«დასი» უდროო დროს ბრუნდება
       

        მემარჯვენე ფლანგზე მიმდინარე ორომტრიალი კვლავ გრძელდება. ამჯერად «საკუთარი» პარტიის შექმნა გადაწყვიტა კონტროლის პალატის მესვეურმა რეზო შავიშვილმა. თუმცა, ეს, ალბათ, არ არის მხოლოდ მისი კერძო ალტერნატივა, ისევე, როგორც ბასილია-ბათიაშვილ-ჩიხრაძის გაერთიანება არ დაიყვანება მხოლოდ პრეზიდენტის თანაშემწის პირად ინიციატივაზე. «დასი»-ს სხვა წევრები (ისევე, როგორც ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის სხვა დამფუძნებლები) არანაკლებ ცნობილი და ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ გამოცდილი ფიგურები არიან.
        «დასი» - დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის (ან საქართველოში) - ჯერ კიდევ იმ ეპოქის პირმშოა, როდესაც (ჰოი, წმინდაო უბრალოებავ) თბილისში მხოლოდ «ილია ჭავჭავაძის საზოგადოება» და ერთი-ორი ეგზოტიკური პარტია თუ არსებობდა; ყოველ შემთხვევაში, დაშლა-დაქუცმაცების, ანუ ქართული პოლიტიკისათვის დამახასიათებელი «ჯაჭვური რეაქციის» პროცესი ჯერ კიდევ დაწყებული არ იყო. ახალგაზრდა ტექნოკრატები: ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და რამდენიმე სხვა, აწ უკვე მივიწყებას მიცემული ფიგურა, ინტელიგენციის ამ კატეგორიისათვის დამახასიათებელი თვითრწმენითა და უანგარობით გადაეშვნენ ის-ის იყო «დაბზრიალებულ» პოლიტიკურ მორევში.
        «დას»-ი შეიქმნა 1989 წელს. 9 აპრილმა დააჩქარა მისი ფორმირების პროცესი. «დასელთა» უმთავრესი მიზანი იყო საქართველოში დემოკრატიული არჩევნების მომზადება და ჩატარება. ისინი იმთავითვე აუცილებლად მიიჩნევდნენ ამგვარი არჩევნების ჩატარებას, განსხვავებით «მოძრაობის» რადიკალური ფრთისაგან, რომელსაც ნებისმიერი «საბჭოური» არჩევნები ქვეყნის «დეოკუპაციამდე», ანუ საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანამდე - ღალატად მიაჩნდა.
        სხვათა შორის, «დასი» ამ თვალსაზრისით ბეწვზე გადაურჩა შესაბამის ბრალდებებსა და იარლიყებს. მისდა საბედნიეროდ, უმთავრესი ბრალდების ობიექტად ზვიად გამსახურდია იქცა, ვინაიდან 1990 წლის გაზაფხულიდან მხარი დაუჭირა «არასაბჭოთა დემოკრატიულ ქვეყნებს» საქართველოში, რასაც ე.წ. კონგრესის ლიდერთა მძვინვარე რეაქცია მოჰყვა. თუმცა, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ფენომენი საერთოდაც რომ არ არსებულიყო, ან მას რომც არ «ეღალატა» კონგრესის იდეისათვის ბოიკოტის შესახებ - დემოკრატიული არჩევნები საქართველოში მაინც ჩატარდებოდა. «დასმა» ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანა 17 მარტის არჩევნების ჩაშლაში, ვინაიდან გუმბარიძის ხელისუფლება ცდილობდა იგი ჩაეტარებინა ძველი სქემით, - მრავალპარტიულობის გარეშე, მხოლოდ «სახალხო ფრონტის» მონაწილეობით. ამ თვალსაზრისით, «დასი» უკვე მაშინ «მესამე პოლიტიკური ცენტრის» ნაწილი გახლდათ და შემთხვევითი არ იყო, რომ იგი მხარს არ უჭერდა არც კონგრესს, არც «გამსახურდიას ფრთას».
        «დასის» ლიდერები (უპირველესად ვახტანგ ხმალაძე და რეზო შავიშვილი) საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტებად ითვლებოდნენ. მათ დიდი წვლილი შეიტანეს უკლებლივ ყველა საარჩევნო კანონის მომზადებაში (1990 წლიდან - დღემდე). ხშირ შემთხვევაში ისინი პოლიტიკური შეკვეთის საფუძველზე მოქმედებდნენ, ანუ საარჩევნო კანონს ქმნიდნენ არსებული ვითარების შესაბამისად. 1990 წლის კანონი «შერეული სქემით» უეჭველად შეესაბამებოდა ვითარებას; ისევე, როგორც 1992 წლის პრეფერენციათა სისტემა. ამ სისტემამ საშუალება მისცა «დასს» - «რესპუბლიკურ პარტიასთან» ერთად მოხვედრილიყო იმ პარლამენტში, რომელსაც, ფაქტობრივად, დამფუძნებელი კრების ფუნქცია უნდა შეესრულებინა.
        «დასმა» შემდგომში უკვე დიდი როლი შეასრულა ახალი კონსტიტუციის შემუშავებაში. რეზო შავიშვილი იმ დროს «კონტროლის პალატის» ხელმძღვანელი იყო და საბიუჯეტო ხარჯებს აკონტროლებდა. ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ, შექმნილ ვითარებაში, ოპტიმალური ჩანდა, ვინაიდან შავიშვილი არ იყო «კომუნისტური კორუფციის» სტერეოტიპთა მატარებელი.
        უნდა ვაღიაროთ, რომ თუ იმ ხელისუფლებას იმთავითვე არ ჩამოუყალიბდა «ნეოკომუნისტურის» იმიჯი, - ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სწორედ დემოკრატმა ტექნოკრატებმა «დასიდან» და სხვა ანალოგიური ორგანიზაციებიდან. რეზო შავიშვილი 1995 წლის არჩევნებშიც კი აქტიურად უჭერდა მხარს «რესპუბლიკელებს», მაგრამ თავად, რასაკვირველია, არ მონაწილეობდა არჩევნებში როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და თანამდებობის პირი.
        ამჟამად «დასის» აღდგენა უეჭველად დაკავშირებულია პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე ფლანგზე მიმდინარე გადაჯგუფებებთან. ამ ორგანიზაციის აღიარებული ლიდერები - ვახტანგ ხმალაძე და რეზო შავიშვილი აშკარად უკმაყოფილონი არიან «რესპუბლიკელთა» ალიანსით ირინა სარიშვილი-ჭანტურიასთან - ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან მათ ძალზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, რაც არაერთგზის გამჟღავნებულა, თუმცა «დასელებთან» უშუალო კონფლიქტამდე, მით უმეტეს შეხლა-შემოხლამდე, საქმე არასოდეს მისულა.
        მიუხედავად ამისა, «დასის» შემოქმედებმა გადაწყვიტეს გამიჯვნოდნენ ასეთ ალიანსს, უპირველესად პოლიტიკური მოსაზრებების გამო. მაგრამ წარმოუდგენელია, მათ არ ესმოდეთ, რომ არჩევნებში ცალკე მონაწილეობას აზრი არა აქვს, - «დასი» 5 პროცენტიან ბარიერს, რა თქმა უნდა, ვერ გადალახავს; მაშასადამე ისევ საარჩევნო ბლოკში მოუხდება შესვლა. საკითხავი სწორედ ის არის, ამჯერად ვის სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს და სასარგებლო იქნება თუ არა ეს არჩევანი. ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია, ვინაიდან «მემარჯვენე» ფლანგზე მაინც სრული გაურკვევლობაა.
        «დასელებს» რომ მემარცხენეებთან, სოციალისტებსა და ტრადიციონალისტებთან საერთო არაფერი აქვთ - ცხადია, აგრეთვე გამორიცხულია მათი თანამშრომლობა ნოდარ ნათაძესთან, კაკო ასათიანთან, ირაკლი წერეთელთან ან «სახალხოსთან». მაშასადამე, არჩევანი არც ისე ფართოა.
        რეზო შავიშვილმა საკმაოდ კომფორტაბელური «საპარაშუტო პოზიცია» მოიმზადა ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში, მაგრამ სხვა პერსპექტივა ესოდენ გარკვეული არ არის. «დასი» ბრუნდება სულ სხვა საზოგადოებრივ ატმოსფეროში, - კატეგორიულად განსხვავებულ ვითარებაში.
        ამჟამად 1999 წელია და არა - 1989. მთლიანობაში «დასი» ძალაუნებურად ასუსტებს მემარჯვენე ფლანგს და კიდევ უფრო ზრდის ამ ფლანგზე მოქმედი პარტიების ერთობლივი დამარცხების შანსს. საოცარია, მაგრამ ქართულმა პოლიტოკრატიამ ჭკუა ვერა და ვერ ისწავლა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ამ პარტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი, თუ ტოტალურად (რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს) გაერთიანდებიან და ერთ დიდ საარჩევნო ბლოკს შექმნიან; სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ მოუსავლეთში დაინთქმებიან.
        ისიც გასათვალისწინებელია, რომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად «უკანასკნელი» იქნება, რის შემდეგაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება სახელისფლებო პოლიტიკური სპექტრი, რომელში შეღწევაც, ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელი გახდება.

მერიდიანი, 17 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე