რუსეთის საელჩო ევაკუაციას მოითხოვს

        გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ საელჩოსთვის, აგრეთვე, პირადად ელჩისა და დიპლომატთა ოჯახის წევრებისთვის დამატებითი დაცვის გამოყოფას.
        რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა ცნობით კი, საელჩო საერთოდ ევაკუაციისთვის ემზადება, ვინაიდან, თურმე ნუ იტყვით, საქართველოში რუსული დიპლომატიური მისიის წევრებს «ემუქრებიან» და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ, რის შედეგადაც ასკვნიან, რომ საელჩოს საფრთხე ემუქრება, ანუ დროა თავს უშველონ.
        რა თქმა უნდა, ქართული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მოთხოვნა საელჩოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე, მაგრამ რის საფუძველზე კეთდება დასკვნა, თითქოს საელჩოს საფრთხე ემუქრება? «ვიღაცამ დარეკა და საელჩოს თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა», «შეურაცხყოფა» კი იმაში გამოიხატება, რომ ჩეჩენი ხალხის ამოწყვეტაში დასდო ბრალი. არ არის გამორიცხული, ვიღაცას მართლა «დაერეკა», მაგრამ, რაც მთავარია, საქართველოში ჯერჯერობით არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რაიმე პროვოკაციისა საელჩოს ან საელჩოს თანამშრომელთა მიმართ, - განსხვავებით (სხვათა შორის) სომხეთისგან, სადაც რუსეთის საელჩოში უცნობმა პირებმა ბომბი შეაგდეს (!), მაგრამ (რუსული პრესის ცნობით) ამას «ორმხრივ ურთიერთობებზე ნეგატიურად არ უმოქმედია».
        ერთი სიტყვით, ნამდვილი ანეკდოტია: ერევანში რუსული დიპლომატიური მისიის შენობაში ბომბი შეაგდეს, მაგრამ ამ აფეთქებას «ორმხრივ ურთიერთობებზე» ნეგატიურად არ უმოქმედია» - რუსეთის საელჩო სომხეთიდან ევაკუაციას არ ითხოვს. საქართველოში (საბედნიეროდ) მსგავსი არაფერი მომხდარა, რუსი დიპლომატები კი დემონსტრაციულად «გარბიან», აქაოდა, საქართველოში «ტერორისტები გვემუქრებიანო».
        რასაკვირველია, ეს ყოველივე მორიგი პროვოკაციაა, ოღონდ ამ პროვოკაციაში უკვე უშუალოდ ჩაერთო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც (რუსულ «დემოკრატიულ» მასმედიასთან ერთად) სურს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში ტერორისტები თავისუფლად დანავარდობენ, ქვეყნის ხელისუფლება კი არანაირ ზომებს არ მიმართავს მათ ასალაგმად და ასე შემდეგ.
        ფორმალურად, ამ პროვოკაციას ვერაფერს დავუპირისპირებთ -–სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისია, თუ იგი ამას ითხოვს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამგვარი პროვოკაციები გამრავლდება და «გამრავალფეროვნდება» - მოსკოვში აშკარად აცოფებთ საქართველოს პოზიცია ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით. აცოფებთ ის, რომ საქართველო არ ასოცირდება ჩეჩენი ერის გენოციდთან, მაგრამ როცა საქართველო მხარს უჭერდა რუსეთს – რა მოვიგეთ? 1994-96 წლების ომზე აღარაფერს ვამბობ. შეგახსენებთ, ეგრეთ წოდებულ «პერესტროიკის» დროინდელ ტენდენციას, როცა იგივე რუსული მასმედია «თამამად» ავითარებდა თეზისს: ქართველმა ჯუღაშვილმა გადაასახლა ჩეჩენი ერი სამშობლოდან, ხოლო რუსმა ხრუშჩოვმა – დააბრუნა.
        ერთ-ერთი რუსული გაზეთი ზიზღით წერდა, რომ ლავრენტი ბერიას კაბინეტში ეკიდა სურათი «შამილის დატყვევება». ამ სურათზე აღწერილი სცენა რუსი და ჩეჩენი ერების ღირსების გამოხატულება იყო, მაგრამ ქართველმა ბერიამ როგორ გაბედა ორივეს შეურაცხყოფა თავის კაბინეტში ამ სურათის ჩამოკიდებითო?
        არ გეგონოთ ვაჭარბებდე. სიტყვა-სიტყვით ასე წერდა რუსი ჟურნალისტი.
        ერთი სიტყვით, XIX საუკუნეში ჩეჩენი ერის გენოციდიც ქართველების ბრალი ყოფილა (აკი ბერიამ სურათი თავის კაბინეტში ჩამოკიდა) და 1944 წელს ჩეჩენთა გადასახლებაც.
        საინტერესოა, დღეს როგორღა დააბრალებენ ქართველობას ჩეჩენთა მორიგ გენოციდს? რომ ვეღარ დააბრალებენ (აკი ქართველი აღარ ხელმძღვანელობს რუსეთს, რათა მას შეაწმინდონ სისხლიანი ხელი) – სწორედ ამით არიან გაავებულნი.
       

საქართველოს ფინანსური ყულფი

            დისკუსია საგადასახადო სისტემაში და მთლიანად საბიუჯეტო სფეროში არსებული პრობლემების თაობაზე თვისებრივად ახალ ფაზაში შედის.
        აღმასრულებელი ხელისუფლება მტკიცედ მოითხოვს «საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს» შექმნას, თუმცა ამ წინადადებას გასულ კვირას «ბათუმურ კოალიციად» წოდებულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
        ბუნებრივია, კოალიციის მოტივაცია ამ შემთხვევაშიც ძალზე სცილდება ფისკალური პოლიტიკის სფეროს, მაგრამ, ასეა თუ ისე, მათი ძირითადი არგუმენტი, რომ «ამჟამად არსებული სტრუქტურები სავსებით საკმარისია მდგომარეობის გამოსასწორებლად» - მაინც ყურადსაღებად რჩება. ზუსტად ასეთივე არგუმენტით ოპოზიციამ გასულ პარასკევს ჩაშალა ახალი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომელსაც პრეზიდენტის უშუალო ხელმძღვანელობით უნდა ემოქმედა.
        ფორმალურად, ეს არგუმენტი (რომ არსებული სტრუქტურები, ხელისუფლების შესაბამისი ნების შემთხვევაში, სავსებით საკმარისია) თითქოს მთლიანად შეესაბამება პრობლემის არსს, ოღონდ, საქართველოში ჩამოყალიბებული მანკიერი ტრადიციის შესაბამისად, ოპოზიცია თავად საერთოდ არ გრძნობს არანაირ პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე და «განყენებულად მსჯელობს» ისეთ პრობლემებზე, რომელთა შინაარსი მხოლოდ ხელისუფლების ნებაზე ან მის უნებისყოფობაზე არ არის დამოკიდებული.
        ეს პოზიცია მით უმეტეს უცნაურია, როდესაც ერთ-ერთ (არა ერთადერთ, მაგრამ ერთ-ერთ) პრობლემად კვლავინდებურად რჩება ერთიანი «ფისკალური სივრცის» არარსებობა იმ ტერიტორიაზეც კი (აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთზე» აღარაფერს ვამბობ), სადაც თითქოსდა ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.
        თუმცა, ეს «იურისდიქცია» ამ სეგმენტის გარეშე, აგრეთვე, ფორმალურად იქცევა.
        ამასობაში ქვეყანა უმძიმესი კრიზისის მარწუხებში მოექცა. 1999 წელს საბიუჯეტო «გარღვევამ» შარშანდელ დონეს მიაღწია. სახელმწიფო ვერ ასრულებს არათუ სოციალურ ვალდებულებებს (პენსიები, დახმარებები, ლტოლვილთა შემწეობა), არამედ ჩვეულებრივ სახელფასო ვალდებულებებს, თუნდაც ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურებისადმი – ხელფასი თვეობით არ რიგდება თავდაცვის სამინისტროშიც კი.
        ვითარება თვიდან თვემდე მძიმდება და იგი არც გამოსწორდება მანამ, ვიდრე არ დაისმება ზუსტი დიაგნოზი, თუ რა არის ნამდვილი მიზეზი.
        რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი «სავალუტო ფონდის იმპერიალიზმზე» მტკნარი სისულელეა. «აბეზარი ფონდი» გვაწუხებს და არ გვასვენებს, ვინაიდან მისმა ექსპერტებმა შესანიშნავად იციან, როგორი თანაფარდობა უნდა იყოს მთლიან შიდა პროდუქტსა და რეალურად ბიუჯეტში აკრეფილ გადასახადებს შორის.
        ამ მაჩვენებლით საქართველო უკანასკნელ ადგილზეა ყოფილ საბჭოთა და სოციალისტურ სივრცეში. თუ ასე გაგრძელდა, მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტები საერთოდ შეწყვეტენ ჩვენთან ურთიერთობას და საბოლოოდ «ჩაიქნევენ» ხელს საქართველოზე, როგორც უპერსპექტივო სახელმწიფოზე;
        ვითარების გამოსასწორებლად ძალიან მცირე დრო, ალბათ, სულ რამდენიმე თვე გვრჩება. არადა (ვიმეორებ), შექმნილი მდგომარეობის «მიზეზთა მიზეზი» კვლავ არ არის საჯაროდ დასახელებული: საქართველო, უბრალოდ, ძალიან სუსტი სახელმწიფოა და ეს არ არის კონკრეტული ხელისუფლების ბრალი (საკითხის ასე დასმა მეტისმეტი გამარტივება იქნებოდა). ხსენებული სისუსტე ტრადიციული, თუ გნებავთ, ისტორიულია – დღეს გამომჟღავნდა (დამოუკიდებლობის პირობებში) სინამდვილეში, თუ რამდენად მყარი და მდიდარი სახელმწიფოებრივი ტრადიცია გვაქვს, რომლის 3000-წლოვანი იუბილეს აღნიშვნას დიდი ზარ-ზეიმით ვაპირებთ.
        «ძლიერ სახელმწიფოში» არ იგულისხმება სამხედრო ძალა, არმიის რიცხოვნება, საბრძოლო თვითმფრინავების ოდენობა და ასე შემდეგ.
        ლუქსემბურგის საჰერცოგო საქართველოზე ასჯერ პატარაა და არმია საერთოდ არ გააჩნია, მაგრამ ის მაინც თვისებრივად უფრო ძლიერი სახელმწიფოა. «სახელმწიფოს სიძლიერეში» მისი შინაგანი სტრუქტურისა და ორგანიზაციის სიძლიერეს გულისხმობენ.
        «ციცქნა» ლუქსემბურგში წარმოუდგენელია ვითარება, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს გადასახადების 50 პროცენტის აკრეფას, ვინაიდან «ვერ ერევა» სხვადასხვა კლანსა და ფინანსურ (სამრეწველო თუ საიმპორტო) დაჯგუფებას, რომელთა ლიდერები, ხშირ შემთხვევაში, დაუფარავად აცხადებენ, რომ გადასახადს არ გადაიხდიან, ვინაიდან იგი მეტისმეტად მიაჩნიათ, ამიტომ გადაიხდიან მხოლოდ იმდენს, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევენ; ნორმალურ სახელმწიფოში ამგვარი რამ წარმოუდგენელია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც მეწარმეს გადასახადი «მეტისმეტად» არ ეჩვენებოდეს, მაგრამ, აბა, ერთი გაბედოს და ასე აშკარად გამოუცხადოს ომი სახელმწიფოს!
        დღევანდელი საქართველო შუასაუკუნოვანი «ფეოდალური დაქუცმაცებულობის» პირობებში იმყოფება. ოღონდ «ურჩ ფეოდალთა» როლსა და «ფუნქციას» ზემოხსენებულ კლანთა ლიდერები ასრულებენ, რომლებიც «მეფეს» (ხელისუფლებას) არ ეპუებიან;
        სახელმწიფოს კი ძალა არ შესწევს, მათ თავხედობას ბოლო მოუღოს. არ დაიჯეროთ ზღაპრები, თითქოს მდგომარეობას გამოასწორებს გადასახადების შემცირება. ეს ზომა შედეგიანი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადების შემცირების შემდეგ მაინც ეყოფოდა სახელმწიფოს ძალა და ნება, აღესრულებინა თავისი ფუნქცია.
        საქმეც ის არის, რომ ამგვარი გარანტია უბრალოდ არ არსებობს. ეს არ არის კონკრეტული ხელისუფლების ბრალი (ხელისუფლების შეცვლით ამ საქმეს არაფერი ეშველება) – არამედ საქართველოს საერთო სახელმწიფოებრივი სისუსტის, მთლიანად საზოგადოების სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლენაა.
        ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად უკულტურო ერი – ეს არის ძირითადი მიზეზი ყველა პრობლემისა:
        მოგვწონს თუ არა, სახელმწიფო (ყველგან და ყოველთვის) რეპრესიის მექანიზმია. თუ სახელმწიფო (აუცილებლობის შემთხვევაში), იძულების ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ამ ქვეყნის პერსპექტივა ამოწურულია; აქედან გამომდინარე (რაოდენ მოულოდნელიც უნდა იყოს ასეთი გადასვლა) ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი (იგივე ოპოზიციაც) უბრალოდ ვალდებულია მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ სფეროში სახელმწიფოებრივი ნების ელემენტს შეიცავს, რადგან დღეს საფრთხე ემუქრება არა ხელისუფლებას, არამედ სწორედ სახელმწიფოს, როგორც ერისა და ქვეყნის არსებობის აუცილებელ პირობას.

«თეთრი ლეგიონი» ომის განახლებას აპირებს?

        ქართული პარტიზანული შენაერთის «თეთრი ლეგიონის» მეთაურმა ზურაბ სამუშიამ განაცხადა, რომ «ლეგიონი» არ დაუშვებს არძინბას უპრობლემო ინაუგურაციას და «ზეიმს» ჩაუშხამებს სეპარატისტებს.
        იგი აგრეთვე აპირებს პრესკონფერენცია გამართოს ინტერნეტში.
        თუმცა, დღევანდელ ვითარებაში, როცა ჩეჩნეთში, ფაქტობრივად, რუსეთის «კავკასიურ სახელმწიფოდ» ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, ქართველ პარტიზანთა გააქტიურება სამურზაყანოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმავე რუსეთს აძლევს ხელს, რათა ყურადღება გადაიტანოს ჩეჩნეთიდან – ამ პრობლემაზე.
        დავაკვირდეთ, რა გაიძვერულად სარგებლობენ ჩეჩნეთის ომითა და შესაბამისი პროპაგანდისტული კლიშეებით არძინბას სეპარატისტები: ისინი ლაპარაკობენ «ქართველ ტერორისტებზე» იმავე ტონალობასა და კონტექსტში, როგორც რუსეთი ახსენებს «ჩეჩენ ტერორისტებს» - ანუ ჩეჩნეთის ომი აფსუებმა უკვე გამოიყენეს საკუთარი ინტერესებისთვის - რომ აღარაფერი ვთქვათ არძინბას ინტერვიუებზე, რომლებშიც (მაგალითად, «ნეზავისიმაია გაზეტაში») იგი საქართველოს «აბეზღებს»: ჩეჩენ სეპარატისტებს ეხმარებიანო.
        ასეთ პირობებში რუსული მასმედია ისეთნაირად შეატრიალებს საქმეს, საქართველო კვლავ აგრესორად წარმოჩინდება: «რუსეთი ებრძვის ჩეჩენ ტერორისტებს, აფხაზეთი ებრძვის ქართველ ტერორისტებს», იმავდროულად, რუსული პროპაგანდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში გაავრცელებს ინფორმაციას «საქართველოს ახალი აგრესიის თაობაზე მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხის» წინააღმდეგ.
        ერთი სიტყვით, «ამაყი აფსუა-ადიღელები» საბოლოოდ შეძვრნენ რუსეთში. ეს რეალობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ არძინბამ და მისმა ხროვამაც უნდა გაითვალისწინონ, რომ იქ, სადაც შეძვრნენ – ნამდვილად ვერ იპოვიან ეროვნულ ღირსებას, რომელსაც «მეორე ჩეჩნეთის ომის» დროს საბოლოოდ კარგავენ.

დილის გაზეთი, 21 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე