ბიუჯეტის გადარჩენის «ქართული მეთოდი» სავალუტო ფონდს სასაცილოდაცა არ ჰყოფნის

        საარჩევნო ბატალიებში რაღაცნაირად «ჩაიკარგა» ქართველ ფინანსისტთა «განწირული სულისკვეთება», რომლებიც ამ ორომტრიალში 2000 წლის ბიუჯეტზე მუშაობას ცდილობენ.
        საბიუჯეტო პროცესი საქართველოში უარესად მძიმე ვითარებაში მიმდინარეობდა. ვაშინგტონში დაძაბულად წარიმართა მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრსა და ფონდის ხელმძღვანელობას შორის; სსფ უკმაყოფილოა ბიუჯეტის პარამეტრების შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო დეპარტამენტმა გეგმა შეასრულა, - «საბაჟოს» ხაზით კვლავინდებურად ძალზე სერიოზული პრობლემებია.
        «ცენტრალური ხელისუფლება» ამტკიცებს, რომ პრობლემათა თავი და თავი აჭარის ფინანსურ პარტიკულარიზმში უნდა ვეძიოთ, თუმცა სავალუტო ფონდს მიზეზები (მით უმეტეს ასეთი) – ნაკლებად აინტერესებს. იგი მოითხოვს წინასწარ შეთანხმებული პროგრამის შესრულებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე შეპირებული კრედიტები, შესაძლოა, ვეღარც მივიღოთ.
        სავალუტო ფონდს არც ხელისუფლების (თუნდაც, რეფორმატორულის) «საარჩევნო პრობლემები» აინტერესებს – მისი პრინციპია, არასდროს დაუკავშიროს დახმარება საარჩევნო სიტუაციას.
        ერთადერთი გამონაკლისი ყოველთვის კეთდება რუსეთის სასარგებლოდ – იმ ელემენტარული მიზეზით, რომ ამ ქვეყანას აქვს 25 ათასი არცთუ «ელემენტარული» ბირთვული ქობინა და ნამდვილად ძალუძს, ერთი დარტყმით მოსპოს მთელი მსოფლიო, ანუ «კარი გაიჯახუნოს»; თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა; დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ბიუჯეტს: აშკარაა, რომ 2000 წლის ბიუჯეტის პროექტი «გამოუსწორებელმა ოპტიმისტებმა» შეადგინეს, ვისაც იმედი ჰქონდა სავალუტო ფონდის ექსტრემალური დახმარებისა მართლაც რეფორმატორული ხელისუფლებისა და თვით რეფორმების მხარდასაჭერად.
        თუმცა, დასავლეთი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს სავსებით პრაგმატული პრინციპით - «რეფორმებმა თავად უნდა გაამართლონ და დაიცვან თავისი თავი», ანუ რეფორმამ მოსახლეობის მხარდაჭერა უნდა განაპირობოს და არა პირიქით. ოღონდ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: პოსტსაბჭოურ სივრცეში ეს პრინციპი ქმედითი არ აღმოჩნდა – გამომდინარე «საბჭოური» მენტალიტეტის თავისებურებიდან.
        2000 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ყველა ზემოთ ნახსენები ტენდენციის გამოხატულებაა. მიაქციეთ ყურადღება, - შემოსავლების ნაწილში იგი განსაზღვრულია 883 მილიონ 100 ათასი ლარის, ხოლო ხარჯების ნაწილში, 1 მილიარდ 340 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით. მაშასადამე, დეფიციტი 450 მილიონ ლარს აჭარბებს - რაც ნამდვილად ფანტასტიკაა.
        საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რომელნიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტს გულმოდგინედ «ავსებდნენ», ასეთ ოდენობას არც განიხილავენ.
        200 მილიონი დეფიციტიც კი მათ უკვე «დაუშვებლად» და «მიუღებლად» მიაჩნიათ, ამიტომ ფინანსთა სამინისტრო იძულებული ხდებოდა, როგორმე «ჩაეტენა» ბიუჯეტი პროკრუსტეს სარეცელში და თვითონაც გვერდით მისწოლოდა.
        სწორედ ამ ჯახირს გადაჰყვა ორი ფინანსთა მინისტრი; მესამე, ჯერ-ჯერობით, «იბრძვის», მაგრამ მაინც არაფერი გამოვა – იმთავითვე ცხადია, რომ ვაშინგტონი ბიუჯეტის დეფიციტს (ანუ ხარჯებს) სამჯერ მაინც შეგვამცირებინებს, ხოლო «გაღმა შეედავეს» ქართული მეთოდი, ანუ «მეტი მოსთხოვე და მეტი დაგრჩებაო» - მიშელ კამდესიუს სასაცილოდაც არ ეყოფა.
        50 წლის განმავლობაში სავალუტო ფონდის ექსპერტებმა ჩვენი პლანეტის «ეთნოგრაფიული სიბრძნე» სრულად გაიცნეს – დედამიწის სხვადასხვა კუთხეში «მონეტარისტული რეფორმის» მხარდაჭერის პროცესში.
        კიდევ უფრო საოცარია დეფიციტის დაფარვის წყაროთა და შესაბამის ოდენობით ნუსხა: დაფინანსების საშინაო წყარო – 226 მილიონი ლარი. აქედან 50 მილიონი ლარი ეროვნული ბანკის კრედიტი (?!) 16 მილიონი ლარი – სახაზინო ვალდებულებები, რაც ძალზე საშიში ტენდენციაა (რუსეთი ხომ სწორედ გკო-მ დააქცია), ხოლო 160 მილიონი ლარი (???) სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრივებიდან მიღებული შემოსავალი.
        დაფინანსების საგარეო წყაროებიდან – 231 მილიონი 600 ათასი ლარი. მათ შორის, 201 მილიონი ლარი - მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტი, ხოლო 30 მილიონი ლარი – ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი კრედიტით მიღებული საქონლის რეალიზაციიდან ამონაგები თანხები.
        საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში 2000 წლის შემოსავალი და ხარჯები განისაზღვრება 42 მილიონ 450 ათასი ლარის ოდენობით.
        მათ შორის სუბსიდია სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 18 მილიონ 450 ათასი ლარი.
        მიზნობრივი ტრანსფერები ბიუჯეტიდან რეგიონებისათვის, - 65 მილიონი ლარი. აფხაზეთის – 7 მილიონი ლარი, აჭარის – 5 მილიონი ლარი. იმავდროულად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუნარჩუნდა ცნობილი შეღავათები; თუმცა მათ უკვე დაკარგეს აზრი, რაკი «ცენტრმა» დაიწყო ეკონომიკურ-ფინანსური სანქციების განხორციელება «ურჩი გადამხდელი» რეგიონის მიმართ.
        საქართველოს პრეზიდენტის ფონდი 20 მილიონი ლარია, ფინანსთა სამინისტროს ფონდი – 9 მილიონი ლარი, ხოლო «რისკის ფონდი» - 3 მილიონ 300 ათასი ლარი. ეს რაღაც ახალია – მაინც რა უბედურებაა ეს «რისკის ფონდი?»
        კრედიტების დასაფარად გამოყოფილია 243 მილიონ 460 ათასი ლარი. მოსახლეობის ანაბრების ინდექსაცია – მილიონ 200 ათასი ლარი. სამაგიეროდ, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ბიუჯეტი ითვალისწინებს შიდა საინვესტიციო სახსრებს; კერძოდ, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლის 5 პროცენტი წარიმართება მცირე ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერისათვის.
        სხვა ხარჯები: პარლამენტი – 10,961 მლნ (1999 წ.- 8,558 მლნ), კანცელარია - 6,559 (5,176), თავდაცვა- 48,448 (46,848), უშიშროება – 13,107 (12,765) შინაგან საქმეთა სამინისტრო – 66,15 (65 მილიონი), ჯანდაცვა- 29,481 (29,394), დაზვერვა – 18,30 (18 მილიონი) და ა.შ.
        იმთავითვე ნათელია, რომ ეს ბიუჯეტი ქართული რომანიტიზმის ნაყოფია და 2000 წლის გაზაფხულამდე (როცა «ახალი-ძველი» პარლამენტი შეძლებს მის დამტკიცებას) – კარდინალურად შეიცვლება.

    გვიანდელი მინაწერი: ასეც მოხდა და როგორც კი შევარდნაძემ მეორე ვადით პრეზიდენტობა გაინაღდა, ბიუჯეტის 500 მილიონიანი სეკვესტრი განახორციელა, რითაც ხახამშრალი დატოვა და გაანაწყენა ინტელიგენცია (მისთვის დიდი ხარჯები იყო გათვალისწინებული) და სხვები, ვინც მას ასეთი «ბიუჯეტის ნერწყმორევით» დაუჭირა მხარი 1999-200 წლების საარჩევნო კამპანიისას.

7 დღე, 8 ოქტომბერი, 1999 წ.

მთელ გვერდზე