გრძელდება სეპარატისტებთან დანაშაულებრივი მოლაპარაკებები
        წყლის გულმოდგინედ ნაყვა - ამჯერად ოსებთან
       

        6 ივლისს, «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილას - ჯავაში გაიმართება საქართველოს ხელისუფალთა შეხვედრა ოს სეპარატისტთა წარმომადგენლებთან.
        დაგეგმილია, რომ ამ შეხვედრას ქართულ-ოსური დიალოგის მორიგი რაუნდის კვალიფიკაცია მიეცემა. «მხარეები» «სამხრეთ ოსეთის» მომავალ სტატუსსა და (ბუნებრივია) ორმხრივი საქართველო-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობათა ფორმაზე ისაუბრებენ
        რასაკვირველია, ეს მოლაპარაკება ისეთივე უაზრობაა, როგორც მოლაპარაკება აფხაზ სეპარატისტებთან. ორივე შემთხვევაში სეპარატისტებს მოლაპარაკება სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ თვით მოლაპარაკებისთვის, საკუთარი «სამართალსუბიექტობის» და «თანაბარსუბიექტურობის» დასადასტურებლად.
        მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით.
        ეს მხოლოდ ჩვენ გვგონია, თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციები შიდასახელმწიფოებრივი პრობლემების მოწესრიგებაში გვეხმარებიან. ოსური მხარე კი (არცთუ უსაფუძვლოდ) ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ორ სუბიექტს - საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები, უპირველესად ეუთო - მხოლოდ შუამავლები არიან და სხვა არაფერი.
        ოსებს რომ ნამდვილად უნდოდეთ კომპრომისი, ისინი უეჭველად დათანხმდებიან მოლაპარაკებებს ყოველგვარი შუამავლების გარეშე გაცილებით უფრო დაბალ - ექსპერტთა დონეზე, ხოლო «უფრო მაღალ დონეზე» მოლაპარაკება გაიმართებოდა. საბოლოო კომპრომისის გასაფორმებლად;
        მაგრამ ისინი ასეთ ფორმულას არ თანხმდებიან. საქართველოს ხელისუფლება კი გამაოგნებელი სიჯიუტით აგრძელებს სრულიად უაზრო მოლაპარაკებებს, რომელთა გამართვა მხოლოდ სეპარატისტთა წისქვილზე ასხამს წყალს.
        როგორც ჩანს, ამ სიჯიუტის მიზეზი, ისევ და ისევ, სახელისუფლებო ტექნოლოგიებში უნდა ვეძიოთ. თუმცა, ქართულ-ოსური მოლაპარაკებების სრული უშედეგობა და კრახი უეჭველად მიუთითებს, თუ რამდენად ყალბი და უზნეოა მტკიცება, თითქოს «აფხაზები შევარდნაძესთან კომპრომისზე არ მიდიან იმის გამო, რომ სწორედ შევარდნაძე აწარმოებდა ომს 1992-1993 წლებში»; ქართულ საზოგადოებაში ამ ცრუ სტერეოტიპის გაბატონება უაღრესად ხელსაყრელია არძინბასა და მისი ხროვისათვის.
        არადა, «სამხრეთ ოსეთში» ომი ხომ ამჟამინდელ ხელისუფლებას არ დაუწყია და არ უწარმოებია? პირიქით, - საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწორედ შევარდნაძემ შეაჩერა საომარი მოქმედებები, ვინაიდან დათანხმდა რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების შემოყვანას ცხინვალში. ჰოდა, თუ ესაა მთავარი ფაქტორი (გნებავთ, მნიშვნელოვანი ფაქტორი), მაშინ რატომ არ წამოვიდნენ ოსი სეპარატისტები საქართველოსთან თუნდაც იოტისოდენ დათმობაზე?
        რეალურად, ჩიბიროვისა და მისი ხროვის პოზიცია საქართველოს მიმართ ისეთივე უკომპრომისოა, როგორც მათი აფხაზი «კოლეგებისა». ეს პოზიცია ოდნავაც არ შეცვლილა 1990 წლიდან, როცა ოსებმა საქართველოს გულში ავტონომიური «რესპუბლიკა» გამოაცხადეს. საქართველოს იძულებითი საპასუხო ქმედება კი არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ ქართული ინტელიგენციისა და პოლიტიკური ელიტის უდიდესმა ნაწილმა «ქართული ფაშიზმის» გამოვლინებად ჩათვალა.
        გამსახურდიას «ფაშისტური რეჟიმის» დამხობით ოსმა სეპარატისტებმა ბრწყინვალედ ისარგებლეს და სწორედ იმ დროს ჩაატარეს რეფერენდუმი «სამხრეთ ოსეთში», როდესაც «დემოკრატიისათვის ბრძოლაში» გართულ ქართველებს მათთვის არ ეცალათ; რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი უმალვე გამოაცხადეს «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა», რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოსთან იურიდიული თვალსაზრისით.
        მას შემდეგ, სეპარატისტთა ქმედება მოსკოვში დამუშავებული და მრავალგან (აფხაზეთში, ყარაბაღში, დნესტრისპირეთში) აპრობირებული მეთოდოლოგიით წარიმართა: მოლაპარაკებებზე მოდიან, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რათა განიხილონ «საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის» ურთიერთობათა შესაძლო სქემა.
        იგულისხმება ურთიერთობა ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს შორის. თანაც, მოლაპარაკებებს აწარმოებენ არა იმ მიზნით, რომ კომპრომისს მიაღწიონ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საქართველო - «სამხრეთ ოსეთის» თანაბარსუბიექტობის დასაფიქსირებლად.
        გაუგებარი მხოლოდ ისაა, საქართველოს ხელისუფლება რატომ მონაწილეობს ამ სპექტაკლში.
        აი, კიდევ ერთი ყალბი სტერეოტიპი, რომელიც გამეფებულია საქართველოში: საკმარისია ხელისუფლებამ აღიაროს ოსების ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში, რომ ოსი სეპარატისტები უმალვე აღიარებენ (თავის მხრივ) საქართველოს იურისდიქციას და შევლენ საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში.
        სინამდვილეში, ესეც მტკნარი სისულელეა: არანაირ «ფედერაციაზე» ოსები (ისევე, როგორც აფხაზები) არ წამოვლენ, ვინაიდან ფედერაცია მაინც ერთიან სახელმწიფოს ნიშნავს.
        ბორჯომში შევარდნაძესთან შეხვედრისას გაიძვერა ჩიბიროვმა ასეთი პასუხი გასცა შესაბამის კითხვას: «ჩვენ უფრო სიმეტრიული ფედერაციის მომხრეები ვართო». მშვენივრად იცის ამ მართლაც გაიძვერამ, რომ სიმეტრიული ფედერაცია საქართველოში შეუძლებელია, ვინაიდან შეუძლებელია, ვთქვათ, იმერეთის მხარეს და აფხაზეთის რესპუბლიკას ერთი სტატუსი ჰქონდეთ და ერთი უფლებამოსილება.
        არადა, ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ აფხაზეთისაგან განსხვავებით, საქართველოს პოზიციები ცხინვალში გაცილებით უფრო მტკიცეა. ჯერ ერთი, ოსებმა (საბედნიეროდ) ვერ შეძლეს ქართული მოსახლეობის გაძევება საკუთარი სამშობლოდან, ანუ ვერ შეძლეს ის, რაც მოახერხეს არძინბისტებმა აფხაზეთში. გარდა ამისა, ოსი სეპარატისტები ეკონომიკურად მთლიანად საქართველოზე იქნებიან დამოკიდებულნი, თუ ოფიციალური თბილისი აიძულებს მოსკოვს ჩაკეტოს როკის გვირაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველომაც შეიძლება გახსნას საზღვარი ჩეჩნეთთან და აამოქმედოს თბილისი-გროზნოს საავტომობილო გზა.
        ნებისმიერ მოლაპარაკებას სეპარატისტებთან (განურჩევლად მათი ჯურისა) აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ტარდება ექსპერტთა დონეზე, - თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით; ექსპერტები მოამზადებენ შეთანხმებას, უფრო მაღალ დონეზე კი შეხვედრა გაიმართება მხოლოდ საბოლოო კომპრომისის გასაფორმებლად.
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სეპარატისტები ასეთ ფორმულას არასდროს დაეთანხმებიან და საერთოდ უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე, ვინაიდან სინამდვილეში მათ კომპრომისის ძიება კი არ სურთ, არამედ «ოფიციალურ წარმომადგენელთა, პრეზიდენტთა და საგარეო საქმეთა მინისტრთა დონეზე მოლაპარაკებით საქართველოსთან თანასწორუფლებიანობის დაფიქსირება».
        მაგრამ დათანხმდებიან თუ არა, - ეს მათი საქმეა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კი, თუ ადრე ასეთი სახით მოლაპარაკების წარმოება დანაშაულებრივი შეცდომა იყო, ამჟამად, როცა უკვე ყველასათვის ყველაფერი ნათელია - ეს უბრალოდ, დანაშაულია.

მერიდიანი, 5 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე