წარსულიდან გამოხმობილმა საფრთხობელამ «მოქალაქეებს» გამარჯვება მოუტანა

        31 ოქტომბრის არჩევნების შედეგი ალბათ კარგა ხანს იქნება ანალიზის საგანი. მიზეზთა სწორი გაგებისათვის ყველაზე საზიანოა ყველაფრის «გაყალბებისათვის» დაბრალება, ვინაიდან ჯერ ერთი, შედეგი «გაყალბებით» ნამდვილად არ აიხსნება. გარდა ამისა, ამგვარი გამარტივებით დაკნინდება უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტი: საქართველოში ვერ იმუშავა «პოსტსაბჭოურმა» და «პოსტსოციალისტურმა» სინდრომმა, რომელმაც თითქმის ყველა ქვეყანაში განაპირობა «მემარჯვენე» ძალთა დამარცხება რეფორმათა მსვლელობისას პირველივე არჩევნებზე;
        ანუ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ისევე, როგორც ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებში», რუსეთის ჩათვლით, ლიბერალურ ფასეულობათა პოპულარობა, «დასავლური ორიენტაცია», «საბაზრო ეკონომიკით» გატაცება უეჭველად იცვლებოდა იმედგაცრუებით, «რეფორმატორებისადმი» სიძულვილის აფეთქებით, თვით რეფორმათა დისკრედიტაციით და (შედეგად) – მემარჯვენე, რეფორმისტულ ძალთა დამარცხებით დემოკრატიულ არჩევნებზე.
        ბუნებრივია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემოციური რეაქცია იყო, ვინაიდან მტკივნეულ რეფორმებს, სინამდვილეში, ალტერნატივა არ ჰქონდათ; მაგრამ გაჭირვებულ მოსახლეობას არაფრის გაგონება არ სურდა – ამას დაემატა «სოციალური სამართლიანობის» სლავური სინდრომი, როდესაც რეფორმათა სისასტიკით გატანჯულ მოსახლეობას განსაკუთრებით ის «აცოფებს», რომ ელიტა მასავით არ იტანჯება, ამიტომ იქ არჩევნები ელიტისადმი «შურისძიების» ფორმაა.
        რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც «რადიკალური რეფორმით» გამწარებული მოსახლეობა «მემარცხენეთა დაბრუნებას» მისცემს ხმას, იგი უმალვე დარწმუნდება, რომ სინამდვილეში სხვა გზა (რადიკალური რეფორმის გარდა) არ არსებობდა. «დაბრუნებული» მემარცხენეები, კომუნისტები და სოციალისტები ტოტალიტარულ რეჟიმს ვეღარ აღადგენენ, საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის პირობებში კი ისინი საბოლოოდ დააქცევენ ეკონომიკას თავიანთი «მემარცხენე ექსპერიმენტებით».
        ანუ, მოსახლეობა რწმუნდება, რომ რეფორმათა გაგრძელების გარდა სხვა გზა მართლა არ არსებობდა. ამიტომ, შემდგომ არჩევნებზე კვლავ «მემარჯვენე რეფორმატორებს» აძლევს ხმას.
        რაც მთავარია, ამ ქვეყნებში «მემარცხენეები» მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ნორმალური, «სოციალურ-დემოკრატიული» ოპოზიციის ფუნქციის შესრულებას. მანამდე ისინი «ტკბილ წარსულთან» იგივდებიან, როდესაც «დემოკრატია არ იყო, სამაგიეროდ, ბავშვები არ გვყავდა მშიერი, ისინი ჩაცმულ-დახურულნი მიდიოდნენ სკოლაში».
        თუმცა, «წარსულში დაბრუნების» ექსპერიმენტი იმდენად ძვირად უჯდება ქვეყანას, რომ შემდგომ მაინც «ლიბერალებს» აძლევს ხმას. ეს მონაცვლეობა განმეორდა თითქმის ყველა პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ ქვეყანაში.
        საბედნიეროდ, საქართველო აქ გამონაკლისი აღმოჩნდა. თანაც, გამონაკლისი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ «აღორძინება» სწორედ «წარსულის ნოსტალგიაზე» თამაშობდა. მაგრამ საქართველოში ამ მექანიზმმა არ იმუშავა, რასაც ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი, «ზოგი ჭირი მარგებელიაო» და 1988-1993 წლების საზარელმა ეროვნულმა ტრაგედიამ (რომლის მსგავსიც არ ყოფილა პოსტსაბჭოური, მით უმეტეს, პოსტსოციალისტური ქვეყნების უმრავლესობაში) საქართველოს მოსახლეობას შესძინა უძვირფასესი თვისება – იმუნიტეტი პოლიტიკურ ძალთა დემაგოგიის მიმართ.
        ქართველი ამომრჩეველი დღეს «ჭკუანასწავლია» ანუ გაცილებით უფრო დინჯი და პრაგმატულია, ვიდრე ამომრჩეველი უკრაინასა და ბულგარეთში. მას შესანიშნავად ახსოვს 10-12 წლის წინანდელი ტრაგედია და უაღრესი სიფრთხილით ეკიდება ყოველგვარ ექსპერიმენტს, როდესაც მას რთული პრობლემების იოლად გადაწყვეტის რეცეპტებს სთავაზობენ.
        აქედან გამომდინარე, თუ ამომრჩეველს (ვთქვათ) შუქი არა აქვს, წყალი არა აქვს და ა.შ. იგი მაინც არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. მისთვის განმსაზღვრელი ამ შემთხვევაში ის არის – რამდენად ექნება შუქი და წყალი საპირისპირო არჩევანის შემთხვევაში. მართალია, აქ მოქმედებს «ხელისუფლების დასჯის» ცნობიერი სტერეოტიპი ანუ «უნდა დაისაჯოს ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო პრობლემათა გადაწყვეტა», მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ გზით მოსახლეობა «საკუთარ თავს სჯის», ისევე, როგორც მან საკუთარი თავი (და არა კომუნისტები) დასაჯა 1990 წლის 28 ოქტომბერს უნიათო და არაკომპეტენტური ხელისუფლების არჩევით.
        შევარდნაძის ხელისუფლებამ ძალიან ოსტატურად შეძლო შეექმნა «საფრთხობელა» ე.წ. «აღორძინებისაგან» ისევე, როგორც შეძლო შეექმნა «საფრთხობელა» 1995 წლის არჩევნების წინ პანტელეიმონ გიორგაძისა და «ორთოდოქსი კომუნისტების» სახით.
        რასაკვირველია, ორივე შემთხვევა თვით «საფრთხობელას» ბრალია: არავინ აიძულებდა «აღორძინებასა» და მის ლიდერს, დაეშვა ისეთი «ბავშვური» შეცდომები, როგორიც დაუშვა – რაც შესანიშნავად გამოიყენა მოქალაქეთა კავშირმა.
        უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ საქართველოში არ გაამართლა «ცარიელი ალტერნატივის» ანუ მხოლოდ «პრინციპის გულისთვის» ხელისუფლების შეცვლის იდეამ: არანაირი «ალტერნატივა» «აღორძინების» ეკლექტური და გარკვეულად კომიკური გაერთიანება არ შეიძლებოდა ყოფილიყო:
        «ტრადიციონალისტებმა» «ზვიადისტებმა» და «სოციალისტებმა» დაკარგეს ამომრჩეველი, ვინაიდან «აღორძინების» 26 პროცენტიდან დაახლოებით 22 პროცენტი (აჭარის ხმების ჩათვლით) მხოლოდ ასლან აბაშიძის ამომრჩეველი იყო, დანარჩენი 4 პროცენტი - «კოალიციის» სხვა წევრებია, ანუ ეს 22 პროცენტი ნებისმიერ შემთხვევაში «აღორძინებას» მისცემდა ხმას – განურჩევლად იმისა, შეიქმნებოდა თუ არა კოალიცია.
        სამაგიეროდ «საფრთხობელამ» უზრუნველყო სმკ-ს 42 პროცენტი.

7 დღე, 5 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე