ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია - რუსეთის სატელიტი?
   

    სათაურში გამოტანილი კითხვა ერთი შეხედვით თითქოს აბსურდულია.
    მართლაც, სად იჩქერია და სად - რუსეთის სატელიტობა? ჩეჩნეთმა ხომ ოთხი წელი იომა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, და ბოლოს, «დაამარცხა» კიდეც? როგორ შეიძლება ამის შემდეგ ჩეჩნეთი რუსეთის სატელიტი იყოს?
    ამჟამადაც იჩქერიის ლიდერები ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ და დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებენ, - რუსეთთან შერიგებას არ აპირებენ და ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმების საკითხს არც განიხილავენ;
    მაგრამ, მეორე მხრივ, ვიდრე საბოლოო დასკვნას გავაკეთებდეთ, უპრიანია განვიხილოთ ცნება «სატელიტი». სატელიტობა ყოველთვის «მონობას» როდი ნიშნავს, ხშირ შემთხვევაში, იგი ინტერესთა თანხვედრიდან მომდინარეობს. მაგალითად, სომხეთი რუსეთის სატელიტია, ვინაიდან რუსეთი მას აზერბაიჯანის დამარცხებაში ეხმარება. ასევე, ისრაელიც შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აზრით ამერიკის სატელიტად, ვინაიდან, იგი განუხრელად მოქმედებს საკუთარი და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე.
    ამის გათვალისწინებით, განვიხილოთ უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც უაღრესად ნიშანდობლივია ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის მისწრაფებიდან გამომდინარე: რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა სარაკეტო დარტყმა ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის სამხედრო ბაზაზე, ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც, კერძოდ ნათქვამი იყო: «ჩეჩნეთი გმობს ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიას ერაყის წინააღმდეგ და ამასთანავე აფრთხილებს კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ ამერიკის მხარდაჭერისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი თუნდაც პოლიტიკური მხარდაჭერა უაღრესად მძიმე შედეგებით დასრულდება მათთვის».
    ერთი სიტყვით «იჩქერიის» საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადება აშკარა მუქარას შეიცავდა, მაგრამ ვის წინააღმდეგ იყო ეს მუქარა მიმართული? აზერბაიჯანის? - გამორიცხულია! აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამერიკის განაწყენებას მოერიდა (დაბომბვათა დაგმობით), მეორეს მხრივ კი არც «მაჰმადიან ძმებთან» მისასვლელი გზა მოიჭრა.
    სომხეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რუსეთმა (აგრეთვე «კავკასიური ქვეყანაა») ისტერიკა მოაწყო ერაყის დასაცავად. მაშასადამე, იჩქერიის თავხედური მუქარა ისე ვდა ისევ საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
    ზემოთმოყვანილი განცხადებაც საქართველოს ხელისუფალთა გასაგონად ითქვა, ვინაიდან სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი ერთმნიშვნელოვნად ამერიკის სამხედრო აქციას. ესე იგი, ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ საქართველოს გულისხმობდა იმ ქვეყანაში, რომელიც «ფხიზლად იყოს, თორემ ამერიკის მხარდაჭერა ძალიან ძვირად დაუჯდება».
    ბუნებრივია, ამგვარი პროვოკაციული მუქარა რუსეთის გულის მოსაგებად გამოითქვა. თითქოსდა, იმავე ლოგიკით, როგორც შეიძლება ჩეჩნეთი, რომელმაც ოთხასი წლის განმავლობაში ამდენი ტკივილი, დამცირება, გადასახლება, ხოცვა-ჟლეტა, გენოციდი აიტანა რუსეთისაგან - მაინც რუსეთის «გულის მოგებას» ცდილობდეს?
    მაგრამ ნუ ავჩქარდებით;
    მაგალითად, ერთი ჩვენი კოლეგა გაკვირვებით კითხულობდა ასლან მასხადოვის ცნობილი განცხადების გამო (ამერიკა რუსეთზე ბევრად საშიშიაო): ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩეჩნებისათვის არაფერი დაუშავებია, - პირიქით, სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, - ესენი კი «ამერიკას უფრო საშიშად» რატომ მიიჩნევენო.
    სინამდვილეში აქ არანაირი პარადოქსი არ არის. ჩეჩნეთმა რუსეთის წინააღმდეგ კი იომა, მაგრამ იჩქერიის ლიდერები, ისევე, როგორც მთლიანად ჩეჩნური საზოგადოება, უაღრესად «პრაგმატულია ამ იდეალიზმში».
    ამიტომ, თუ რუსეთი ცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, იჩქერია უეჭველად აქტიურად იმოქმედებს ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე კავკასიაში რუსეთის «მტრების», უპირველესად კი საქართველოს წინააღმდეგ.
    მით უმეტეს, ჩეჩნებს მშვენივრად ახსოვთ, რომ XIX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში რუსეთის შემოსვლას საქართველომ ყველაზე მეტად შეუწყო ხელი.
    რუსეთის სიძულვილი სრულებით არ გამორიცხავს საქართველოსადმი მტრობას - უფრო პირიქით. აქედან გამომდინარე, ჩეჩნეთთან ურთიერთობაში საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რათა არ გამოვიდეს ისე, რომ ჩეჩნებმა რუსეთი კიდევ უფრო აგრესიულად განაწყონ საქართველოსადმი, ხოლო შემდეგ რუსეთის ეს ანტიქართული განწყობა თავადვე გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ.
    საქართველო «იჩქერიასთან» ნებისმიერ კონტაქტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს, თუ რუსეთი დაარღვევს პირობას აფხაზ სეპარატისტთა იზოლირების თაობაზე.
    ყოველთვის გვახსოვდეს: რა სიტყვებიც არ უნდა წარმოთქვან ჩეჩენმა ლიდერებმა «საქართველოს სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ», - თუ აფხაზეთში ომი დაიწყო, ისინი მაინც ზურგში დანის ჩასაცემად ქართველებს უფრო გაიმეტებენ, ვიდრე აფხაზებს.
    და საერთოდ, დროა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს (მით უმეტეს საქართველოს) პოლიტიკა მკაცრ პრაგმატიზმს უნდა ექვემდებარებოდეს და არა აკვიატებულ სქემებს ნებისმიერი ქვეყნისა და ერის მიმართ.

მერიდიანი, 25 იანვარი, 1999 წელი

მთელ გვერდზე