სვლა არსაით

        დღეს, 3 მაისს, ძალას კარგავს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტი. შეგახსენებთ, რომ იგი ითვალისწინებს აფხაზეთიდან რუსი მშვიდობისმყოფელების გასვლას, თუკი ერთი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა კონფლიქტის ზონაში ვითარების პოზიტიურად შეცვლა.
        მიუხედავად ამისა, გულუბრყვილობა იქნება იმის იმედად ყოფნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მორიგ სამიტზე რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის გაყვანას მოითხოვს. თავის მხრივ სეპარატისტთა დაჟინებული მოთხოვნა არძინბა-შევარდნაძის შეხვედრის თაობაზე მიზნად ისახავს არა რაიმე პრობლემის გადაწყვეტას, არამედ აფხაზეთის ხელისუფლების, როგორც მოლაპარაკების თანასწორუფლებიანი სუბიექტის წარმოჩენას.
        რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ ქართველებისთვის «მშვიდობისმყოფელების» გაყვანას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი საქართველო აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს. «აპრილის დოკუმენტიც» სწორედ იმ იმედით შეიქმნა, რომ ამის შესაძლებლობა მიზერულია. ამდენად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დოკუმენტიც ფარატინა ქაღალდად იქცევა. სწორედ ამით აიხსნება რუსეთის სამშვიდობო ძალების სრული უმოქმედობაც კონფლიქტის ზონაში.
        როგორც ჩანს, რუსებმა აფხაზებს განუმარტეს, რომ დოკუმენტის მიღება პოლიტიკური აუცილებლობით იყო ნაკარნახევი და ერთობლივი სამოქმედო გეგმაც დასახეს.
        აფხაზების მხრიდან რაიმე სახის კომპრომისი სრულიად გამორიცხულია და ამდენად ქართულ მხარეს უკეთეს შემთხვევაში ისღა რჩება, დიპლომატიურ დემარშებს მიმართოს, - რეალურად კი არაფერი მოიმოქმედოს.
        ვიდრე თბილისში აფხაზეთის «მშვიდობიანად დაბრუნების» ათასგვარ ვარიანტს განიხილავენ, აფხაზები თავიანთი დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებენ და სრულიად ადვილი შესაძლებელია, ჩვენი პოლიტიკოსების გადამკიდე, პრობლემა ისეთ ჩიხში შევიდეს, რომ მისი გადაჭრა არათუ უახლოეს პერიოდში, მომავალშიც შეუძლებელი გახდეს.
        სტატუს კვო შენარჩუნებულია; სამშვიდობოთა მანდატის შეცვლა თეორიულ დონეზე თუ განიხილება, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა სულ უფრო ილუზორულად აღიქმება.

მერიდიანი, 3 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე