აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას მყარი ზნეობრივი ორიენტირი?

        გასულ კვირას ჩეჩნეთის პრეზიდენტის მეუღლე, კუსიმა მასხადოვა, ოჯახის წევრებთან (ძირითადად, ქალები, ბავშვები და მოხუცები) ერთად ჩამოვიდა თბილისში, სადაც იგი, პრეზიდენტის განკარგულებით, სამთავრობო რეზიდენციაში დაასახლეს.
        აღსანიშნავია, რომ მასხადოვა საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა არა პანკისის ხეობის ან შატილის, არამედ ყაზბეგის გამოვლით – მაშასადამე, იგი რუსმა მესაზღვრეებმა გამოატარეს, - ვინაიდან საქართველოს სამხედრო გზას «ზემო ლარსის» საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მხრიდან, ამ ქვეყნის ფედერალური სასაზღვრო სამსახური აკონტროლებს.
        კუსიმა მასხადოვა მოსკოვის თანხმობითა და ნებართვით ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში; აქედან გამომდინარე, იმთავითვე გაუგებარია, რატომ შეაფასა მისი ვიზიტი საქართველოში რუსულმა ტელეკომპანია რტრ-მა, როგორც «საქართველოში არსებული განწყობების» გამოვლენა. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, რუსეთზე განაწყენება; თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ «განაწყენების» საფუძველი საქართველოს ნამდვილად აქვს - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ რღვევასთან დაკავშირებით.
        ქართველ მესაზღვრეებს მხოლოდ ერთი ალტერნატივა ჰქონდათ - არ შემოეშვათ კუსიმა მასხადოვა საქართველოში. მაგრამ ეს იქნებოდა თავზე ლაფის «თვითდასხმა» - მასხადოვა საქართველოსკენ რუსმა მესაზღვრეებმა გამოატარეს და ჩვენ აღარ უნდა შემოგვეშვა?
        ამის თაობაზე მსჯელობა აუცილებელია სწორედ იმის გამო, რომ ყოფილი «მოძრაობის» წარმომადგენელთა მხრიდან კვლავ გაისმის ოხვრა და გმინვა: რატომ ვაღიზიანებთ რუსეთს?
        მოდით, ჯერ გავარკვიოთ, რას ნიშნავს «რუსეთისა და რუსების გაღიზიანება». თუ ეს საერთოდ (ზოგადად) ქართული პოლიტიკის რეფრენია, მაშინ რუსეთი და რუსები ისედაც უკვე იმდენად არიან ჩვენზე «გაღიზიანებულნი» (ჯერ კიდევ 9 აპრილიდან), რომ მათ მოსაწონ და «არაგამაღიზიანებელ» პოლიტიკას დამოუკიდებელი საქართველო ვერასოდეს გაატარებს.
        თუ რუსეთის «გაღიზიანება» არ გვინდოდა, მაშინ ამის თაობაზე ჯერ კიდევ 1988 წელს უნდა გვეფიქრა - გამოგვეტანა მიტინგზე გორბაჩოვის სურათები (როგორც ბალტიის ქვეყნებში), ნაცვლად ლოზუნგისა «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია».
        ახლა კი, სწორედ ის ნამუსგარეცხილი პოლიტიკანები, ვინც ჩლუნგი რადიკალიზმით ქვეყანა დააქცია და ყველა პრობლემა ასგზის გაამწვავა - უეცრად «ფრთხილი» და «დინჯი» მეტრნი გახდნენ პოლიტიკური ხელოვნებისა.
        თურმე, ჩეჩნეთის პრეზიდენტის მეუღლე საქართველოში არ უნდა შემოეშვა ხელისუფლებას და საზღვრიდან უკანვე გაეძევებინა, რათა «რუსეთი არ გაღიზიანებულიყო». არადა, დამოუკიდებელი ქვეყანა, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, დიახაც, ვალდებულია და იძულებულია, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ობიექტურად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სხვა ქვეყნის (ამ შემთხვევაში, რუსეთის) ეროვნულ ინტერესებს. თუ ასეთი წინააღმდეგობების გვეშინოდა, მაშინ საერთოდ რატომ ვაცხადებდით «დამოუკიდებლობას» - ვყოფილიყავით იმ გრანდიოზულ სახელმწიფოში («მოკავშირე რესპუბლიკის» სტატუსით), სადაც საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ვითომ ერთმანეთის თანხვედრა იყო.
        რაკი დამოუკიდებლობა «გვაწყობდა», მაშინ იმ აზრსაც უნდა შევურიგდეთ, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა ხშირად გულისხმობს სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობასაც.
        კუსიმა მასხადოვასადმი გამოჩენილი ყურადღება, რასაკვირველია, პოლიტიკური ნაბიჯი იყო. მას კონკრეტული მიზანიც ჰქონდა: საქართველო ამ გზით ცდილობს, გაემიჯნოს რუსეთის მოქმედებას ჩეჩნეთში. რუსეთის პრესა გაღიზიანებით წერს: საქართველომ რუსეთის არმიის შეტევას მხარი არ დაუჭირაო.
        კი მაგრამ, რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი? განა 1994 წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად არ გამოხატა თავისი მხარდაჭერა? მერედა, რა მიიღო სანაცვლოდ? გაუგებარია, რატომ არის ვალდებული საქართველო, გაიყოს რუსეთთან ჩეჩენი ხალხის სიძულვილი? პირიქით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მთლიანად შეესაბამება, რომ ჩეჩენი ხალხის ეთნოფსიქოლოგიასა და ეროვნულ მეხსიერებაში მყარად ჩაიბეჭდოს სტერეოტიპი: საქართველომ არათუ მხარი არ დაუჭირა რუსეთის მიერ ორგანიზებულ გენოციდს, არამედ ლტოლვილებიც კი მიიღო – მათ შორის, პრეზიდენტის ოჯახიც შეიფარა.
        ჩეჩენი ხალხის ამგვარი განწყობა აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს იმდენადვე, რამდენადაც არ შეესაბამება რუსეთისას.
        ახლა იმავე პრობლემას სხვა მხრივ შევხედოთ; დავუშვათ, რუსეთი გაღიზიანდა, თუ მასხადოვის მეუღლე საქართველოში (თბილისში) ხანგრძლივი ვადით დასახლდა და აქედან ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა დაიწყო ჩეჩნეთში – იმავე რუსი მესაზღვრეების პოსტთა გავლით.
        მერედა, განა რუსეთი ასეთივე პოლიტიკას არ ატარებს აფხაზეთის მიმართ? მაშასადამე, რუსეთიდან შესაძლებელია «ჰუმანიტარული ტვირთების» რეგულარული შეგზავნა აფხაზეთში, ხოლო საქართველოს უფლება შემოიფარგლება მხოლოდ მოსკოვში ფუჭი «საპროტესტო ნოტების» გაგზავნით – ადეკვატური მოქმედების უფლება კი არ გაგვაჩნია. ანუ, რუსეთში შესაძლებელია ცხოვრობდეს ძაღლთაპირი არძინბას ოჯახი, ფუნქციონირებდეს «აფხაზეთის წარმომადგენლობა» - საქართველომ კი საპასუხოდ «არაფერი გაბედოს».
        ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დავიწყეთ სეპარატიზმის მხარდაჭერა რუსეთში თუ პირიქით, - რუსეთმა დაიწყო პირველად სეპარატიზმის მხარდაჭერა საქართველოში?
        სწორედ აქ მივადექით საოცარ ფენომენს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, საგანგებოდ შესწავლა სჭირდება.
        1991 წელს ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია ერთ-ერთ ბრალდებად უყენებდა თათარსტანთან (რუსეთის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკასთან) ურთიერთობების დამყარებას. ამ პოლიტიკას «პროვოკაციულ-კონფრონტაციული» ეწოდა – თითქოსდა, ზვიად გამსახურდიას ოდესმე «უოცნებია» თათარსტანის დამოუკიდებლობაზე. რასაკვირველია, მისი ქმედება განპირობებული იყო რუსეთის, რუსული საზოგადოების, ოფიციალური მოსკოვის (მათ შორის, რუსეთის იმდროინდელ ხელისუფალთა) დამოკიდებულებით ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი.
        დიდი ხნით ადრე, ვიდრე ზვიად გამსახურდია შაიმიევს «კოჭს გაუგორებდა» რუსეთი ყოველმხრივ ეხმარებოდა ოს სეპარატისტებს. რატომ არ უნდა ჰქონოდა საქართველოს უფლება, მიეღო ადეკვატური საპასუხო ზომები თუნდაც იმ მიზნით, რომ რუსულ საზოგადოებაშივე ჩამოყალიბებულიყო ოპოზიცია მოსკოვის «ორმაგი სტანდარტის» მიმართ? დღეს რატომ არ უნდა მოიქცეს ოფიციალური თბილისი ანალოგიურად, როდესაც რუსეთი ცალმხრივად ხსნის საზღვარს ფსოუზე?
        ასე ყოველგვარი პოლიტიკა აზრს კარგავს, ვინაიდან პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის გარეშე არ არსებობს.
        გარდა ამისა, სად გაქრა (თუნდაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებით) ის ცნობიერი დომინანტი (განსაკუთრებით დამახასიათებელი ეგრეთ წოდებულ «ზვიადისტებისთვის»), რომელიც კავკასიურ ადათს ყველაფერზე მაღლა აყენებდა და ეროვნული თვითშეგნების საფუძვლად მიიჩნევდა? - «დღეს სტუმარია ეგ ჩემი...» ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ეს ყოველივე იყო კონიუნქტურული ახირება, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი იყენებდა ამა თუ იმ მიზნით;
        სინამდვილეში კი, ქართულ საზოგადოებას უჭირს, ჩამოაყალიბოს ერთიანი ზნეობრივი კრიტერიუმი. ეს უფრო ღრმა და საშიში მოვლენაა, ვიდრე პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში გამომჟღავნებული ინფანტალიზმი. აქედან კი ბუნებრივად მივდივართ კიდევ უფრო საზარელ დასკვნამდე: არათუ «ეროვნული მოძრაობის» წევრები, რომელთაც (განსაკუთრებით ბოლო დროს) საერთოდ უარი თქვეს ყოველგვარ «ზნეობრივ შემაკავებლებზე» პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ თვით «ეროვნული მოძრაობა», როგორც ასეთი, არ გამოხატავდა სინამდვილეში ერის შინაგან მისწრაფებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული პოლიტიკა ამდენად ინფანტილური არ იქნებოდა.

რუსული ნაციონალიზმის ახალი ერა

        საარჩევნო ბატალიებში ჩაფლული (ანალოგიით - «ჭაობში ჩაფლული») საქართველო ვერ აცნობიერებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, ჩეჩნეთში ამჯერად წყდება არა მხოლოდ საკუთრივ ჩეჩნეთის, არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის, არამედ მთელი პოსტსაბჭოური სივრცისა და საბჭოთა იმპერიის რღვევის შემდეგ წარმოშობილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ბედი.
        მოსკოვში, შოვინისტურ ტალღაზე მოდის პოლიტიკოსთა ახალი თაობა – მომაკვდავი ელცინის გუნდმა «ტახტის მემკვიდრედ» გამოაცხადა პუტინი, რომლის ავტორიტეტის ამაღლებასაც ჩეჩნეთის განადგურებით აპირებენ.
        მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ამჯერად შეძლებენ «ჩეჩნური საკითხის საბოლოო გადაწყვეტას», ხოლო თუ ამას შეძლებენ, - დაიწყება «რუსული ნეოიმპერიული რენესანსი» - «ფრაგმენტული იმპერიალიზმითა» და «სპეცოპერაციებით» მოახერხებენ ვითარების დესტაბილიზაციას ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებში», რათა შემდგომ აიძულონ ისინი, დათანხმდნენ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას, ეგრეთ წოდებულ «დსთ-ის» ფარგლებში – საბოლოოდ კი ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცის აღდგენას.
        ამრიგად, ჩეჩნეთი «სასინჯი ქვაა», რომლის გამძლეობაზეც ძალზე ბევრი იქნება დამოკიდებული. არავის ეგონოს, თითქოს რუსეთი ვერ გაბედავს «ორმაგი სტანდარტით» მოქმედებას, - თუ ჩეჩნეთს გაანადგურებს, შემდგომ მიტრიალდება ყირიმისკენ, სადაც რუსული მოსახლეობის სეპარატიზმს გამოიყენებს; აფხაზეთიდანაც უფრო «თამამად» იმოქმედებს და ასე შემდეგ; გაგრძელდება (კიდევ უფრო გამწვავდება) კონფრონტაცია დასავლეთთან - რუსეთი აშკარად (უშუალოდ) აღუდგება წინ ნატოში ახალი წევრების მიღებას. საქმე შესაძლოა მივიდეს უშუალო კონფრონტიაციამდე ბალტიის ზღვასა და სხვა რეგიონებში, სადაც რუსეთი საკუთარ იმპერიულ გავლენას ებღაუჭება.
        ეს ჰიპოთეზა არ გეგონოთ – რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთში ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ამერიკის შეერთებული შტატების (ალიასკის) მიმართულებით, რომელიც «საშიშ ზონამდე» სულ რამდენიმე კილომეტრში ააფეთქეს.
        გახშირდა ინციდენტები, როდესაც რუსული ავიაგამანადგურებლები და სტრატეგიული ბომბდამშენები პროვოკაციულად უახლოვდებიან ამერიკის ნაპირებს და ასე შემდეგ. ამით რუსეთი აფრთხილებს დასავლური სამყაროს ლიდერსა და მთელს დასავლეთს: «არ ჩაერიოთ ჩვენს საშინაო საქმეებში» - საქმეც სწორედ ის არის, რომ არა მხოლოდ ჩეჩნეთი, არამედ უკრაინა, საქართველო და სხვა ქვეყნები რუსეთს «საშინაო საქმედ» მიაჩნია და კატეგორიულად მოითხოვს, დართონ ნება, ამ ქვეყნების მიმართ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ინტერესები უკანონოა (ან უკანონოა მათი განხორციელების საშუალებები) და ლახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოების ინტერესებს.
        არასდროს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შოვინისტური, იმპერიული ეიფორია რუსეთში არ ყოფილა ისეთ დონეზე, როგორც ამჟამად. მიაქციეთ ყურადღება, რა ისტერია უძღოდა წინა საფეხბურთო მატჩს (!) რუსეთისა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის. საბედნიეროდ, უკრაინელებმა შეძლეს «საფეხბურთო» (და არა მხოლოდ საფეხბურთო) შოვინისტებისთვის თავზე ცივი წყალი გადაესხათ და მათი აღტკინება ცოტათი მაინც «გაეგრილებინათ».
        საფეხბურთო მატჩში (!) დამარცხებით გამწარებულმა პუტინმა იმავე დღეს განაცხადა, რომ რუსეთი ბოლომდე მიიყვანს «დაწყებულ საქმეს» ჩეჩნეთში და გაანადგურებს სეპარატიზმს. შოვინისტურმა ისტერიამ რუსეთში უკვე ისეთ დონეს მიაღწია, მნიშვნელობა აღარ აქვს: ფეხბურთს მოუგებენ უკრაინელებს თუ ომს მოუგებენ (ანუ ფიზიკურად გაანადგურებენ) ჩეჩნებს.
        პირველად «გადმოხეთქა» სრული ძალით რუსული საზოგადოების ავადმყოფობამ - აღმოჩნდა (დადასტურდა), რომ ანდრეი სახაროვისა და დიმიტრი ლიხაჩოვის «ლიბერალიზმი» და «ჰუმანიზმი» მხოლოდ თხელი, სიფრიფანა საფარველი იყო შოვინისტური ვნების მონსტრისათვის; «დიდ ჰუმანისტად» კურთხეულმა ლიხაჩოვმა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე აშკარად შოვინისტური განცხადებები გააკეთა ჩეჩნების მიმართ.
        საბაბად მას გამოადგა მოსკოვში სახლების აფეთქება და უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვა; თუმცა, სახლები მოსკოვში დაღესტნელებმა ააფეთქეს (და არა ჩეჩნებმა) – დაღესტნის სოფელ კარამახიში ასეთივე უმწეო ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ჩახოცვის პასუხად.
        გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას – თუ ამჟამად ჩეჩენი ხალხი გაუძლებს განსაცდელს და შეძლებს კიდევ ერთხელ ასწავლოს ჭკუა რუს «დერჟიმორდებს» - ეს არა მხოლოდ ჩეჩენთა, არამედ ყველა იმ ხალხის გამარჯვება იქნება, ვისაც დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს.
        ისტორიული თვალსაზრისით კი, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს შემდეგი ფაქტი: პარასკევს რუსეთმა ინგუშეთში გაგზავნა ასეულობით ვაგონი ლტოლვილებისთვის. მათ რუსეთის შიდა რაიონებში ასახლებენ – მეორდება 1944 წლის ვაინახთა ტრაგედია, როდესაც რუსეთის იმპერატორმა, იოსებ სტალინმა ისინი სამშობლოდან გაასახლა;
        ეგრეთ წოდებულ «პერესტროიკის» დასაწყისში რუსი «დემოკრატები» აქტიურად ცდილობდნენ ჩეჩენი ხალხის სიძულვილი საქართველოსაკენ, ქართველი ხალხისაკენ მიემართათ, - აქაოდა, ქართველმა სტალინმა გაგასახლათ, რუსმა ხრუშჩოვმა დაგაბრუნათო.
        საინტერესოა, დღეს როგორღა აიცილებენ რუსები (დამახასიათებელი ხრიკით) პასუხისმგებლობას მთელი ერის გაჟლეტისთვის და როგორღა დააბრალებენ ყოველივეს საქართველოს?

დილის გაზეთი; 17 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე