებათა პროცესი იმავე (მოსკოვში დამტკიცებული) სქემით ვითარდება _ სეპარატისტებისათვის ამ მოლაპარაკებების ყოველგვარი ინტერნაციონალიზაცია (საქართველოში დამკვიდრებული აზრის მიუხედავად) უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან ყოველი რაუნდის შემდგომ უეჭველად ფიქსირდება მათი სამართალსუბიექტურობა. თანაც, არა უბრალოდ სამართალსუბიექტურობა, არამედ საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ოსი სეპარატისტები იძენენ დამატებით გარანტიებს თავიანთი რეალური (დე-ფაქტო) დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და იღებენ «ხელშეუხებლობის» იმუნიტეტს.
        საქართველოსათვის ეს არ არის დიდი უბედურება, ვინაიდან «ტერიტორიების დასაბრუნებლად» მორიგი ომის წამოწყება ნამდვილად უდიდესი სისულელე იქნებოდა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ «დე-ფაქტო» რეალობას ზოგადად ახასიათებს «დე-იურედ» გადაქცევის ტენდენცია;
        ამიტომ, მიზანშეწონილი იქნება ყოველგვარი «საერთაშორისო მოლაპარაკების» შეწყვეტა, რაც სრულებითაც არ გამორიცხავს უშუალო დიალოგს ოსებთან და აფხაზებთან.
        ისინი ამ დიალოგზე უეჭველად წამოვლენ, ვინაიდან საქართველოსთან ყოველგვარი (თუნდაც ეკონომიკური) კავშირების გაწყვეტის წინააღმდეგნი არიან.
        ეს დადასტურდა წინანდლის მოლაპარაკებებზეც. ოსურმა მხარემ დიალოგი წარმართა პრინციპით: «ჯერ ეთნიკური დახმარება, შემდეგ პოლიტიკური სტატუსის გან საზღვრა». საქართველოს ამ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე და თავშეკავება მართებს. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ბალანსის დაცვა აუცილებელია. ეკონომიკური გავლენა (თუ მოვიპოვეთ) სულ ადვილად გადაიზრდება პოლიტიკურში, მაგრამ მეორე მხრივ, დაუშვებელია თავად ვეხმარებოდეთ «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას» განმტკიცებასა და გაძლიერებაში.
        ალბათ, მიზანშეწონილია შევურიგდეთ იმ აზრს, რომ საქართველოს იურისდიქცია (იმ აზრით, როგორც ეს ჩვენში ესმით) ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი გზით ვერ აღდგება, მაგრამ ეკონომიკური ბერკეტებით ეს რეგიონი მაინც შეიძლება შემოვიყვანოთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სივრცეში.

ბრიტანელი მებაჟეები სეპარატისტებს ზღუდავენ

        პარასკევს, ხელი მოეწერა საბოლოო შეთანხმებას საქართველოს საბაჟო დეპარტამენტსა და ბრიტანულ ფირმა «აი-ტი-ეს»-ს» შორის. ამიერიდან ორი წლის განმავლობაში (თუმცა, კონტრაქტი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს) ბრიტანული კომპანია გააკონტროლებს ტვირთების მოძრაობას ყველაზე რთულ – როკისა და სარფის საბაჟოებზე.
        თანაც, აღსანიშნავია, რომ ოსმა სეპარატისტებმა თანხმობა განაცხადეს საბაჟო-საკონტროლო პუნქტის მოწყობაზე როკის გვირაბთან – პირველად, 1989 წლიდან; წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთების მოძრაობა ცხინვალის გავლით საერთოდ შეწყდებოდა, რაც სრულებითაც არ აძლევდათ ხელს სეპარატისტებს;
        ბრიტანულ ფირმას (სწორედ ამით არის, უპირველეს ყოვლისა საინტერესო ეს კონტრაქტი) აქვს საშუალება ტვირთების მოძრაობა გააკონტროლოს თვით იმ ქვეყნების მხრიდან (ამ შემთხვევაში რუსეთიდან), საიდანაც ეს ტვირთი მოედინება საქართველოში. ამიტომ, ოსი სეპარატისტები სრული ბლოკადის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ და იძულებულნი გახდნენ თანხმობა განეცხადებინათ საქართველოს (ფაქტობრივად) ულტიმატუმზე.
        თუმცა, ეს მათთვის ძალზე მტკივნეული იქნებოდა მრავალი თვალსაზრისით; მაშასადამე, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბრიტანული ფირმის მეშვეობით, საქართველომ შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა ხანგრძლივი ომისა და სისხლისღვრის შედეგად – გაეკონტროლებინა როკის გვირაბი. აი, როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ დასავლეთი ობიექტურად საქართველოს მოკავშირეა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ყველაზე უკეთ ეს ობიექტური გარემოება სწორედ ამ მაგალითში ჩანს.
        ისევე, როგორც რუსეთი ობიექტურად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირველესი მოწინააღმდეგე და მტერია.
        რამდენს არ ეხვეწა საქართველოს ხელისუფლება რუსეთს, ჩაეკეტა ჩრდილოეთიდან როკის გვირაბი – მოსკოვმა ეს არ გააკეთა, ვინაიდან ხელს არ აძლევდა პრობლემები შეექმნა კავკასიაში თავისი სტრატეგიული მოკავშირის – ოსი სეპარატისტებისათვის.
        სამაგიეროდ, ის, რაც არ გააკეთა რუსეთმა, შეძლო ბრიტანულმა ფირმამ, რომელსაც, რასაკვირველია, არაფერი ამოძრავებს წმინდა მოგების სურვილის გარდა.
        მაგრამ ობიექტურად, ამასობაში, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პრობლემასაც სწყვეტს – თანაც ომისა და სისხლისღვრის გარეშე.
        საქართველოს არ ჰქონდა საშუალება, სხვა ქვეყნების (რუსეთის, თურქეთის და ასე შემდეგ) ტერიტორიაზე გადაეწყვიტათ სერტიფიცირების პრობლემა. სამაგიეროდ, ამის საშუალება ნამდვილად აქვს ბრიტანულ კომპანიას. საჭიროების შემთხვევაში იგი თავისი მძლავრი ქვეყნის (დიდი ბრიტანეთის) მთავრობის გავლენასაც გამოიყენებს და მის მხარდაჭერასაც დაეყრდნობა. თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ საკითხებში ჩაერევა, - ამას გააკეთებს არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით შესტკივა გული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, არამედ სულ სხვა მიზეზით: დასავლეთში მთავრობის უპირველესი ფუნქციაა თავისი ქვეყნის კერძო კაპიტალის ინტერესთა დაცვა საზღვარგარეთ – ამიტომ ბლეერის მთავრობაც აუცილებლად დაიცავს «აი-ტი-ეს»-ის ინტერესებს, ხოლო ეს ინტერესები, ამ შემთხვევაში, ობიექტურად ემთხვევა საქართველოს ინტერესებს, რაც ცხადია, იმას არ ნიშნავს, თითქოს უცხოური კაპიტალის ინტერესები ყველგან და ყოველთვის დაემთხვევა საქართველოს ინტერესებს – საუბარი გვაქვს, ამჟამად ამ კონკრეტულ შემთხვევაზე.
        სწორედ ამიტომ იწვევს ბრიტანული ფირმის შემოსვლა საქართველოში ესოდენ მძვინვარე უარყოფით რეაქციას სეპარატისტულ წრეებში. არ დაიჯეროთ მათი უსირცხვილო, უზნეო, ბინძური დემაგოგია, თითქოს «საქართველოს ინტერესთა გაყიდვის და სუვერენიტეტის შელახვის» წინააღმდეგნი არიან (ეს ინტერესები დიდი ხანია გაყიდეს) – სინამდვილეში მათ ის «აეწვათ», რომ ბრიტანული ფირმის მეშვეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არა ფორმალურად, არამედ რეალურად გააკონტროლებს სახელმწიფო (ეკონომიკურ) საზღვარს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ოცეული ნატოს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას

        გასულ კვირას, პარლამენტმა (ერთხმად) მიიღო, შეიძლება ითქვას, ისტორიული გადაწყვეტილება: საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ოცეული გაემგზავრება კოსოვოში და ნატოს სამშვიდობო მისიის ფარგლებში შეასრულებს სამხედრო ამოცანებს.
        ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფი «ნატოს» კონტიგენტთან ერთად კი არ იმოქმედებს მხოლოდ (როგორც ხშირად ხდებოდა საწვრთნელ ვარჯიშებზე), არამედ რეალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.
        რამდენიც უნდა იქილიკოს ახლა შხამიანად რუსულმა პრესამ, ფაქტია, რომ საქართველოს მონაწილეობა (თუნდაც სიმბოლური) ამ გლობალურ სამხედრო ოპერაციაში ძალზე მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის. ეს პრეცედენტი უეჭველად «იმუშავებს» უახლოეს მომავალში საქართველოს საკეთილდღეოდ.

დილის გაზეთი 23 აგვისტო, 1999 წელი

მთელ გვერდზე