სარიშვილი გონებამახვილობს

        გასული კვირა მოვლენათა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: ხელისუფლებამ კაკო ელიავა «შემოირიგა», პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ამჟამინდელი დროშისა და ღერბის შეცვლის შესახებ, ნატო და რუსეთი კინაღამ «შეეჯახენ» ერთმანეთს კოსოვოში, მაგრამ ამ «მრავალფეროვნების» მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად (საქართველოსათვის) მაინც «7-პროცენტიან» ბარიერთან დაკავშირებით გამართული დისკუსია მიგვაჩნია.
        სწორედ გასულ კვირას ეს საკითხი ოფიციალურად დაისვა საქართველოს პარლამენტში. ინიციატორი, როგორც ცნობილია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ირინა სარიშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კატეგორიულად მოითხოვა «5 პროცენტიანი» საარჩევნო ბარიერის გაზრდა 7 პროცენტამდე.
        თანაც, ედპ-ს ლიდერმა ეს გააკეთა (წინასწარგანზრახულად) ისეთი ფორმით, რომ მის დემარშს რაც შეიძლება მეტი რეზონანსი მოჰყოლოდა მასმედიაში. რ
        ოგორც ჩანს, ეს იყო პირველი აქცია იმ გონებამახვილურ პოლიტიკურ ოპერაციაში, რომელიც ირინა სარიშვილმა დაგეგმა და ჯერჯერობით, ბრწყინვალედ ახორციელებს.
        ამ ოპერაციას (საბოლოო წარმატების შემთხვევაში) ძალიან სერიოზული შედეგი მოჰყვება ქართულ პოლიტიკურ ოლიმპზე ძალთა განლაგებისა და ხელისუფლების რეალური გადანაწილების თვალსაზრისით.
        რაში მდგომარეობს ინტრიგის არსი? როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პროპორციული (საერთოეროვნული სიით) არჩევნების შედეგად მანდატები პარლამენტში მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც გადალახავენ 5 პროცენტიან ბარიერს, ანუ მიიღებენ ხმების საერთო ოდენობის 5 პროცენტზე მეტს;
        წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის მიცემული ხმები უქმდება და «გადანაწილდება» გამარჯვებულ პარტიაზე, ანუ ისეთ პარტიებზე, რომლებმაც 5 პროცენტიანზე მეტი ხმა დააგროვეს არჩევნების შედეგად.
        გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით რა მოხდა 1995 წელს. ნოემბრის არჩევნების შედეგად 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა მხოლოდ სამმა პარტიამ: მოქალაქეთა კავშირმა, «აღორძინებამ» და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ.
        5 პროცენტიან ბარიერს მიუახლოვდნენ, მაგრამ ვერ გადალახეს: «კომუნისტებმა», «ტრადიციონალისტებმა» და «სოციალისტებმა»;
        ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ «გამარჯვებულმა პარტიებმა» ჯამში შეაგროვეს ხმების 36 პროცენტი! დანარჩენი 64 პროცენტი უბრალოდ გაუქმდა და «გადანაწილდა» სამეულს შორის.
        რა თქმა უნდა, ასეთი წესი ფორმალურად არასამართლიანია, ვინაიდან თითქოსდა, «ხმების დიდი ნაწილი იკარგება», მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ წესს იყენებენ რათა ჩამოაყალიბონ პოლიტიკური სპექტრი და შეამცირონ პარტიათა ოდენობა, - შექმნან პირობები ნორმალური «სამპარტიულობისთვის», - როგორც ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში.
        მართლაც, ვინ უშლიდა ხელს დანარჩენი 84 პროცენტის წარმომადგენელ პარტიებს, ჩამოეყალიბებინათ რამდენიმე საარჩევნო ბლოკი, რათა გადაელახათ 5 პროცენტიანი ბარიერი? – არავინ, საკუთარი ამბიციის გარდა!
        ამრიგად, 5 პროცენტიანი ბარიერი კონსტიტუციონალიზებულია, ანუ ჩადებულია კონსტიტუციაში. ძირითადი კანონის შეცვლას კი პარლამენტში ხმების კვალიფიციური უმრავლესობა ესაჭიროება.
        იმავდროულად, პოლიტიკურ სპექტრში ხშირად გაისმოდა მოწოდებები, კვოტის «შემცირების» თაობაზე, რათა პარლამენტი უფრო «წარმომადგენლობითი» ყოფილიყო, მაგრამ გათვალისწინებულია, რომ ხელისუფლებათა გაყოფის «ამერიკული მოდელის» პირობებში, როდესაც პარლამენტს ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლება ექნება, მეტისმეტად «ჭრელი საკანონმდებლო ორგანო» (მით უმეტეს, საქართველოს პირობებში – ჩვენს რეალობათა გათვალისწინებით) უეჭველად გახდებოდა ქაოსისა და უმართავი პროცესების კატალიზატორი.
        მაგალითად, საკმარისია ვირტუალურად «ჩავსვათ» დღევანდელ რეალობაში წინა მოწვევის «მრავალპარტიული» პარლამენტი და მაღალი ალბათობით მივიღებთ მძვინვარე სამოქალაქო ომის პროგნოზს.
        ამრიგად, 5-პროცენტიანი ბარიერი (საერთოდ ბარიერი და საარჩევნო კვოტა როგორც ასეთი) – ხელს უწყობს დემოკრატიულ ინსტიტუტთა ჩამოყალიბებას ქვეყანაში და აიძულებს პოლიტოკრატიას, გაერთიანდეს, შეკავშირდეს (თუნდაც, დროებით _ საარჩევნო ბლოკთა სახით) თავის გადასარჩენად.
        მაგრამ ქართულ პოლიტოკრატიას ეს არ ეპიტნავება _ მას ურჩევნია, შეცვალოს ინსტიტუტი, შეუსაბამოს იგი საკუთარ ამბიციებს, ოღონდ კი თავად არ შეიცვალოს.
        აქედან გამომდინარე, 5-პროცენტიანი ბარიერის შემცირების თემა, როგორც რუსები იტყვიან «ჰაერში ფარფატებდა» - ოღონდ, არც ერთი ძლიერი, ან ძლიერად მიჩნეული პარტია ღიად ამ საკითხს არ დასვამდა, ვინაიდან ამით, ფაქტობრივად, აღიარებდა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერისა ეშინია - «შეშინებული პარტია» კი იმთავითვე კარგავს ყოველგვარ შანსს, ვინაიდან «მცირდება» ელექტორატის თვალში.
        სწორედ ამ ვითარებაში, «მოქალაქეთა კავშირს», რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის დაინტერესებული საარჩევნო ბარიერის შემცირებით, ჩვენი აზრით, უმძიმესი ტაქტიკური შეცდომა მოუვიდა – მან დაიწყო კონსულტაციები «გარესაპარლამენტო ოპოზიციასთან» საარჩევნო ცენზის შემცირების თაობაზე, ამით სმკ-მ დააფიქსირა თვით თემა და საშუალება მისცა ირინა სარიშვილს, უზადო ხელოვნებით განეხორციელებინა ქვემოთ აღწერილი პოლიტიკური ინტრიგა, რომლის უმთავრესი მიზანია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისათვის საქართველოს სახელისუფლებო «მზისქვეშეთში» ადგილის შენარჩუნება. ეს ამოცანა, რასაკვირველია, უმჭიდროესად უკავშირდება პიროვნულად ირინა სარიშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას.
        ედპ-ს ლიდერი «ჭკვიანი კაცია»; იგი ხვდება, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას 24 ოქტომბრის არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის ძალიან მცირე შანსი აქვს.
        «რესპუბლიკელთა» შემორიგებამ ამ მხრივ «ედპ»-ს (ელექტორალური პერსპექტივის თვალსაზრისით), ბევრი ვერაფერი შესძინა; თუმცა, ირინა სარიშვილის გარშემო მეტ-ნაკლებად გამოკვეთილ ფიგურათა ნაკლებობას დავით ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავა ასე თუ ისე მაინც შეავსებდნენ.
        ირინა სარიშვილი ყურადღებით აკვირდებოდა «მოქალაქეთა კავშირის» კონსულტაციებს გარესაპარლამენტო პარტიებთან – ძირითადად, ეგრეთ წოდებულ «თანხმობის დარბაზთან» და როგორც კი შეიტყო, რომ კონსულტაციებისას პირველად გაიჟღერა წინადადებამ: 50+1 – დაუყოვნებლივ გადაწყვიტა მოქმედება.
        ვიდრე კონკრეტულად მის ქმედებებს გავაანალიზებთ, ჯერ უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს წინადადება 50+1. საქმე ის არის, რომ გარესაპარლამენტო პარტიებმა «მოქალაქეთა კავშირს» შესთავაზეს საარჩევნო კანონში უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა – კერძოდ, 5-პროცენტიანი ბარიერი შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო, მაგრამ თუ «ბარიერგადალახულ პარტიათა» ხმების ჯამი ვერ გადააჭარბებდა 50 პროცენტს, ასეთ შემთხვევაში, მანდატები მიენიჭებოდა იმ პარტიებსაც, რომლებმაც კვოტა ვერ დააგროვეს – ვიდრე პარტიათა ხმების ჯამი არ გადააჭარბებდა 50 პროცენტს;
        იურისტთა აზრით, ეს ცვლილებაც მოითხოვდა შესწორებას კონსტიტუციაში, რასაც მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობა არ ეყოფოდა. სწორედ მაშინ გამოვიდა სცენაზე ირინა სარიშვილი. დარწმუნებული ვარ, მას თავისი მოქმედება არ შეუთანხმებია არც მოქალაქეთა კავშირთან, არც (მით უმეტეს) გარესაპარლამენტო ოპოზიციასთან, რომელსაც ბიუროზე ცნობილი დემარშისას «ნაყარ-ნუყარი» უწოდა.
        ამ შემთხვევაში ირინა სარიშვილმა ჭეშმარიტი პოლიტიკოსის თვისება გამოამჟღავნა და მოქმედებდა იმ უდავო დებულების გათვალისწინებით, რომ პოლიტიკა «ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა».
        დავაკვირდეთ, რა ვითარება შეიქმნა ირინა სარიშვილის მოთხოვნის შედეგად 5-პროცენტიანი ბარიერის 7-პროცენტიანამდე გაზრდის შესახებ: ედპ-ს ლიდერმა შესანიშნავად იცოდა, რომ ასეთი მოთხოვნით გაააქტიურებდა დისკუსიას თვით «საარჩევნო კვოტის» თაობაზე. მან ისიც გათვალა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების (სახალხოს, სოციალისტების...) რეაქცია თავდაპირველად «ინსტინქტურად უარყოფითი» იქნებოდა (ზოგადად, ეს ქართველ პოლიტიკოსთა მსახვრალი სენია), ხოლო საზოგადოებაში შეიქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ «ედპ»-ს 7 პროცენტიანი ბარიერისაც კი არ ეშინია».
        სინამდვილეში, ირინა სარიშვილისათვის მთავარია, გამართოს კონსულტაციები მმართველ პარტიასთან, რათა ამ კონსულტაციათა პროცესში, ვითომ სხვათა შორის, «შემოაგდოს» კომპრომისული წინადადება: კი, ბატონო, რაკი ასე გსურთ, დაიცვათ «ნაყარ-ნუყარი» პარტიები, გავზარდოთ ბარიერი 7 პროცენტამდე, მაგრამ იქვე შემოვიღოთ 50+1-ის პრინციპი, რათა დავიცვათ მათი უფლებები და უზრუნველვყოთ პარლამენტის «წარმომადგენლობითობა».
        სწორედ ეს არის ირინა სარიშვილის მთავარი მიზანი! მკითხველს შეიძლება უცნაურად და დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ირინა სარიშვილი საარჩევნო კვოტის გაზრდას კი არ მოითხოვს, არამედ პირიქით _ შემცირებას და აი, რატომ:
        მოდით, კვლავ წარმოვიდგინოთ ვითარება, რომელიც შეიქმნება მომავალი არჩევნების შემდეგ - 7-პროცენტიანი ბარიერის დაწესების შემთხვევაში. ვთქვათ, გაიმართა 24 ოქტომბრის არჩევნები, შედეგად მოქალაქეთა კავშირმა მიიღო ხმების 23 პროცენტი, ლეიბორისტულმა პარტიამ – 11, «აღორძინებამ» _ 8, «სოციალისტებმა» _ 6, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ – 4,8, «სახალხომ «- 4,2, «კომუნისტებმა» - 4, «ზვიადისტებმა – 3 და ასე შემდეგ. ახლა კი დავითვალოთ, რა გამოვიდა: 7-პროცენტიანი ბარიერი გადალახა მხოლოდ სამმა პარტიამ (ისევე, როგორც 1995 წლის არჩევნების შედეგად); მოქალაქეთა კავშირმა, «აღორძინებამ» და (ამჯერად) «ლეიბორისტებმა». ჯამში მათ მიერ მოგროვებული ხმების რაოდენობა უდრის (23+11+8) 42_ს. მაშასადამე, ყველა სხვა პარტიის ხმა უქმდება და პროპორციულად ემატება «გამარჯვებულ პარტიებს»; მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული 50+1-ის პრინციპი!
        აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული _ სწორედ ამისთვის იბრძვის უმთავრესად ირინა სარიშვილი და არა იმდენად ბარიერის გასაზრდელად, რასაც პრინციპული მნიშვნელობა მისთვის სულაც არა აქვს.
        თუ კონსტიტუციაში შესული ცვლილება გაითვალისწინებს არა მხოლოდ ბარიერის 7 პროცენტამდე გაზრდას, არამედ 50+1-ის წესის შემოღებას, მაშინ ზემოთ მოყვანილ მაგალითში ხმათა თანაფარდობის შედეგად მანდატები უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირს», «ლეიბორისტებს» და «აღორძინებას», არამედ «სოციალისტებსაც»; ამ შემთხვევაში ჯამი მიაღწევს 48 პროცენტს, და ბოლოს, «ეროვნულ-დემოკრატებსაც», ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში გადააჭარბებს 50 პროცენტს!

        ედპ-ს ლიდერმა შესანიშნავად უწყის, რომ როგორი საარჩევნო კვოტაც უნდა დაწესდეს, _ იმ პარტიათა ხმების ჯამი, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, მაინც ვერ გადააჭარბებს 50 პროცენტს. უფრო მეტიც - ხმათა ეს ჯამი 40 პროცენტსაც ძნელად თუ მიაღწევს. ამიტომ კვოტის ოდენობას (7 პროცენტი იქნება თუ 5) პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, შემოღებულ იქნას 50+1-ს წესი, ვინაიდან ამ შემთხვევაში «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას», რომელიც მეოთხე-მეხუთე ადგილზე უეჭველად გავა, მაინც უზრუნველყოფილი ექნება წარმომადგენლობა პარლამენტში!
        «ედპ»- ს ლიდერი, აგრეთვე, ითვალისწინებს, რომ ამგვარი ცვლილება ხელს აძლევს არა მხოლოდ მას, არამედ ყველა სხვა პარტიას _ სახელისუფლებო პარტიათა გარდა, რომელთაც ისედაც განაღდებული აქვთ თუნდაც 7 პროცენტიანი ბარიერი.
        ამიტომ, როგორი მტრულიც უნდა იყოს ედპ-ს დამოკიდებულება, ვთქვათ, «სახალხოსადმი» (და პირიქით) - «სახალხო პარტია», «სოციალისტები», აგრეთვე მხარს დაუჭერენ 50+1-ის წესის შემოღებას (ამ შემთხვევაში კვოტა თუნდაც 10 პროცენტამდე გაიზარდოს _ ამას მნიშვნელობა აღარ ექნება), ვინაიდან თვითონაც ძალიან ეშინიათ, რომ ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს და მომავალი არჩევნების შედეგად «ხახამშრალნი» დარჩებიან.
        თანაც, ირინა სარიშვილი ამ პოლიტიკურ ინტრიგას ახორციელებს ძალზე ეშმაკურად: იგი თითქოს «უთმობს» მოქალაქეთა კავშირს - კი, ბატონო, ოღონდ ბარიერი 7-პროცენტამდე გაიზარდოს და ჩვენ დაგეთანხმებით 50+1 წესის შემოღებაზე.
        სინამდვილეში, «ეროვნულ-დემოკრატებისათვის» სწორედ ამ წესის 50+1 შემოღებაა სამკვდრო-სასიცოცხლოდ აუცილებელი, და არა ბარიერის გაზრდა.
        ამის შემოწმება სულ ადვილად შეიძლება: ედპ (ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები) საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭი ეყრება «პაკეტს», ანუ არა მხოლოდ ბარიერის 7-პროცენტამდე გაზრდას, არამედ 50+1-ის წესის შემოღებას; ხოლო თუ კენჭისყრაზე დადგება მხოლოდ ბარიერის გაზრდის წინადადება, ირინა სარიშვილის პარტია, ნებისმიერი საბაბით, ნებისმიერი ხერხით, ჩაშლის კენჭისყრას (საბაბი მოიძებნება), ვინაიდან, ბარიერის გაზრდა 50+1-ის გარეშე მისთვის სიკვდილის ტოლფასია.
        ასეთ შემთხვევაში, სჯობს, ბარიერი 5 პროცენტი მაინც დარჩეს.
        ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მმართველი პარტია ახლადშობილ ბოჩოლასავით პირდაღებული მონაწილეობს მთელს ამ გონებამახვილურ ინტრიგაში და ვერ აცნობიერებს, რომ ზემოთ ხსენებული «პაკეტის» მხარდაჭერა მისთვის დამღუპველი იქნება.
        ჯერ ერთი, შედეგად მომავალ პარლამენტში გავა არა სამი ან ოთხი, არამედ ექვსი ან შვიდი პარტია _ აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, დღევანდელი მმართველი პარტია უმცირესობაშიც აღმოჩნდეს მთელი «ოპოზიციური კოალიციის» მიმართ (ანუ განმეორდეს თბილისის საკრებულოს ვარიანტი), რაც არ არის საკმარისი (როგორც ვნახეთ) კოალიციის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, მაგრამ სავსებით საკმარისია პარლამენტის თავმჯდომარის შესაცვლელად.
        გარდა ამისა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ცვლილებისას, აჭარა ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს (ვინაიდან პროპორციულად შემცირდება მისი წარმომადგენლობა), რისთვისაც ოპოზიცია პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მმართველ პარტიას დააკისრებს.

დილის გაზეთი, 14 ივნისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე