დევნილთა პარტია არჩევნებისათვის ემზადება
       

        რამდენიმე დღის წინ «აფხაზეთის გათავისუფლების პარტიის» ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თავისთავად, ამ პარტიის შექმნა იმის მანიშნებელია, რომ ლტოლვილთა მასაში, აგრეთვე ლტოლვილთა ელიტაში (აფხაზეთის ყოფილ ქართულ ელიტაში) ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს.
        ძნელია გული ატკინო უბედურ ლტოლვილებს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ბოლო დრომდე ისინი ძალზე არარაციონალურად იქცეოდნენ. ნაცვლად კონსოლიდაციისა, - დაქუცმაცდნენ და ხმებს აძლევდნენ სხვადასხვა პარტიებსა თუ ლიდერებს, რომელთათვისაც მხოლოდ «საარჩევნო მასას» წარმოადგენენ, ხოლო სინამდვილეში აფხაზეთის ბედი იმდენად აღელვებთ, რამდენადაც ეს საარჩევნოდ ქულების მოსაპოვებლადაა აუცილებელი.
        ლტოლვილები ამას ბოლო დრომდე ვერ ამჩნევდნენ, - თამაზ ნადარეიშვილს «მოღალატეს» უწოდებდნენ და, ფაქტობრივად, მხარდაჭერაზე უარს ეუბნებოდნენ.
        არადა, სინამდვილეში, თამაზ ნადარეიშვილზე მეტად აფხაზეთის ბედი არავის აღელვებს, ვინაიდან ეს მისი პირადი ტკივილი, პირადი განცდა, საკუთარი ოჯახის ტრაგედიაა და ასე შემდეგ.
        თამაზ ნადარეიშვილზე მოსისხლე და შეურიგებელი მტერი აფხაზ სეპარატისტებს არ ჰყავთ, ამიტომ ლტოლვილებს თუ ჭკუა აქვთ, თავიანთი ხმები იმ პოლიტიკანებს კი არ უნდა გაუნაწილონ, ვისაც სინამდვილეში არც აფხაზეთი, არც ლტოლვილთა ბედი იოტისოდენად არ აწუხებთ და ასეულობით ათას გაუბედურებულ თანამემამულეს მხოლოდ «საარჩევნო მასად» აღიქვამენ, არამედ თავად უნდა შეკავშირდნენ და საკუთარი ინტერესების დაცვა ისწავლონ.
        უმთავრესი პრობლემა აქ სწორედ კონსოლიდაციაა. ქართველებისათვის დამახასიათებელი სახელმწიფოებრივი უკულტურობა (იგივე პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა) ხელს უშლის ლტოლვილებს, გააცნობიერონ საკუთარი ინტერესები. მათი ძირითადი ინტერესი კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოახერხონ გაერთიანება და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად იქცნენ.
        ეს, რასაკვირველია, მათთვის ძალზე ძნელი იქნება, ვინაიდან ლტოლვილთა მასა არაერთგვაროვანი, დაქუცმაცებულია, ურთიერთსიძულვილითა და უნდობლობითაა გაჟღენთილი.
        თამაზ ნადარეიშვილის მთავარი ამოცანა, დღევანდელ ვითარებაში ის უნდა იყოს, რომ როგორმე შექმნას პოლიტიკური პარტია, რომელსაც ხმას ყველა ლტოლვილი მისცემს - საამისოდ კი აუცილებელია შერიგება და შეთანხმება ბორის კაკუბავასთან, მურმან ბერიასთან თუ სხვა ლიდერებთან, ვინაიდან თითოეულ მათგანს ლტოლვილთა დიდი ნაწილი უგდებს ყურს.
        რა თქმა უნდა, ეს ძალზე რთულია, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ლტოლვილთა კონსოლიდირება ვერ მოხერხდება. მათი ხმები კვლავ დაფიქსირდება და ჩაიძირება ქართული პოლიტოკრატიის უძირო ჭაობში.
        სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ კაკუბავა, ნადარეიშვილი და სხვები - რომელთაც აბსოლუტურად ერთნაირად უნდათ სამშობლოში დაბრუნება, ერთნაირად სძულთ აფხაზი სეპარატისტები, ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ რუსეთის სამშვიდობო მისიისადმი - მოლაპარაკებას მაინც ვერ ახერხებენ, ყველაზე ზუსტი ილუსტრაცია იმისა, თუ რატომ ვერ ვახერხებთ და თუ ასე გაგრძელდა, ვერც მოვახერხებთ აფხაზეთის დაბრუნებას.
        მეორე მხრივ, ლტოლვილთა სრული კონსოლიდაციის შემთხვევაშიც კი, თუ «აფხაზეთის გათავისუფლების პარტია» დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, იგი 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს;’ ლტოლვილთა ოდენობა აფხაზეთიდან თავიდანვე არ აღემატებოდა 250 ათასს.
        ექვსი წლის განმავლობაში მათი დიდი ნაწილი საქართველოში აღარ ცხოვრობს, - ისინი გაიფანტნენ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ნაწილი გალის რაიონში დაბრუნდა და ა.შ.
        აქედან გამომდინარე, «აფხაზეთის გათავისუფლების პარტია» იძულებულია რომელიმე პარტიასთან ბლოკში გაერთიანდეს. ამჟამად, როგორც ჩანს, მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები; თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «ნადარეიშვილის პარტია» «მემარჯვენე ძალასთან» შევა კოალიციაში, ვინაიდან «მემარცხენეებთან» თანამშრომლობა და პრორუსული ორიენტაცია უკვე მასაც უპერსპექტივოდ მიაჩნია.

მერიდიანი, 19 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე