რატომ არა გვაქვს ელექტროენერგია?
       

        პარასკევს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვის შედეგად, მთლიანად შეწყდა «ენგურის კასკადიდან» - აღმოსავლეთ საქართველოსათვის ელექტროენერგიის მოწოდება.
        უმალვე აღმოჩნდა, რომ დედაქალაქი სწორედ ენგურზე (ანუ, დიდწილად სეპარატისტებზეა) დამოკიდებული, ვინაიდან თბილსრესის «გაშვება» მის ახალ მფლობელს - ამერიკულ კომპანია «აეს»-ს ჯერ დაგეგმილი არა აქვს.
        კიდევ კარგი, ხელისუფლებამ დროულად მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და «თბილსრესის» ორად-ორი ქმედითი ენერგობლოკი ნამდვილ მეპატრონეს გადასცა. «ენერგობიუროკრატია», რომლის ხელში მე-9 და მე-10 ენერგობლოკი ხუთჯერ აფეთქდა - ამგვარ მეპატრონედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
        მიუხედავად ამისა, მდგომარეობის უახლოეს მომავალში გამოსწორების იმედი არ უნდა გვქონდეს. «თბილსრესის» სრულ რეაბილიტაციასა და მწყობრში ჩაყენებას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. ერთი სიტყვით, III ათასწლეულში კვლავ ენერგოკრიზისით შევაბიჯებთ. ახალ წელს, რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია რომც მივიღოთ - ეს არაფერს ნიშნავს. ენერგოკრიზისი გრძელდება, გრძელდება უკვე მე-9 წელია. იგი დაიწყო უმალვე, როგორც კი მოიშალა საბჭოთა კავშირის ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ანუ იძულებული გახდა «თავად ერჩინა თავი» ყველა (მათ შორის ენერგეტიკული) თვალსაზრისით;
        საბჭოთა კავშირში «შუქის გამორთვა» რა იყო, საერთოდ არ ვიცოდით, ელექტროენერგია 2 კაპიკი ღირდა და იმასაც არავინ იხდიდა. მაგრამ «საბაზრო მექანიზმების ამუშავების შემდეგ, ვითარება, რა თქმა უნდა, შეიცვალა.
        მთელი პასუხისმგებლობით, შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკაში» არ არის ამ თვალსაზრისით ისეთი ტრაგიკული ვითარება, როგორც საქართველოში.
        სომხეთშიც კი, პრობლემა გადაწყვიტეს და, ამჟამად, ნამატ ელექტროენერგიას ყიდიან. მივაქციოთ ყურადღება: სომხეთის პრობლემა ენერგორესურსის ნაკლებობა იყო, ვინაიდან სრულ ბლოკადაში იმყოფებოდა თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან. ეს ქვეყნები კი მას, რა თქმა უნდა, არ მიჰყიდიდნენ ელექტროენერგიას;
        იმავდროულად, სომხეთს არ გააჩნდა მძლავრი თბოელექტროსადგური ან ჰიდროელექტროსადგურები (განსხვავებით საქართველოსგან), ხოლო ატომური ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ჭკვიანმა სომხებმა ჯერ კიდევ 70-იან წლებში ააშენეს, - გაჩერებული ჰქონდათ;
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ 70-იან წლებში საქართველოს ხელისუფლებაც გეგმავდა მძლავრი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, მაგრამ ამ პროექტს ჩვენი «ინტელიგენციის» ისეთივე საპროტესტო გნიასი მოჰყვა, როგორც «ტრანსკავკასიურ რკინიგზას».
        ამრიგად, სომხების პრობლემა მხოლოდ თვით რესურსის ნაკლებობა იყო. როგორც კი ეს პრობლემა გადაწყვიტეს (ატომური ელექტროსადგური კვლავ აამუშავეს) - ელექტროენერგია არათუ თავად ჰყოფნით - აღარ იციან, ვის მიჰყიდონ და «სად წაიღოს».
        სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო საკუთრივ რესურსის (ანუ გენერაციის) ნაკლებობას არასდროს განიცდიდა და არც ამჟამად განიცდის. ატომური ელექტროსადგური იმით არის მომგებიანი, რომ (აშენების შემდეგ) ყველაზე ეფექტიანია. თუმცა, საქართველოს გენერაციის სხვა მძლავრი ობიექტებიც აქვს - ენგურჰესის უნიკალური ჰიდროელექტროსადგური სანახევროდ სეპარატისტებისაა, მაგრამ სანახევროდ მაინც ხომ ჩვენია! ენგურჰესის გარდა, საქართველოში არის 3-4 ისეთი მაშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომლის დარი ერთიც არა აქვს სომხებს;
        სომხების მაგალითი მუდამ იმიტომ მომყავს, რომ ზემოთხსენებული მიზეზით, 1994 წლისთვის მათ ყველაზე უარესი «საწყისი პირობა» ჰქონდათ ყოფილ საბჭოთა კავშირში.
        ჰიდროელექტროსადგურების გარდა (ისევ და ისევ სომხეთისაგან განსხვავებით) საქართველოს აქვს ენერგორესურსების (მაგალითად მაზუთის) იმპორტის შეუზღუდავი საშუალება (თანაც, ყველაზე იაფი ტრანსპორტით - ზღვით), აგრეთვე აქვს საშუალება შეიძინოს უშუალოდ ელექტროენერგია (რუსეთში, აზერბაიჯანში, ბოლო დროს, იმავე სომხეთში) და, რაც მთავარია, განსხვავებით სომხეთისაგან, საქართველოს აქვს კავკასიაში უმძლავრესი თბოელექტროსადგური, - გარდაბანსრესი (იგივე თბილსრესი)
        თბილსრესს (ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად) შეუძლია თითქმის 100 პროცენტით უზრუნველჰყოს საქართველო ელექტროენერგიით.
        მაშასადამე, რესურსისა და გენერაციის ნაკლებობას საქართველო არ განიცდის. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ ასეა, რატომ არა გვაქვს ელექტროენერგია - ბოლოს და ბოლოს რა არის ამ გაუთავებელი, მტანჯველი ენერგოკრიზისის მიზეზი?
        ვისაც როგორც უნდა აღშფოთდეს, მე დავასახელებ მთავარ და ერთადერთ მიზეზს - ქართული საზოგადოების უკულტურობას!
        გენერაციის და ენერგორესურსის არსებობას ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ენერგეტიკული სისტემა (სისტემა მთლიანად) ნორმალურად ფუნქციონერებს, ანუ ხდება დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბოელექტროსადგური ელემენტარულად გაჩერდება, ხოლო ჰიდროელექტროსადგურები მომსახურე პერსონალის გაფიცვებისა და აგრეგატების ცვეთის გამო მწყობრიდან გამოვა.
        საქართველოს გენერაცია მე-9 წელია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და იღებს სანაცვლოდ მისი ღირებულების მხოლოდ 16 (!) პროცენტს. ბოლო დროს, თბილისში ოდნავ გამოსწორდა ვითარება, მაგრამ მხოლოდ «ოდნავ».
        ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ თუ ესა თუ ის დარგი წამგებიანია, მაშინ იგი სახელმწიფო დოტაციას მოითხოვს, «დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს» კი არა აქვს იმის საშუალება, - თავად დაფაროს დანარჩენი 84 პროცენტი;
        თუმცა, არათუ საქართველოს, ამის საშუალება არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ ექნება - თვით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი, რომელმაც გასული წელი დაუგეგმავი 94 მილიარდიანი პროფიციტით (შემოსავლებით - ხარჯზე მეტობით) დაასრულა;
        ელემენტარული ლოგიკა (როგორც ორჯერ-ორი) მოითხოვს დავასკვნათ: ერთადერთი გამოსავალია დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება, მაგრამ როგორ შეიძლება ენერგოსისტემამ ამას მიაღწიოს? - რა თქმა უნდა, ისევ ერთადერთი გზით: მიაწოდოს ელექტროენერგია მხოლოდ გადამხდელს და არ მიაწოდოს «არგადამხდელს»!
        აი, სწორედ აქ მივადექით უმთავრეს პრობლემას. საქმე ის არის, რომ საქართველოში (ხაზს ვუსვამ: საქართველოში) ვერცერთი ხელისუფლება ვერ ბედავს ასე მოიქცეს. თუ მაინც გაბედავს - შეეჩეხება უდიდეს სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს, «კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და მოაწესრიგოს აღრიცხვა» - ეს მოთხოვნა სავსებით სამართლიანია, მაგრამ საქართველოს პირობებში (ისევ და ისევ საქართველოს პირობებში) აბსოლუტურად არარეალურია. აღრიცხვა, შეიძლება ითქვას, მოწესრიგებულია - «აეს-თელასის» წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და «ჭრიან» «არგადამხდელთა» ელექტროგაყვანილობას, მაგრამ მას მეორე დღესვე აღადგენენ, ხოლო კორპუსებთან არმატურით და ჯაჭვებით შეიარაღებული ბრბო დახვდება - ბიჭი ხარ და «ჩაუჭერი»;
        ჯერჯერობით ეს ასე მწვავედ არ ჩანს, ვინაიდან «აეს-თელასიც» ვერ ბედავს რადიკალური ზომების მიღებას.
        როგორ გადაწყვიტეს იგივე პრობლემა სომხეთში? - უბრალოდ შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება მთელ რაიონებს, ქალაქებსა და სოფლებს, სადაც 100 პროცენტით არ იკრიბებოდა დახარჯული ელექტროენერგიის საფასური.
        განვლილი 9 წლის განმავლობაში თბილისის არც ერთი მაცხოვრებელს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ზედიზედ 5-6 დღის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდეს ელექტროენერგია. ერევანში კი მთელ რაიონებს თვეობით (თვეობით!) არ აწვდიდნენ ელექტროენერგიას, სანამ გატანჯული მოსახლეობა არ მიხვდა, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევდა და თვითონ არ მოახდენდა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ორგანიზება;
        ელექტრომრიცხველების «გარეთ გამოტანისთვის» თუ მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებას დაელოდებოდნენ, ამას სომხეთშიც წლები დასჭირდებოდა.
        ამგვარ რადიკალურ ქმედებას საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს, ვინაიდან ჩვენს ერსა და საზოგადოებას პასიონარულობის (იგივე ეროვნული და საზოგადოებრივი შეგნების) საოცრად დაბალი დონე აღმოაჩნდა.
        არადა «ელექტროკრიზისი» საქართველოში გაგრძელდება მანამ, სანამ არ დამკვიდრდება ელემენტარული პრინციპი: «ელექტროენერგიას მიიღებს მხოლოდ გადამხდელი და არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს «არგადამხდელი».
        Aანუ, უნდა გაჩერდეს ყველა ქარხანა, ყველა საწარმო, რომელიც არ იხდის ელექტროენერგიის გადასახადს - მაგრამ «ბიჭი ხარ» და ეს გაბედე საქართველოში!
        ხშირად ისმის კითხვა: სად წავიდა ენერგეტიკის განვითარებისათვის დასავლეთის მიერ გამოყოფილი 300 მილიონი დოლარი? «ამ ფულად ხომ ახალ ენერგოსისტემას ააწყობდა კაცი?»
        ყველაზე გავრცელებული პასუხია: კრედიტები დაილექა «ენერგომაფიის» (იგივე ენერგობიუროკრატიის) ჯიბეში.
        ასეთი ახსნა მეტისმეტი უტრირებაა. სინამდვილეში, «ენერგომაფიამ» შეიძლება მოიპარა 10 მილიონი დოლარი. დანარჩენი 290 მილიონი დოლარი კი «წავიდა» იმაში, რომ ელექტროენერგია უფასოდ მიეღო «არგადამხდელ» საწარმოებსა და მოსახლეობას, რომელიც მთელი მომხმარებლებისა და მოსახლეობის 84 პროცენტს შეადგენს!
        აი, სად წავიდა «ის 300 მილიონი დოლარი»!

        თავად განსაჯეთ: როდესაც (დავუშვათ) ენგურჰესის ან თბილსრესის რეაბილიტაცია რემონტისათვის და მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების დასაფარად იხარჯება კრედიტი, რომელიც ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის არის გამოყოფილი (არადა, ამ საქმეს ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების შედეგად მიღებული თანხა უნდა ხმარდებოდეს), ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ უცხოური კრედიტი მოხმარდა «წყლის ნაყვას», ანუ «არგადამხდელისათვის» ელექტროენერგიის მაინც მოწოდებას.
        ამ შემთხვევაში მოსახლეობაც კი არ არის იმდენად დამნაშავე, რამდენადაც ქარხანა-საწარმოები, რომლებიც «მუშა-მოსამსახურეთა ქუჩაში გამოსვლით» იმუქრებიან, თუ უფასოდ არ მიაწვდიან ელექტროენერგიას.
        ეს წერილი, დარწმუნებული ვარ, ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ ვიდრე არ ვაღიარებთ, რომ ეს არის ამ უბედურების მთავარი მიზეზი (და არა იმდენად ენერგომაფია და კორუფცია) - მანამ ვიქნებით იმ ბნელ მარაზმში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით;
        დიახაც - რაკი სომხებმა 100 პროცენტით შეძლეს ამ პრობლემის გადაწყვეტა, ხოლო ჩვენ მხოლოდ 16 პროცენტით, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქართული ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი კულტურა - სომეხი ერის პასიონარულობისა და იგივე სახელმწიფოებრივი კულტურის 16 პროცენტია!
        ყველაფრის ხელისუფლებისათვის დაბრალება კი ფუჭი «გულის მოოხებაა» - ხელისუფლება ერის ნაწილია და ყველა მის თვისებას ატარებს.
       

მეწარმეთა არჩევანი
       

        გასულ კვირას, პარლამენტმა თითქმის ერთსულოვნად დაამტკიცა «მოქალაქეთა კავშირის» ყოფილი «გენერალური მდივანი» საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად.
        ნიშანდობლივია, რომ მიხეილ მაჭავარიანს მხარი დაუჭირა არა მხოლოდ «უმრავლესობამ», არამედ «უმცირესობის უმრავლესობამაც».
        მას კეთილგანწყობილად შეხვდა მეწარმეთა ლობი, რომელიც ძალზე მძლავრად და მრავალრიცხოვნადაა წარმოდგენილი პარლამენტში;
        ამგვარი მხარდაჭერა უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მიხეილ მაჭავარიანს ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური რესურსი აქვს და ნამდვილად შეუძლია იგი საქმისათვის გამოიყენოს.
        თუმცა, იმთავითვე შეიძლება ითქვას - ძალზე საეჭვოა დღევანდელ ვითარებაში მიშა მაჭავარიანმა ან ნებისმიერმა სხვა ფიგურამ პრობლემის გადაწყვეტა შეძლოს ან სიტუაციაში კარდინალური გარდატეხა შეიტანოს.
        ქართულ მასმედიაში თანდათან გამოიკვეთა მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე ვერ შეძლო «გადასახადების» პრობლემის გადაწყვეტა.
        მთავარი მიზეზი კი ძალიან ჰგავს მიზეზს, რომელიც ხელს უშლის «ენერგეტიკული კრიზისის» დასრულებას: ისევე, როგორც ელექტროკრიზისი არ შეწყდება მანამ, სანამ ელექტროენერგიას არ მიიღებს მხოლოდ გადამხდელი და არ მიიღებს (არავითარ შემთხვევაში, არანაირი გამონაკლისით) არგადამხდელი. - ასევე, გადასახადებს მეწარმე არ გადაიხდის მანამ, სანამ სახელმწიფო «ვერ გაუბედავს» ყადაღის დადებას ქონებაზე და ანგარიშების გაყინვას.
        უკიდურეს შემთხვევაში კი - ქონების (საწარმოს) აუქციონზე გატანას.

        დღეს მეწარმეთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ყადაღის დადებას, ანგარიშების გაყინვას (მით უმეტეს, ქონების აუქციონით გაყიდვას) ვერ გაუბედავენ, ვინაიდან ეს გამოიწვევს საწარმოს გაჩერებას, მუშა-მოსამსახურეთა უკმაყოფილებას, სოციალურ გართულებებს და ასე შემდეგ.
        სანამ მას ასეთი რწმენა აქვს და სანამ იცის, რომ «ყურებზე ხახვსაც ვერავინ დამაჭრის» - გადასახადს ის არ გადაიხდის ან გადაიხდის მხოლოდ მიზერს.
        მიხეილ მაჭავარიანს სწორედ ამ პრობლემასთან მოუწევს შეჭიდება, - მით უარეს, საარჩევნო პერიოდში, როდესაც ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მოერიდება ვითარების გამწვავებას;
        მაგრამ არჩევნები ელვის სისწრაფით გვიახლოვდება და ასეთივე სისწრაფით ჩაიქროლებს. ედუარდ შევარდნაძეს დღეს ალტერნატივა ნამდვილად არა ჰყავს, 9 აპრილის შემდეგ, იგი (მოქალაქეთა კავშირთან ერთად) მიიღებს კარტ-ბლანშს, როდესაც შეეძლება «გაანაწყენოს» ნებისმიერი მეწარმე, ანუ მეწარმეები (რომლებიც გადასახადს არ იხდიან) დაკარგავენ ხელისუფლების შანტაჟირების საშუალებას.
        აქედან გამომდინარე, ნამდვილი ბრძოლა დაიწყება მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დასრულდება «დიდი საარჩევნო ციკლი» (ადგილობრივი არჩევნები - საპარლამენტო არჩევნები - საპრეზიდენტო არჩევნები), თუმცა დროც მხოლოდ 1 წელი იქნება - მორიგი ციკლის დაწყებამდე.

დილის გაზეთი, 12 დეკემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე