«წითელი დირექტორიის» პროტესტის მიუხედავად, «მსო» მაინც კარგი რამეა

        სიეტლში დასრულდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია, რომელმაც განსაზღვრა ამ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის განვითარების პერსპექტივა მესამე ათასწლეულში.
        საბედნიეროდ, საქართველო უკვე მსო-ს წევრია და ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე «ევროპის საბჭოსა» და გაეროს წევრობა.
        ევროსაბჭოც და გაეროც უფრო სიმბოლურ გაერთიანებებს წარმოადგენენ, რომელთაც რეალური გავლენის საშუალება (მსოფლიო პროცესებზე) არ აქვთ. «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში» ორივეს განიხილავენ, როგორც სალაყბოს და კაცმა რომ თქვას, არანაირ ყურადღებას მათ «რეზოლუციებს» არ აქცევენ. უფრო პირიქით _ მსოფლიოს ფინანსური ცენტრები მართავენ; ყველა სხვას «დეკორაციის» ფუნქცია ეკისრება; სინამდვილეში ყოველივე წყდება სწორედ ეკონომიკური ურთიერთობებით.
        დღევანდელ მსოფლიოში მართლაც ბატონობს დოლარი, შეიქმნა დოლარის იმპერია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ «იმპერია» თავისი ქვეშევრდომებისათვის სიკეთის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი არ არის.
        იმპერიას გააჩნია.
        კაცობრიობის ისტორიაში იყო ისეთი იმპერიები, რომელთაც უდიდესი, პოზიტიური წვლილი შეიტანეს საკაცობრიო პროგრესში.
        ერთი ამერიკელი პოლიტოლოგის თქმით, «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ» კაცობრიობას თავიდან ააცილა უამრავი «ლოკალური და რეგიონული» ომი, რომელიც შემდგომ გლობალურ კატასტროფაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო.
        მართლაც, ომებს, ძირითადად, სწორედ ეკონომიკური (გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური) ინტერესების დაპირისპირება იწვევდა; «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის» ფარგლებში კი ხერხდება ინტერესთა «დაბალანსება», წინააღმდეგობათა შერბილება და კომპრომისების გამოძებნა.
        რაც შეეხება საქართველოს – მიუხედავად ჩვენი უნიათო «წითელი დირექტორების» (ანუ «ბიზნესმენების») ისტერიული კივილისა, მსო-ში გაწევრიანებით საქართველომ არათუ რაიმე დაკარგა, არამედ შესანიშნავი სამომავლო პერსპექტივა შეიძინა.
        ქართული პროდუქციისათვის (თუ რაიმეს წარმოების შნო გვაქვს) ასეულობით ქვეყნის ბაზარი გაიხსნა, მაშინ, როდესაც იმავე 5 წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარი კვლავინდებურად «დაკეტილია» კონკურენტებისათვის.
        თუ 5 წელი არ იქნება საკმარისი წარმოების იმდენად გასაძლიერებლად, რომ მან საკუთარ ბაზარზე მაინც მოიგოს «პატიოსანი კონკურენცია» _ მაშინ ამ ქვეყანას პერსპექტივა მართლა არ ჰქონია და დროა, მივმართოთ გენადი ზიუგანოვს რუსეთის კომპარტიაში მასობრივად გაწევრიანების თაობაზე, რათა დროულად შემოვიღოთ «სასურსათო ბარათები».
        ზოგიერთი ქართველი მეწარმე საკუთარ (აგრეთვე საკუთარი კლანის) ინტერესებს აიგივებს ქვეყნის ინტერესებთან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მართებული.
        თუმცა, ამ თემაზე უკვე ბევრი დაიწერა, _ გაცილებით საინტერესოა ის გლობალური ტენდენცია, რომელიც სიეტლის კონფერენციაზე დადასტურდა: ევრო-ატლანტიკურ ეკონომიკურ და სოციალურ მოდელს ალტერნატივა აღარ აქვს! კომუნისტური ექსპერიმენტი საბოლოოდ ჩაფლავდა, რაც (კერძოდ) რუსული «დერჟავას» ჩაფლავებასაც ნიშნავს. ჩინეთიც კი (სადაც კომუნისტური ხელისუფლება რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმას ატარებს) გააფთრებით იბრძვის «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში» გასაწევრიანებლად და მზად არის მიიღოს უმკაცრესი პირობები, რასაც ამ ორგანიზაციაში მისაღებად უყენებენ.
        «ადამიანის უფლებათა» დაცვის თაობაზე საუბარი თუ მხოლოდ «იდეოლოგიური მიშურაა» დასავლეთისათვის, ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისას (ტარიფები, ბაზრები, დემპინგი და ა.შ.) არანაირ კომპრომისზე არ წავლენ.
        ბუნებრივია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში «პირველ ვიოლინოს» ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს, რაც სიეტლში ნათლად წარმოჩინდა, ოღონდ ამის მიზეზია არა ამერიკის ბირთვული პოტენციალი (ბირთვული იარაღი რუსეთსაც არანაკლები აქვს), არამედ ეკონომიკური ძლევამოსილება.
        ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა დღეს არნახული, ზღაპრული ტემპებით ვითარდება; რაც მთავარია ამერიკამ უმაღლესი ტექნოლოგიის მეშვეობით დაიპყრო ყველაზე დიდი და პერსპექტიული ბაზარი – მსოფლიო ტელეკომუნიკაცია და კომპიუტერული ტექნიკა.
        ამ ბაზარზე, ამერიკას კონკურენტი ფაქტობრივად არ ჰყავს, ვგულისხმობ არა საკუთრივ კომპიუტერებს, არამედ პროგრამულ უზრუნველყოფას, ზოგადად, ინფორმატიკას, საინფორმაციო ბაზარს და ა.შ.
        ეს არის ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მესამე ათასწლეულში. ამიტომ, ბუნებრივია, ამერიკელებმა სიეტლში მოითხოვეს სწორედ ამ ბაზრის განთავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვისა და პროტექციონიზმისაგან.
        ამერიკის ეკონომიკურ ძლევამოსილებას დანარჩენი მსოფლიო, ფაქტობრივად, ვერაფერს უპირისპირებს. ევროპაც კი ბევრად ჩამორჩა (საერთოდ, ევროპულმა ვალუტამ აშკარად არ გაამართლა) - რუსეთზე ხომ აღარ არის საუბარი, მაგრამ იმავდროულად (ისევ და ისევ «ძველი» კონტინენტიდან) წამოვიდა მეტად საშიში ტენდენცია: სიეტლში სხვადასხვა ჯურის «ეკოლოგისტებმა», პროფკავშირებმა და ჰომოსექსუალისტებმა მოაწყვეს საპროტესტო გამოსვლები.
        ეს ის პუბლიკაა, რომელიც ყოველთვის ყველაფერზე «პროტესტს» აცხადებს და ყოველთვის ძალიან «ნოყიერ» ნიადაგს წარმოადგენდა «მსოფლიო სოციალიზმის» მექადან წამოსული პროვოკაციებისათვის.
        დააკვირდით, როგორ გააშუქა სიეტლის მოვლენები ტელევიზიამ: ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს მთელი სიეტლი ქუჩებში გამოვიდა პროტესტის განსაცხადებლად.
        ზუსტად ასევე აშუქებდა მოსკოვური პროპაგანდა იმავე პუბლიკის აქციებს 70-იან წლებში.
        თითქმის ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი დღესაც იყენებს «ძველ» მეთოდებს სპეცსამსახურთა მეშვეობით, რათა პათოლოგიურ «მემარცხენეთა» მოძრაობა გააძლიეროს დასავლეთში, თუმცა, ეს უფრო «ფინიას ყეფას» ჰგავს, ვინაიდან მსოფლიო პროცესებს ამით ვეღარ შეაჩერებენ.
        ისევე, როგორც სიეტლის დემონსტრაციებმა ვერ მოახდინა ვერანაირი გავლენა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამიტზე.
        მესამე ათასწლეული მაინც ლიბერალიზმისა და ჭეშმარიტი კაპიტალიზმის ათასწლეული იქნება.

7 დღე, 5 დეკემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე