საქართველო, ჯერჯერობით, ვერ იყენებს იუგოსლავიის პრეცედენტს
       

        ცივილური მსოფლიოს მიერ სამართლიანად წამოწყებული ომი კომუნო-ფაშისტური იუგოსლავიის წინააღმდეგ დამამთავრებელ ფაზაში შედის.
        როგორც ჩანს, ზაფხულის ბოლოსთვის ნატო მზად იქნება ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის. ოღონდ, სავარაუდოა, ამ ოპერაციას უშუალოდ განახორციელებენ კოსოვოელი ალბანელები, ან ალბანეთის ეროვნული არმიის ნაწილები, ხოლო ნატო მათ ჰაერიდან გაუწევს უმნიშვნელოვანეს (უფრო სწორად, გადამწყვეტი მნიშვნელობის) სამხედრო დახმარებას.
        ამრიგად, მილოშევიჩის რეჟიმი დამარცხდა, - მას (სავსებით სამართლიანად) სისხლით აგებინეს პასუხი არა მხოლოდ კოსოვოში, არამედ ბოსნიასა და ხორვატიაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ენით აუწერელი დანაშაულობებისთვის.
        ჩვენთვის ყველაზე მეტად საყურადღებოა ის პოლიტიკური ფონი, რომელიც იქმნება კოსოვოსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო, ფაქტობრივად, ორ ბანაკად გაიყო. ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ამართლებს ნატოს მოქმედებას, ხოლო უმცირესობა (ჩინეთი, რუსეთი, ლიბია, ერაყი და ასე შემდეგ) მას უსამართლოდ მიიჩნევს.
        გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე შაბათს მიიღეს განცხადება სერბთა მოქმედების დაგმობით, - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
        უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან მხოლოდ ორმა ქვეყანამ - რუსეთმა და ჩინეთმა შეიკავა თავი - თანაც, დააკვირდით, ვეტოს დადება ვერ გაბედეს, იმდენად ერთმნიშვნელოვანია მსოფლიო თანამეგობრობის პოზიცია, ამიტომ მხოლოდ «თავი შეიკავეს».
        გასაგებია, რომ ჩინეთიც და რუსეთიც გააფთრებით ებღაუჭებიან იმ მსოფლიო წესრიგს, რაც ჩამოყალიბდა დედამიწაზე, - ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, როდესაც ორი ცივილიზაცია, ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი უპირისპირდებოდა ერთმანეთს.
        იმ ეპოქის უმთავრესი გადმონაშთია ვეტოს უფლება 5 ატომური სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ეს უფლება ნამდვილად აღარ შეესაბამება თანამედროვე რეალიებს, - ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), უკვე მზად არიან, დაეთანხმონ «ვეტოს» გაუქმებას, ვინაიდან, კომუნისტური ბანაკის დაშლის შედეგად, მსოფლიოში არსებულ სახელმწიფოთა უმრავლესობა დემოკრატიული მშენებლობის გზით მიდის; აქედან გამომდინარე, ნატოს და დასავლეთს ყოველთვის ექნება ხმათა «მყარი» უმრავლესობა, - იუგოსლავიის მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად.
        წარმოვიდგინოთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები სერბეთის გარშემო, რომ არ არსებობდეს «ვეტოს» უფლება. ნატო აღარ იქნებოდა იძულებული, გაეროს გვერდის ავლით მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან უშიშროების საბჭო აბსოლუტური უმრავლესობით (13 - ჩინეთისა და რუსეთის ორი ხმის წინააღმდეგ) დაეთანხმებოდა სერბეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
        ამჟამად კი ტოტალური (იუგოსლავია), კომუნისტური (ჩინეთი) და ფსევდოდემოკრატიული (რუსეთი) ქვეყნების უმცირესობამ მოიპოვა უფლება, ბრალი დასდოს ნატოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, თითქოს მათ უნივერსალური საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდის ავლით გააჩაღეს ომი იუგოსლავიის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც სინამდვილეში გაეროს წევრი 183 სახელმწიფოდან 170 (!) მხარს უჭერს ნატოს მოქმედებას.
        შექმნილ ვითარებაში საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მისი ხმა ისმოდეს მსოფლიო არენაზე. იუგოსლავიასთან დაკავშირებით შეიქმნა ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენეტი, რომელიც აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის;
        რაც უფრო აქტიურად მიიღებს საქართველო მონაწილეობას მსოფლიო დისკუსიაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს - მით უფრო მეტია ალბათობა შექმნილ პრეცედენტთან აფხაზეთის პრობლემის «მიბმისა»; მთავარი ის კი არ არის, რომ ნატომ იუგოსლავიაში თითქოსდა «სეპარატიზმს» დაუჭირა მხარი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რამბუიეში შექმნილი პრეცედენტი: რამბუიეში, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენეს ორივე დაპირისპირებულ მხარეს - შეეწყვიტათ დაპირისპირება და მიეღოთ კონფლიქტის მოწესრიგებისათვის შემუშავებული გეგმა.
        ეს გეგმა ალბანელებმა მიიღეს, სერბებმა კი - უარყვეს. სწორედ ამიტომ დაატყდა დასავლეთის რისხვა თავს სწორედ სერბებს, თორემ პირიქითაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
        აფხაზეთი, ჯერჯერობით, მთლიანად დაკარგული გვაქვს. ამიტომ, საქართველოს დასაკარგი და «დასათმობი» საერთოდ არაფერი დარჩა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი «სამშვიდობო გეგმა», რომელსაც ნატო შეიმუშავებს აფხაზეთის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად - ჩვენთვის მისაღები იქნება, სეპარატისტებისთვის კი - არა.
        რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ჯერ პერსპექტივაა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი პერსპექტივა უკვე არსებობს.
        2-3 წლის წინათ მსგავსი არაფერი არსებობდა.
       

ოპოზიციური «სამოედობა» საქართველოში
       

            «სამოედობა», ანუ «თვითჭამა» პოლიტიკურ ჟარგონზე საკუთარი ინტერესების მავნებლობას შეიძლება ნიშნავდეს. საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხთვენახევარი დარჩა, ხოლო ოპოზიციური სპექტრი, ნაცვლად გაერთიანება-შეკავშირებისა, ურთიერთქიშპით, ღვარძლის ნთხევით, ინტრიგებითა და ტრაგიკომიკური ურთიერთდაპირისპირებით არის გართული.
        რასაკვირველია, ეს ტრაგიკომედია მხოლოდ მმართველ პარტიას აძლიერებს, რომელმაც შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება და განხეთქილების არც ერთი ფაქტი არ დაუშვა, - მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა.
        «ურთულესი მდგომარეობა» კი გამოიხატება იმით, რომ «მოქალაქეთა კავშირი» სხვადასხვა (ზოგჯერ თვისებრივად განსხვავებული) სოციალური თუ ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენელთაგან შედგება, რომელთაც ხშირად არათუ განსხვავებული მსოფლმხედველობა, არამედ განსხვავებული ინტერესებიც აქვთ.
        მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია ინარჩუნებს სტაბილურობას (ეს გადამწყვეტი ფაქტორია ქართველი ამომრჩევლის მენტალიტეტის გათვალისწინებით), ხოლო ოპოზიციური პარტიები «ურთიერთგარჩევებში» ჩაეფლნენ.
        «სოციალისტური» პარტია უდავოდ მეტ პატივისცემასა და სიმპათიას იმსახურებს, ვიდრე «ლეიბორისტული», მაგრამ ვახტანგ რჩეულიშვილის უკანასკნელი ინტრიგა (სასამართლოში საჩივრის შეტანა ლეიბორისტების წინააღმდეგ) უდავოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას პოლიტიკური ნიჭი და ალღო ღალატობს.
        იგი საკუთარი ემოციური განწყობის პროეცირებას ახდენს ამომრჩევლის განწყობაზე, ან არ ითვალისწინებს კონკრეტული ამომრჩევლის მენტალიტეტს.
        შალვა ნათელაშვილმა ეს სარჩელი ოსტატურად შეიძლება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. საქართველოს არცთუ სრულყოფილი საარჩევნო კანონის მინდობა ძალიან ძვირად დაუჯდებათ «სოციალისტებს». მაგალითად, როგორ დაუმტკიცებენ ისინი ლეიბორისტებს, რომ წინასწარგანზრახულად არ წარადგინეს ხარჯების ანგარიში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუ ეს უკანასკნელნი იტყვიან, რომ ხარჯები უბრალოდ არ ჰქონიათ.
        ასეთ შემთხვევაში «უდანაშაულობის პრეზუმფციის» პრინციპებიდან გამომდინარე, «ლეიბორისტები» კი არ იქნებიან ვალდებულნი, თავი იმართლონ, არამედ პირიქით - მომჩივანი მხარე გახდება ვალდებული, დაუმტკიცოს მათ, რომ სინამდვილეში ჰქონდათ შექმნილი საარჩევნო ფონდი, რომლიდანაც ხარჯავდნენ თანხებს, ხოლო ამ თანხების ხარჯვის სტრუქტურა და ოდენობა დაუმალეს საარჩევნო კომისიას.
        სხვათა შორის, კომისიაში ანგარიშის წარუდგენლობა (კანონის შესაბამისად) მხოლოდ იმ შემთხვევაშია დანაშაული, თუ კანონის შესაბამისადვე დამტკიცდება, რომ საარჩევნო ფონდი არსებობდა. იმის თქმა, «ვინ დაიჯერებს, ლეიბორისტებს საარჩევნო ხარჯები არ ჰქონიათო» - იურიდიული არგუმენტი არ არის.
        გარდა ამისა, ლეიბორისტებს სულ ადვილად შეუძლიათ, პირწმინდად დაამსხვრიონ ის სტერეოტიპი, რომლის შექმნასაც ამჟამად რჩეულიშვილები ცდილობენ: «ლეიბორისტებს მმართველი პარტია აფინანსებდა და სწორედ ამიტომ არის მათ შორის ალიანსი».
        ჯერ ერთი, ჭკუათმყოფელი ადამიანი ძნელად თუ დაიჯერებს, თითქოს 15 ნოემბრის არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირი» - «ლეიბორისტებს» აფინანსებდა. ეს, უბრალოდ, აბსურდია. თუ ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა, ხოლო ნათელაშვილი საარჩევნო კამპანიისას ლანძღვა-გინებით იკლებდა შევარდნაძესა და მის პარტიას, მაშინ ორიდან - ერთი: ან მმართველი პარტიის მესვეურები არიან იდიოტები, ან არადა, ასეთი «ჩახლართული» ხრიკით საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას ცდილობდნენ, ოღონდ, იმავდროულად «შტირლიცის» მსგავსი კონსპირაცია გამოამჟღავნეს, რაკი «ბოლო მომენტამდე» (ანუ სოციალისტების დამარცხებამდე) ვერავინ ვერაფერი შეიტყო.
        რაკი «სოციალისტების» მთავარი არგუმენტი ლეიბორისტების წინააღმდეგ «მმართველ პარტიასთან შეკვრა» ხდება, შალვა ნათელაშვილს ნამდვილად ძალუძს ეფექტურ კონტრზომას მიმართოს - მაგალითად, შექმნას ერთიანი საარჩევნო ბლოკი პანტელეიმონ გიორგაძის კომუნისტურ პარტიასთან და ლანძღვა-გინებით აიკლოს არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ «ფსევდომემარცხენე პარტიები», რომლებიც სინამდვილეში ყოფილი წითელი ნომენკლატურის კონვერსირებული წარმომადგენლებისგან შედგება; ანუ იმ ხალხისგან, ვინც კომუნისტურ ეპოქაში მექრთამეობით ნაშოვნი ფულით მოიპოვა «მემარცხენე მილიონერის» წოდება.
        ეს არგუმენტი ქმედითი იქნება ისევ და ისევ ქართული საზოგადოების მენტალიტეტიდან გამომდინარე. რა შეიძლება მას დაუპირისპირონ მოწინააღმდეგეებმა? - რომ პანტელეიმონ გიორგაძეც შევარდნაძე-ჟვანიას აგენტია? იმ შემთხვევაშიც კი, თუ უზენაესმა სასამართლომ აუკრძალა «ლეიბორისტებს» არჩევნებში მონაწილეობა (რაც ნაკლებად სავარაუდოა), ეს მაინც არ ნიშნავს შალვა ნათელაშვილის პოლიტიკურ სიკვდილს (ანუ ვახტანგ რჩეულიშვილის პრობლემის გადაწყვეტას), ვინაიდან ნათელაშვილს შეუძლია კენჭი იყაროს «კომუნისტების» სიით, ან ახალი პარტია შექმნას - მას, როგორც პარლამენტის წევრს, 50 ათასი ხელმოწერა არ დასჭირდება.
        შედეგის თვალსაზრისით კი არაფერი შეიცვლება, რადგან «ლეიბორისტთა» ამომრჩეველი შალვა ნათელაშვილს აძლევდა ხმას და არა მის პარტიას.

დილის გაზეთი, 17 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე