ლიუბიმოვის საინფორმაციო დივერსია
       

        რუსული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი, ალექსანდრე ლიუბიმოვი ორი დღეა, დაჟინებით «უტევს» საქართველოს. ჯერ იყო და, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალს, გენერალ კორნუკოვს უსაყვედურა: «ხომ იცით, ქართველები ჩეჩნებს იარაღს აწვდიან - საპასუხოდ შატილსა და ომალოს რატომ არ ბომბავთო».
        მეორე დღეს შეტევა გაგრძელდა «სასაზღვრო თემატიკით» - ლიუბიმოვმა რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის მოადგილე, რომელიღაც «დერჟიმორდა» გენერალი მიიწვია ეთერში და ერთობლივი, ნიჭიერად დადგმული და ანგაჟირებული ანტიქართული «შაბაში» მოაწყო.
        იმთავითვე უნდა ითქვას: «ნიჭიერება» ჯერ კიდევ საქართველოს მეგობრობასა და სიყვარულს არ ნიშნავს. ლეონიდ პარფიონოვი კიდევ უფრო ნიჭიერი ტელეჟურნალისტია, მაგრამ თავისი შოვინისტური ციკლით «პორტრეტი ფონზე» - ორჯერ, როგორც რუსები იტყვიან, «სმაჩნად» ჩააფურთხა ქართველ ერს სულში.
        პარფიონოვიცა და ლიუბიმოვიც პატარა, მრავალტანჯული ერის წარმომადგენელნი არიან (ისევე, როგორც რუსული ტელეიმპერიის წამყვანთა და ჟურნალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა), მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ ვისთვის რა დაგვიშავებია? როგორც ჩანს, ჩვენს ხარჯზე ბევრი «პატარა ერის წარმომადგენელი» ცდილობს, ერთგულება დაუმტკიცოს დიდ ერს.
        ამჯერად, საშა ლიუბიმოვი, რომელსაც თბილისში ასგზის მაინც გაუშალეს მეფური სუფრა, რუს «დერჟიმორდა გენერალს» ეკითხება: როგორც ცნობილია, საქართველო იარაღს აწვდის ჩეჩნეთს (ლიუბიმოვისა და სხვა ნაძირალებისათვის ეს უკვე «ცნობილია» - თითქოს უკვე დაამტკიცეს და რაიმე საბუთიც აქვთ); იმავდროულად, საქართველო არ თანხმდება, რომ რუსმა მესაზღვრეებმა დაიცვან ჩეჩნეთის საზღვარი საქართველოს მხრიდან, რას მოიმოქმედებთ, თუ საქართველო კვლავ განაგრძობს წინააღმდეგობას?
        «რუსეთმა ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ საქართველომ ჩვენი მესაზღვრეები თავის ტერიტორიაზე დაუშვან; ჯერჯერობით საქართველო ჯიუტობს, ყველაფრის მიზეზია შევარდნაძის ანტირუსული პოლიტიკა», - პასუხობს «დერჟიმორდა» გენერალი.
        ახლა არ იკითხავთ, რაში გამოიხატება საქართველოს ხელისუფლების «ანტირუსული პოლიტიკა»? - რომ საქართველო არ ეთანხმება რუსეთის მოთხოვნას, დააბრუნოს რუსი მესაზღვრეები თავის ტერიტორიაზე, იმისათვის, რომ მათ სწორედ საქართველოდან (შატილიდან, ომალოდან) დაიცვან ჩეჩნეთის საზღვარი;. ანუ, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ თავხედურ, იმპერიალისტურ, შეურაცხმყოფელ ულტიმატუმს არ ასრულებს და არ თანხმდება, შემოუშვას რუსი მესაზღვრეები საკუთარ ტერიტორიაზე (რათა მათ საქართველოს მხრიდან დაიცვან რუსეთის საზღვარი), რაკი ელემენტარული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების დაცვას ცდილობს, - ეს თურმე «ანტირუსული პოლიტიკის» გამოვლენა ყოფილა.
        თანაც, ზემოთხსენებული «დერჟიმორდა» გენერალი კიდეც გვემუქრება ლიუბიმოვის ქლესა ღიმილის ფონზე: თუ ნებით არ დაგვთანხმდებიან.... ანუ, არ არის გამორიცხული, ვერტმფრენების დესანტი გადმოსხან ხევსურეთსა და თუშეთში და ამით ფაქტის წინაშე დაგვაყენონ.
        მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
        ახლა კი, წარმოიდგინეთ, საქართველომ რომ მიმართოს რუსეთს შესაბამისი მოთხოვნით: დაუშვით ქართველი მესაზღვრეები რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, რადგან საქართველოს არა აქვს საშუალება, დაიცვას საკუთარი საზღვარი თავისი ქვეყნის (აფხაზეთის) ტერიტორიიდან.
        რა თქმა უნდა, ამგვარი მოთხოვნა საშა ლიუბიმოვსაც და რუს გენერლებსაც სასაცილოდაც არ ეყოფათ, მაგრამ საქმე მხოლოდ ის როდია, რომ კვლავინდებურად იმპერიალისტური და შოვინისტური განწყობა აქვთ - რაც მთავარია, სწორედ საქართველო მიაჩნიათ «დაბალ ღობედ», ანუ ჩვენგან მოითხოვენ იმას, რასაც სხვას მაინც ვერ გაუბედავენ.
        აბა, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად აბუჩად ამგდები, ამაზე მეტად შეურაცხმყოფელი, როდესაც ასეთ დამამცირებელ, უპრეცედენტო მოთხოვნას გიყენებენ და თანაც გემუქრებიან.
        თუმცა, საქართველოში «მოძრაობის» მეთოთხმეტე წელს, უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას რუსეთისადმი «დაწოლით» გვთავაზობს. რაც ყველაზე გასაკვირია, ამ ტენდენციის პროპაგანდისტები იგივე პოლიტიკანები არიან, ვინც 1987 წელს დაიწყო ეს «მოძრაობა»; მაგალითად, «მოძრაობის» ერთ-ერთი იდეოლოგი ამას წინათ ედუარდ შევარდნაძეს საყვედურობდა - თურმე საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთი გააღიზიანა იმით, რომ თუშეთში ყოფნისას ისარი ისროლა და მიზანშიც მოახვედრა.
        წარმოგიდგენიათ? სწორედ ის ხალხი, ვინც რუსთაველზე დარბოდა ლოზუნგით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ახლა წუწუნებს: «თუშეთში რომ ისარს ისროდა, ხომ უნდა სცოდნოდა - ამით რუსეთს გააღიზიანებდაო».
        მაგრამ დავუშვათ ერთი წუთით, ეს ტენდენცია მართებულია. დავუშვათ, საქართველო ვალდებულია, «დაუთმოს» რუსეთს, რომ რაიმე მიიღოს საპასუხოდ... ოღონდ საქმეც სწორედ ეს არის: რუსეთს საპასუხოდ არაფრის დათმობა არ სურს.
        დღეს რომ მოითხოვენ მესაზღვრეები შეშვებას ომალოში «საქართველოს მხრიდან საზღვრის დასაცავად» - განა იქ არ იმყოფებოდნენ 4 წლის განმავლობაში?!
        დიახ, საქართველოს ხელისუფალთა თანხმობით (მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ილუზია რუსეთის პოლიტიკის შეცვლისა აფხაზეთისადმი), რუსი მესაზღვრეები 1994 წლის დეკემბრიდან (ჩეჩნეთში ომის დაწყების დღიდან) - 1998 წლის ოქტომბრამდე იმყოფებოდნენ შატილშიც და ომალოშიც - მათ ჰქონდათ საშუალება, რუსეთის (ჩეჩნეთის) საზღვარი საქართველოსთან გაეკონტროლებინათ საქართველოს მხრიდან.
        ხელისუფლება დათანხმდა ამ დამამცირებელ დათმობას - მერედა რა მიიღო ქვეყანამ სანაცვლოდ? აბსოლუტურად არაფერი! ფსოუზე საზღვარი მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ნომინალურად იყო «ჩაკეტილი» - რეალურად კი არძინბას შემოჰქონდა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა «აფხაზური სახელმწიფოს» ფუნქციონირებისათვის, მათ შორის, იარაღი;
        ხოლო როდესაც ოფიციალურმა თბილისმა (საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა) რუს კოლეგებს შესთავაზა - «ერთობლივად ჩავკეტოთ აფხაზეთის საზღვაო აკვატორია - ჩვენ ხომ შემოგიშვით ჩეჩნეთის საზღვარზე ჩვენი მხრიდან - ახლა თქვენც დაგვეხმარეთ, რათა აფხაზეთში ზღვიდან არ შედიოდეს იარაღი და საწვავი». - მოსკოვიდან ერთმნიშვნელოვანი პასუხი მიიღო: «თქვენი გულისათვის ნამდვილად არ გვსურს ურთიერთობა გავიფუჭოთ აფხაზებთან».
        მოდი და ნუ აღშფოთდები! მაშასადამე, რუსებს არ სურთ «გრუზინების» გულისათვის ურთიერთობა გაიფუჭონ აფხაზებთან, ხოლო საქართველო «ვალდებულია» დაეხმაროს მათ ჩეჩნეთის წინააღმდეგ და მათი გულისათვის გაიფუჭოს ურთიერთობა ჩეჩნებთან.
        საშა ლიუბიმოვმა ზემოხსენებულ გადაცემაში მეტი შხამი გაურია: ეს «გრუზინები» ადრე თუ ვაშლით ვაჭრობდნენ რუსეთის ბაზრებზე, ახლა ცდილობენ, აფხაზეთი და ჩეჩნეთი ერთმანეთს დაუკავშირონ», - არავითარ შემთხვევაში, რუსეთმა ერთი მხრივ, უნდა აიძულოს საქართველო, შეუშვას რუსი მესაზღვრეები რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე (საქართველოს მხრიდან), ხოლო საქართველომ კრინტი არ უნდა დაძრას - უდრტვინველად, მორჩილად უნდა შეურიგდეს იმას, თუ აფხაზეთში «რუსული, მეგობრული ხიშტების საფარქვეშ» არძინბას სეპარატისტული ბანდა ატარებს ეგრეთ წოდებულ, «რეფერენდუმსა» და «საპრეზიდენტო არჩევნებს».
        განა უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რუსეთს ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაეგმო ეს არჩევნები და «რეფერენდუმი»? გადაედგა ეფექტიანი ნაბიჯები (რაც სავსებით შესაძლებელია) სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ და ამის შემდეგ მიემართა საქართველოსათვის წინადადებით «მესაზღვრეების შემოშვების» თაობაზე?
        მაგრამ არა - ჩეჩნეთსა და ჩრდილოკავკასიაში პოზიციათა შენარჩუნებაც უნდა, მაგრამ არც აფხაზეთი ეთმობა; - რატომ გაიფუჭოს ურთიერთობა «მოძმე აფხაზ ხალხთან»?
        ამიტომ, არათუ გმობს არჩევნებსა და რეფერენდუმს, არამედ 27 სექტემბერს (!) მდინარე ფსოუზე მოჩვენებით, სიმბოლურ შეზღუდვებსაც დემონსტრაციულად აუქმებს. იქნებ გგონიათ, აქ არ არის ლოგიკა? - რას ბრძანებთ! ეს ზუსტად იმპერიალისტური ლოგიკაა, რომელიც რუსეთისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო.
        მაგრამ საშა ლიუბიმოვის ნამოქმედარი უწყინარი «ჩხვლეტა» არ გეგონოთ. ლიუბიმოვი და სხვა, ამავე ჯურის ნაძირალები, ამგვარი პროპაგანდისტული დივერსიებით ამზადებენ რუსეთის და მსოფლიოს საზოგადოებრივ აზრს იმისათვის, რათა რუსულმა ავიაციამ დაბომბოს საქართველოს ტერიტორია!
        ეს უკვე სავსებით რეალურია: რუსეთის გენერალურ შტაბში მზად არის საქართველოს დაბომბვის გეგმა (ჩეჩნეთში იარაღის შეტანის საბაბით), რომ სამხედრო ზემოქმედებით, ცეცხლითა და მახვილით გვაიძულონ, დავაბრუნოთ რუსი მესაზღვრეები საქართველოში, ვინაიდან საქართველოს საზღვრების გაკონტროლება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.
        იმავეს მიღწევა რუსეთს შეეძლო აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტით - სანაცვლოდ ხელისუფლება მიიღებდა საზოგადოების მხარდაჭერას, თუნდაც ყველაზე რადიკალური კომპრომისის შემთხვევაში, მაგრამ რუსეთს აფხაზეთის «განაწყენება» არ ეპიტნავება, ვინაიდან, რამდენად საზარლადაც უნდა ჟღერდეს, 1992-1993 წლებში საქართველოს «ისტორიული, საშვილიშვილო დასჯა» და «ამპარტავანი გრუზინების» დამცირება რუსული საზოგადოების მაკონსოლიდირებელ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა.
        რა უცნაურადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, ეს სწორედ ასეა. აქ იმალება კრემლის ხისტი, უკომპრომისო პოზიციის მიზეზი საქართველოს მიმართ.
        ასე რომ, თუ ერთ საშინელ დღეს რუსული თვითმფრინავები (უკვე ბოდიშის მოუხდელად) დაბომბავენ ჯერ ომალოსა და შატილს, შემდეგ კი (ლიუბიმოვების პროპაგანდისტული დივერსიების გაძლიერების კვალობაზე) საქართველოს სხვა რეგიონებსაც, ნურავის გაუკვირდება!
        კვლავ და კვლავ დასტურდება პოლიტიკური რეალობა: დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა სამხრეთ კავკასიაში კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისათვის, ვინაიდან თვით თავისი არსებობის ფაქტით, დამოუკიდებელი საქართველო «ცუდ მაგალითს» აძლევს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, რომელნიც რუსული ბატონობისაგან გათავისუფლებაზე ოცნებობენ;
        ამიტომ, ვიდრე იარსებებს დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თავად დაიცავს საკუთარ საზღვრებს, - იარსებებს დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში; ეს რეგიონი კი, გეოპოლიტიკურ მიზეზთა გამო, რუსეთის მზის წნულია».
       

ლტოლვილები ჩეჩნეთიდან - საქართველოს პოლიტიკური შანსი
       

    გასულ კვირას საქართველოს სამხედრო გზაზე ქართველმა მესაზღვრეებმა გამოატარეს ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ქალების, ბავშვებისა და მოხუცების პირველი ნაკადი.
        მათ შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე პანკისელი ქისტია, მაგრამ არიან ჩეჩნეთის მკვიდრნიც; მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ლტოლვილთა რაოდენობა გაიზრდება და რამდენიმე ათასს მიაღწევს.
        საქართველოს ეძლევა შანსი, ეს გარემოება გამოიყენოს და მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება მიაქციოს აფხაზეთიდან ლტოლვილთა პრობლემას.
        საქმე ის არის, რომ რუსეთის მიერ ჩეჩნეთში წამოწყებული აშკარა გენოციდი უდიდეს აღშფოთებას იწვევს ისლამურ სამყაროში. რუსული არმადის ქმედება დაგმო თვით რუსეთის მთავარმა მუფტიმ - ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი იქნება ამჟამად არაბულ ქვეყნებში.
        არადა, ისლამურ სახელმწიფოებს უმძლავრესი ბერკეტები აქვთ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის. ამ პირობებში, თუ საქართველო კიდევ ერთხელ მიმართავს მსოფლიოს ლტოლვილთა პრობლემის თაობაზე და განაცხადებს, რომ «აფხაზეთიდან 300 ათას ლტოლვილს ემატება ლტოლვილები ჩეჩნეთიდან» - ეს განცხადება უკვე ტირაჟირებული იქნება ისლამური სამყაროს (არაბული სამყაროს, თურქეთის) უმძლავრესი საინფორმაციო არხებით. იმავე არხებისა და საშუალებების გამოყენებით, შეიძლება კონკრეტულად მოვთხოვოთ დახმარება გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და მივაღწიოთ უფრო ქმედით მატერიალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, ვინაიდან არავინ მისცემს უფლებას იმავე კომისარიატს, ფორმალურად მოეკიდოს პრობლემას, როდესაც საქმე შეეხება რამდენიმე მძლავრი და გავლენიანი ქვეყნის ინტერესებს.
        რასაკვირველია, ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა პრობლემა გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს, მაგრამ ზომიერი, გონივრული რისკის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს.
        საქართველომ ყოველნაირად უნდა სცადოს, ამჯერად მაინც ჩაუბეჭდოს ჩეჩენ ერს გონებაში სტერეოტიპი, რომ «საქართველო და ქართველი ერი ჩეჩნეთის მეგობარია, ქართველებმა გამოგვიწოდეს დახმარების ხელი» და ასე შემდეგ.
        თუ ჩეჩენი ერის ცნობიერებაში ეს სტერეოტიპი დამკვიდრდება, საქართველო ეროვნული უსაფრთხოებისა და ეროვნულიო ინტერესების დაცვის საკმაო ქმედით გარანტიებს მიიღებს.
        ჩეჩენი ხალხის კეთილგანწყობა საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ვინაიდან ამ ერის განადგურებასა და დამარცხებას რუსეთი საბოლოოდ მაინც ვერ შეძლებს, ხოლო ჩეჩნების ავტორიტეტი ჩრდილოკავკასიელ ხალხებში (არა რუსეთის ხელდასხმულ მარიონეტულ მმართველ ელიტებში, არამედ სწორედ ხალხებში) - შეუვალია და უეჭველი.
        ჩეჩენი ერის ამოწყვეტის უფლებას რუსეთს არავინ მისცემს; არადა მოსკოვში, როგორც ჩანს, ბევრი ვერაფერი ისწავლეს წარსულის მწარე გამოცდილებიდან - გასულ კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა (ელცინის მიერ მომავალ პრეზიდენტად შერაცხულმა) ვლადიმირ პუტინმა «ყველაფერი თავიდან დაიწყო».
        მან განაცხადა, რომ ქმნის ჩეჩნეთის მთავრობას დევნილობაში, რომელშიც შევლენ 1995 წლის დეკემბერში რუსული ოკუპაციის პირობებში არჩეული ეგრეთ წოდებული «ჩეჩნეთის პარლამენტის» წევრები; ისინი უკვე შეაჩვენა ჩეჩენმა ხალხმა, როგორც მოღალატეები;
        ასევე იწყებოდა ომი 1994 წელს: ეგრეთ წოდებული «ოპოზიციის» მარცხს მოჰყვა რუსული არმადის შეყვანა ჩეჩნეთში და ორწლიანი სისხლისმღვრელი ომი, იგი დამთავრდა რუსეთის სრული კრახითა და განადგურებით. მაგრამ ამჟამად (მით უარესი) რუსეთი ტაქტიკის შეცვლას აპირებს - აღარ დაიკავებს სოფლებსა და ქალაქებს, არამედ მთლიანად მიწასთან გაასწორებს მათ საავიაციო დარტყმებითა და საარტილერიო დაბომბვით;
        როგორც ჩანს, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, გაათავისუფლოს ჩეჩენი ჩეჩნებისაგან. აიძულოს ისინი ხელმეორედ იქცნენ მოჰაჯირებად, ანუ დატოვონ კავკასია და თურქეთში ან არაბულ ქვეყნებში გადაიხვეწონ.
        ასე ესახება «დემოკრატიულ რუსეთს» «ჩეჩნური საკითხის» საბოლოო გადაწყვეტა. თუმცა, რუსეთში «დემოკრატიაზე» ლაპარაკი ყოველთვის სასაცილო იყო და ახლაც სასაცილოა.

დილის გაზეთი, 10 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე